ლიბანი და იორდანია – აღმოსავლური არდადეგები

რა გახსენდებათ აღმოსავლეთის ხსენებაზე?  ცაში ატყორცნილი მინარეთები, თვალუწვდენელი უდაბნო, აქლემებზე შემოსკუპებული ბედუინები, კოცონთან მორთმეული ქონდრით შეზავებული ჩაი, ხმაურიანი და ქაოტური ქუჩები, ჰუმუსი და ფალაფელი; სადრაც ბავშვობაში წაკითხული „1001 ღამე“ გაგახსენდება. ახლო აღმოსავლეთში პირველად ნამდვილად არ მივდიოდი, თითქმის ორი წელი მაქვს ეგვიპტეში გატარებული და მეგონა ამ მოგზაურობისთვის ყველაფერი კარგად გათვლილი მქონდა, მენტალურადაც მზად ვიყავი.

ქუთაისიდან კვიპროსამდე და კვიპროსიდან ლიბანამდე  იაფი ბილეთების ხათრით, ბეირუთში მოგზაურობაც დაიგეგმა. მიუხედავად იმისა რომ ბილეთები 4 თვით ადრე ვიყიდე, დატვირთული გრაფიკის გამო არც სასტუმროები დამიჯავშნია და არც ბევრი დეტალი გამირკვევია. ალალბედზე წავედით.

კვიპროსიდან ლიბანში Ryanair-ით გავფრინდით, ქალაქ პაფოსიდან. შუაღამისას ჩავფრინდით, ტელეფონში ჯერ კიდევ ეგვიპტეში ცხოვრებისას ჩამოწერილი აპლიკაცია Careem ამოვქექე და ტაქსი გამოვიძახე. ლიბანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ არსებობს, ძველი დაფახფახებული მარშუტკები დადიან, მხოლოდ 14 ნომერი მახსოვს კორნიშზე, ანუ სანაპიროზე დადიოდა.
ქალაქში გადაადგილების საუკეთესო საშუალება ტაქსია, შეგიძლიათ გამოიყენოთ Uber ან ზემოთ აღნიშნული Careem, თუ უფრო თავგადასავალი გსურთ, მუნიციპალური ტაქსი აიყვანეთ, ე.წ. სერვისი. ტაქსი დადის ქალაქში, თქვენ და კიდევ სხვა მგზავრებს ჩაისვამს და წაგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე. აქ გამოცდით ადგილობრივ კულტურას და ცხოვრებას, თუმცა ზოგს ეს სულაც არ იზიდავს.

განთავსებისთვის საუკეთესო ვარიანტი ბეირუთია, ყველა ქალაქი ახლოსაა და ჩემოდნით სიარულიც არ მოგიწევთ. ბეირუთში ოპტიმალური ადგილმდებარეობა ყველგან Hamzra Street ეწერა და ჩვენც იქ დავჯავშნეთ, თუმცა ჩემი რჩევა იქნება უფრო Armenia Street და მიმდებარე უბნებს გადახედოთ. აქ თქვენ ნამდვილ, ბეირუთს შეიგრძნობთ. სავსეა კაფეებით, ბარებით, სხვადასხვა საინტერესო მაღაზიებით, ვიწრო ქუჩები კიბეებით უკავშირდება ერთმანეთს და წიგნში აქამდე ამოკითხული ყველა წინანდადება თვალწინ ცოცხლდება. ამ უბანმა სოლოლაკი გამახსენა… ულამაზესი არქიტექტურის 2-3 სართულიანი ფერადი სახლები თავისი კოპწია ეზოებით, იქაც ისეთივე მიტოვებულია და ელოდება უკეთეს დღეებს.
ლიბანი არის ძალიან ძვირი ქვეყანა. აქ ბიუჯეტური მოგზაურობა თითქმის წარმოუდგენელია. განთავსება, კვება, სასმელი, ტრანსპორტი, სუვენირები – ყველაფერს ცეცხლი უკიდია და მზად იყავით ამისთვის. თუმცა, ეს ყველაფერი შეგიძლიათ გემრიელი საჭმელით და ლიბანური ღვინით დაივიწყოთ. გასინჯეთ ყველაფერი, ქუჩაში, რესტორანში, ბაზარში; ყველგან ყველაფერი უგემრიელესია.


ლიბანიდან ბიბლოსის და ბაალბექის უნახავად არ წამოხვიდეთ. საუკეთესო ვარიანტია ტურს გაჰყვეთ, რომელიც 95$ ჯდება. ტური მოიცავს ბაალბექს, ანჯარს, ქსარას ვენახებს, ღვინის დეგუსტაციას და სადილს, + პროფესიონალი გიდი აგიხსნით ყველაფერს. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Lebanon Tours – WhatsApp +961 70809737. ბეირუთის დასათვალიერებლად საუკეთესო ვარიანტია Beirut Free Walking Tours – WhatsApp  +316 48116082/ ჩვენი გიდი ძალიან მხრიაული და მონდომებული ბიჭი იყო, ახალი წლის აღსანიშნავად, ტურის ბოლოს ვისკიც ჩამოგვისხა ყველას და ცენტრალურ მოედანზე ყველამ ხმამაღლა ვიყვირეთ „რევოლუცია“.
ბევრი საერთო დავინახე ბეირუთსა და თბილისს შორის, თუნდაც საპროტესტო აქციები და ღამის ცხოვრება. ჩვენ გვაქვს „ფაბრიკა“, მათ აქვთ “Grand Factory”; პარლამენტის წინ აქციიებზე ახალგაზრდობა ცეკვავდა და ერთად იდგა, იგივე ხდება ბეირუთშიც და რაც მთავარია, ისინიც პროპოციულ არჩევნებს ითხოვენ. პარლამენტტან თუ გაივლით, ძალიან ბევრ საინტერესო გრაფიტისაც წააწყდებით.

დადგა ის დღე იორდანიისკენ რომ გავემგზავრეთ. დიდი მოლოდინებით და იმედებით, რომელიც პირველივე წუთებში ჩაგვიკლეს ჯერ აეროპორტში და შემდეგ სასტუმროში. ლიბანი ცოტა სხვა კულტურის მატარებელია, მიუხედავად 17 წლიანი სამოქალაქო ომისა, ბევრად უფრო წინ არიან.

იორდანიაში მოგზაურობისას აუცილებლად შეიძინეთ Jordan Pass, 100$ ღირს და შედის ვიზა და კიდევ უამრავი სხვადასხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის პეტრა, ვადი რუმი, ჯერაში, ამანის ციტადელი და ა.შ.
ამანი დიდად საინტერესო ქალაქი არაა, ერთი დღე ეყოფა. რომაული თეატრი, ციტადელი, მუზეუმი, ბაზრებს მოივლი და მორჩა, ამანი დათვალიერებულია J ძალიან დიდი სურვილი მქონდა ჯერაში მომენახულებინა, მაგრამ ძალიან ცუდი ამინდი დაგვემტხვა, წვიმა, ნისლი, ქარი და შესაბამისად, ამ სილამაზის უნახავად წამოვედით.
იორდანიაში გადაადგილების უალტერნატივო საშუალებაა JETT BUS. ამანში რამდენიმე ოფისი აქვს და ყველა სხვა ქალაქშიც. სწორედ ამ ავტობუსიტ წავედით პეტრაში, დილის 6:30ზე გავედით და 10:30ზე ადგილზე ვიყავით ზუსტად პეტრას ვიზიტორთა ცენტრთან ჩერდება.
აქ პირველივე ნაბიჯებზე ეგვიპტე გამახსენდა, ყველგან რომ ხალხი ყვირის და მხოლოდ იმას ფიქრობენ როგორ მოგატყუონ, ფული როგორ დაგცინცლონ. ვიზიტორთა ცენტრიდან პეტრამდე ფეხით თითქმის 2 კმ-ია, ბილეთის ფასში შედის კანიონამდე ცხენით მიყვანა, თუმცა აქაც ბედუინები ისე საშინლად იქცეოდნენ, ისევ ფეხით ვამჯობინეთ გავლა.
პეტრასკენ მიმავალ გზაზე მიფრინავდი კი არ მივდიოდი, თავი მეორე ბორჰარდტი მეგონა, ის ის იყო ცხოვრების ოცნება უნდა ამეხდინა და პეტრა საკუთარი თვალით დამეთვალიერებინა. სამწუხაროდ, ნანახმა მოლოდინს ნამდვილად ვერ გადააჭარბა. დღემდე ვერ ვხვდები, პეტრა როგორაა ახალი მსოფიოს 7 საოცრებაში და ანგკორ ვატი არა. აქაც იგივე პრობლემას გადავაწყდი რასაც პირამიდებთან. სულ ვირაც დაგდებს, ხან შენი აქლემზე შემოსმა უნდათ, ხან ჯორით კატაობას გტავაზობენ, რომაული კოლონადისკენ მიმავალი გზა ბაზარს გავს, უამრავი სუვენირი აქვთ ბედუინებს და დაგდევენ იყიდე იყიდე, ეტლები მიჰქრიან და მოჰქრიან, აქლემებს დაარბენინებენ და საბოლოოდ ვერ აღიქვამ რა საოცარ ადგილას მოხვდი, მხოლოდ იმაზე ფიქრობ ბედუინები როგორ მოიშორო თავიდან.

