ალბათ დედამიწაზე იშვიათია ისეთი ამოუცნობი ადგილი, როგორიც აღდგომის კუნძლია. სამხრეთ ამერიკის კონტინენტს რამდენიმე ათასი კილომეტრით მოწყვეტილი კუნძული, მასზე პირველი დაბიჯებისთანავე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. რაპა ნუის (ადგილობრივები აღდგომის კუნძულს ასე უწოდებენ) მოაის ქანდაკებები, კვლავ მდუმარედ დგანან კუნძულზე, თუმცა უამრავ საინტერესოს გვიყვებიან მათ შექმნელებზე. დაახლ. 4 მეტრის სიმაღლისა და მინიმუმ 14 ტონის ქანდაკებები, მთელს კუნძულზეა მიმოფანტული. მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ადგილობრივებმა გიგანტური ქანდაკებები მათი წინაპრების საპატივსაცემოდ ააგეს, თუმცა ჩვენამდე არ მოუღწევია არანაირ წერილობით წყაროს, არც ზეპირ გადმოცემას, რომელიც დაგვეხმარებოდა მათი ზუსტი მნიშვნელობის დადგენაში.
კუნძული საოცარი კულტურის წარმოშობისა და აყვავების მოწმე გახდა. დაახლ. ახ.წ. 300 წელს მოხდა პოლინეზიური წარმოშობის მოსახლეობის აქ დასახლება და მათ მიერ ძლიერი საზოგადოების შექმნა, რომელიც თავისუფალი იყო ყოველგვარი გარე ზემოქმედებისაგან. ახ.წ. მე-10 საუკუნიდან მე-16 საუკუნემდე, აღიმართა სამსხვერპლოები, სამლოცველოები და ქანდაკებები, რომლებისაც მოიას სახელით მოვიხსენიებთ.

რამდენიმე კითხვა ალბათ ყველა ჩვენგანს უჩნდება, როდესაც მოის ქანდაკებებზე ფიქრობს:
- რატომ მოჭრეს ასეთი გიგანტური ზომის ქვები და შემდეგ გამოკვეთეს ასეთი ზომის ქანდაკებები? როგორ მოხდა მათი ტრანსპორტირება და ადგილზე მიტანა?
- რატომაა ქანდაკებები ნახევრად მიწაში ჩაფლული? ეს განზრახ გააკეთეს მათი აგების დროს, თუ ათასწლეულების განმავლობაში დაიფარა მიწით?
- როგორ შეძლეს და პრიმიტიული იარაღებით გააკეთეს უზუსტესი ხვრელები კლდეებსა და ქანდაკებებზე?
არქეოლოგიური გათხრები მოწმობენ, რომ კუნძულზე კულტურული განვითარება სამ ეტაპად იყოფა: ადრეული პერიოდი (ახ.წ. 700-850 წწ), შუა პერიოდი (1050-1680 წწ) და გვიანი პერიოდი (1680 წლიდან). ადრეულ და შუა პერიოდს შორის, მრავალი ქანდაკება განზრახ გაუნადგურებიათ და მათ ადგილზე უფრო დიდი და მძიმე მოიას ქანდაკება აღუმართავთ. შუა პერიოდში, ასევე ჩნდება სამარხი პალატები და სხვადასხვა გამოსახულებები. ყველაზი დიდი ქანდაკება, რომელიც შუა პერიოდით თარიღდება, სიმაღლეში 8 მეტრს აღწევს და 80 ტონამდე იწონის.
გვიანი პერიოდი, საკმაოდ რთული იყო კუნძულის მოსახლეობისათვის, გაჩაღდა სამოქალაქო ომები, უამრავი ქანდაკება, საკურთხეველი და სამარხი განადგურდა. მეცნიერები ამ პერიოდის ობიექტებზე პოულობენ უამრავ იარაღს, აწყდებიან ცეცხლის კვალს. კუნძულზე ეკონომიკური და სოციალური კრიზისი დაიწყო, მოსახლეობის ჭარბი რაოდენობა, რესურსების არათანაბარი მოხმარება, გარემოს ცვლილება, ეს ის ყველაფერია რამაც კუნძულის დაღმასვლა განაპირობა. მეცნიერთა აზრით, მოსახლეობა ორ კლანად გაიყო და მათში ხშირი იყო სისხლისმღვრელი ომები.
როდესაც 1722 წელს, პირველი ევროპელები აღდგომის კუნძულს ეწვივნენ, კუნძული აღწერეს. მათი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ქანდაკებების უმეტესობა ამ დროისათვის ჯერ კიდევ აღმართული იყო და ამაყად იმზირებოდნენ. თუმცა მე-19 საუკუნისათვის უკვე თითქმის ყველა ქანდაკება წაქცეულია. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ქანდაკებები მოწინააღმდეგე კლანის მებრძოლებმა წააქციეს, მათი მტრების წინაპრებისათვის შეურაცხყოფისათვის. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ქანდაკებების უმრავლესობა სახითაა მიწაზე დაცემული.
აღდგომის კუნძულზე სულ 887 ქანდაკებაა. დაახლოებით 95% რანო-რარაკუს კარიერშია გამოკვეთილი, ახლა 394 ნიმუშიღაა დარჩენილი. კვლევები ცხადყოფს რომ, რანო-რარაკუ მოულოდნელად დაუტოვებიათ, რასაც ადასტურებს იქ აღმოჩენილი დაუსრულებელი ქანდაკებები. ყოველი ქანდაკება ერთი მთლიანი ქვისაგანაა გამოთლილი, გამოირჩევიან განსკუთრებული სტილით.
ალბათ ყველაზე დამაინტრიგებელი მათი თავის ზომაა, რომელიც მათ ტანთან შედარებით საკმაოდ დიდია. ქანდაკებები ინდივიდუალურია, თუმცა ერთი სტილითაა გამოკვეთილი. თანამედროვე გათხრებმა დაადასტურა ეჭვი, რომ ყოველი ქანდაკება ღრმადაა ჩაფლული მიწაში და ტანიც აქვთ. ასევე დადგინდა, რომ თვალის ჭრილისათვის გაკეთებული ამონაჭდევები წინათ მარჯანით ყოფილა დაფარული. საინტერესო და განსაციფრებელია ის ფაქტი, რომ გიგანტური ზომის ქანდაკებები, პრიმიტიული იარაღებითა და საჭრისითაა გამოკვეთილი. ზოგიერთ ქანდაკებას, თავზე წითელ „ქუდი“ ახურავს. აქაც კიდევ ერთ გამოცანას ვაწყდებით, რატომ და რა დანიშნულება ჰქონდათ? გამოსახავდნენ ისინი ღმერთებს თუ წინაპრებს?
მოაის შესახებ უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. ჩვენ მხოლოდ ვვარაუდობთ, წარსულს ვიკვლევთ და მაინც, წერილობითი წყაროს არ ქონის გამო, ზუსტად ძნელია ამ ყველაფრის აღდგენა და ზუსტად განსაზღვრა. არ ვიცით მათი აღმართვის ზუსტი მიზეზი, როგორ ხდებოდა ტრანსპორტირება, ვის გამოსახავენ გიგანტური ქანდაკებები… თუმცა ერთი რამ უდავოა, ეს ადგილი ნებისმიერ ადამინს პირველივე თუნდაც სურათის თვალის შევლებისთანავე აჯადოვებს და დაუოკებელ სურვილს უჩენს იქ წასვლისა და მათი მონახულების.
ძალიან დიდი ტექსტია