დეირ ელ ბაჰრის ტაძარი

10 ულამაზესი ეგვიპტური ტაძარი

ძველ ეგვიპტელებს ჰარმონიისა და სილამაზის საოცარი შეგრძნება ჰქონდათ, სწორედ ამიტომ ეგვიპტეში მოგზაურობისას, საითაც არ უნდა გაიხედო ერთმანეთზე უფრო ლამაზ და დახვეწილ ტაძრებს წააწყდები. ჰიპოსტალური დარბაზებით დამშვენებულ შენობას, დიდი ეზო ცვლის, იქვე წამოჭიმულა უდიდესი ობელისკები; კედლები მოხატულია ფერადი რელიეფებით, თუ მზისგან მოფარებულ კედლებს შეხედავთ, დღემდე შემორჩენილ ხასხასა ფერებს დაინახავთ. სწორედ ამ დროს, თითქოს წყდები რეალობას და ძველ ეგვიპტეში ინაცვლებ, გგონია რომ ახლა საიდანმე პანტერისტყავ მოსხმული ქურუმი გამოვა, არომატულ სამკმეველს აკმევს და მზის სადიდებელს წარმოთქვამს.

კომ ომბოს ტაძარი
კომ ომბოს ტაძარი

10 – კომ ომბოს ტაძარი. 
პტოლემაიოსების (ძვ.წ III-I სს) მიერ აგებული უზარმაზარი ტაძარი, შემაღლებულ ადგილასაა აშენებული და ნილოსის ნაპირებს გადმოსცქერის. თავდაპირველად ტაძარი პტოლემაიოს VI ააგო, რომელიც მოიცავს 2 სხვადასხვა შესასვლელს, ტაძარს, ეზოს, კოლონადას, ჰიპოსტალურ (სვეტებიან) დარბაზსა და სამლოცველოს. ტაძარი ნილოსის ღმერთს, ნიანგის თავიან სობეკს ეძღვნება.

მედინეთ აბუს ჰიპოსტალური ტაძარი
მედინეთ აბუს ჰიპოსტალური ტაძარი

9 – ამენჰოტეპ III-ის სულის მოსახსენებელი ტაძარი – მემნოსის კოლოსები
XVIII დინასტიის ერთ-ერთი უძლიერესი ფარაონის სულის მოსახსენებელი ტაძარი, რა თქმა უნდა გამოირჩოდა პომპეზურობითა და დახვეწილობით, მისი არქიტექტორი ეპოქის გენია – ამენჰოტეპ აპუს ძეა. შეგახსენებთ, რომ სწორედ მისი აგებულია ლუქსორის ტაძარი. სამწუხაროდ ტაძარი, სადაც ფარაონს როგორც მის სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდეგაც ეთაყვანებოდნენ, დროთა განმავლობაში სრულიად განადგურდა, თუმცა დაახლ. ძვ.წ. 1350 წელს აგებული 2 მჯდომარე ქანდაკება კვლავ ამშვენებს ნილოსის დასავლეთ ნაპირს. არქეოლოგიური გათხრებიც ყოველ წელს მიმდინარეობს და ახალი აღმოჩენები კვლავაც გვაოცებენ ტაძრის დიდებული არქიტექტურითა და ქანდაკებებით. გასულ წელს, არქოელოგებმა 70-მდე ქალღმერთ სეხმეტის ქანდაკება იპოვეს და ამჟამად ლუქსორის მუზეუმის კოლოქციას ამშვენებენ.

ფილეს ტაძარი
ფილეს ტაძარი

8 – ფილეს ტაძარი
ფილეს კუნძული უძველესი დროიდან ისიდას საკულტო ადგილი იყო, რაღა გასაკვირია რომ  რომ მიუხედავად მათი ბერძნული წარმომავლობისა, პტოლემაიოსებმა სრულიად მიიღეს და შეითვისეს ეგვიპტური ტრადიციები და რელიგია, კლეოპატრა კი თავს, ისიდას განსხეულებად მიიჩნევდა.
ტაძრის მშენებლობისას, გამოყენებულ იქნა ყველა ტრადიციული ეგვიპტური სატაძრო ელემენტი, თუმცა არც ბერნული სვეტები დავიწყებიათ. დაახლ. ახ.წ. 100 წელს, რომის იმპერატორმა ტრაიანემ ახალი ნაგებობები შემატა კომპლექსს. 1960 წელს, ნასერის დიდი კაშხლის მშენებლობისას, იუნესკოს უშუალო ეგიდით ფილეს სატაძრო კომპლექსი აგილიკას კუნძულზე იქნა გადატანილი, რამაც ის წყლისაგან დაფარვას გადაარჩინა.