პეტრადან გაოგნებული და გადაღლილი, აუცილებლად ვადი რუმის უდაბნოსკენ უნდა გაემართოთ. ადგილი სადაც სიჩუმე, სიწყნარე და სიდიადე სუფევს.
ყველაზე მეტად უდაბნო ღამით მიყვარს, ასეთი ვარსკვლავებით გადაჭედილი ცა არსად მინახავს. ისე ახლოს მოჩანს ირმის ნახტომი, გგონია შენს წინ მდებარე მთაზე აბობღდები და ხელითაც შეეხები უსასრულობას.
ვადი რუმში აუცილებლად აირეთ მინიმუმ ერთ დღიანი ტური. ფასი მინიმუმ 100$ ადამიანზე, მოიცავს განთავსებას ქემფში, სამჯერად კვებას, აქლემებზე კატაობას და ჯიპ ტურს. სანამ აქლემზე დავჯდებოდი, წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე, კარგად შევათვალიერე აქლემს როგორ ექცეოდნენ, გამხდარი ხომ არ იყო, იარე ხომ არ ჰქონდა. ეგვიპტეში ჩემს თვალწინ ურტყამდნენ ცხოველებს, ერთ აქლემს კი ნესტოებიდან სისხლი სდიოდა L მსგავს ცხოველების ტრეფიკინგში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა და არც თქვენ გირჩვეთ. ვადი რუმი არის მარსი დედამიწაზე, აქ სიტყვები ზედმეტია გადმოსცეთ მისი სილამაზე, უბრალოდ უნდა წახვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ ❤

ცუდი ამინდებით დაღლილი, 15 დღიანი წანწალის შემდეგ, ბოლოს აქაბაში ჩავედით. ზღვის პირას ავიღეთ სასტუმრო, სანაპიროზე ნაყინს ვჭამდი, ბროწეულის ლიმონათს ვსვამდი და ჩემს წინ გადაჭიმულ ისრაელს და ეგვიპტეს გავცქეროდი. ამ დროს ხვდები, მართლაც რა პირობითია საზღვრები, 3 წლის წინ ევიპტეში ნუებაში ვისვენებდი და აქაბას გამოვცქეროდი, ახლა კი საპირისპირო მიმართულებით ვიყურებოდი. ისრაელშიც არც თუ დიდი ხნის წინ დავბოდიალობდი.
ამ იდილიასა და ფიქრებში, ჩემს თავს დავპირდი რომ ბოლომდე სიმშვიდეს და სინაზეს შევინარჩუნებდი. ყველა ქუჩაში წამოყვირებულ რეპლიკას დავაიგნორებდი, მოთმინებით აღვიჭურვებოდი, მაგრამ ვინ გაცადა. ბოლო დღეს ჩემოდნებით მივრახუნებდი სადგურისკენ და კიდევ მანქანებიდან პიპინი, ყვირილი რომ გავიგე, ვეღარც შუა თითის ჩვენება დავინანე და არაბული გინებითაც გული მოვიოხე.

საბოლოოდ აღმოსავლეთი საოცარი ადგილია. ბავშვობის დროინდელი ზღაპრებიდან მქონდა შემორჩენილი „დინარი“, არაბი ვაჭრები რომ ახსენებდნენ და ჰოი საოცრებავ, იორდანიაში ფულს დინარი ქვია. როგორ გამიხარდა, ამეშალა მოგონებები. სადაც იკითხავ ყველაფერი 2 – 3 დინარი ღირს და შენც აფრიალებ ფულებს, ვიდრე მიხვდები რომ 1 დინარი = 4 ქართულ ლარს და შაურმაში ცოტა ხნის წინ გადახდილი 3 დინარი, 12 ლარია და ძალიან ძვირია J  თუ გადაწყვეტთ ლიბანისა და იორდანიის მონახულებას აუცილებლად გაითვალისწინეთ:

  • აღიჭურვეთ მოთმინებით და ვაჭრობის უნარით, ეს აუცილებელია!!! თუ დააფასებენ 10, ეგრევე ეუბნები 5 და იწყებ ვაჭრობას. თუ არ დააკლეს ტოვებ რაც გაქვს და გამოდიხარ, დიდი ალბათობით გამოგეკიდებიან და დაგიკლებენ.
  • ლიბანში გაფრენამდე და ჩასვლისასაც გეკითხებიან თუ ხართ ისრაელში ნამყოფი. მე ვიუარე, თუმცა იგივე პასპორტით 2 წლის წინ ვიყავი ისრაელში, მაგრამ ბეჭედი არ ჩაურტყამთ. უპრობლემოდ შემიშვეს.
  • ორივე ქვეყანა არის ძალიან ძვირი, პარიზის და ფლორენციის ფასებისთბის მოემზადეთ. რიგ სერვისებში უფრო ძვირსაც გადაიხდით.
  • იორდანიაში წასვლისას აუცილებლად შეიძინეთ Jordan Pass – jordanpass.jo
  • უდაბნოში ტურისას აუცილებლად წაიღეთ თბილი მოსაცმელები, ზამთრის პერიოდში კი კურტკა. ძირითადად გადახდილ მანქანაში ზიხარ და გადაადგილებისას ძალიან ცივა.
  • პეტრაში ბედუინებს არსად არ გაჰყვეთ. როგორც ჩვენმა გიდმა გაგვაფრთხილა „ისეთი არაფერი, დაგათრობენ, ფულს წაგართმევენ და გაგაპატიურებენო“. ქალს მეტი რა უნდა დაუშავონ იდეაში?!
  • შეეგუეთ აზრს რომ მინიმუმ 3-4 კილოთი მეტი ჩამოხვალთ, უგემრიელესი საჭმელი აქვთ.
  • ამანში დარჩით ძველ ქალაქთან ახლოს რათა ფეხიტ მოიაროთ ყველაფერი და ტაქსი არ დაგჭირდეთ.

თანდათან უფრო მბეზრდება და მეზარება სურათების გადაღება, პოზიორობა და მათი გამოქვეყნება. მინდა რომ ადგილები შევიგრძნო, შევიცნო, სუნი დავიმახსოვრო თუნდაც ქუჩის ან იქვე აყვავებული ბუჩქის. ადგილიდან ადგილზე სირბილი, ფოტოაპარატის ჩხაკუნი და „დაჩექინება“ ტურისტობა მგონია. მოდი ყველანი გავხდეთ მოგზაურები, ადამიანები რომლებიც ქვეყნებს ვიყვარებთ გულით და გონებით ❤

ნირვანა აზიაში – ვიეტნამი, კამბოჯა, ტაილანდი

რამდენიმე წლის განმავლობაში პირადი ლეპტოპის ეკრანზე ანგკორ ვატის ტაძრის სურათი მეყენა და ყოველთვის ვიცოდი, იქ აუცილებლად წავიდოდი. რუქის დახედვისას გული მიფანცქალებდა, ძალიან შორს და ამავდროულად ხელმიუწვდომლად მეჩვენებოდა. ვიცოდი რომ ვნახავდ, მაგრამ როდის, როგორ… მას შემდეგ რაც 2018 წლის გაზაფხულზე მოულოდნელად აფრიკაში ამოვყავი თავი, იმასაც მივხვდი სამხრეთ აზიაში მოგზაურობის დროც მოვიდა!!!
რამდენიმე კვირიანი გეგმვისა და ინტერნეტში ქექვის შემდეგ, როგორც იქნა მარშრუტი შევადგინეთ. საახალწლოდ წინ ვიეტნამი, კამბოჯა და ტაილანდი გველოდნენ, თითქმის ერთი თვე ტროპიკულ ქვეყნებში მზის გულზე უნდა გაგვეტარებინა, მაშინ როდესაც თბილისში ცივა, ქარია და ცოტა თოვს კიდეც.

თბილისის აეროპორტში რეგისტრაციის დროს იჭვნეულად შემოგვხედეს 2 გოგოს, რომლებიც გახარებულები ადგილზე ცმუკავენ და ვიეტნამში მიდიან. ბევრი თვითონაც არაფერი იცოდნენ ჩვენი სავიზო პროცედურების შესახებ და დაწვრილებით გამომკითხეს ყველაფერი; მესაზღვრემ კი გულწრფელად გაკვირვებულმა მკითხა, იქ რა გინდაო.

ვიეტნამამდე 18 საათიანი  მგზავრობის შემდეგ, ჰა ნოიში ჩავაღწიეთ. პირველი 1 საათი აეროპორტიდან სასტუმრომდე მიმავალ გზაზე შოკში ვიყავით. მოწესრიგებული მაგისტრალები, და რაც მთავარია ყველგან სიმწვანე. ჯერ რა ვიცოდით წინ რა გველოდა 😀
ჰა ნოიში ჩვენი სასტუმრო უშუალოდ ძველ ქალაქში იყო და როგორც აქამდე ჩემი მოგზაურობების გამოცდილებიდან ვიცი, ეს საუკეთესო ადგილმდებარეობაა, თურმე არა ჰანოიში. ეს არის ყველაზე ხმაურიანი და ბინძური ქალაქი რაც კი ოდესმე მინახავს. კაიროში ორ წელზე მეტი ცხოვრების შემდეგ, მეგონა რომ ხმაური, საცობები და ნაგავი ჩემზე ვეღარ მოქმედებდნენ. დედაქალაქის ისტორიული პატარა სახლები კოლონიალურ პერიოდშია აგებული, ოდესღაც ულამაზესი და ფერად-ფერადი უნდა ყოფილიყო. ახლა მთლიანად ქუჩის ბაზარია. არ არსებობს ფეხით მოსიარულეების ბილიკები, ყველგან ნაგავია, ტილების თმიდან ამოცლა საჭმლის გვერდით, იქვე მეორე ფეხებზე ფრჩხილებს იჭრის, მესამე კბილს იჩიჩქნის, გამვლელებს ფეხზე ნაგავს გაყრიან, აივნიდან წყალს ასხამენ.
ერთადერთი ადგილი რომელმაც ჰა ნოიში გულწრფელად აღმაფრთოვანა და ყველას გირჩევთ მის მონახულებას, ეს ლიტერატურის ტაძარია. ადგილი, სადაც სტუდენტები გამოცდის წინ მოდიან და ლოცულობენ.

