10 ულამაზესი ეგვიპტური ტაძარი

ძველ ეგვიპტელებს ჰარმონიისა და სილამაზის საოცარი შეგრძნება ჰქონდათ, სწორედ ამიტომ ეგვიპტეში მოგზაურობისას, საითაც არ უნდა გაიხედო ერთმანეთზე უფრო ლამაზ და დახვეწილ ტაძრებს წააწყდები. ჰიპოსტალური დარბაზებით დამშვენებულ შენობას, დიდი ეზო ცვლის, იქვე წამოჭიმულა უდიდესი ობელისკები; კედლები მოხატულია ფერადი რელიეფებით, თუ მზისგან მოფარებულ კედლებს შეხედავთ, დღემდე შემორჩენილ ხასხასა ფერებს დაინახავთ. სწორედ ამ დროს, თითქოს წყდები რეალობას და ძველ ეგვიპტეში ინაცვლებ, გგონია რომ ახლა საიდანმე პანტერისტყავ მოსხმული ქურუმი გამოვა, არომატულ სამკმეველს აკმევს და მზის სადიდებელს წარმოთქვამს.

კომ ომბოს ტაძარი
კომ ომბოს ტაძარი

10 – კომ ომბოს ტაძარი. 
პტოლემაიოსების (ძვ.წ III-I სს) მიერ აგებული უზარმაზარი ტაძარი, შემაღლებულ ადგილასაა აშენებული და ნილოსის ნაპირებს გადმოსცქერის. თავდაპირველად ტაძარი პტოლემაიოს VI ააგო, რომელიც მოიცავს 2 სხვადასხვა შესასვლელს, ტაძარს, ეზოს, კოლონადას, ჰიპოსტალურ (სვეტებიან) დარბაზსა და სამლოცველოს. ტაძარი ნილოსის ღმერთს, ნიანგის თავიან სობეკს ეძღვნება.

მედინეთ აბუს ჰიპოსტალური ტაძარი
მედინეთ აბუს ჰიპოსტალური ტაძარი

9 – ამენჰოტეპ III-ის სულის მოსახსენებელი ტაძარი – მემნოსის კოლოსები
XVIII დინასტიის ერთ-ერთი უძლიერესი ფარაონის სულის მოსახსენებელი ტაძარი, რა თქმა უნდა გამოირჩოდა პომპეზურობითა და დახვეწილობით, მისი არქიტექტორი ეპოქის გენია – ამენჰოტეპ აპუს ძეა. შეგახსენებთ, რომ სწორედ მისი აგებულია ლუქსორის ტაძარი. სამწუხაროდ ტაძარი, სადაც ფარაონს როგორც მის სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდეგაც ეთაყვანებოდნენ, დროთა განმავლობაში სრულიად განადგურდა, თუმცა დაახლ. ძვ.წ. 1350 წელს აგებული 2 მჯდომარე ქანდაკება კვლავ ამშვენებს ნილოსის დასავლეთ ნაპირს. არქეოლოგიური გათხრებიც ყოველ წელს მიმდინარეობს და ახალი აღმოჩენები კვლავაც გვაოცებენ ტაძრის დიდებული არქიტექტურითა და ქანდაკებებით. გასულ წელს, არქოელოგებმა 70-მდე ქალღმერთ სეხმეტის ქანდაკება იპოვეს და ამჟამად ლუქსორის მუზეუმის კოლოქციას ამშვენებენ.

ფილეს ტაძარი
ფილეს ტაძარი

8 – ფილეს ტაძარი
ფილეს კუნძული უძველესი დროიდან ისიდას საკულტო ადგილი იყო, რაღა გასაკვირია რომ  რომ მიუხედავად მათი ბერძნული წარმომავლობისა, პტოლემაიოსებმა სრულიად მიიღეს და შეითვისეს ეგვიპტური ტრადიციები და რელიგია, კლეოპატრა კი თავს, ისიდას განსხეულებად მიიჩნევდა.
ტაძრის მშენებლობისას, გამოყენებულ იქნა ყველა ტრადიციული ეგვიპტური სატაძრო ელემენტი, თუმცა არც ბერნული სვეტები დავიწყებიათ. დაახლ. ახ.წ. 100 წელს, რომის იმპერატორმა ტრაიანემ ახალი ნაგებობები შემატა კომპლექსს. 1960 წელს, ნასერის დიდი კაშხლის მშენებლობისას, იუნესკოს უშუალო ეგიდით ფილეს სატაძრო კომპლექსი აგილიკას კუნძულზე იქნა გადატანილი, რამაც ის წყლისაგან დაფარვას გადაარჩინა.

ედფუს ტაძარი
ედფუს ტაძარი

7 – ედფუს ტაძარი
ღმერთ ჰორისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი უდიდესი ტაძარიც პტოლემაიოსების ეპოქას განეკუთვნება და მეორე კარნაკად მოიხსენიებენ. მშენებლობა ძვ.წ. 237 წელს დაიწყო და თითქმის 2 საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ვიდრე კლეპპატრას მამამ, პტოლემაიოს XII არ დაასრულა, ძვ.წ. 57 წელს. ჰორის სადიდებლად აგებული ტაძარი, ყველა ტრადიციულ ძველ ეგვიპტურ ელემენტს შეიცავს და ასევე ემატება ბერძნული ელემენტი – მამისი, რაც ღმერთის დაბადების ადგილს ნიშნავს.

აბიდოსის ჰიპოსტალური დარბაზი
აბიდოსის ჰიპოსტალური დარბაზი

6 – აბიდოსი, ოსირისის ტაძარი
ფარაონ სეთი I-ის მართველობის ბოლოს აგებული ტაძარი, მისმა შვილმა – რამზეს დიდმა კიდევ უფრო დაამშვენა დაახლ. ძვ.წ. 1279 წელს. აბიდოსი, ოდითგანვე ოსირისის საკულტო ადგილი იყო. ითვლებოდა, რომ სეთის მიერ მოკლული ღმერთის ნეშტი სწორედ აბიდოსში დაასვენეს, მის მკვდრეთით აღდგომამდე. განსაკუთრებით გამოირჩევა ტაძრის ჰიპოსტალური დარბაზი, რომლის სვეტები და რელიეფები დაფარულია სხვადასხვა რელიგიური სცენებით, სადაც ფარაონი ღმერთებს ეთაყვანება. აქვე იყო ოსირისის აკლდამა ე.წ. კენოტაფი, რომლის უზარმაზარი სვეტები დღემდე მნახველის გაოცებას იწვევს. აბიდოსზე საუბრისას, შეუძლებელია დაგვავიწყდეს მეფეთა სია, რომლის მიხედვითაც ეგვიპტის პირველ ფარაონად მენესია მოხსენიებული და სეთი I-ით სრულდება.

მედინეთ აბუს ტაძარი
მედინეთ აბუს ტაძარი

5 – მედინეთ აბუ – რამზეს III-ის სულის მოსახსენებელი ტაძარი
ლუქსორში, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე მდებარე მედინეთ აბუს ტაძარი, ჩემი ერთ-ერთ უსაყვარლესი ძველ ეგვიპტური ნაგებობაა. განსხვავებით სხვა ტაძრებისა, აქ ნახავთ სამეფო სასახლის ნანგრევებს, ტალახის აგურისაგან აშენებულ დამცავ კედელსა და სხვადასხვა სათავსოებს. მართალია, ზომით კარნაკის ნახევარიც არაა, მაგრამ ის რასაც აქ ნახავთ ნამდვილად აღფრთოვანებულს დაგტოვებთ. საუკეთესოდ შემონახული ტაძარი, ჰიპოსტალური დარბაზი, ხასხასა ფერებ შემორჩენილი რელიეფები, ფარაონის ოსირისისეული ქანდაკებები. რაც ყველაზე მთავარია, ტაძარს ბევრად ნაკლები ტურისტი სტუმრობს ვიდრე ლუქსორს, ან კარნაკს. სწორედ ამიტომ, აქ ბევრად მეტის ნახვა და შემეცნებაა შესაძლებელი.