ედფუს ტაძარი
ედფუს ტაძარი

7 – ედფუს ტაძარი
ღმერთ ჰორისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი უდიდესი ტაძარიც პტოლემაიოსების ეპოქას განეკუთვნება და მეორე კარნაკად მოიხსენიებენ. მშენებლობა ძვ.წ. 237 წელს დაიწყო და თითქმის 2 საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ვიდრე კლეპპატრას მამამ, პტოლემაიოს XII არ დაასრულა, ძვ.წ. 57 წელს. ჰორის სადიდებლად აგებული ტაძარი, ყველა ტრადიციულ ძველ ეგვიპტურ ელემენტს შეიცავს და ასევე ემატება ბერძნული ელემენტი – მამისი, რაც ღმერთის დაბადების ადგილს ნიშნავს.

აბიდოსის ჰიპოსტალური დარბაზი
აბიდოსის ჰიპოსტალური დარბაზი

6 – აბიდოსი, ოსირისის ტაძარი
ფარაონ სეთი I-ის მართველობის ბოლოს აგებული ტაძარი, მისმა შვილმა – რამზეს დიდმა კიდევ უფრო დაამშვენა დაახლ. ძვ.წ. 1279 წელს. აბიდოსი, ოდითგანვე ოსირისის საკულტო ადგილი იყო. ითვლებოდა, რომ სეთის მიერ მოკლული ღმერთის ნეშტი სწორედ აბიდოსში დაასვენეს, მის მკვდრეთით აღდგომამდე. განსაკუთრებით გამოირჩევა ტაძრის ჰიპოსტალური დარბაზი, რომლის სვეტები და რელიეფები დაფარულია სხვადასხვა რელიგიური სცენებით, სადაც ფარაონი ღმერთებს ეთაყვანება. აქვე იყო ოსირისის აკლდამა ე.წ. კენოტაფი, რომლის უზარმაზარი სვეტები დღემდე მნახველის გაოცებას იწვევს. აბიდოსზე საუბრისას, შეუძლებელია დაგვავიწყდეს მეფეთა სია, რომლის მიხედვითაც ეგვიპტის პირველ ფარაონად მენესია მოხსენიებული და სეთი I-ით სრულდება.

მედინეთ აბუს ტაძარი
მედინეთ აბუს ტაძარი

5 – მედინეთ აბუ – რამზეს III-ის სულის მოსახსენებელი ტაძარი
ლუქსორში, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე მდებარე მედინეთ აბუს ტაძარი, ჩემი ერთ-ერთ უსაყვარლესი ძველ ეგვიპტური ნაგებობაა. განსხვავებით სხვა ტაძრებისა, აქ ნახავთ სამეფო სასახლის ნანგრევებს, ტალახის აგურისაგან აშენებულ დამცავ კედელსა და სხვადასხვა სათავსოებს. მართალია, ზომით კარნაკის ნახევარიც არაა, მაგრამ ის რასაც აქ ნახავთ ნამდვილად აღფრთოვანებულს დაგტოვებთ. საუკეთესოდ შემონახული ტაძარი, ჰიპოსტალური დარბაზი, ხასხასა ფერებ შემორჩენილი რელიეფები, ფარაონის ოსირისისეული ქანდაკებები. რაც ყველაზე მთავარია, ტაძარს ბევრად ნაკლები ტურისტი სტუმრობს ვიდრე ლუქსორს, ან კარნაკს. სწორედ ამიტომ, აქ ბევრად მეტის ნახვა და შემეცნებაა შესაძლებელი.

დეირ ელ ბაჰრის ტაძარი
დეირ ელ ბაჰრის ტაძარი

4 – დეირ ელ ბაჰრი – დედოფალ ჰატშეპსუტის ტაძარი
„ქალბატონი ფარაონის“, რომელიც ეგვიპტეს ძვ.წ. 1479-1458 წლებში მართავდა, სულის მოსახსენებელი ტაძარი სრულიად გამორჩეულია სხვა ეგვიპტური ტაძრებისაგან. 3 ტერასად ნაგები და 30 მეტრი სიმაღლის ტაძარი, რომელიც ერთმანეთს პანდუსებით უკავშირდება, ყველასათვის კარგად ნაცნობი სენენმუტის მიერ იქნა აგებული. სამლოცველოები გარდა ჰატშეპსუტისა, ეძღვნება ოსირისს, ამუნსა და ჰათორს. აქ თქვენ ნახავთ რელიეფებს ფარაონის ცხოვრებიდან, მისი მმართველობის დროს მომხდარი მნიშვნელოვან სცენებს, როგორიცაა პუნტის სავაჭრო ექსპედიცია. ყველგან ხაზი აქვს გასმული მის ღვთაებრივ წარმოშობასა და ტახტზე ასვლის ლეგიტიმურობას.