და კიდევ, თუ არაჩვეულებრივი ადგილები გიზიდავთ ქალაქში, აუცილებლად ეწვიეთ ე.წ. მატარებლის ქუჩას. ვიწრო ქუჩაში ჩქაროსნული მატარებელი მოჰქრის, შენ კი მისგან 1 მეტრზე ნაკლებ მანძილზე დგახარ და ქოქოსის შეიქს მიირთმევ.

სასტუმროს მიმღებშივე ტურები დავჯავშნეთ, ჰა ლონგ ბეისა და ნიჰ ბინის პროვინციებში. აქ არაფერი არ ჰგავდა ქაოტურ და ბინძურ ჰა ნოის, ხალხი თბილი და მომღიმარი, მოწესრიგებული გზები, ქუჩები და სისუფთავე. ჰა ლონგზე წასვლისას გირჩევთ 1 ღამე მაინც გაჩერდეთ კრუიზზე რომ უკეთესად დაათვალიეროთ ულამაზესი ყურე. ნიჰ ბინსა და ბრინჯის ტერასებს კი ერთი დღეც სრულიად ეყოფა.
ვიეტნამიდან კამბოჯაში ღმერთს მადლობა გადაფრენა გადავწყვიტეთ, აზიური WIZZ ვიპოვეთ და საკმაოდ ბიუჯეტურად ჩავედით სიემ რიპში. ჯერ ჰა ნოის აეროპორტში დაგვაყოვნეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი პასპორტი არ იცოდნენ საერთოდ სადაური იყო, შემდეგ კი კამბოჯის მესაზღვრემ თავში ხელი შემოირტყა და დიდ ხანსაც დამაყუდა ვიდრე გაიგო რომ სადღაც ევროპასა და აზიას შორის საქართველოა. აეროპორტიდან ტრანსფერი სასტუმრომ უფასოდ გაგვიკეთა, ჩვენც ველოდეთ ნებისმიერი სახის ტრანსპორტს, თუმცა ვერასოდეს ვიფიქრებდით რომ ტუკ-ტუკით დაგვხვდებოდნენ. ეს კიდევ ერთი თავგადასავალია.

კამბოჯა აზიის ფავორიტია ჩემთვის. აქ გატარებული თითქმის 1 კვირა არასოდეს დამავიწყდება. ანგკორის ტაძრები ყველაზე განთქმულია ღირსშესანიშნაობებიდან და 100 მეტია სიემ რიპის პროვინციაში. ბილეთიბი სხვადასხვა ფასიანია, 1 დღის შესვლა – 37$, 3 დღე შესვლა 62$ და არის კიდევ 5 დღიანი. ჩვენ სამდღიანი ბილეთი ავიღეთ, რადგან მხოლოდ ინსტაგრამზე გამოჭიმული ლამაზი სურათები არ გვინდოდა, ეს ადგილები უნდა შეიგრძნო და გულით დაათვალიერო.

აუცილებლად უნდა დაესწროთ მზის ამოსვლას ანგკორ ვატში და მზის ჩასვლას პჰნომ ბახენგის ტაძარში. მზის ამოსვლაზე დასასწრებად დილის 4 საათზე აგვაყენეს, სიბნელეში მძღოლმა ტუკტუკით მიგვიყვანა ტაძრამდე, აბა ახლა თქვენ იცით, მე აქ დაგელოდებითო და ჰამაკი გაჭიმა ხეებს შორის, ცოტას წავუძინებო. ჩვენც სიბნელეში ძლივს გავაგენით სად უნდა წავსულიყავით, ხიდზე წავიქეცი კიდეც და ბოლოს როგორც იქნა სადრაც ბინდბუნდში ანგკორ ვატის სოლუეტიც გამოჩნდა. ამ დროს გულისცემა ისე ამიჩქარდა, ცოტა ხნით გავჩერდი და ღრმად ჩავისუნთქე. ვერ ვიჯერებდი რომ ჩემი ოცნება ასე ხელშესახები იყო. ირგვლივ უამრავი ტურისტი ირეოდა, ადგილობრივებს კაფეები აქვთ გაკეთებული და საუზმეს გთავაზობენ, შეგიძლია სადმე მოხერხებულად ჩამოსკუპდე, ულამაზეს მზის ამოსვლას უყურო და ტან ახლად გამოწურული მანგოს წვენით ჩაიტკბარუნო პირი.

ტა პრომის ტაძარი
ტა პრომის ტაძარი

მზის ჩასვლის სანახავად თუ დააპირებთ წასვლას, გირჩევთ ცოტა ადრე ახვიდეთ, ტაძარზე ვიზიტორების რაოდენობა შეზღუდულია და მხოლოდ 300 დამთვალიერებელს უშვებენ ერთდროულად. სჯობს ადრიანად მიხვიდეთ და იღბლიან 300 შორის მოხვდეთ.
ანგკორის ტაძრებში 3 დღე ვიბოდიალეთ, დამიჯერეთ და არავითარ შემთხვევაში არ გადაწყვიტოთ ყველაფრის თქვენით მონახულება. აიყვანეთ გიდი და აუცილებლად მოინახულეთ ტა სომი, ტა პრომის ტაძრებიც.
კამბოჯაში მოგზაურობისას არ გამოტოვოთ მცურავი სოფელი და მეკონგის დატბორილ ტყეში ნავით გასეირნება. ნამდვილად გაგაოცებთ ❤ საღამო კი შეგიძლიათ ცნობილ PUB STREET-ზე გაატაროთ. უამრავი რესტორანი, ბარი და ფაბია, იქვე შემწვარი მორიელები, ტარაკნები და გველები აქვთ. აქვე აცხობენ ცნობილ Happy Pizza, პიცას მარიხუანას ფოთლებით. თავგადასავლები თუ გსურთ გასინჯეთ.

ტაილანდი – ამ ქვეყანას ძალიან დიდი ინტერესით ველოდით, ფჰუკეთში 7 დღე დავჯავშნეთ სასტუმრო და გადავწყვიტეთ ახალ წელსაც იქ შევხვედროდით. ინტერნეტში მოძიებული სურათებისა და აღფრთოვანებული ხალხის კომენტარების შემდეგ, იქ ჩასვლა და სამოთხეში ფეხის დაბიჯება ერთნაირად წარმოგვედგინა. მაგრამ, უკაცრავად 😀 პატონგზე რომ ჩაივლიდი, ქობულეთი მახსენდებოდა; იმ განსხვავებით, რომ იქ Mcdonalds, starbucks, KFC და ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი აქვთ. არანორმალურად თეთრი ქვიშაც ოქროსფერი აღმოჩნდა, უკამკამესი წყალი კი მოტორიანი ნავებით დაბინძურებული. ხელი მაინც არ ჩავიქნიეთ და ე.წ. James Bond და Phi Phi  კუნძლების კრუიზზეც წავედით, იქ რომ  მაინც დავმტკბარიყავით სანაპირეობით. ერთი სიტყვით, ან ჩვენ არ გაგვიმართლა, ან ყველა იტყუება ტაილანდის სანაპიროებთან დაკავშირებით.
ტაილანდის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი  ბანგკოკია, ქალაქი რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე.

ვიეტნამისა და კამბოჯის შემდეგ, ასეთ დიდი მეგაპოლისში მოხვედრა სასწაული იყო. მართალია პირველივე დღეს აივნიდან რომ გადავიხედე Lady-boy-მ დამიქნია ხელი „wanna have fun”-ო მკითხა, მაგრამ ჩემი გამშრალი სიფათის დანახვაზე აშკარად მიხვდა, მე არ გამოვადგებოდი.

ადგილობრივი ტაძრები, განსაკუთრებით მზის ჩასვლისას სუნთქვისშემკვრელია, ფერად ფერადი პაგოდები ბრჭყვიალებენ, ლაპლაპებენ და მათ ფონზე მოსიარულე ბუდისტი ბერიც სულ სხვანაირად, მისტიურად გეჩვენება.
აზიური მისტიკის შეცნობის შემდეგ, ღამის გართობა თუ გინდა, Khao San Road საუკეთესოა. აქ ყველაფერია, ბარები, კაფეები, რესტორნები, შუა ქუჩაში გამოდგმული წურბელებით სავსე აუზები.

