ნირვანა აზიაში – ვიეტნამი, კამბოჯა, ტაილანდი

რამდენიმე წლის განმავლობაში პირადი ლეპტოპის ეკრანზე ანგკორ ვატის ტაძრის სურათი მეყენა და ყოველთვის ვიცოდი, იქ აუცილებლად წავიდოდი. რუქის დახედვისას გული მიფანცქალებდა, ძალიან შორს და ამავდროულად ხელმიუწვდომლად მეჩვენებოდა. ვიცოდი რომ ვნახავდ, მაგრამ როდის, როგორ… მას შემდეგ რაც 2018 წლის გაზაფხულზე მოულოდნელად აფრიკაში ამოვყავი თავი, იმასაც მივხვდი სამხრეთ აზიაში მოგზაურობის დროც მოვიდა!!!
რამდენიმე კვირიანი გეგმვისა და ინტერნეტში ქექვის შემდეგ, როგორც იქნა მარშრუტი შევადგინეთ. საახალწლოდ წინ ვიეტნამი, კამბოჯა და ტაილანდი გველოდნენ, თითქმის ერთი თვე ტროპიკულ ქვეყნებში მზის გულზე უნდა გაგვეტარებინა, მაშინ როდესაც თბილისში ცივა, ქარია და ცოტა თოვს კიდეც.

თბილისის აეროპორტში რეგისტრაციის დროს იჭვნეულად შემოგვხედეს 2 გოგოს, რომლებიც გახარებულები იყურებიან და ვიეტნამში მიდიან. ბევრი თვითონაც არაფერი იცოდნენ ჩვენი სავიზო პროცედურების შესახებ და დაწვრილებით გამომკითხეს ყველაფერი; მესაზღვრემ კი გულწრფელად გაკვირვებულმა მკითხა, იქ რა გინდაო 😀 მაგრამ, ამ კითხვას ვინ ჩიოდა, კამბოჯაში საერთოდ ჩვენი პასპორტიც კი არ იცოდნენ. გუგლში ეძებდნენ საქართველოს, საბუთებში იქექებოდნენ ვიზა გვჭირდებოდა თუ არა… ასეთია ქართული პასპორტის ბედი ჯერჯერობით 🙂
img_3948
ვიეტნამამდე 18 საათიანი  მგზავრობის შემდეგ, ჰა ნოიში ჩავაღწიეთ. პირველი 1 საათი აეოპორტიდან სასტუმრომდე მიმავალ გზაზე, შოკში ვიყავით. მოწესრიგებული მაგისტრალები, და რაც მთავარია ყველგან სიმწვანე. ჯერ რა ვიცოდით წინ რა გველოდა 😀
ჰა ნოიში ჩვენი სასტუმრო უშუალოდ ძველ ქალაქში იყო და როგორც აქამდე ჩემი მოგზაურობების გამოცდილებიდან ვიცი, ეს მშვენიერია. მაგრამ არა ჰანოიში :S ეს არის ყველაზე ხმაურიანი და ბინძური ქალაქი რაც კი ოდესმე მინახავს. კაიროში ორ წელზე მეტი ცხოვრების შემდეგ, მეგონა რომ ხმაური, საცობები და ნაგავი ჩემზე ვეღარ მოქმედებდნენ. საიდან უნდა მცოდნოდა ჰა ნოიში რა მელოდებოდა. ძველი ქალაქის პატარა სახლები კოლონიალურ პერიოდშია აგებული, ოდესღაც ულამაზესი და ფერად-ფერადი უნდა ყოფილიყო. ახლა მთლიანად ქუჩის ბაზარია. არ არსებობს ფეხით მოსიარულეების ბილიკები, ყველგან ნაგავი, ტილების თმიდან ამოცლა საჭმლის გვერდით, იქვე მეორე ფეხებზე ფრჩხილებს იჭრის, მესამე კბილს იჩიჩქნის და ა.შ. ერთადერთი ადგილი რომელმაც ჰა ნოიში გულწრფელად აღმაფრთოვანა და ყველას გირჩევთ მის მონახულებას, ეს ლიტერატურის ტაძარია.
img_4483
და კიდევ, თუ არაჩვეულებრივი ადგილები გიზიდავთ ქალაქში, აუცილებლად ეწვიეთ ე.წ. მატარებლის ქუჩას. ვიწრო ქუჩაში ჩქაროსნული მატარებელი მოჰქრის, შენ კი მისგან 1 მეტრზე ნაკლებ მანძილზე დგახარ და ქოქოსის შეიქს მიირთმევ.
სასტუმროს მიმღებშივე ტურები დავჯავშნეთ, ჰა ლონგ ბეისა და ნიჰ ბინის პროვინციებში. აქ არაფერი არ ჰგავდა ქაოტურ და ბინძურ ჰა ნოის, ხალხი თბილი და მომღიმარი, მოწესრიგებული გზები, ქუჩები და სისუფთავე. ჰა ლონგზე წასვლისას გირჩევთ 1 ღამე მაინც გაჩერდეთ კრუიზზე რომ უკეთესად დაათვალიეროთ ულამაზესი ყურე. ნიჰ ბინსა და ბრინჯის ტერასებს კი ერთი დღეც სრულიად ეყოფა.

