ფარაონი სნეფერუ (სნოფრუ) IV დინასტიის დამაარსებელი და პირამიდების უდიდესი მშენებელი იყო. ეგვიპტეს დაახლოებით ძვ.წ 2613-2589 წლებში მართავდა. მან სრულყოფილი პირამიდის ძიებაში სამი პირამიდა ააგო. მათგან ყველაზე სრულყოფილი და მსოფლიოში პირველი ნამდვილი პირამიდა ე.წ. “წითელი პირამიდაა”. სწორედ მისი მეფობის დროს შეიქმნა და დაიხვეწა პირამიდების მშენებლობის სრულყოფილი ტექნიკა, რამაც ხუფუს (ხეოფსს) მისცა საშუალება ძველი მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი პირამიდა აეგო.

სნეფერუს პირველი პირამიდა მედუმში მდებარეობს. იგი აგებულია საფეხურებიანი კონსტრუქციის საფუძველზე. თავდაპირველად 7 საფეხურისგან შედგებოდა, ზედაპირი მოპირკეთებული იყო კირქვის ფილებით. დღესდღეობით ნაგებობის თავდაპირველი სახის აღდგენა გართულებულია, რადგან პირამიდის ზედა ნაწილი მონგრეულია. წარსულში გავრცელებული თეორიის თანახმად პირამიდა მშენებლობის დროს დაინგრა, მაგრამ არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ მშენებლობა წარმატებით დასრულდა, თუმცა როგორც სამარხი არასოდეს გამოუყენებიათ, დროთა განმავლობაში კი თანდათან დაინგრა. მოგვიანებით პირამიდას სამშენებლო მასალის წყაროდ იყენებდნენ, რამაც მისი პირვანდელი სახის საბოლოოდ განადგურება გამოიწვია.
პირამიდის სიმაღლე 75 მეტრია, ფუძის გვერდების სიგრძე კი 156 მეტრი.

იდეალური პირამიდის ფორმის ძიებას მედუმში არ შეწყვეტილა. ფარაონი, განკაცებულ ღმერთად ითვლებოდა, რომელიც სიკვდილის შემდეგ ღმერთებს უნდა შეერთებოდა იმქვეყნიურ სამყაროში, მის მუმიას განსასვენებელი სჭირდებოდა, თანაც ფარაონის შესაფერისი.
სნეფერუს რიგით მეორე პირამიდა დაშურში აიგო. პირამიდა კლასიკური პირამიდის ფორმებს უახლოვდება, თუმცა წახნაგების სხვადასხვა დახრილობის გამო არასწორი ფორმისააა. არსებობს თეორიები, რომლებიც დაშურის პირამიდას წარმოაჩენენ, როგორ უცაბედად, ნაჩქარევად ნაგებ პირამიდას. თანამედროვე კვლევების დროს დადგინდა, რომ მშენებლობის დროს კედლები დაიბზარა, რისი მიზეზიც არამყარი ნიადაგია. საძირკველად შერჩეული ნიადაგი არც თუ მაგარი აღმოჩნდა, უმეტესად თიხიანია და ვერ გაუძლო უდიდესი პირამიდის წონას.
პირამიდის სიმაღლე 100 მეტრია, ფუძის გვერდების სიგრძე 188,6. ფუძიდან თითქმის 50 მეტრის შემდეგ, დახრა იცვლება. ეს ცვლილება პირამიდას ტეხილ სილუეტს აძლევს. ეს არ ყოფილა ცალკეული, განყენებულად მდგარი პირამიდა, არამედ შენდებოდა მთლიანი კომპლექსი, 2 სულის მოსახსენებელი ტაძრით. ტაძრებში აღმოჩენილია ქანდაკებები და რელიეფები, რომლებზეც დაკრძალვის სცენებია გამოსახული. აღსანიშნავია საინტერესო დეტალი, რომ პირამიდის შიდა კედელზე აღმოჩენილია სნეფერუს კარტუში. ასევე სხვა პირამიდებისაგან გამოარჩევს ორი შესასვლელი. პირველი მათგანი ჩრდილოეთ კედელშია, ფუძიდან 12 მეტრზე, აქედან იწყება გალერეა, რომელიც 78 მეტრ სიგრძისაა. მეორე შესასვლელი დასავლეთიდანაა და ფუძიდან 30 მეტრითაა დაშორებული. გალერეა პირამიდის ცენტრალური ნაწილისაკენ მიემართება, სადაც სამარხი კამერაა განთავსებული. გალერეა და კამერა თეთრი კირქვითაა მოპირკეთებული.
პირამიდის ტერიტორია კედლით იყო შემოსაზღვრული, სამხრეთ მხარეს დღემდე შემორჩენილია მცირე პირამიდა ასევე გალერეით, რომელსაც სამარხ კამერაში მივყავართ. პირამიდის თავდაპირველი სიმაღლე 32 მეტრი იყო, ფუძის სიგრძე 55 მეტრია. მცირე პირამიდის კომპლექსში შედიოდა ორი ერთმანეთთან დაკავშირებული სულისმოსახსენებელი ტაძარი. აღმოსავლეთით მდებარე ტაძარი ძალიან დაზიანებულია, თავდაპირველად შედგებოდა 2 პატარა სვეტიანი სამოლოცველოსა და მის წინ მდებარე მსხვერპლშესაწირი ქვისაგან, რომელსაც მოსდევს ორი დარბაზი, რომლებიც პატარა ეზოში გადიან. პირველი დარბაზის შესასვლელში აღმართულია ორი დიდი სტელა.
აღსანიშნავია, რომ არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც შედგება პირამიდისა და ორი ერთმანეთთან დაკავშირებული სულის მოსახსენებელი ტაძარისაგან პირველად სნეფერუს პირამიდაში გვხვდება. შემდგომში ასეთი სტილი უკვე ტიპიურია IV დინასტიის პერიოდისათვის.