დეირ ელ ბაჰრის ტაძარი
დეირ ელ ბაჰრის ტაძარი

4 – დეირ ელ ბაჰრი – დედოფალ ჰატშეპსუტის ტაძარი
„ქალბატონი ფარაონის“, რომელიც ეგვიპტეს ძვ.წ. 1479-1458 წლებში მართავდა, სულის მოსახსენებელი ტაძარი სრულიად გამორჩეულია სხვა ეგვიპტური ტაძრებისაგან. 3 ტერასად ნაგები და 30 მეტრი სიმაღლის ტაძარი, რომელიც ერთმანეთს პანდუსებით უკავშირდება, ყველასათვის კარგად ნაცნობი სენენმუტის მიერ იქნა აგებული. სამლოცველოები გარდა ჰატშეპსუტისა, ეძღვნება ოსირისს, ამუნსა და ჰათორს. აქ თქვენ ნახავთ რელიეფებს ფარაონის ცხოვრებიდან, მისი მმართველობის დროს მომხდარი მნიშვნელოვან სცენებს, როგორიცაა პუნტის სავაჭრო ექსპედიცია. ყველგან ხაზი აქვს გასმული მის ღვთაებრივ წარმოშობასა და ტახტზე ასვლის ლეგიტიმურობას.

ლუქსორის ტაძარი
ლუქსორის ტაძარი

3 – ლუქსორის ტაძარი
ლუქსორის ტაძრად წოდებული ნამდვილი ეგვიპტური საოცრება თანამედროვე ქალაქ ლუქსორში, ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს. ეგვიპტური ტრიადის ამონის, მუტის, ხონსუსადმი მიძღვნილი ტაძარის მშენებლობა ძვ.წ. 1400 წლებში დაიწყეს  და ყოველწლიურ, ყველაზე მნიშვნელოვან ოპეტის დღესასწაული მასპინძლობდა. რიტუალების დროს, ამონის ქანდაკება სამლოცველოდან გამოჰქონდათ და სფინქსების ხეივნით კარნაკის ტაძარში გადაჰქონდათ. ლუქსორის ტაძრის მთავარი მშენებელი ფარაონი ამენჰოტეპ III და მისი გენიოსი არქიტექტორი, ამენჰოტეპ აპუს ძეა.

აბუ სიმბელის ტაძარი
აბუ სიმბელის მცირე ტაძარი

2 – აბუ სიმბელის ტაძრები
აბუ სიმბელის ტაძრები რამზეს II-ის მეფობის ნამდვილი გვირგვინია. ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებულია. ძვ.წ. 13 საუკუნეში აგებული ტაძარი დღეს რამზესისა და მისი დედოფლის, ნეფერტარის სამუდამო სიყვარულის ნამდვილი …… ტაძარი იმითაცაა ცნობილი, რომ 1960-იანე წლებში ნასერის ტბის მშენებლობისას დატბორვის საშიშროების გამო აბუ სიმბელი და კიდევ ათამდე სხვა ტაძარი ნაწილ-ნაწილ დაშალეს და ახალ ადგილას გადაიტანეს.

კარნაკის ტაძარი
კარნაკის ტაძარი

1 – კარნაკის ტაძრი
ცხოვრებაში არასოდეს მინახავს ასეთი გრანდიოზული ნანგრევები, ამ დროს მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობ, თუ ახლა, ნახევრად დანგრეული ასეთი დედებულია, რა იქნებოდა 3000 წლის წინ, როდესაც მშენებლებმა ბოლოს შტრიხებიც დაამთავრეს და ქურუმებმა ტაძრის კურთხევის რიტუალი დაამთავრეს. მსოფლიოში, დღემდე უდიდესი რელიგიური ნაგებობა, ეგვიპტელი არქიტექტორების რამდენიმე თაობის დაუღალავი შრომის შედეგია. აქ შეხვდებით ჰიპოსტალურ დარბაზებს, სამლოცველოებს, ობელისკებს, დახვეწილ ქანდაკებებს, წმინდა ტბას, უზარმაზარ პილონებსა და სარიტუალო დარბაზებს. 134 მასიური სვეტის დარბაზში დადიხარ და ყველაფერი ერთად ირევა, სიხარული, გაოცება, აღფრთოვანება, მოწიწება.

როდესაც სტატიის დაწერა დავიწყე, სიმართლე გითხრათ ძალიან გამიჭირდა ამომერჩია და გამომეყო რომელიმე მათგანი, მაგრამ ბოლოს თავს ძალა დავატანე და ამ შედეგამდე მივედი. უძველესი ეგვიპტური ტაძრების მშენებლობა ძვ.წ. 4 ათასწლეულში დაუწყიათ, ყველაზე „ახლად“ ნაგები კი ფილეს ტაძარია, რომელიც პტოლემაისოების ეპოქით თარიღდება. ასე რომ,  იმედია ჩემს მიერ ჩამოთვლილი ტაძრები თქვენთვისაც მომხიბვლელია და ისიამოვნეთ სტატიის კითხვისას.

Advertisements

სექსუალური ცხოვრება ძველ ეგვიპტეში

წინა სტატიებში, ძველი ეგვიპტის სხვადასხვა სფერო მიმოვიხილეთ. ალბათ, დროა ცოტა უფრო ინტიმური საკითხები განვიხილოთ და ბევრისათვის საჩოთირო თემას შევეხოთ. რა ხდებოდა მკაცრი გეომეტრიული ფორმების მქონე სამარხების, ტაძრებისა და ქანდაკებების მიღმა? როგორი იყო მათი ყოველდღიური და სექსუალური ცხოვრება? რა დამოკიდებლება ჰქონდათ ძველ ეგვიპტეში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიმართ? თუ აქაც ყველაფერი ძველი საბერძნეთივით მარტივი და ადამიანის სურვილებზე იყო დამყარებული?
როდესაც მეცნიერები ამ თემაზე იწყებენ მსჯელობას, ყოველთვის ჩიხში ექცევიან. ერთის მხრივ აქვთ ჯიუტი ფაქტები, მეორეს მხრივ კი მხოლოდ და მხოლოდ ის წარწერები ან არტეფაქტები, რაც ძველმა ეგვიპტელებმა ინებეს რომ შემოგვრჩენოდა. ვიდრე თემას განვავრცობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძველ ეგვიპტეში სექსუალური ცხოვრება ქორწინებით არ იწყებოდა; ადამიანების დაყოფა არ ხდებოდა სხვადასხვა სექსუალურ ორიენტაციებად; მიუხედავად ამ ფაქტებისა, ამ ყველაფრის აფიშირება არასოდეს მომხდარა რელიეფებზე, სამარხებსა და ტაძრებზე.
ძველი ეგვიპტე ყოველთვის სექსუალურად პასიურ ცივილიზაციად მიიჩნეოდა. რა თქმა უნდა ასეც იქნება, რადგან თუ გადავხედავთ და შევადარებთ ძველი საბერძნეთისა და რომის არტეფაქტს, განსხვავება ნამდვილად საგძნობია. ბერძნული, რომაული ლარნაკები, ფრესკები, ქანდაკებები გამოირჩევა ეროტიული ხასიათის მხატვრობით. ეგვიპტეში კი მსგავსს ვერაფერს ვნახავთ. მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით თუნდაც ეგვიპტურ ტაძრებს, ნებისმიერი მითი და ლეგენდა სექსუალური ხასიათისაა. აქ ვხვდებით ატუმს, რომელიც მასტურბაციის მეშვეობით ქმნის ღმერთებს შუს, ტეფნუტს, გებსა და ნუტს; დედოფლის საკრალურ ქორწინებას ღმერთებთან; ნაყოფიერების ღმერთ მინს, რომელსაც საკმაოდ დიდი ზომის ფალოსით გამოსახავდნენ; ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი კი თავს იყრის ეგვიპტურ ტაძრებში. საინტერესოა რა ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მე-19 საუკუნე, არქეოლოგიური გათხრების წარმოება ეგვიპტეში ფართო მასშტაბებით მიმდინარეობს. მეფეთა ველთან ახლოს, მეცნიერებმა თიხის ქოთანში, დანაწევრებულ, ფრაგმენტულ პაპირუსს მიაგნეს, რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა როგორც „ტურინის პაპირუსი“, რადგან სწორედ ამ მუზეუმში ინახება დღემდე.  ტურინის პაპირუსის აღმოჩენამ ეგვიპტოლოგები საკმაოდ გააოცა. დაახლ. 2 მეტრის სიგრძის პაპირუსზე, მამაკაცები და ქალბატონები 12 სხვადასხვა და საკმაოდ არაორდინალურ სექსუალურ პოზებშია არიან გამოსახულნი. არქეოლოგები იმდენად გაოცებულნი დარჩნენ აღმოჩენილით, რომ დაახლ. 1 საუკუნის განმავლობაში პაპირუსი ბიბლიოთეკის ბნელ საცავში ჩაკეტეს. მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული და დასაბუთებული მიზეზით, ისიც მამაკაცს შეეძლო მისი გამოკვლევა. დღემდე არაა ამოხსნილი, თუ რას გვიყვება პაპირუსი, არიან აქ გამოსახულნი ღმერთები, არის ეს ყველაფერი საკრალური რიტუალის ნაწილი, თუ უბრალოდ გასართობად შექმნეს, როგორც თანამედროვე ჟურნალები.