ვიეტნამიდან კამბოჯაში ღმერთს მადლობა გადაფრენა გადავწყვიტეთ, აზიური WIZZ ვიპოვეთ და საკმაოდ ბიუჯეტურად ჩავედით სიემ რიპში. ჯერ ჰა ნოის აეროპორტში დაგვაყოვნეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი პასპორტი არ იცოდნენ საერთოდ სადაური იყო, შემდეგ კი კამბოჯის მესაზღვრემ თავში ხელი შემოირტყა და დიდ ხანსაც დამაყუდა ვიდრე გაიგო რომ სადღაც ევროპასა და აზიას შორის საქართველოა.
კამბოჯა აზიის ფავორიტია ჩემთვის. აქ გატარებული თითქმის 1 კვირა არასოდეს დამავიწყდება. ანგკორის ტაძრები ყველაზე განთქმულია ღირსშესანიშნაობებიდან და 100 მეტია სიემ რიპის პროვინციაში. ბილეთიბი სხვადასხვა ფასიანია, 1 დღის შესვლა – 37$, 3 დღე შესვლა 62$ და არის კიდევ 5 დღიანი. ჩვენ სამდღიანი ბილეთი ავიღეთ, რადგან მხოლოდ ინსტაგრამზე გამოჭიმული ლამაზი სურათები არ გვინდოდა, ეს ადგილები უნდა შეიგრძნო და გულით დაათვალიერო.


აუცილებლად უნდა დაესწროთ მზის ამოსვლას ანგკორ ვატში და მზის ჩასვლას პჰნომ ბახენგის ტაძარში. მზის ჩასვლის სანახავად თუ დააპირებთ წასვლას, გირჩევთ ცოტა ადრე ახვიდეთ, ტაძარზე ვიზიტორების რაოდენობა შეზღუდულია და მხოლოდ 300 დამთვალიერებელს უშვებენ ერთდროულად. სჯობს ადრიანად მიხვიდეთ და იღბლიან 300 შორის მოხვდეთ.
არ გამოტოვოთ მცურავი სოფელი და მეკონგის ტყეში ნავით გასეირნება. ნამდვილად გაგაოცებთ ❤
img_4971
ტაილანდი – ამ ქვეყანას ძალიან დიდი ინტერესით ველოდით, ფჰუკეთში 7 დღე დავჯავშნეთ სასტუმრო და გადავწყვიტეთ ახალ წელსაც იქ შევხვედროდით. ინტერნეტში მოძიებული სურათებისა და აღფრთოვანებული ხალხის კომენტარების შემდეგ, იქ ჩასვლა და სამოთხეში ფეხის დაბიჯება ერთნაირად წარმოგვედგინა. მაგრამ, უკაცრავად 😀 პატონგზე რომ ჩაივლიდი, ქობულეთი მახსენდებოდა; იმ განსხვავებით, რომ იქ Mcdonalds, starbucks, KFC და ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი აქვთ. არანორმალურად თეთრი ქვიშაც ოქროსფერი აღმოჩნდა, უკამკამესი წყალი კი მოტორიანი ნავებით დაბინძურებული. ხელი მაინც არ ჩავიქნიეთ და ე.წ. James Bond და Phi Phi  კუნძლების კრუიზზეც წავედით, იქ რომ  მაინც დავმტკბარიყავით სანაპირეობით. ერთი სიტყვით, ან ჩვენ არ გაგვიმართლა, ან ყველა იტყუება ტაილანდის სანაპიროებთან დაკავშირებით.
ტაილანდის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი  ბანგკოკია, ქალაქი რომელმაც ნამდვილად გამაოცა.

ბანგკოკი, ე.წ. მწოლიაარე/მძინარე ბუდის ტაძარი. საუკეთესო ადგილია მზის ჩასვლით დაკბობისათვის.