არქიტექტურული სრულყოფილების ძიებაში ე.წ. წითელი პირამიდის მშნებლობაც დაიწყო. პირველი ორი პირამიდის მშენებლობა წარუმატებლად დასრულდა და ვერ გამოდგებოდა ფარაონის დასასვენებლად. გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ მშენებლობას ათეული წლები სჭირდებოდა, მესამე პირამიდის მშენებლობის დაწყებისას სავარაუდოდ ფარაონი უკვე საკმაოდ ასაკიანი უნდა ყოფილიყო და მშენებლებს და მთავარ არქიტექტორს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ.
წითელი პირამიდა მსოფლიოში პირველი ნამდვილი, სრულყოფილი პირამიდაა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი ფორმები იდეალურია. სნეფერუს შეცდომები მშენებლობის დროს, მიღწევები, არაჩვეულებრივი გამოცდილება, გახდა წინაპირობა გიზას დიდი პირამიდისა.
მესამე პირამიდა, დახრილი პირამიდის მსგავსად დაშურის ნეკროპოლისში მდებარეობს, ჩრილოეთით. სიმაღლე 105 მეტრია, ფუძის გვერდების სიგრძე 220 მეტრია. პირამიდის შიდა ნაწილი აგებულია ადგილობრივი ვარდისფერი კირქვით, მოპირკეთება კი შესრულებულია ტურის (ზედა ეგვიპტე, ასუანთან ახლოს) თეთრი კირქვით. სამწუხაროდ გარე მოპირკეთება თითქმის არაა შემორჩენილი, ამიტომ ჩანს შიდა კონსტრუქციის ვარდისფერი ქვები, ამის გამო უწოთებენ მას “წითელ პირამიდას”.
პირამიდის ჩრდილოეთ მხარეს, ფუძიდან 30 მეტრშია შესასვლელი, რომელიც დამრეც კორიდორში მიემართება. საძირკველის სიღრმეში განთავსებულია კამერა საფეხუროვანი თაღებით. დღემდე მახსოვს შეგრძნება, რომელიც ვიწრო და დაბალ გვირაბში დაშვებისას დამეუფლა. გიზას პირამიდებისაგან განსხვავებით, აქ ნაკლები ტურისტები არიან, ბედუინებიც ზედმეტად არ გაწუხებენ და მართლაც შეგიძლია იგრძნო პირამიდის აურა. სამწუხაროდ, სამარხ კამერაში არავითარი კვალი არაა ნაპოვნი, რომელიც დაადასტურებდა ვარაუდს, რომ სნეფერუ სწორედ წითელ პირამიდაში დაკრძალეს. ამ პირამიდის ტერიტორია ჯერ კიდევ კარგად არაა შესწავლილი. აეროფოტოები ადასტურებენ პირამიდისკენ მიმავალ ორი პლატფორმის არსებობას. დაშურის პირამიდების აშენებას დაახლოებით 9 მილიონი ტონა ქვა დასჭირდა.

სნეფერუს მიერ სამი პირამიდის აგების მიზეზი ბოლომდე არაა გარკვეული. ეგვიპტოლოგთა აზრით წითელი პირამიდა ნამდვილი სამარხი უნდა ყოფილიყო, რომელშიც დაასვენეს სნეფერუს მუმია, ხოლო პირველი ორი მედუმისა და დახრილი პირამიდა მხოლოდ კენოტაფებია. თუმცა თანამედროვე კვლევები ნათელს ფენს სნეფერუს მისწრაფებას სრულყოფილებისაკენ. მან და მისმა არქიტექტორებმა გარდამტეხი როლი შეიტანეს პირამიდების სამშენებლო ტექნიკაში. ეს იყო უდიდესი ნახტომი საინჟინრო და ტექნოლოგიურ აზროვნებაში. პირამიდის ფორმა დაიხვეწა “წითელ პირამიდაში”, ხოლო კულმინაციას მიაღწია მისი მემკვიდრეების მიერ აგებულ გიზასა და აბუ რავაშის პირამიდებში.
Hey very nice blog!
I am not sure where you are getting your information, but great
topic. I needs to spend some time learning much more or understanding
more. Thanks for great information I was looking for this info for my mission.
Hi to all, how is everything, I think every one is getting more from this site, and your views are pleasant for new people.