ტურინის ეროტიული პაპირუსი
ტურინის ეროტიული პაპირუსი

ახლა კი, ვნახოთ რა ხდებოდა ე.წ. ერთსქესიანთა ურთიერთობების მხრივ. როდესაც საქარაში წახვალთ ექსკურსიაზე, ხნუმჰოტეპისა და ნიან-ხნუმის სამარხს, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებად აკლდამას მთელს საქარაში გვერდს ნამდვილად ვერ აუვლით. მუსულმანი, ტრადიციების ერთგული არაბი გიდი, დიდი მონდომებით გიჩვენებთ მათ მასტაბას და რელიეფებზე გამოსახულ ორ მამაკაცს, რომლებიც ერთმანეთს ეხვევიან.
მოდი, ჯერ გავიგოთ ვინ იყვნენ ჩვენი ვაჟბატონები და რას წარმოადგენდნენ. ორივე მათგანი, V დინასტიის ფარაონ ნიუსერ-რას მეფობისას, დაახლ. 46 საუკუნის წინ ცხოვრობდნენ, მათ მინიჭებული ჰქონდათ სამეფო სასახლის ხელნაწერების ზედამხედველის და კიდევ 12 სხვადასხვა ტიტული. ორივე მათგანს ჰყავდა ოჯახი, ცოლები და შვილები. თუმცა, გაურკვეველი მიზეზის გამო, მათმა ოჯახებმა გადაწყვიტეს გარდაცვალების შემდეგ, ორივე მამაკაცის ერთ მასტაბაში დასვენება. მასტაბაში, რამდენიმე თავგზაამბნევი რელიეფია, ორი მამაკაცი ერთმანეთს ეხვევა და ცხვირით ეხებიან ერთმანეთს. საქმე იმაშია, რომ ძველ ეგვიპტურ რელიეფებზე ცხვირით შეხება ამბორს, კოცნას აღნიშნავდა.
ნიან-ხნუმისა და ხნუმჰოტეპის რელიეფებს, მეცნიერთა ნაწილი იშველიებს თეორიის გასამყარებლად, რომ ძველ ეგვიპტეში მსგავს ერთსქესიანთა ურთიერთობები საკმაოდ მისაღები იყო. მეორე ნაწილი კი, სხვა ახსნას იშველიებს, მაგალითად რომ ისინი უბრალოდ ძმები და თანაც ტყუპები იყვნენ. თუმცა, რაც არ უნდა იყოს სიმართლე, ფაქტია რომ ამ ორ ადამიანს სურდა იმქვეყნიური ცხოვრებაც ერთად დაემკვიდრებინათ.

ხნუმჰოტეპისა და ნიან-ხნუმის მასტაბა საქარაში.
ხნუმჰოტეპისა და ნიან-ხნუმის მასტაბა საქარაში.

ეგვიპტეზე საუბრისას, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო საზოგადეობა რომელმაც დროს გაუსწრო. ქალები სარგებლობდნენ ისეთივე უფლებებით, როგორც მამაკაცები. მათ შეეძლოთ ჰქონოდათ საკუთარი ქონება, გათხოვილიყვნენ საკუთარი ნებით, ასევე განქორწინებულიყვნენ და თავი დაეღწიათ არასასურველი ქორწინებისაგან, გაესესხებინათ/ესესხათ თანხა, ეჩივნათ სასამართლოში, ან მოწმე გამოსულიყვნენ პროცესზე. შესაძლებელია ეს ყველაფერი თანამედროვე გადასახედიდან საკმაოდ პრიმიტიულად ჩანს, მაგრამ გაიხსენეთ, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე რომლებიც 4000 წლის წინ ცხოვრობდნენ. სწორედ ეს ყველაფერი დაედო საფუძლად ყველაფერი სექსუალურისადმი ღია და გახსნილ მიდგომას.

ჯესერკარასენების სამარხი, ლუქსორის დასავლეთ ნაპირი - ქალები ნადიმისას.
ჯესერკარასენების სამარხი, ლუქსორის დასავლეთ ნაპირი – ქალები ნადიმისას.

რას მიირთმევდა კლეოპატრა საუზმედ და ნეფერტიტი ვახშმად? ძველ ეგვიპტური სამზარეულო

 ძველ ეგვიპტური ცივილიზაცია ყველასათვის ცნობილია მისი უდიდესი მონუმენტებით, მარადიული პირამიდებითა და ფარაონების დიდებული ტაძრებით. ამ სტატიით მინდა, რომ მათ ყოველდღიურობაში ჩავიხედოთ და გავიგოთ, რას მიირთმევდა დედოფალი კლეოპატრა საუზმეზე, ნეფერტიტი კი ვახშმად. როდესაც წერას შევუდექი და მასალებს ვეცნობოდი, ერთი რამ აღმოვაჩინე, უდაოდ ჩვენი ეგვიპტელები ბევრად უკეთესად იკვებებოდნენ ვიდრე სხვა უძველესი ცივილიზაციის მოსახლეობა. დღევანდელი მეცნიერება ძველ ეგვიპტურ საკვებსა და სამზარეულოზე ინფორმაციას სამარხებისა და ტაძრების კედლებზე შესრულებული რელიეფებითა და უძველესი პაპირუსების მეშვეობით ფლობს. ყველაზე გავრცელებული სცენებიც ხომ სწორედ საკვების მსხვერპლად შეწირვაა, ან გარდაცვლილები რომლებიც ნილოსის ველზე მუშაობენ; აქვეა ნადირობის, თევზაობის სცენები. ამ ყველაფერზე დაყრდნობით შევეცადე 9 ყველაზე გავრცელებული საკვები პროდუქტი გამეცნო თქვენთვის.

 

მედუმის ცნობილი ბატების რელიეფი
მედუმის ცნობილი ბატების რელიეფი, ძველი სამეფოს მასტაბას მოხატულობა.
  1. შინაური ფრინველები
    შინაური ფრინველების საკვებად გამოყენება, ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან დაიწყეს ეგვიპტელებმა. რადგან გემოვნებას ნამდვილად არ უჩიოდნენ, ფრინველის მობრაწული ხორცი თანაბარი პოპულარობით სარგებლობდა როგორც მაღალ საზოგადოებაში, ასევე გლეხებში. ყველაზე ხშირად საკვებად იყენებდნენ იხვს, ბატს, მწყერს, მტრედებს, წეროს და სირაქლემასაც კი; თუმცა, წეროს შემდეგ სირაქლემას ჩაშუშვა არ უნდა გაგვკვირვებოდა 🙂 გედის, წეროსა და სირაქლემას ხორცი დელიკატესად მიიჩნეოდა და მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ მისით ყელის ჩაკოკლოზინება.
    შესწავლილი წყაროებიდან ირკვევა, რომ ხშირი იყო გადამფრენ ან იშვიათ ფრინველებზე მასიური ნადირობა, შემდეგ კი მათი ხორცის გამოყვანა და შენახვა.