ახლა მცირე შეჯამება გავაკეთოთ:

  • ავიაბილეთები Fly Emirates – თბილისი – ჰა ნოი – ბანგკოკი თბილისი – 820$.
  • სასტუმროები – ამ მხრივ ერთადერთი ფჰუკეტი შეიძლება გამოვყოთ რომ ცოტა არაბიუჯეტურია. ჰა ნოი, სიემ რიპი და ბანგკოკი საკმაოდ იაფად ვნახეთ 3*-4* სასტუმროები.
  • ვიზები: ვიეტნამის ვიზაზე წინასწარ რეგისტრირდებით საიტზე vietnamvisa.govt.vn, იხდით 17$. შემდეგ ადგილზე ჩასვლისას ამატებთ 20$ რომ პასპორტში ჩაგირტყან აეროპორტში.
    ვიეტნამის ვიზის წინასწარი დასტური მოგივათ მეილზე, უნდა ამობეჭდოთ, თან იქონიოთ 3X4 სურათი, საემიგრაციო სამსახურს აბარებთ და დაახლ. ნახევარ საათში თქვენს სახელსა და გვარს გუგლის დახმარებით წარმოთქვამენ. გილოცავთ, ვიეტნამის ვიზა თქვენია.
    კამბოჯის ვიზა – ოფიციალურ ვებგვერდზე ავსებთ ელექტრონული ვიზის განაცხადს, მოგდით მეილზე, ამობეჭდავთ (მიიღება როგორც ფერადი, ასევე შავთეთრი) და ჩაფრენისას წარუდგენთ მესაზღვრეს. ჩვენ ჰა ნოიდან გავფრინდით კამბოჯაში, სახმელეთო საზღვრით არ გადავსულვართ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი სახმელეთო საზღვარი იღებს მხოლოდ პასპორტში ჩარტყმულ ვიზას და ელექტრონულით ვერ შეგიშვებენ ქვეყანაში.
    ტაილანდის ვიზა – ყველაზე მეტად ტაილანდმა გაგვაწვალა ვიზებთან დაკავშირებით. ტურისტულმა კომპანიებმა 105$ მოგვთხოვეს ვიზის გაკეთებაში და რა თქმა უნდა მაშინვე ვიუარეთ. ერევანში მდებარე საკონსულო არც ტელეფონს პასუხობს და ეჭვი მაქვს არც მეილს ამოწმებენ. ბოლოს, ჰა ნოიში მივედით ტაილანდის საელჩოში, 40$ გადავიხადეთ და 4 დღეში ვიზაც მოგვცეს. ბევრად უმტკივნეულო და ბიუჯეტური ვარიანტია.
  • შიდა ფრენები აზიაში – საქართველოში გვაქვს WizzAir, ვიეტნამში ვიპოვეთ VIET JET, დაბალიუჯეტური ავიაკომპანია. ბორტგამცილებლების უნიფორმა იყოს სხვა და ბევრად ნაგვიანი ბორტი, თორემ ყველაფერი ზუსტად ისეა როგორვ WIZZ-ზე. ვიწრო სკამები, არა საკვები, არა წყალი და ბარგიც უნდა ცალკე იყიდოთ.
    ბევრად უკეთესი მომსახურება ჰქონდა AIR ASIA დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას. ბორტი სუფთა, ბორტგამცილებლებიც ღიმილიანები.
  • ვაქცინა – აზიაში გამგზავრებისას აცრები არაფერი გამიკეთებია. საჭირო და სავალდებულო არაა, 1-2 რეკომენდირებული რაც იყო სხვადასხვა ფორუმებზე, აფრიკაში წასვლამდე უკვე გაკეთებული მქონდა და აქედან გამომდინარე, აღარ დამჭირვებია.
  • კვება – აქედან რომ მივდიოდი, ყველგან ლაფშა, ბოსტნეული და ბრინჯი მელანდებოდა. წარმომედგინა რომ სამოთხეში ვიქნებოდი… თუმცა ვიეტნამის აყროლებული ქუჩების მერე, ცოტა გადამინდა ლაფშა და ტაიალნდამდე მოიცადა 😀 დაახლ. 3-4$ მშვენივრად მიირთმევთ. უბრალოდ მიეჩვით სხვადასხვა მცირე დეტალებს. მაგ: წვნიანში ქათმის ხორცს ტყავი აქვს და პლიუს აქა იქა ბურტყლებიც. ჩვენთან ღორის ხორცს ძირითადად მხოლოდ შესაწვავად ვიყენებთ, ვიეტნამში კი მოხარშულიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ქუჩებში სულ მოხარშული ღორის ხორცის ოხშივარი დგას.
    ტაილანდში აუცილებლად გასინჯეთ სანაპიროზე ზღვის პროდუქტები და ფად ტაი.
    კამბოჯაში სტეიკი საკმაოდ პოპულარულია, თუმცა ყურადღება მიაქციეთ რომ არ აიღოთ ადგილობრივი ხორცის. მაგარია, ძნელად იღეჭება და უცნაური სუნი აქვს. გაფუჭებული არ გეგონოთ, უბრალოდ სხვანაირია, აზიური.
  • ხილი – ეს არის ჩემი ცხონება. ახალ-ახალი მანგო, ანანასი, ლიჩი, ე.წ. ვნების ხილი „passion fruit”, დრაკონის ხილი და ა.შ. ქოქოსის შეიქები, პირდაპირ ქოქოსში ჩადებული ნაყინი.. ფასი სასაცილო. ყველაფერი 1$; მთლიანი ანანასი, გაფრცქვნილი და დაჭრილი – 1$, რამდენიმე მანგო, ასევე გაფრცქვნილი და დაჭრილი – 1$. შენც გგონია უი 1$ რა არის, აქ 1$, იქაც და საბოლოო ჯამში კი ამთავრებ დღეს დაცარიელებული ჯიბით.
  • ადგილობრივი ვალუტა – ყველაზე მეტად ვიეტნამში გავწამდით. 100$ უდრის – 2 300 000 ვიეტნამურ დონგს. კამბოჯა ბევრად მარტივია, შეგიძლია ყველგან დოლარით გადაიხადო, მაღაზიაში, კაფეში, მუზეუმში, ტაქსთან. ყველა ფასს აწერია ფასი ადგილობრივ თანხასა და დოლარში. ტაილანდში ჩასვლისას უკვე გაწაფული ხარ და ტაილანდური ბატები ვეღარ გამოგაბატებენ ისე როგორც ვიეტნამური ფული.

აზიის სამივე ქვეყნიდან ყველაზე მეტად კამბოჯა მომეწონა. დიდი სიამოვნებით წავიდოდი კიდევ ერთხელ, შემოვივლიდი ანგკორის ყველა ტაძარს და ამჯერად ოკეანის სანაპირომდე დავუყვებოდი. ღამით, პლანქტონების ნათებებით ვიმხიარულები, დღისით კი თეთრ ქვიშებზე გავწვები. ნუ, რა თქმა უნდა 9ნაირი დამცავის და მინიმუმ 2 ქოლგის ქვეშ.

აფრიკული დღიურები – კენია, ტანზანია და ზანზიბარი

აფრიკა, ამ სიტყვის გაგონებისთანავე ბავშობა და „მეფე ლომი“ მახსენდება. ჩემს ბიძაშვილებთან სტუმრად წასვლა მხოლოდ იმიტომ მიყვარდა, რომ ამ მულტფილმის კასეტა ჰქონდათ, ბაშვები ჩავუსხდებოდით და ვუყურებდით ხოლმე. მას შემდეგ აფრიკაში მოგზაურობა ჩემი აუხდენელი ოცნება იყო.
2017 წლის შემოდგომაზე გადავწყვიტე, რომ დრო მოვიდა კიდევ ერთი ოცნება ამეხდინა და საფარიში წავსულიყავი. როგორც კი ავია ბილეთების ფასებს შევხედე, ლეპტოპი ცივად დავხურე და მთელი კვირა სავანაზე ოცნებაც აღარ გამიბედავს, კვიპროსის ბილეთი 10 ევროდ ვიყიდე და ბედნიერი წავედი დასასვენებლად. მაგრამ, მაინც ვერ მოვითმინე და კარგად დავიწყე აფრიკული არდადეგების დაგეგმვა. ფორუმებზე დიდი ხნის ძებნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეთიოპიის ავიახაზები საკმაოდ იაფად დაფრინავს აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებში. თბილისიდან კენიაში გამგზავრება და უკან ტანზანიიდან დაბრუნება, დაახლ. 2300$ ჯდებოდა. საბოლოოდ გამოსავალი ვიპოვე, თუმცა ჩახლართულია, იმედია კარგად აგიხსნით 🙂

ავია ბილეთი
როგორც უკვე გითხარით, თბილისიდან თურქეთის ან ყატარის ავიახაზებით ფრენა 2300$ ჯდებოდა. ბოლოს ასეთი გამოსავალი მოვძებნე. თბილისიდან გავფრინდი კაიროში, ეს ბილეთი 400$ ღირდა (300% არის ხოლმე, პერიოდები უნდა იცოდეთ კარგად), კაიროდან კი ეთიოპიის ავიახაზების ბილეთი ვიყიდე. კაიროდან ნაირობი (კენია), დარ ეს სალემი (ტანზანია) – კაირო სულ რაღაც 375$. ასე, რომ გაბერილ რამდენიმე ათასიან ბილეთს ნამდვილად ჯობდა ასე გაფრენა. თუმცა, გზა ძალიან დამღლელია, გამანადგურებელი.

სავიზო პროცედურები
 საგარეო საქმეთა სამინისტროა ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, კენიისა და ტანზანიის ვიზა წინასწარ უნდა ავიღოთ ბელგიაში. თუმცა, რამდენიმე იმეილის გაგზავნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ორივე ქვეყნის ვიზა გაიცემა ადგილზე ჩასვლისას და ღირს 50$. ქვეყანაში შესვლისას თან უნდა იქონიოთ ყვითელი ცხელების აცრის ფურცელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზას არ მოგცემენ და გამოსვლისასაც კარანტინში ამოჰყოფთ თავს. არც ერთი ქვეყანა არ მიგიღებთ აფრიკიდან გამოფრენის შემდეგ, თუ არ გექნებათ თან აცრის ფურცელი.
საკვებთან მიმართებაში უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, აუცილებელია ყველანაირი ხილისა და ბოსტნეულის კარგად გარეცხვა, რათა თავიდან აირიდოთ ტიფი და ქოლერა. მალარიის საწინააღმდეგო ტაბლეტები და სფრეიც სულ თან უნდა იქონიოთ, ყველგან დაზუზუნებენ მზის ჩასვლის შემდეგ.