ვიეტნამისა და კამბოჯის შემდეგ, ასეთ დიდი მეგაპოლისში მოხვედრა სასწაული იყო. მართალია პირველივე დღეს აივნიდან რომ გადავიხედე  Lady-boy-მ დამიქნია ხელი „wanna have fun”-ო მკითხა, მაგრამ ჩემი გამშრალი სიფათის დანახვაზე აშკარად მიხვდა, მე არ გამოვადგებოდი 😀
აუცილებლად მოინახლეთ ადგილობრივი ტაძრები, განსაკუთრებით მზის ჩასვლისას, ფერად ფერადი პაგოდები ბრჭყვიალებენ, ლაპლაპებენ და მათ ფონზე მოსიარულე ბუდისტი ბერიც სულ სხვანაირად, იდუმალად გეჩვენება.

ვიეტნამსა და კამბოჯაში გავეცელებული “ხინკალი”. მოხარშულია ორთქლზე, შიგნით აქვს ფარში და მოხარშული კვერცხის გული. მე საშინლად არ მომეწონა.
  • ავიაბილეთები Fly Emirates – თბილისი – ჰა ნოი – ბანგკოკი თბილისი – 820$.
  • სასტუმროები – ამ მხრივ ერთადერთი ფჰუკეტი შეიძლება გამოვყოთ რომ ცოტა არაბიუჯეტურია. ჰა ნოი, სიემ რიპი და ბანგკოკი საკმაოდ იაფად ვნახეთ 3*-4* სასტუმროები.
  • ვიზები: ვიეტნამის ვიზაზე წინასწარ რეგისტრირდებით საიტზე vietnamvisa.govt.vn, იხდით 17$. შემდეგ ადგილზე ჩასვლისას ამატებთ 20$ რომ პასპორტში ჩაგირტყან აეროპორტში.
    ვიეტნამის ვიზის წინასწარი დასტური მოგივათ მეილზე, უნდა ამობეჭდოთ, თან იქონიოთ 3X4 სურათი, საემიგრაციო სამსახურს აბარებთ და დაახლ. ნახევარ საათში თქვენს სახელსა და გვარს გუგლის დახმარებით წარმოთქვამენ. გილოცავთ, ვიეტნამის ვიზა თქვენია.
    კამბოჯის ვიზა – ოფიციალურ ვებგვერდზე ავსებთ ელექტრონული ვიზის განაცხადს, მოგდით მეილზე, ამობეჭდავთ (მიიღება როგორც ფერადი, ასევე შავთეთრი) და ჩაფრენისას წარუდგენთ მესაზღვრეს. ჩვენ ჰა ნოიდან გავფრინდით კამბოჯაში, სახმელეთო საზღვრით არ გადავსულვართ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი სახმელეთო საზღვარი იღებს მხოლოდ პასპორტში ჩარტყმულ ვიზას და ელექტრონულით ვერ შეგიშვებენ ქვეყანაში.
    ტაილანდის ვიზა – ყველაზე მეტად ტაილანდმა გაგვაწვალა ვიზებთან დაკავშირებით. ტურისტულმა კომპანიებმა 105$ მოგვთხოვეს ვიზის გაკეთებაში და რა თქმა უნდა მაშინვე ვიუარეთ. ერევანში მდებარე საკონსულო არც ტელეფონს პასუხობს და ეჭვი მაქვს არც მეილს ამოწმებენ. ბოლოს, ჰა ნოიში მივედით ტაილანდის საელჩოში, 40$ გადავიხადეთ და 4 დღეში ვიზაც მოგვცეს. ბევრად უმტკივნეულო და ბიუჯეტური ვარიანტია.
  • შიდა ფრენები აზიაში – საქართველოში გვაქვს WizzAir, ვიეტნამში ვიპოვეთ VIET JET, დაბაბიუჯეტური ავიაკომპანია. ბორტგამცილებლების უნიფორმა იყოს სხვა და ბევრად ნაგვიანი ბორტი, თორემ ყველაფერი ზუსტად ისეა როგორვ WIZZ-ის ბორტზე. ვიწრო სკამები, არა საკვები, არა წყალი და ბარგიც უნდა ცალკე იყიდოთ.
    ბევრად უკეთესი მომსახურება ჰქონდა AIR ASIA დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას. ბორტი სუფთა, ბორტგამცილებლებიც ღიმილიანები. ან შეიძლებაეგ იმისი ბრალია რომ ღამე იყო ფრენა და თითქმის სულ მეძინა.
  • ვაქცინა – აზიაში გამგზავრებისას აცრები არაფერი გამიკეთებია. საჭირო და სავალდებულო არაა, 1-2 რეკომენდირებული რაც იყო სხვადასხვა ფორუმებზე, აფრიკაში წასვლამდე უკვე ჩატარებული მქონდა ის აცრები და აქედან გამომდინარე, აღარ დამჭირვებია.
  • კვება – აქედან რომ მივდიოდი, ყველგან ლაფშა, ბოსტნეული და ბრინჯი მელანდებოდა. წარმომედგინა რომ სამოთხეში ვიქნებოდი… თუმცა ვიეტნამის აყროლებული ქუჩების მერე, ცოტა გადამინდა ლაფშა და ტაიალნდამდე მოიცადა 😀 დაახლ. 3-4$ მშვენივრად მიირთმევთ. უბრალოდ მიეჩვით სხვადასხვა მცირე დეტალებს. მაგ: წვნიანში ქათმის ხორცს ტყავი აქვს და პლიუს აქა იქა ბურტყლებიც. ჩვენთან ღორის ხორცს ძირითადად მხოლოდ შესაწვავად ვიყენებთ, ვიეტნამში კი მოხარშულიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ქუჩებში სულ მოხარშული ღორის ხორცის ოხშივარი დგას.
    ტაილანდში აუცილებლად გასინჯეთ სანაპიროზე ზღვის პროდუქტები, ზოგადად კი ტოფუ.
    კამბოჯაში სტეიკი საკმაოდ პოპულარულია, თუმცა ყურადღება მიაქციეთ რომ არ აიღოთ ადგილობრივი ხორცის. მაგარია, ძნელად იღეჭება და უცნაური სუნი აქვს. გაფუჭებული არ გეგონოთ, უბრალოდ სხვანაირია, აზიური.
  • ხილი – ეს არის ჩემი ცხონება. ახალ-ახალი მანგო, ანანასი, ლიჩი, ე.წ. ვნების ხილი „passion fruit”, დრაკონის ხილი და ა.შ. ქოქოსის შეიქები, პირდაპირ ქოქოსში ჩადებული ნაყინი.. ფასი სასაცილო. ყველაფერი 1$; მთლიანი ანანასი, გაფრცქვნილი და დაჭრილი – 1$, რამდენიმე მანგო, ასევე გაფრცქვნილი და დაჭრილი – 1$. შენც გგონია უი 1$ რა არის, აქ 1$, იქაც და საბოლოო ჯამში კი ამთავრებ დღეს დაცარიელებული ჯიბით.
  • ადგილობრივი ვალუტა – ყველაზე მეტად ვიეტნამში გავწამდით. 100$ უდრის – 2 300 000 ვიეტნამურ დონგს. კამბოჯა ბევრად მარტივია, შეგიძლია ყველგან დოლარით გადაიხადო, მაღაზიაში, კაფეში, მუზეუმში, ტაქსთან. ყველა ფასს აწერია ფასი ადგილობრივ თანხასა და დოლარში. ტაილანდში ჩასვლისას უკვე გაწაფული ხარ და ტაილანდური ბატები ვეღარ “გამოგაბატებენ” ისე როგორც ვიეტნამური ფული.