    ძროხის მოწველის სცენა, საქარა, დაახლ. ძვ.წ. 2731-2500 წლები.
    ძროხის მოწველის სცენა, საქარა, დაახლ. ძვ.წ. 2731-2500 წლები.
  2. რძის პროდუქტები
    თუ სამარხის რელიეფების თვალიერება გიყვართ, განსაკუთრებით არა სამეფო სამარხებისა, მაშინ ძალიან ხშირად მოგხვდებოდათ თვალში ძროხები, ხარები და თხები. მესაქონლეობა ნილოსის ნაპირებზე საკმაოდ განვითარებული იყო, ხარები ძირითადად მინდვრებში სამუშაოდ და სახნავად გამოიყენებოდნენ, აი ცხვრები, თხები და ძროხები კი ძირითადად საკვები დანიშნულებით ჰყავდათ მოშენებული. რძის პროდუქტებიც საკმაოდ მრავალფეროვანი ჰქონდათ: ხაჭო, შრატი და ნაღები.

    poultry-products-ancient-egypt

  1. ბოსტნეული
    ნილოსის ყოველწლიური ადიდებისას, მდინარე ნაყოფიერი შლამით ფარავდა ნაპირებს, რაც შესაძებლობას აძლევდა მოსახლეობას მრავალი სახეობის ბოსტნეული დაეთესათ და მოეყვანა. რა თქმა უნდა, გლეხებისათვის ბოსტნეული ყოველდღიური რაციონის უდიდეს ნაწილს იკავებდა, მდიდარი ეგვიპტელები კი ხორცეულსა და კარგად გამომცხვარ პურს გემრიელად ატანდნენ ბოსტნეულს. ყველაზე გავცელებული ძველ ეგვიპტეში იყო ხახვი, ნიორი, პრასი, კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, კიტრი და პარკოსანი მცენარეები.

    fruits-in-ancient-egypt

  2. ხილი
    თქვენ წარმოიდგინეთ და ხილის ძალიან დიდი არჩევანი ჰქონდათ, რა არ ხარობდა ძველ ეგვიპტეში. ზუსტად ყველა ხილის ჩამოთვლა, თუ რომელი მოდიოდა იმ დროინდელ ევიპტეში შეუძლებელია, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით მათ რელიეფებს, მივხვდებით რომ ტკბილის დიდი მოყვარულები იყვნენ 🙂 ჰიქსოსების მიერ ეგვიპტის დაპყრობისას, ქვეყანაში ჩნდება ვაშლი, ზეთისხილი და ბროწეული. ყურძენი, ლეღვი და ფინიკი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული იყო მთელს ქვეყანაში. არქეოლოგიური გათხრებით ასევე დამტკიცდა, რომ ფუფუნების მოყვარულ დიდებულებს, ქოქოსიც კი არ აკლდათ, რომელიც შორეული აღმოსავლეთიდან შემოჰქონდათ.

    დიდებულ ნახტის სამარხი
    დიდებულ ნახტის სამარხი
  3. ბევრი, ბევრი წვენები
    ცხელ ზაფხულში გაგრილებული წვენით პირისჩატკბარუნება ოდესღაც ეგვიპტელებსაც ძალიან უყვრადათ. მართალია, ხილის წვენი ისეთივე პოპულარული არ იყო, როგორც ლუდი და ღვინო, მაგრამ მაინც ფართოდ იყო ქვეყანაში გავრცელებული. გამოწურული ხილის წვენს, წყლითა და თაფლით აზავებდნენ და გემრიელად მიირთმევდნენ. ყველაზე გავრცელებული ლეღვის, ფინიკისა და ყურძნის წვენი იყო.

    ტის მასტაბის რელიეფი, ძროხების დაკვლეის სცენა, საქარას ნეკროპოლისი.
    ტის მასტაბის რელიეფი, ძროხების დაკვლეის სცენა, საქარას ნეკროპოლისი.
  4.  ხორცი
    ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ რძის პროდუქტების დიდი მოყვარულები იყვნენ. რაღა თქმა უნდა, თხა და ძროხა მხოლოდ მოსაწველად არ უნდოდათ და მათ ხორცსაც დიდი სიამოვნებით აგემოვნებდნენ. განსაკუთრებული დელიკატესი სამეფო ოჯახში ანტილოპას ხორცი იყო, შემდეგ კი ძროხის ხორცი მოდიოდა, რომელიც საკმაოდ ძირი ღირდა. ჩვეულებრივ ეგვიპტურ ოჯახს, არ ჰქონდა საშუალება ხორცის ყოველდღიურ რაციონში ჩასმის, ხანდახან ბატის ან სხვა შინაური ფრინველის დაკვლა თუ შეეძლოთ.

    ყურძნის დაკრეფისა და ღვინის დაწურვის სცენა, ნახრის სამარხის რელიეფი.
    ყურძნის დაკრეფისა და ღვინის დაწურვის სცენა, ნახრის სამარხის რელიეფი.
  5. ღვინო
    ძველ ეგვიპტურ ღვინოს ძალიან მდიდარი ისტორია აქვს, მისი დაყენება კემეტის ქვეყანაში ჯერ კიდევ ძვ.წ. 3000 წელს დაიწყეს. ძველ ეგვიპტური სიტყვა „JRP” – რომელიც ღვინოს აღნიშნავს, ყველაზე ძველია მსოფლიოში. ახალი სამეფოს დროს, ღვინო განსაკუთრებით პოპულარული გახდა, როგორც წითელი, ასევე თეთრი. ამ პერიოდშივე ჩნდება სასახლეში ე.წ. „ღვინის შემფასებელი“, რომელიც სამეფო მარანს ადევნებდა თვალყურს. მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის მოყვანა თითქმის მთელი ეგვიპტის ტერიტორიაზე ხდებოდა, ღვინო მაინც მდიდარი ადამიანების სასმელად რჩებოდა.

    Agricultural scene. Overall view of a wallpainting in

  6. პური
    პური ყველაზე ფართოდ მოხმარებადი საკვები იყო ეგვიპტური რაციონში. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ როდესაც მათ პურზე ვსაუბრობთ, არ უნდა წარმოვიდგინოთ ზუსტად ისეთივე რაც ჩვენ გვაქვს ახლა. ფქვილს ამატებდნენ მარილს, საფუარს, სუნელებს, რძეს და ხანდახან კვერცხსაც. პური ქვის ღუმელში ცხვებოდა და არც თუ ძალიან ფუმფულა იყო, თუმცა საკმაოდ ნოყიერი. დეირ ელ მედინას ნასახლარში ახლაცაა შემორჩენილი ქვის ღუმელი, გიდმაც დიდი მონდომებით აგვიხსნა, თუ როგორ უნდა გამოეცხო ძველ ეგვიპტელ ქალბატონს პური.
    სამწუხაროდ, ხორბლის დაფქვისას ფვილში ქვის დოლაბიდან მცირე ნამცეცები ცვიოდა, ქვიშიანი ქარიც არ აკლებდა და პურის მოსაზელი ჭურჭელიც დიდი დამუშავებით არ გამოირჩეოდა. ამიტომ, პური კბილების ცვეთას იწვევდა, სწორედ ამიტომ, ჩვენს კემეტელბს საკმაოდ ცუდი პირის ღრუ ჰქონდათ.

    egyptian-woman-painting

  1. ლუდი
    პურთან ერთად, ლუდი ეგვიპტელების უსაყვარლესი ყოველდღიური სასმელი იყო. ლუდს სვამდა ყველა, ღმერთებიც და ადამიანებიც, მდიდრებიც და ღარიბებიც, მოზრდილი და ბავშვებიც კი. ძველ ეგვიპტეში ლუდის გამოხდა 5000 წლის წინ დაიწყეს და მას უწოდებდნენ „ჰექეტ“. როგორც იცით, ძველ ეგვიპტეში ფული როგორც მონეტა საკმაოდ გვიან შემოვიდა, დამსაქმებლები მუშებს სწორედ ლუდით, პურით, ზეთითა და ბოსტნეულის გარკვეული რაოდენობით უხდიდნენ დღიურ საფასურს. მაგალითად, გიზას პირამიდაზე მომუშავე ყოველ მამაკაცს, დღეში 4 ან 5 ლიტრი ლუდი ეკუთვნოდა.

    hon
    მეფუტკრეობა ძველ ეგვიპტეში საკმაოდ მაღალ დონეზე იყო განვითარებული, შესაბამისად თაფლიც საკმაოდ კარგი ხარისხის ჰქონდათ. ფარაონ ტუტანხამონის სამარხში ალებასტრის ჭურჭელი აღმოაჩინეს, სადაც ოდესღაც თაფლი შეინახეს ძელმა ეგვიპტელებმა.