განთავსება
ვინაიდან მე საკმაოდ ბიუჯეტური მოგზაურობა მქონდა დაგეგმილი, კენიაში და ტანზანიაში, დედაქალაქებში Airbnb დავჯავშნე. ფასები საკმაოდ მისაღებია და პირობებიც შესანიშნავი. ნაირობიში ბინაში 25$ ვიხდიდით, დარ ეს სალემში კი 30$.


საფარი
საფარიზე წასვლა ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. ჯერ ფასებია ისეთი, რომ თმები ყალყზე დაგიდგება, ამას ემატება პირობებიც. არის კომბინრებული ტურები, მასაი მარა (კენია) და ნგორონგორო-სერენგეტი (ტანზანია), წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაში ფასები ერთ ადამიანზე დღეში მინიმუმ 250$.
კენიაში ყოფნისას მხოლოდ „ნაირობის ერობნული პარკი“ დავათვალიერეთ. ქალაქში კარგად გავიარეთ, ტურისტულ ადგილებში მოვძებნეთ მძღოლი რომელმაც 90$ მთელი დღე გვატარა პარკში, ყველაფერი აგვიხსნა და სახლშიც მშვიდობიანად დაგვაბრუნა. გაითვალისწინეთ, პარკში შესვლა თითო ადამინზე 45$.
თუ ცხოველებზე დაკვირვება თქვენი მოგზარობის მთავარი მიზანია, მაშინ ტანზანია ბევრად უკეთესია საფარისათვის. კენიიდან ტანზანიაში ავტობუსით წავედით, საკმაოდ კომფორტულად ვიმგზავრეთ და სულ რაღაც 25$ თითო ადამიანი. ტანზანიაში საფარიზე წასასვლელად აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ დაბა არუშაში. წინასწარ არც აქ აგვიღია ტურები, ერთი დღე წანწალსა და ფასების შედარებას მოვანდომეთ და ბოლოს გერმანელ, ავსტრიელ და შვეიცარელ ტურისტებს შევუერთდით. ფასები მაინც და მაინც გულზე მოსაფონი არაა, 160$ ერთ ადამიანზე თითო დღე, მაგრამ აქ შედის ტრანსპორტირება, განთავსება, სამჯერადი კვება, წყალი და რაც კი შეიძლება ტურის განმავლობაში დაგჭირდეთ.
img_6533
საფარიზე აუცილებლად უნდა ნახოთ ნგორონგორო – ეს ადგილი სასწაული და ნამდვილი საოცრებაა, წარმოუდგენლად ლამაზი. სერენგეტი – აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია ხეზე მცოცავი ლომები და უამრავი ცხოველი, იმდენნი არიან და თან ყველგან, ბოლოს საით გაიხედო და რას უყურო ვეღარ იგებ. ტარანგირე – თუ სპილოების ხვანცალის დიდი მოყვარული ხართ, აუცილებლად უნდა წახვიდეთ. მანიარას ტბა – ბუთქუნა ჰიპოპოტამები, ფლამინგოები, აბეზარი მაიმუნები და ჟირაფები, ეს ცხოველები და ულამაზესი ტბის პეიზაჟები. ყველა ზემოთ აღნიშნულს ეროვნულ პარკს თითო დღე ყოფნის დასათვალიერებლად, მხოლოდ სერენგეტისთვისაა მინიმუმ 2 დღე საჭირო. ძალიან დიდია და სანახაობრივადაც უკეთესია.

საფარიზე ლოჯებში არ დავრჩენილვართ, ბიუჯეტურ კემპინგს დავჯერდით და არც გვინანია. სველი წერტილი მოწესრიგებული, კვება არაჩვეულებრივი და რაც მთავარია შემოღობილია ცხოველებისაგან თავდასაცავად. გერმანელმა ტურისტებმა კარავში არჩიეს ძილი, დილით გაიღვიძეს და კარავში მათთან ერთად 3 ბაბუინს ეძინა. ასე რომ, ნუ გამოსცდით ბედს 🙂

საინტერესო  ამბები
🐘აფრიკაში ჩემი პირველი გაოცება ხალხმა გამოიწვია. არიან საოცრად თბილები, მომღიმარნი, ზრდილობიანები და რაც მთავარია, ყველას აცვია ფერად-ფერადი ტანსაცმელი, თმები ჩაწნული და ლამაზად გაკეთებული. პირველი ორი დღე ვითვლიდი ნაწნავების სხვადასხვა სტილის, 32-ის მერე ამერია სათვალავი 🙂
😆წარმოუდგენელია აფრიკაში ჩახვიდე და ქალების ტანს არ მიაქციო ყურადღება. რაც არ უნდა გამხდარი იყოს, საოცრად დიდი საჯდომები აქვთ.
💚ნაირობი – კენიის დედაქალაქი საოცად სუფთა და მოწესრიგებულია. ქუჩაში აკრძალულია მოწევა, პოლიეთილენის პარკები და ბოთლები, ნაგვის დაყრა. შუა ქალაქში რამდენიმე უშველებელი პარკი აქვთ და ზოგადად ქალაქიც ძალიან მწვანეა.
უგემრიელესი მანგო აქვთ, ტკბილი და წვნიანი. პაპაია და ქოქოსის წვენი ჩემს აფრიკულ იმედგრაცრუებებში პირველ ადგილს იკავებენ.
🐒ტარანგირეს ეროვნულ პარკში სადილობისას, მაიმუნმა ქათმის ბარკალი მომპარა და მშიერი დამტოვა. მაშინ მეგონა დიდი თავგადასავალი გადამხდა, მაგრამ ჯერ სად ხარ! ნგორონგოროში შესვლისას, რეგისტრაციისთვის მანქანიდან გადმოვედით, უკან დაბრუნებულებს კი ბაბუინები დაგვხვდნენ შიგნით მოკალათებულნი და ჩვენს ნივთებში იქექებოდნენ. ძირითადად ბრჭყვიალა ნივთები გაიტაცეს და რა თქმა უნდა საკვები 🙂
ერთ-ერთი დამქანცველი 14 საათიანი მოგზაურობის შემდეგ, როგორც იქნა დასაძინებლად მივაღწიე. კარის გამოღებისთანავე უშვეკებელი შავი ობობა დავინახე, რომელიც ჩემს საწოლზე მოკალათებულიყო და ტკბილად ეძინა. ჯერ ვიკივლე, მერე ყველანაირად ვეცადე მის გამოძევებას, მაგრამ არაფერმა გაჭრა. თანაც, სრულიად მარტო დამტოვეს მეგობრებმა, შენ ქართველი ხარ და ამას კარგად მოუვლიო. საბოლოოდ ჩემმა ფეხსაცმელმა გაიმარჯვა, ობობა გავაგდე და ყველანაირი ზედმეტი ფიქრის გარეშე ტკბილად დავიძინე.
🇹🇿აფრიკული მონათვაჭრობის შესახებ ყველამ ვიცით, ამ ყველაფერში ჩაბმულნი იყვნენ როგორც თეთრკანიანი, ასევე ადგილობრივი შავკანიანები. ერთადერთი ადგილობრივი ტომი, რომელსაც არასოდეს მონათა ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიუღია მასაის ტომია, ამით საოცრად ამაყობენ და დღემდე საკუთარი ტრადიციული სამოსით დადიან. პროტესტის გამოხატვაც მშვენივრად იციან, ერთ დღეს მგზავრობის დროს წინ დიდი საცობი დაგვხვდა, აღმოჩნდა რომ რამდენიმე მასაის ტომის წარმომადგენელი შუა გზაზე დამჯდარან და არავის ატარებდნენ, წყლის პრობლემებს აპროტესტებდნენ.
img_4835

და ბოლოს, არ შემიძლია ჩემი მოსაზრება არ გამოვთქვა ბოლო დროს ჩვენში ატეხილი შავკანიანი ადამიანების დაცინვის, შეურაცხყოფის გამო. Facebook-ში ასევე გავრცელდა ქალბატონი ნინოს სტატუსი, სადაც ყვებოდა რომ თურმე აფრიკაში გარეთ ვერ გადის, რადგან  თეთრკანიანია. ეს არის სრული აბსურდი! რამდენიმე კვირიანი მოგზაურობის შემდეგ, მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ მიუხედავად ეკონომიკური სიდუხჭირისა, მასეთი თბილი ადამიანები მე არსად მინახავს. ყველა ღიმის, „ჯამბო“ გესალმებიან და ხელს გიქნევენ. ჩემი კანის სიტეთრის გამო, რა თქმა უნდა ყველა მაშტერდებოდა. პატარა დავშვები მორბოდნენ და ხელს მართმევდნენ, დედები პატარა ბავშვებს ჩემსკენ უთითებდნენ და მეც მხოლოდ ვუღიმოდი. კვლავ სითეთრისა და ნაზი კანის გამო, აფრიკულმა მზემ 2 დღეში პამოდორზე მეტად გამაწითლა და გარეთ გასვლა სიკვდილივით მეზარებოდა. აქაც მეზობელი ბებო დამეხმარა, მანგოსა და ბაობაბის ზეთის სალბუნები დამადო, მეორე დღით სიწითლე და წვა აღარ მაწუხებდა.
ვიდრე სხვების განსჯას კანის ფერის გამო დაიწყებთ, ნუ გავიწყდებათ რომ ყველაფერი ადამიანის პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული და არა ეროვნულ ან ეთნიკურ კუთვნილებაზე. ნურც უკულტურო საზოგადოებად აღიქვამთ, ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ, დაგუგლეთ მაინც და ცოტა რამ წაიკითხეთ აქსუმის სამეფოს, მალის, ბენინის, განის, ზულის და სონგჰაის იმპერიის, დიდი ზიმბაბვეს,  ნოკის ცივილიზაციის შესახებ. აფრიკა ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანია და თუ დღევანდელ ეკონომიკურ სიძნელეებს ვერ უმკლავდება, მიზეზებს კარგად ჩახედეთ. დაგაინტერესებთ და თვალსაც აგიხელთ!