mn
აზიის სამივე ქვეყნიდან ყველაზე მეტად კამბოჯა მომეწონა. დიდი სიამოვნებით წავიდოდი კიდევ ერთხელ, შემოვივლიდი ანგკორის ყველა ტაძარს და ამჯერად ოკეანის სანაპირომდე დავუყვებოდი. ღამით, პლანქტონების ნათებებით ვიმხიარულები, დღისით კი თეთრ ქვიშებზე გავწვები. ნუ, რა თქმა უნდა 9ნაირი დამცავის და მინიმუმ 2 ქოლგის ქვეშ.

Advertisements

Published by

mariam meritamen

შეაგროვე მოგონებები და არა ნივთები, ესაა ჩემი მთავარი დევიზი და იმედია პირნათლად ავასრულებ. ცხოვრებაში ერთადერი უდიდესი მიზანი მაქვს, ვიმოგზაურო რაც შეიძლება მეტი. ჯერჯერობით ცოტა მაჩანჩალა ვარ, ჩემს მეჩვიდმეტე ქვეყანას ვესტუმრები სულ მალე :) ბლოგის მიზანია გაგიზიაროთ გამოცდილება და გიამბოთ ჩემთვის საინტერესო ადამიანებზე, რომლებმაც შემაყვარეს გარკვეული ქვეყანა, ან გაგაცნოთ ის ადგილები, სადაც დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი. ქვეყნები, სადაც გამიმართლა და უკვე მიმოგზაურია, მსურს ჩემი თვალით დაგანახოთ და შთაბეჭდილებებიც გაგაცნოთ. ასე რომ, ისიამოვნეთ და არ დაგენანოთ თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარება :)

One thought on “ნირვანა აზიაში – ვიეტნამი, კამბოჯა, ტაილანდი”

  1. მარიამ, დიდი მადლობა ასე დეტალურად რომ წერ სრულ ინფორმაციას!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s