ახლა უკვე გვაქვს წარმოდგენა რითი იკვებებოდნენ ნილოსის ნაპირებზე ჩვენი ეგვიპტელები. არაფერი აკლდათ, შემწვარი, მოხრაკული, მოხარშული, ჩაშუშული თუ გამომცხვარი.

10 რამ, რაც ეგვიპტელებმა გამოიგონეს

ეგვიპტე, მის ხსენებაზე ყველას უდიდესი პირამიდები, ფარაონები, მდინარე ნილოსი და გრანდიოზული ტაძრები გვახსენდება. ცივილიზაცია, რომელმაც ამდენს მიაღწია, რა თქმა უნდა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგამდა. მათ უამრავი ისეთი რამ გამოიგონეს, რასაც დღესაც კი დიდი მონდომებით ვიყენებთ. ქვემოთ ყველაზე პოპულარულ ეგვიპტურ “გამოგონებებს” გაგაცნობთ.

tut

თვალის ჩრდილები და ლაინერი
ალბათ, ძალიან არ გაგიკვირდებათ როდესაც გაიგებთ, რომ თვალის გარშემო ჩრდილები სწორედ ეგვიპტელების მიერაა პირველად ფართოდ გამოყენებული. დაახლ. ძვ.წ. 5000 წელს, უკვე დასტურდება თვალის შავი ლაინერის არსებობა. ყველაზე ფართოდ გავრცელებული მწვანე და შავი ფერები იყო, რომლებსაც მალაქიტისა და ტყვიის შემცველი მადანისაგან ამზადებდნენ.

papy

პაპირუსი
პაპირუსს რომ ახსენებენ, ჯერ მულტფილმი მახსენდება, რომელსაც ბავშვობაში პირველ არხზე მოუთმენლად ველოდი ხოლმე 🙂 ახლა, ცოტა ნამდვილ პაპირუსზეც მოვყვეთ. დაახლ. ძვ.წ. 3000 წელს, ძველმა ეგვიპტელებმა სასწაული აღმოჩენა გააკეთეს, მათ ისწავლეს მცენარე პაპირუსისასგან როგორ გაეკეთებინათ საწერად ვარგისი ქაღალდი. ეგვიპტე პირველი ცივილიზაცია იყო, რომელმაც თხელი ქაღალდის მსგავსი მატერია გამოიყენა საწერად. უკვე, ძვ.წ. 1000 წელს, ეგვიპტიდან პაპირუსის ქაღალდები დასავლე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გაჰქონდათ. რა თქმა უნდა, თხელი პაპირუსი საწერად უფრო იოლი იყო, ვიდრე თიხის ფირფიტები.

old-egyptian-calendar-in-karnak-temple

365 დღიანი კალენდარი 

 ზემოთ სურათზე რასაც ხედავთ, შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ კარნაკის ტაძრის კედელზე გამოსახული კალენდარია. დიახ, ეგვიპტელები 360 დღიანი კალენდრით ხელმძღვანელობდნენ, რომელიც 12 თვედ იყოფოდა, თვე კი 30 დღისაგან შედგებოდა. დაახლ, ძვ.წ. 4000 წელს, კალენდარს დამატებითი 5 დღეც დაურთეს და მზის კალენდარს სრული სიზუსტით მიჰყვებოდნენ. ძვ.წ. 238 წელს კი ყველა გააოცეს და ნაკიანი წელიც დაამატეს.

900-92845938-egypt-agriculture

ხარებშებმული გუთანი 
იმედია არ დაგვიწყებიათ და ტრაქტორების ეპოქაში, ჯერ კიდევ გვახსოვს რისთვის იყენებდნენ გუთანს და რატომ იყო მისი გამოგონება ასე მნიშვნელობანი 🙂 ნილოსის ნაპირები მოსავლის მოსაყვანად ძალიან ნოყიერი იყო, თუმცა სჭირდებოდა კარგი დამუშავება და დასათესად მიწის მომზადება. ძვ.წ. 2500 წელს, ეგვიპტელებს უკვე ჰქონდათ გუთანი და ხარების მეშვეობით შეეძლოთ მიწის მოხვნა და სათესად მისი გამზადება.

egyptian_breath_mints_egyptian_inventions

პიტნის სავლებები პირის ჰიგიენისათვის
 სამწუხაროდ, ეგვიპტელებს მაინც და მაინც მოწესრიგებული პირის ღრუ არ ჰქონიათ. თანამედროვე კვლევებითა და მუმიების შესწავლით დადგინდა, რომ თვით დედოფალი ჰატშეპსუტი და რამზეს დიდიც კი, კბილის ინფექციამ გადაიყოლა. ნუ, რამზესზე ვიტყვით მაინც, დრომ უწიაო, 90 წელს გადაცილებული გარდაიცვალა, მაგრამ ჰატშეპსუტმა ფრიად ახალგზრდამ დატოვა კემეტის ქვეყანა.
კბილებისა და პირის ღრუს ასეთი ცუდი მდგომარეობა საკვებით იყო გამოწვეული. უპირველეს ყოვლისა, ქვიშის ნამცეცები საჭმელზე ხვდებოდა. ხორბალს ქვის დოლაბებით ფქვავდნენ, რაც ფქვილში ქვის ნაწილაკების მოხვედრას იწვევდა, ასეთი ფქვილისგან გამომცხვარი პური კი, კბილების ცვეთას და შემდგომ გაფუჭებას იწვევდა, საბოლოოდ ჯამში, პირიდან არც თუ სასიამოვნო სურნელი ამოსდიოდათ. ამიტომაც, პატარა პიტნის გრანულები შექმნეს, რომელსაც დარიჩინს, კომიფორას (იგივე მურის ხე) და თაფლს ურევდნენ,  ლოყებთან ითავსებდნენ და უსიამოვნო სუნიც ქრებოდა 🙂

shav

თმებისა და ნებისმიერ თმის მოცილება
 ეგვიპტელი კაცებისა და ქალებისთვის, თმის მოცილება სხეულის ნებისმიერ ადგილას საკმაოდ დამკვირდებული ტრადიცია იყო. მათ სჯეროდათ, რომ სხეულზე თმა ბარბაროსობისა და უსუფთაობის ნიშანი იყო. ამიტომაც, უძველესი დროიდან, დიდი მონდომებით იპარსავდნენ თმებს, თავზეც და ტანზეც. ზუსტად ისევე, როგორც ახლა ჩვენთან ლაზერულ ეპილაციას მივმართავთ. ერთი ორი დიოდური ლაზერის აპარატი, ნამდვილად დატახავდა თებეს სასახლეს 😀

ancient_toothbrush

კბილის პასტა და კბილის ჯაგრისი 
ქვიშისა და პურში მოხვედრილი ქვის ნამცეცებისაგან, საწყალ ეგვიპტელებს როგორც უკვე იცით, გადასარევი კბილები ნამდვილად არ ჰქონდათ, თუმცა ცდილობდნენ მაინც რომ კბილებზე ეზრუნათ. მსოფლიოში პირველად, სწორედ ძველმა ეგვიპტელებმა გამოიყენეს კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა, რომელსაც კვერცხის ნაჭუჭისაგან ამზადებდნენ.

wigs-in-ancient-egypt

პარიკი 
მთლად თავგადაპარსულ საზოგადოებაში, რაღა გასაკვირია რომ პარიკი უხსოვარი დროიდან შექმნეს. პარიკი სოციალური სტატუსის ხაზგასასმელად იდეალური საშუალება იყო, მას იყენებდნენ როგორც ქალები, ასევე კაცები. პარიკს ამზადებდნენ ადამიანის თმებისაგან.