ლუქსორის ტაძარი
ლუქსორის ტაძარი

3 – ლუქსორის ტაძარი
ლუქსორის ტაძრად წოდებული ნამდვილი ეგვიპტური საოცრება თანამედროვე ქალაქ ლუქსორში, ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს. ეგვიპტური ტრიადის ამონის, მუტის, ხონსუსადმი მიძღვნილი ტაძარის მშენებლობა ძვ.წ. 1400 წლებში დაიწყეს  და ყოველწლიურ, ყველაზე მნიშვნელოვან ოპეტის დღესასწაული მასპინძლობდა. რიტუალების დროს, ამონის ქანდაკება სამლოცველოდან გამოჰქონდათ და სფინქსების ხეივნით კარნაკის ტაძარში გადაჰქონდათ. ლუქსორის ტაძრის მთავარი მშენებელი ფარაონი ამენჰოტეპ III და მისი გენიოსი არქიტექტორი, ამენჰოტეპ აპუს ძეა.

აბუ სიმბელის ტაძარი
აბუ სიმბელის მცირე ტაძარი

2 – აბუ სიმბელის ტაძრები
აბუ სიმბელის ტაძრები რამზეს II-ის მეფობის ნამდვილი გვირგვინია. ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებულია. ძვ.წ. 13 საუკუნეში აგებული ტაძარი დღეს რამზესისა და მისი დედოფლის, ნეფერტარის სამუდამო სიყვარულის ნამდვილი …… ტაძარი იმითაცაა ცნობილი, რომ 1960-იანე წლებში ნასერის ტბის მშენებლობისას დატბორვის საშიშროების გამო აბუ სიმბელი და კიდევ ათამდე სხვა ტაძარი ნაწილ-ნაწილ დაშალეს და ახალ ადგილას გადაიტანეს.

კარნაკის ტაძარი
კარნაკის ტაძარი

1 – კარნაკის ტაძრი
ცხოვრებაში არასოდეს მინახავს ასეთი გრანდიოზული ნანგრევები, ამ დროს მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობ, თუ ახლა, ნახევრად დანგრეული ასეთი დედებულია, რა იქნებოდა 3000 წლის წინ, როდესაც მშენებლებმა ბოლოს შტრიხებიც დაამთავრეს და ქურუმებმა ტაძრის კურთხევის რიტუალი დაამთავრეს. მსოფლიოში, დღემდე უდიდესი რელიგიური ნაგებობა, ეგვიპტელი არქიტექტორების რამდენიმე თაობის დაუღალავი შრომის შედეგია. აქ შეხვდებით ჰიპოსტალურ დარბაზებს, სამლოცველოებს, ობელისკებს, დახვეწილ ქანდაკებებს, წმინდა ტბას, უზარმაზარ პილონებსა და სარიტუალო დარბაზებს. 134 მასიური სვეტის დარბაზში დადიხარ და ყველაფერი ერთად ირევა, სიხარული, გაოცება, აღფრთოვანება, მოწიწება.

როდესაც სტატიის დაწერა დავიწყე, სიმართლე გითხრათ ძალიან გამიჭირდა ამომერჩია და გამომეყო რომელიმე მათგანი, მაგრამ ბოლოს თავს ძალა დავატანე და ამ შედეგამდე მივედი. უძველესი ეგვიპტური ტაძრების მშენებლობა ძვ.წ. 4 ათასწლეულში დაუწყიათ, ყველაზე „ახლად“ ნაგები კი ფილეს ტაძარია, რომელიც პტოლემაისოების ეპოქით თარიღდება. ასე რომ,  იმედია ჩემს მიერ ჩამოთვლილი ტაძრები თქვენთვისაც მომხიბვლელია და ისიამოვნეთ სტატიის კითხვისას.

Advertisements

Published by

mariam meritamen

შეაგროვე მოგონებები და არა ნივთები, ესაა ჩემი მთავარი დევიზი და იმედია პირნათლად ავასრულებ. ცხოვრებაში ერთადერი უდიდესი მიზანი მაქვს, ვიმოგზაურო რაც შეიძლება მეტი. ჯერჯერობით ცოტა მაჩანჩალა ვარ, ჩემს მეჩვიდმეტე ქვეყანას ვესტუმრები სულ მალე :) ბლოგის მიზანია გაგიზიაროთ გამოცდილება და გიამბოთ ჩემთვის საინტერესო ადამიანებზე, რომლებმაც შემაყვარეს გარკვეული ქვეყანა, ან გაგაცნოთ ის ადგილები, სადაც დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი. ქვეყნები, სადაც გამიმართლა და უკვე მიმოგზაურია, მსურს ჩემი თვალით დაგანახოთ და შთაბეჭდილებებიც გაგაცნოთ. ასე რომ, ისიამოვნეთ და არ დაგენანოთ თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარება :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s