მოგზაურობა კვიპროსსა და ისრაელში

მოგზაურობა ერთადერთი რამაა რაშიც ფულს დაუფიქრებლად ვხარჯავ და ვფლანგავ. საკმარისია დრო – საშუალება გამოჩნდეს და უკვე თვითმფრინავში ვზივარ, თან ბედნიერებისგან ვცქმუტავ რომ მალე სულ ახალ ქვეყანას ვნახავ.
ნოემბერში განსაკუთრებით გამიმართლა, ორი ახალი და არაჩვეულებრივი ქვეყანა მოვინახულე, კვირპოსი და ისრაელი. რაც მთავარია მინიმალურ ფასად, ბილეთებზე დაზოგილი თანხა ყოველთვის გაძლევს იმის საშუალებას რომ უშუალოდ მოგზაურობისას უფრო ხელგაშლილად იყო, ან თუნდაც შემდეგი ქვეყნისათვის გადაინახო🌏

🇨🇾🇨🇾🇨🇾 კვიპროსში მოგზაურობა სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტე, ისიც ასევე მარტივი მიზეზის გამო, WIZZ AIR-ს ერთი მიმართულების ბილეთი 26 ლარად ჰქონდა. ამ შანსს ხელიდან ნამდვილად ვერ გავუშვებდი და ბილეთი ვიყიდე ლარნაკამდე. დიდი ხნის ქექვისა და ძებნის შემდეგ, კვირპოსის ერთ-ერთი ქალაქიდან პაფოსი (Pathos) Ryanair ბილეთი ვნახე თელ ავივამდე, ისიც სულ რაღაც 9 ევროდ. სამსახურიდან გაშვება, არ გაშვებაზე არც მიდარდია, ზუსტად ვიცოდი ამ შესაძლებლობის დაკარგვა ჩემი პასპორტისათვის დიდი დარტყმა იქნებოდა, მე ხომ ვიზებს/ბეჭდებს ვაგროვებ პასპორტში.

🛫ქუთაისამდე რა თქმა უნდა ავტობუსით ჩავხრიგინდით, გავიყინეთ, ვიკანკალეთ, ვერ გამოვიძინეთ. მაგრამ, მომავალი მოგზაურობის სითბო და თავგადასავლები გვათბობდნენ. ამ ყველაფერმაც არ დაახანა, პასპორტის კონტროლზე ისეთი უჟმური ბიძია შემხვდა 10 წუთი გამაჩერა კონტროლზე, თანაც მარტივი მიზეზით – ჩემს ჯავშანს ასკანერებდა. კვიპროსის ყველაზე ახალგაზრდული და კარგი ქალაქი აია ნაპაა, აქ არის ულამაზესი სანაპიროები, რესტორნები, კლუბები, რესტორნები. ამ დროს კი ცოტა მიმკვდარებული იყო სეზონი და უფრო პენსიონერულად გამოიყურებოდა ქალაქი, მაგრამ როდესაც მეგობართან ერთად ხარ სადმე განსაკუთრებული განწყობით, მაშინ ყველაფერი იდეალურად მიდის.

ლურჯი ლაგუნა, კვიპროსი.
ლურჯი ლაგუნა, კვიპროსი.

კვიპროსის კუნძულზე პირველი გაოცება მარჯვენა მანქანებით მოძრაობამ გამოიწვია, მეორე კი მათი ბერძნული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულს ვლაპარაკობ, მათი ერთი სიტყვაც კი არ მესმოდა. პირველი დღე მზიანი და ბედნიერი იყო, მეორე კი საშინელება. წელიწადში 300 დღე მზიანია, ჩვენი მოგზაურობისას კი გაწვიმდა, სულ რამდენიმე საათით, მაგრამ მაინც წვიმდა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ხასიათის გაფუჭება არაფერს შეეძლო. კვიპროსიდან არაფრით არ უნდა წამოხვიდეთ „მეზეს“ გაუსინჯავად და ჩვენც რესტორნისკენ გავეშურეთ. ეს არის ხორცის, ზღვის პროდუქტების, ან ბოსტნეულის ასე ვთქვათ ასორტი. თითო ადამიანზე დაახლ. 20 ევრო ღირს, მაგრამ დამიჯერეთ ასეთი გემრიელი და თანაც უმარავი სახეობის პროდუქტი მანამდე არ გექნებათ გასინჯული. ასევე, ჩემი რჩევა გაითვალისწინეთ და ერთი დღე ზღვაზე მოგზაურობას დაუთმეთ. არასოდეს არ მინახავს ზღვა ასეთი ლურჯი, კამკამა, ცისფერი, მშვიდი. ვულკანური წარმოშობის კუნძული მართლაც ულამაზესია…
ზოგადად
სასმელი, ტანსაცმელი და სუვენირები ძალიან მისაღებ ფასად იყიდება. თუ იტალიაში ან გერმანიაში გიმოგზაურიათ, დამიჯერეთ ამ ქვეყნებთან შედარებით უიაფესია.
აია ნაპადან პაფოსამდე წასვლა ნამდვილი თავსატეხია. მათ შორის 3 ქალაქია და სათითაოდ ყველგან სხვადასხვა ავტობუსით უნდა წახვიდე, რადგან პირდაპირი ავტობუსები არაა საკმაოდ გაწვალდებით, დროის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. ფასი მისაღებუა, თითო გზა 1.5 ევრო. თუმცა, თუ გავითვალისწინებ რომ ქუთაისიდან ლარნაკამდე 10 ევრო დამჭირდა, უშუალოდ კვირპოსის ქალაქიდან ქალაქამდე 6 ევრო უკვე ძვირი გეჩვენება.


მოგზაურობის დაგეგმვისას ყოველთვის მეგონა, რომ ისრაელში შესვლა იქნებოდა პრობლემა. სრულიად მომზადებული ვიყავი, ყველა საჭირო და არასაჭირო საბუთი მქონდა, მხოლოდ ერთი კითხვა და პასუხებიც მზად მქონდა. თუმცა, სრულიად მოულოდნელად მესაზღვრემ მხოლოდ და მხოლოდ ის გვკითხა სად მივდიოდით, უკან როდის ვბრუნდებოდით და ებრაელი თუ ვიყავი. არანაირი საბუთი არ მოუთხოვია. ბენ გურიონის აეროპორტიდან მატარებლით წავედით ავტობუსის სადგურზე. უკვე გვიანი იყო, გარეუბანში მდებარეობდა და ცოტა საეჭვო ხალხიც დაბორიალობდა. დავდიოდი და კაირო მახსენდებოდა, ზუსტად იგივე ხალხი და რაც მთავარია დაჟინებული მზერა, თან ყველა ჩემზე უთითებს, ნახე რა თეთრია. ნახევარ საათიანი უსედეგო სართულიდან სართულზე სირბილის შემდეგ, მაინც ვერ მივაგენით საჭირო ავტობუსს და გოგონას ვთხოვეთ დახმარება. მან კი გაკვირვებით შემოგვხედა, აქ ამ დროს რატომ ხართ, სწრაფად ტაქსში და აქედან მოშორდითო.

თელ ავივში მოგზაურობისას გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი ძალიან ძვირია. ქალაქის დასათვალიერებლად Free walking tour ავიღეთ, ეს ყველაზე კარგი საშუალებაა ქალაქის გასაცნობად და ტურის ბოლოს გიდს უტოვებ იმდენს, რამდენიც გგონია რომ დაიმსახურა. ნებისმიერ ევროპულ ქალაქშია მსგავსი ტურები, უბრალოდ წინასწარ მოძებნეთ tripadvisor საიტზე. ხო, არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეულ სიტყვას დაუკვირდეთ, თითქმის ყოველ მესამეს ქართული ესმის!!! თელ ავივის ულამაზესი უბანია ჯაფა (Jaffa). საოცარი პატარა ქუჩები, 4000 წლოვანი ისტორია და ულამაზესი პორტი. ამ ყველაფრის დათვალიერება ზემოთ აღნიშნული ტურით შეგიძლიათ.

ისრაელის ნამდვილი მარგალიტია იერუსალიმი. პირველი ქვეყანა არაა სადაც ვიმოგზაურე, მაგრამ ის რაც იქ ვნახე იყო ნამდვილი საოცრება. თუმცა, თუ კარგად დასვენება გინდათ ისრაელში ჯობია ჯერ თირკმელი გაყიდოთ და მერე წახვიდეთ იქ; საშინლად ძვირია. თუმცა, აქაც მოიძებნება საშუალება იაფად მოგზაურობის, Airbnb შესანიშნავი ვარიანტია და Free walking tour.