heels

მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი 
ყველაზე ადრეული ფატქი, რომელიც ამტკიცებს რომ ეგვიპტელები მაღალქუსლიან ფეხსამელებს ხმარობდნენ, ძვ.წ. 3500 წლით თარიღდება. ანუ, გამოდის რომ მაღალი ქუსლები გაერთიანებულ ეგვიპტეზე უფრო ძველია 🙂 ასეთ ფეხსაცმელებს, მაღალი კლასის ადამიანები ატარებდნენ, ქალები და კაცებიც. დაბალი კლასის ხალხი, რომელიც ყოველდღე მიწასთან მუშაობდა, მსგავს ფეხსაცმელს ნამდვილად ვერ ატარებდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ ერთი პროფესია – ყასაბი, მათ მიერ მაღალი ქუსლის ტარება პროფესიული მიზნით ხდებოდა, რომ დაკლული ცხოველის სისხლში არ გასვროდათ ფეხი.

reed

ლერწამის კალამი და შავი მელანი
პაპირუსის გამოგონებასთან ერთად, ძველი ეგვიპტელები პირველები იყვნენ, ვინც 5200 წლის წინ ლერწამის ღერი კალმად გამოიყენეს, წყლისა და ჭვარტლის ნაზავისაგან კი მელანი შექმნეს.

 

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, იმედია რამდენჯერაც ქუსლიან ფეხსაცმელს ჩაიცვამთ, კბილებს გამოიხეხავთ, ანდა უბრალოდ ეპილაციაზე წახვალთ, ძველი ეგვიპტელები გაგახსენდებათ და მიხვდებით ეს ყველაფერი მათ დაიწყეს 🙂
თუ რაიმე გამომრჩა და თქვენ გაგახსენდათ, ქვემოთ კომენტარების ველში ჩაწერეთ და აუცილებლად დავამატებ 🙂

 

 

ეხნატონი და ატონის კულტი

ამენჰოტეპ IV, იგივე ეხნატონი, ძველი ეგვიპტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი და საოცარი ფარაონია. მიუხედავად მისი მემკვიდრეების დიდი მცდელობისა, ისტორიამ შემოგვინახა ფარაონის სახელი და იდეები. XVIII დინასტიის უძლიერესი სამეფო წყვილის ამენჰოტეპ Ш და დედოფალ ტიიას ვაჟი, უდიდეს რეფორმებს წამოიწყებს და სამუდამოდ ჩაიწერება ისტორიაში. ალბათ, ეხნატონს შეუპოვარი ხასიათი დედისგან დაჰყვა, ქალისგან რომელიც არასამეფო წარმოშობის იყო, თუმცა „დიდებული სამეფო ცოლის“ – ეგვიპტის დედოფლის ტიტული მოიპოვა და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დედოფალად გვევლინება.
ეხნატონმა ამონ-რას ქურუმთა ძლიერი და მდიდარი კასტის წინააღმდეგ გაილაშქრა, სამხედრო ძალების მეშვეობით დახურა ტაძრები, ძველი ღმერთების სახელები ამოშალა რელიეფებიდან, დაამსხვრიეს მათი ქანდაკებები, ტაძრებს ჩამოერთვათ მათ დაქვემდებარებაში მქონე მამულები. როდესაც რელიგიურ რეფორმაზე ვსაუბრობთ, აუციელბელია გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ეგვიპტური რელიგია ეხნატონის მეფობისას უკვე 2000 წელს ითვლიდა. ქვეყანა ყოველდღიურობით მტკიცედ იყო გადაჯაჭვული რელიგიას. რა თქმა უნდა მისი რევოლუციური იდეები ადვილად არ მიუღია საზოგადოებას და არც ქურუმებს.

ეხნატონი თაყვანს სცემს ატონს
ეხნატონი თაყვანს სცემს ატონს, კარნაკის ტაძარის დამსხვრეული სამლოცველო.

ახლა კი, ვეცადოთ რომ ამ ყველაფერს ლოგიკურად მივყვეთ, მის პიროვნებასა და ისტორიაში რომ არ დავიკარგოთ 🙂 ამენჰოტეპ  IV ტახტზე მამის გარდაცვალების შემდეგ ძვ.წ. 1352 წელს ადის. მეფობის პირველივე წელს ნათელი ხდება, რომ ახალგაზრდა ფარაონი ქურუმთა წესებით თამაშს არ აპირებს და კარნაკის ტაძარში, რომელიც ამუნ-რას კულტის ცენტრს წარმოადგენს ტაძარს აგებს, თუმცა აქ საინტერესო ისაა, რომ ტაძარი მზის ღმერთს – ატონს ეძღვნება. ქორწინდება დედოფალ ნეფერტიტიზე, რომლის წარმოშობა და შემდგომი ბედიც სრულიად ბუნდოვანია. მეფობის მე-6 წელს იცვლის სახელს და ირქმევს ეხნატონს, ამავე დროს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად ატონს აღიარებს. აქვე იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და დედაქალაქი თებედან ახლად აშენებულ ქალაქ ახეტატონში გადააქვს, რომელიც უდაბნოში რამდენიმე წელში აიგო და არც ერთ ძველ ეგვიპტურ ღმერთთან არ ასოცირდებოდა.
ამ სტატიაში ძირითადად ხაზი მინდა გავუსვა მის იდეოლოგიას, რომელიც ნამდვილად იმსახურებს აღფრთოვანებას. თუმცა პატარა გენეალოგიური ხეც არ დავივიწყოთ.
უკვე აღვნიშნე მისი მშობლები, ყველამ ვიცით ასევე მისი ულამახესი მეუღლე – ნეფერტიტის სახელი. რა თქმა უნდა, ეხნატონსაც სხვა ფარაონების მსგავსად რამდენიმე ცოლი ჰყავდა, მათ შორის კიია, სიტამუნი, მერიტატენი და სავარაუდოდ ანხესენამუნი. ნეფერტიტსა და ეხნატონს 6 ქალიშვილი გაუჩნდათ: მერიტატენი, მაკეტატენი, ანხესენპაატონი, ნეფერნეფერუატენი, ნეფერნეფერურე და სეტეპენრე. ტახტის მემკვიდრის – ტუტანხამონის დედის სახელი დღემდე უცნობია, თუმცა მისი მუმია ნაპოვნია და კაიროს მუზეუმში შეგიძლიათ მისი ნახვა. დნმ ანალიზით დადგინდა, რომ ტუტანხამონის დედა ეხნატონის ღვიძლი დაა, თუმცა მისი სახელი დღემდე უცნობია. ეხნაოტინის კიდევ ერთი მემკვიდრეა სმენკჰარე, რომელზეც მხოლოდ მისი სახელია ცნობილი. არ ვიცით ის რეალურად არსებული პიროვნებაა, თუ ახალ სახელს ამოფარებული ყველასთვის ნაცნობი ნეფერტიტი? თუ სმენკჰარე მართლაც ეხნატონის ვაჟია, მაშინ ვინ იყო მისი დედა? რატომ არაა არსად მოხსენიებული?

ეხნატონი და ნეფერტიტი თაყვანს სცემენ ატონს.
ეხნატონი და ნეფერტიტი თაყვანს სცემენ ატონს.