იერუსალიმიდან ერთი დღე მკვდარ ზღვას რომ არ დაუთმოთ არ შეიძლება. ავტობუსები ქალაქიდან გადიან, სანაპიროები კი ყველა კერძო და ფასიანია, მინიმუმ 55 შექელი (დაახლ. 13 ევრო). ზღვაში 15 წუთზე მეტი ყოფნა არ შეიძლება, უნდა ამოხვიდეთ და შხაპი მიიღოთ, დაისვენეთ 15-20 წუთით და კვლავ ჩადით ზღვაში. სასტიკად მოერიდეთ სახეზე, თვალში მოხვედრას, წყლის ჭყაპუნს და შხეფებს. ალბათ იკითხავთ, აბა რაღა უნდა ვქნათო?! უბრალოდ დაისვენეთ და იტივტივეთ ზღვაზე, წაიგლისეთ მკვდარი ზღვის ტალახი და კარგად იხალისეთ.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, ისრაელიდან უკან დაბრუნებისას, ვისაც პასპორტში გაქვთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის ვიზები ან ბეჭდები გაქვთ, დაგკითხავენ და ცალკე რიგში გაგიშვებენ, სადაც თქვენც და თქვენს თითოეულ ნივთს გულდასმით შეამოწმებენ. მე, ნამდვილი რეკორდსმენი ვარ, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნაში ვარ ნამყოფი, თანაც ბევრჯერ. ისტერიკული შემოწმება ჩამიტარეს, დამასკანერეს, ფეხსაცმელები და კურტკა რედგენზე გაატარეს, ყველა ნივთი სათითაოდ გასინჯეს, მე ჯინსის ნაკერებიც კი შემიმოწმეს. ასე რომ, სასიში არაფერია, უბრალოდ მთავარია ფრენამდე მინიმუმ 4 საათით ადრე მიხვიდეთ და რეისზე ჩემსავით თავქუდმოგლეჯილმა არ ირბინოთ. ჩემი მოგზაურობების განმავლობაში, პირველად მოხდა რომ აეროპორტში დაგვიანებული მგზავრის სტატუსით გამომაცხადეს. ძლივს ავასწარი თვითმფრინავში.

ალბათ იკითხავთ, აბა აქ იაფი მოგზაურობა სადააო?!

🔶 იმოგზაურეთ მეგობრებთან ერთად.

🔶 აუცილებლად დარეგისტრირდით Wizz Air, Ryanair გვერდებზე, ჩამოიწერეთ აპლიკაციები და მუდმივად მიიღებთ ფასდაკლებების შეტყობინებებს

🔶 სასტუმროს ყოველთვის ჯობია ბინის ქირაობა, მაგალითად ‘Airbmb’.

🔶 ავტობუსი და მეტრო გადაადგილების უფრო სწრაფი და იაფი საშუალებაა. განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ის, რისიც მართლა მშურს ევროპის.

🔷 მინიმალური დანახარჯისა და მაქსიმალური ინფორმაციის მისაღებად, როგორც უკვე გითხარით, გაჰყევით Free walking tour-ს. ტურის ბოლოს თქვენვე გადაწყვეტთ რამდენი გადაუხადოთ გიდს.

🔷 თუ მაინც და მაინც ტაქსი გჭირდებათ, მოერიდეთ ტაქსისტებს. Uber ან Blabla Car ბევად უკეთესია.

🔷 და რაც მთავარია, აუცილებლად ისწავლეთ პატარა ჩანთით მგზავრობა. სათრევიც არაფერი გექნებათ ბევრი სიარულისას და ბილეთიც ბევრად იაფი ეღირება.

ყველას სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ ❤

ახდენილი ოცნება – გიზას პირამიდები

გიზას ველი, დიდი პირამიდები, ძველი მსოფლიოს ერთადერთი შემორჩენილი საოცრება – ეს ის სიტყვებია, რომლებიც თითოეულ ჩვენგანში რაღაც დადებითს აღძრავენ, თავგადასავალის წყურვილს გვიჩენენ. გვინდა რომ იქ გავჩნდეთ, აქლემებზე წამოვსკუპდეთ და ჩვენც განვიცადოთ ის საოცარი გრძნობა, რომელსაც პირამიდების დათვალიერება ჰქვია. მაინც რა ქმნის ამ იდუმალ განცდას, გარემოს; რატომ გვიზიდავენ ასე ძალიან, რა ისტორია იმალება 4400 წლის წინანდელ ნეკროპოლისში? მინდა რომ ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, თუ როგორ ავიხდინე მთელი ცხოვრების ოცნება და 4 წლის წინ პირველად ვესტუმრე პირამიდებს. თებერვალი მას შემდეგ ჩემი უსაყვარლესი თვეა, სწორედ მაშინ შევხვდით ერთმანეთს მე და მარადისობა 🙂

ფარაონების IV დინასტიიდან მოყოლებული ხეოფსის, ხაფრასა და მენკაურას პირამიდები, გიზას ველზე აოცებდნენ მნახველებს, კიდევ ერთხელ ახსენებდნენ ადამიანებს, რომ მათ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. გიზას ველზე სამი უდიდესი პირამიდის გარდა, ასევე მდებარეობს უდიდესი ნეკროპოლისი, რომელიც მოიცავს სარიტუალო გზებს, დედოფლების პირამიდებს, სულის მოსახსელებელ ტაძრებს, დიდებულთა მასტაბებს და ა.შ. შევეცდებით შეძლებისდაგვარად ყველაფერს ერთად მოვუყაროთ თავი, გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება და საინტერესო, სასარგებლო რჩევებიც მოგცეთ გიზას ველზე მოგზაურობასთან დაკავშირებით.
პირამიდები ყოველთვის იზიდავდა როგორც მეცნიერებსა და არქეოლოგებს, ასევე თავგადასავლების მაძიებლებსა და ავანტიურისტებს. მე-19 საუკუნიდან დაწყებული, არაერთი არქეოლოგიური მისია მუშაობდა ველზე, და თანდათან, ნაწილ-ნაწილ ეხდება ფარდა პირამიდების ისტორიას, მათი მშენებლების ყოველდღიურ ცხოვრებას, რწმენა-წარმოდგენებსა და უამრავ ისეთ დეტალს, რომელსაც მეცნიერები ვერსოდეს წარმოიდგენდნენ.

ერთ დღეს ჩემს ცხოვრებაშიც გათენდა ის ბედნიერი დღე, როდესაც გიზას დიდი პირამიდის ნახვა შევძელი. პირველი რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ ისაა, რომ რაც შეიძლება ადრე წახვიდეთ გიზაზე. კაირო მსოფლიოში ალბათ პირველობას არავის დაუთმობს ქალაქში საცობებით. გიზას ველზე შესასვლელი ბილეთი მხოლოდ არქეოლოგიურ ტერიტორიაზე შესვლის ნებას გაძლევთ. თუ გინდათ უშუალოდ პირამიდების შიგნით შესვლა, ხუფუს ნავის დათვალიერება და ა.შ. დამატებითი ბილეთის აღება მოგიწევთ. ან უბრალოდ მცველებად დაყენებულ მამაკაცებს ეგვიპტური 10-15 ფაუნდი გადაუხადეთ და უპრობლემოდ შეგიშვებენ ყველგან. მონდომებულ გიდობასაც გაგიწევენ. თუმცა ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება ნაკლები იკონტაქტოთ მათთან.

გიზას ველზე შესული არ ხარ, რომ თავს გაბეზრებენ.. ზოგი აქლემზე კატაობას გთავაზობს, ზოგი ცდილობს ქანდაკებები ან წყალი მოგყიდოს. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რაც ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ, მით მალე მოგეშვებიან და მოგცემენ საშუალებას ადგილით დატკბეთ. თუმცა თუ ცნობილი სამი პირამიდის პანორამას (იხ. ქვემოთ) ნახვა გინდათ, მაშინ აქლემისა და ცხენის დახმარება ნამდვილად დაგჭირდებათ. ფასი დაახლ. 300 ფაუნდიდან იწყება და შეგიძლიათ 50 ფაუნდამდე ჩამოიყვანოთ 🙂

გიზას ველი, სამი პირამიდის პანორამა
გიზას ველი, სამი პირამიდის პანორამა

ახლა საინტერესო დეტალები ხუფუს პირამიდის შესახებ.

ხუფუს პირამიდა – მეოთხე დინასტია, ძვ.წ. 2560წ. – ეგვიპტის ისტორიაში აგებული ყველაზე დიდი პირამიდა, ცნობილი იყო „ახეტ ხუფუს“ ანუ „ხუფუს ჰორიზონტის“ სახელით.  ნაგებობა შესრულების პედანტური სიზუსტით, მისი მასშტაბურობით, ყოველთვის აღაფრთოვანებდა მნახველს, ზუსტად ამიტომ ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების სათავეში მოექცა და დღევანელ დღემდე ერთადერთი შემორჩენილი მათგანია.

 

კარტუშში წერია
კარტუშში წერია “ხუფუს ჰორიზონტი, რაც პირამიდის ოფიციალური სახელი იყო.

გასაკვირია, მაგრამ ხუფუს გრანდიოზულ პირამიდაში არსადაა მისი სახელი დაწერილი ან მოხსენიებული. საერთოდ პირამიდის შიდა ინტერიერი ყველანაირი დეკორისაგან თავისუფალია. მეფის პალატის ზემოთ, გრანიტის ფილები  ხუთ ფენადაა დაწყობილი. სწორედ მათ შორისაა მწვანე ფერით გაკეთებული წარწერა “ახეტ ხუფუს”. მწვანე ფერი ეგვიპტეში განახლებას, გაცოცხლებას ნიშნავდა. სწორედ ამიტომ გამოსახავდნენ ღმერთ ოსირისს მწვანე ფერით.გრანიტის ფილებს შორის ასევე ვხვდებით სხვადასხვა წარწერებს, რომლებიც მუშებმა აქ ოდესღაც დატოვეს. შეგახსენებთ, რომ პირამიდას 25 000 ეგვიპტელი მუშა აგებდა. 25 000 მუშა 25 ბრიგადად იყოფოდა; ბრიგადა 1000 კაცისაგან შედგებოდა, ხოლო ბრიგადა 5 კოლონად იყოფოდა. ეს საშუალებას იძლეოდა მშენებლობის დროს ორგანიზება მაღალ დონეზე მომხდარიყო. აქ, ამ კამერაში მუშებმა თავისი კოლონების სახელები ჩამოწერეს, მაგ: “ხუფუს მეგობრები”, “სრულყოფილება”, “მწვანე ბრიგადა” და ა.შ.