ეხნატონის ახალი რელიგია ახალ ტრადიციებს, ხელოვნებას, იდეოლოგიასა და ხელოვნების განსხვავებულ სტილს მოითხოვდა. რელიეფებსა და ქანდაკებებზე ვხედავთ  დაქანებული შუბლისა და წაგრძელებული თავის ქალის მქონე მამაკაცს, უშნო სახით, მოშვებული მოცლით, მრგვალი და ქალური თეძოებით, ზედმეტად გრძელი თითებით. ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ფარაონს მთელი ცხოვრების მანძილზე ტანჯავდა სხვადასხვა დაავადებები და ძლიერ ტკივილები. მაგრამ სიმართლეა კი ეს? ადამიანს რომელსაც მრავალმხრივი ფიზიკური და გონებრივი ნაკლი ჰქონდა, განა შეეძლო მსგავსი თითქმის ახალი ქვეყნის შექმნა? რა თქმა უნდა არა.
ატონი ძველ ეგვიპტეში ეხნატონამდე ჯერ კიდევ 1000 წლით ადრე იყო ღმერთად გამოცხადებული, თუმცა ფარაონმა ის გამოარჩია როგორც უზენაესი და ერთადერთი ღმერთი. ღმერთთან ხალხის უშუალო შუამავალი სწორედ ფარაონი გახდა, მას უნდა ელოცა ეგვიპტის კეთილდღეობისა და მოსახლეობის იმქვეყნიური ცხოვრების მოსაპოვებლად.
ცვლილებები უშუალოდ ტაძრის არქიტექტურასაც შეეხო. ალბათ გახსოვთ, რომ წმინდა სამლოცველოებში შესვლა მხოლოდ უმაღლესი ქურუმებისა და ფარაონებისათვის იყო დაშვებული. ადგილი სადაც ღვთაებების ქანდაკებებს ინახავდნენ, დახურული და ჩვეულებრივი მოკვდავის თვალისათვის ყოვლად მიუწვდომელი იყო. ეხნატონმა სწორედ ეს ელემენტი გამოიყენა და შეცვალა, ხალხის მეტი ჩართულობისათვის ატონის სამსხვერპლოები ღია, უზარმაზარ ეზოში გააკეთებინა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მსხვერპლის შეწირვა.

პერატენი - ატონის მთავარი ტაძარი ახეტატონში
პერატენი – ატონის მთავარი ტაძარი, პილონებს შორის გარკვევით ჩანს ღია ცის ქვეშ მდებარე სამსხვერპლო ქვები.

აუცილებელი იყო დიდი რელიგიური დღესასწაულების ახალი ტრადიციებით ჩანაცვლება. ოპეტის დღესასწაული, ამუნ-რას კულტის უდიდესი დღე იყო მთელს ეგვიპტეში და დიდი ზარზეიმით აღინიშნებოდა. ეხნატონმა, ლოგიკურია გააუქმა ოპეტი და მას ახალი ტრადიცია – მესუტ ატენი დაუპირისპირა, რომელიც ყოველთვიურად ტარდებოდა და გულისხმობდა ყველაფერ იმას, რაც ატონს ისიამოვნებოდა; საუბარია ღვინის, ხილის, ბოსტნეულისა და თუნდაც ხორცის მსხვერპლშეწირვაზე. როგორც რელიეფებზეა გამოსახული, ამ დღისათვის სამეფო ოჯახი სასახლიდან  ატონის დიდ ტაძრამდე, პერ-ატონამდე (ატონის სახლი) ეტლებით მიემართებოდა და მოსახლეობას სურსათს ურიგებდა.

მერირეს სამარხი - ეხნატონი და სამეფო ოჯახი
მერირეს სამარხის რელიეფზე გამოსახულია სამეფო ოჯახი, რომელიც ეტლებით მიემართება პერატენისაკენ.

ეხნატონის ბრძანებულებები და რელიგიური ჰიმნები განსხვავებული ენით იწერებოდა და ზოგი მეცნიერი თვლიდა, რომ ეს იყო სალაპარაკოსთან მიახლოვებული ენა, მაგრამ ახალი სამეფოს არალიტერატურულ ტექსტებთან შედარება გვაჩვენებს, რომ ეს არც სალაპარაკო ენა იყო. ჩნდება გარკვეული ახალი გრამატიკული ელემენტები ამარნას ტექსტებში. აქედან ჩანს, რომ ეხნატონს სურდა განევითარებინა საკუთარი ენა დოქტრინების ჩასაწერად.
ფარაონის რეფორმა შეეხო ხელოვნებასაც, როდესაც დაამსხვრია ეგვიპტის ათასწლოვანი ტრადიცია ფარაონი წარმოეჩინათ სრულყოფილ ღმერთკაცად, რომელსაც იდიალური და მარად ახალგაზრდა ფორმები ამშვენებს. სამეფო ოჯახი ერთადაა გამოსახული, ფარაონი და მისი დიდი დედოფალი მათ შვილებს ეთამაშებიან, ატონს თაყვანს ერთად სცემენ, ერთგულ მსახურებსა და ქურუმებს გულუხვ საჩუქრებს გადასცემენ. ხშირად გამოსახულია მამა, რომელიც შვილს ეხუტება; ქმარი, რომელიც მეუღლეს ეამბორება. მსგავსი რამ ეგვიპტური ხელოვნების ისტორიაში არასოდეს მომხდარა. ბერლინის მუზეუმში სტუმრობისას, ბედმა გამიღიმა და ამარნას ხელოვნების უნიკალური ნიმუშების ხილვის საშუალება მომეცა. ქვემოთ ნაჩვენები სტელა, თქვენ რომ წარმოგიდგენიათ იმაზე კიდევ უფრო პატარაა, თუმცა თითქოს ანათებს და ასხივებს სხვა არტეფაქტებს შორის. დღემდე ოჯახური სითბო და სიხალისე იღვრება, მითუმეტეს განყენებული ეგვიპტური რელიეფების შემდეგ, ამარნას კოლექცია მართლაც საოცარია.

akhenaten-nefertiti-the-pergamon
ეხნატონი და ნეფერტიტი გამოსახულნი არიან მათ ქალიშველიბთან ერთად. თუ კარგად დააკვირდებით, ფარაონი ერთ-ერთ მათგანს ეამბორება. დანარჩენი ორი, დედოფალთან არიან, ერთი საყურეზე ეთამაშება, მეორე კი კალთაში უზის.

ახლა კი, ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო დეტალი. თუ, დიდი ტაძრის – პერ ატენის გეგმას კარგად დავაკვირდებით, ის ახეტატონის ზუსტი მოდელია, ანუ მთლიანად ახალი დედაქალაქი ატონის წმინდა სამყოფელად ითვლებოდა. თუმცა, მთავარი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე ცენტრალური პილონის გასწვრივ, მთებს შორის საიდანაც მზე ამოდის, ეხნატონმა საკუთარი სამარხი გამოაკვეთინა კლდეში. ანუ, ყოველ დღე მისი გარდაცვალების შემდეგ, მზე – ღმერთი ატონი ჰორიზონტზე სწორედ მისი სამარხიდან ამოვიდოდა და ეგვიპტეს ნათელს მოჰფენდა. ახლა უკვე ქალაქის სახელიც ახეტატონი – ატონის ჰორიზონტიც მნიშვნელობას იძენს.

sarcophagus-of-akhenaten
ეხნატონის ოქროს სარკოფაგი – კაიროს მუზეუმი

დღესდღეობით ეხნატონის მუმია კაიროს მუზეუმშია დასვენებული. ახეტატონის დიდებული სამარხი მიტოვებულ და განადგურებულ იქნა ძველი რელიგიის აღდგენისთანავე. გათხრებისას აქ არქეოლოგებმა წითელი გრანიტის დამსხვრეული სარკოფაგი, სასმისები, სამკაულები, მცირე ზომის ქანდაკებები და დანები აღმოაჩინეს. აქვე იყო პატარა სამარხი კამერაც, რომელიც სავარაუდოდ ეხნატონის ადრიანად გარდაცვლილი 2 ქალიშვილის დასასვენებლად გამოიყენეს. საბოლოოდ, ყველასათვის მოულოდნელად ფარაონის ნეშტი მეფეთა ველზე იქნა აღმოჩენილი, კიიასათვის განკუთვნილ სარკოფაგში, დედოფლისსავე კანოპები მისი ორგანოების შესანახად გამოეყენებინათ, აქვე იყო დედამისის – ტიისა და ტუტანხამონის უთვკნილი ჭურჭელი. დნმ ანალიზის შედეგად დამტკიცდა, რომ ნეშტი ეხნატონს ეკუთვნის. სარკოფაგს აშკარად ეტყობოდა განზრახ დაზიანების კვალი, მიცვალებულის სახე დაზიანებული იყო, ასევე კარტუშები ამოეკვეთათ. ეგვიპტური რწმენის მიხედვით, თუ მიცვალებულის ნეშტს სახელი არ ექნებოდა დატანილი, მაშინ მისი კა, ვეღარ იპოვიდა ბას და სამუდამო ხეტიალისათვის იყო განწირული. თუმცა, აქვე ისმის ლოგიკური კითხვა: თუ, ფარაონზე შურისძიება სურდათ ქურუმებს, მაშინ მისი ნეშტი რატომ არ გაანადგურეს? რატომ დაასვენეს სამარხში მწირე, მაგრამ მაინც საჭირო ატრიბუტიკით?