პირამიდის თავდაპირველი სიმაღლე 147 მეტრი იყო, თუმცა წვერის 10 მეტრიანი ქვის მოშორების შემდეგ, მისი სიმაღლე რა თქმა უნდა შემცრიდა. არაა შემორჩენილი არც თეთრი კირქვა, რომლითაც ოდესღაც პირამიდა იყო მოპირკეთებული. მშენებლობის დროს გამოიყენეს 2,5 მილიონი ქვა, რომელთაგან თითოეულის წონა 2,5 ტონაა. ქვის წყობა 210 მწკრივადაა დალაგებული.

პირამიდაში დღესდღეობით ჩრდილოეთით გაკეთებული შესასვლელიდან შევდივართ, რომელიც ოდესღაც მძარცველებმა გათხარეს ხალიფატის დროს. დაახლ. 38 მეტრის შემდეგ „დიდ გალერეაში“ შევდივართ, გალერეის ავლის შემდეგ კი საბოლოოდ შევდივართ მეფის სამახ კამერაში, რომელიც სამწუხაროდ არქეოლოგებს ცარიელი დაუხვდათ, თუმცა გრანიტის სარკოფაგი დღემდე დგას სამარხი კამერის ცენტრში.

გიზას დიდი პირამიდა. აგებული ხუფუს (ხეოფსის მერ)
გიზას დიდი პირამიდა. აგებული ხუფუს (ხეოფსის მერ)

პირამიდისაგან გასნხვავებით, პირამიდის აღმოსავლეთით მდებარე საკულტო ნაგებობები ცუდადაა შემონახული. დღედე შეგვიძლია ვნახოთ სულის მოსახსენებელი ტაძრის შავი ბაზალტის იატაკი.

დედოფლების პირამიდები
ხუფუს პირამიდის კომპლექსიში შედის ასევე სამი პირამიდა, რომლებიც დედოფლებისთვისაა აგებული. მცირე პირამიდები, ცენტრალურის აღმოსავლეთით მდებარეობს, საკმაოდ დაზიანებულნი არიან, თუმცა თუ ინტერესის გულისათვის მათ დათვალიერებას შიგნიდანაც მოისურვებთ, იმედგაცრუებული ნამდვილად არ დარჩებით.

GG1a ჰეტეპჰერესის პირამიდა
პირამიდის სიმაღლე 29 მეტრია, დროთა განმავლობაში წვერის ორ მეტრიანი ქვა დაიკარგა. ფუძის სიგრძე 45,4 – 47,4 მეტრია. ეს იყო საფეხურებიანი პირამიდა, რომელიც ყვითელი კირქვით ააგეს და ხუფუს, მისი მეუღლის პირამიდის მსგავსად თეთრი კირქვით მოაპირკეთეს. პირამიდის შესასვლელი ჩრდილოეთითაა. სამარხი კამერა მიწისქვეშაა ამოკვეთილი, ამიტომ გვირაბში ძრომიალისას დიდი ძალისხმევა გჭირდება საკუთარი თავის შესაკავებლად. სამწუხაროდ არქეოლოგებს ამ სამარხ კამერაში სარკოფაგი არ აღმოუჩენიათ და არც არაფერი მიუთითებს, რომ ის ოდესმე გამოუყენებიათ.

პირამიდის აღმოსავლეთ კედელთან სულის მოსახსენებელი ტაძარი მდებარეობდა, რომლის ძალიან მცირე ნაწილი დღემდეა შემორჩენილი. სამხრეთით მდებარეობს ორი სარიტუალო ნიშა და აქვეა ნავისათვის განკუთვნილი ორმო, თუმცა ნავს ვერსაც მაიგნეს.

გიზა, ხუფუს დედოფლების პირამიდები. გიზა, ხუფუს დედოფლების პირამიდები.

G1b მერიტეტისი
დედოფალ მერიტეტისის პირამიდა, გეგმით ძალიან წააგავს ჰეტეპჰერესის პირამიდას. პირამიდაში შესასვლელი ჩრდილოეთითაა, კამერაც მიწისქვეშ. ამ პირამიდასაც ჰქონდა სულის მოსახსენებელი ტაძარი და ნავის ორმო. პირამიდა ზომითაც თითქმის წინამორბედს ემთხვევა.

G1c ჰენუტსენის პირამიდა
ამ პირამიდის კომპლექსი იმითაა საინტერესო, რომ მეცნიერთა აზრით ის ტავდაპირველ გეგმაში არ შედიოდა, მისი აგება მხოლოდ შემდეგ,ხაფრას მმართველობის დროს მოხდა. ფარაონმა პატივი მიაგო დედას – ჰენუტსენს, რომელიც რა თქმა უნდა ხუფუს ცოლი გახლდთ. ზუსტად იმეორებს ხუფუს ორი დედოფლის პირამიდის ფორმებს.

GG1d კას პირამიდა
ხუფუს კას პირამიდის აღმოჩენა 1994 წელს მოხერხდა, დიდი პირამიდის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს. მცირე ზომის პირამიდისაგან მხოლოდ ქვის სამი წყობაღაა შემორჩენილი. შესასვლელი T-ს ფორმისაა და გვირაბის ბოლოს, მართკუთხა სამარხში ჩავდივართ. აქვეა ნავისათვის განკუთვნილი ორმოც. დღესდღეობით მნახველთათვის ეს პირამიდა დახურულია.

მზის ნავი, აღმოჩენილი ხუფუს პირამიდასთან დღესდღეობით ნავი გიზას ველზე მოწყობილ მუზეუმშია გადატანილი.

მზის ნავი
1953 წელს, ეგვიპტელმა არქეოლოგებმა დიდი პირამიდის მახლობლად, 17 მეტრზე ქვით გადახულულ სამალავში 35მ სიგრძის ნავი აღმოაჩინეს, ორმხრივი ნიჩბებით. ნავის სიგანე ცენტრში 6 მეტრია, დამზადებულია კედრის ხისაგან. ნავის დასაჯდომზე ჭილოფი იყო დაფენილი ფარაონისათვის.

ფარაონები მიწიერ ღმერთებად ითვლებოდნენ, ამიტომაც მათ ყველა პრივილეგია იმქვეყნიურ სამყაროშიც სჭირდებოდათ. ეგვიპტელთა რწმენით, ფარაონი გარდაცვალების შემდეგ ამ ნავით ზეციურ ნილოსში იცურებდა. აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მზის ნავი პირამიდის კომპლექსში მოგვიანებით დაამატეს. არქეოლოგიური გათხრებისას, გადახურვაზე აღმოჩნდა ხუფუს ვაჟის – ჯედეფრის კარტუში. აღმოჩნდა, რომ მემკვიდრემ მამის იმქვეყნიურ ცხოვრებაზე ზრუნვა მისი სიკვდილის შემდეგაც კი არ შეწყვიტა და კედარის ნავი ჩააყოლა.

და ბოლოს, არ შეიძლება ამ საოცრების შემქმნელს არ შევეხო.

ჰემიუნი, ხემიუნი - გიზას პირამიდის არქიტექტორი.

 ეს ჩასუქებული ბიძია ჰემიუნია (ხემიუნი), გიზას დიდი პირამიდის არქიტექტორი. სწორედ მისი ნიჭისა და ცოდნის დამსახურებაა, რომ გიზას დიდი პირამიდა კვლავ აოცებს მნახველებს. დღემდე მასთან ინახება ის საიდუმლო, თუ როგორ ააგეს დიდი პირამიდა.
ჰემიუნი სამეფო ოჯახში დაიბადა, ის იყო ნეფერმაატისა და იტეტის ვაჟი; პირამიდების უდიდესი მშენებლის სნეფერუს შვილიშვილი და ხუფუს (ხეოფსის) ნათესავი. მას ჰყავდა ორი და და საკმაოდ ბევრი ძმა, დაახლ 12.
მთავარი არქიტექტორის სამარხი გიზას ველზე, ხუფუს პირამიდის მახლობლად მდებარეობს, სამარხი მოხატულია მისი ცხოვრების ამსახველი სცენებით, დეტალურადაა აღწერილი მისი მიღწევები სამეფო კარზე და დაწერილია მისი ტიტულები. გარდა მთავარი არქიტექტორისა, ჰემიუნი ხდება სამეფო ვეზირი, მამის, ნეფერმაატის გარდაცვალების შემდეგ.  კარგად შემონახული ქანდაკება დღეს გერმანიაში ინახება, თუმცა კაიროს მუზეუმის გახსნისათვის, დროებით ისევ სამშობლოს დაუბრუნდება.

მზის ჩასვლა ხუფუს პირამიდასთან.

თუ გსურთ რომ ჩემი რჩევა გაითვალისწინოთ, მაშინ ბედუინს კარგად შეევაჭრეთ, შემდეგ კი პანორამას სანახავად წადით, აუცილებლად!!! სწორედ იქიდან იშლება საუკეთესო ხედი დიდ პირამიდებზე, ბედუინები მონდომებით გაგიშლიან ხალიჩას, გაგიკეთებენ ჩაის და თქვენ საშუალება გექნებათ დატკბეთ მსოფლიოში ულამაზესი მზის ჩასვლით.