სფინქსის სახით გამოსახული ეხნატონი თაყვანს სცემს ატონს.
სფინქსის სახით გამოსახული ეხნატონი თაყვანს სცემს ატონს.

სამწუხაროდ კითხვები ძალიან ბევრია, პასუხები კი არსად ჩანს. ამარნას პერიოდი ყველაზე საინტერესო და ამავდროულად ბურუსით მოცული პერიოდია ეგვიპტის ისტორიაში. დღემდე გაურკვეველია რა ბედი ეწია დედოფალ ნეფერტიტის, კიიას, სამეფო ოჯახის სხვა წევრებს, რითი გარდაიცვალა ეხნატონი. ალბათ, ეგვიპტის ქვიშა ნელ-ნელა, სათითაოდ გაგვიმხელს საიდუმლოებს და ჩვენს ცნობისმოყვარეობასაც დააკმაყოფილებს. მანამდე კი, ერთი რამ უდაოა, მიუხედავად მისი მოწინააღმდეგეების მცდელობისა, ეხნატონი მისი რევოლუციური იდეებით ეგვიპტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, მის სახელს დღემდე ახსენებენ და ეგვიპტური რწმენით, დღესაც უკვდავია, რადგან ის ახსოვთ და მის სახელს წარმოთქვამენ.

ფარაონი ეხნატონი ქალიშვილს ეამბორება
ფარაონი ეხნატონი ქალიშვილს ეამბორება

 

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.ancient.eu/Akhenaten/

Dodson, Aidan. Amarna Sunrise: Egypt from Golden Age to Age of Heresy (Cairo: The America University in Cairo Press, 2014.)

Erhardt, Michelle. “The Amarna Period.” Class Lecture, Fine Arts 201 from Christopher Newport University, Newport News, VA 23606, September 2013.

Kemp, Barry. The City of Akhenaten and Nefertiti: Amarna and Its People (New Aspects of Antiquity) (London: Thames & Hudson, 2014.)

https://discoveringegypt.com/ancient-egyptian-kings-queens/akhenaten/

ძველ ეგვიპტური კალენდარი

ენისა და დამწერლობის შემდეგ, კალენდარი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა, რაც გვეხმარება სოციალრ-ეკონომიკური, რელიგიური და ადმინისტრაციული საკითხების მოწესრიგებაში.  ძველ ეგვიპტეში ასტრონომია მაღალ დონეზე იყო განვითარებული. ინტერესი ციური სხეულების მიმართ, პრაქტიკული მოთხოვნებითა და საჭიროებით იყო გამოწვეული. სამეფოს კეთილდღეობა დამოკიდებული იყო ნილოსის ყოველწლიურ ადიდებაზე.
ეგვიპტელებმა უძველეს დროშივე შეამჩნიეს, რომ ნილოსის ადიდებისას, ცაზე ჩნდებოდა სირიუსი, ანუ ეგვიპტურად სოთისი. თანამედროვე კალენდრით, ეს დღე 21 ივნისს ემთხვევა, სწორედ ეს იყო მათთვის ახალი წლის დასაწყისი.

საკმაოდ გავრცელებულია აზრი, რომ უძველესი კალენდარი ეგვპტელბმა 5000 წლის წინ შექმნეს, რომელიც მთვარის სისტემაზე იყო დაფუძნებული. ახალი თვე ახალი მთვარის ციკლიდან იწყებოდა და 29-30 დღეს გრძელდებოდა, ყოველი თვეს იწოდებოდა რელიგიური ფესტივალის, ან დღესასწაულის სახელი. რადგან მზის კალენდარს დღეებით ჩამორჩებოდა, ყოველ წელს მე-13 თვეს უმატებდნენ, რათა სრული ციკლი შესრულებულიყო. მოგვიანებით, ძველ ეგვიპტეში მზის კალენდარი და 3 სეზონიანი წლის ცნება შემოიღეს.

მეფეთა ველი, რამზეს VI-ის სამარხის ჭერი
მეფეთა ველი, რამზეს VI-ის სამარხის ჭერი, რომელიც მოხატულია ასტრონომიული რუკით.

 ნილოსის ადიდების შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში დაბლობები წყლით იფარებოდა. როცა მდინარე კალაპოტს უბრუნდებოდა, იწყებოდა სასოფოლო-სამეურნეო სამუშაოების, ხვნისა და თესვის სეზონი. გაზაფხულობით, კი დგებოდა მოსავლის აღების დრო. სწორედ ამ სასიცოცხლო ციკლს ემყარებოდა ძველ ეგვიიპტური კალენდარი.
ეგვიპტელთა კალენდარი მზის სისტემას ეყრდნობოდა, განსხვავებით სხვა ცივილიზაციებისა. 1 წელი მოიცავდა 360 დღეს, წელიწადი შედგებოდა 12 თვისაგან, რომელნიც თავისთავად იყოფოდნენ 30 კალენდარულ დღედ. უკვე პირველი დინასტიების დროს, დაახლ. ძვ.წ. 3200 წელს მოხდა 5 დამატებითი დღის ჩასმა კალენდარში, რათა სრულყოფილად დამთხვეოდნენ მზის ციკლს. ამ დღეების განმავლობაში აღინიშნებოდა სხვადასხვა დღესასწაულები. ეს დღეები ეძღვნებოდა ღმერთ ოსირისს, ისიდას, ჰორს, სეთსა და ნეფტისს.

ქალრმერთი ნუტი და ცის რუკა
ქალრმერთი ნუტი და ცის რუკა

არსებობს პატარა მითი, რომელიც ხსნის დამატებით 5 დღის არსებობის მიზეზს. როგორ იცით, ძველ ეგვიპტურ კოსმოგონიურ-სამყაროს შექმნის მითებში, ქვეყნიერების შემქმნელად გვევლინება ატუმი, ხან რა. მან შექმა ორი ღმერთი – შუ (ჰაერის ღმერთი) და ტეფნუტი (სინოტივე). მათ ეყოლათ გები (მიწა) და ქალღმერთი ნუტი (ცა). მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, რითაც ღმერთი რა ძალიან შეწუხდა და ტეფნუტს სთხოვა მათ განცალკევება, ნუტი კი დასაჯა რომ წელიწადის არც ერთ დღეს არ უნდა ეტარებინა ბავშვი მუცლად. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ცისა და მიწის გაყოფა. ღმერთმა თოტმა,  სიბრძნით რას “დამატებითი” 5 დღე გამოსტყუა, სწორედ ამ დღეს იშვა ოსირისი, ჰორი, სეთი, ისიდა და ნეფთისი.

 ყოველი წელი იყოფოდა სამ სეზონად: 
ახეტ - ადიდება, ეგვიპტური წელიწადის დრო.ახეტ (ადიდება, 21 ივნისიდან – 21 ოქტომბრამდე) – პერიოდი, როდესაც ნილოსი დიდდებოდა. მდინარის ადიდება ივნისიდან დეკემბრამდე გრძელდებოდაა, თუმცა ოქტომბერში უკვე ნელ-ნელა კალაპოტს უბრუნდებოდა. ამ დროს ნილოსის მიერ ჩამოტანილი ნოყიერი შლამი კილომეტრობით ვრცელდებოდა ეგვიპტის ტერიტორიაზე და მადლიან მოსავალს უქადდა გლეხებს.  ახეტ სეზონში შემავალი თვეები იყო: თოტი, პაოფი, ატირ,ხოიაკ (სახელები მოცემულია კოპტურ ენაზე).
პერეტ - ეგვიპტური წელიწადის დრო
პერეტ (გამოსვლა, 22 ოქტომბრიდან – 21 თებერვლამდე); ნილოსი საბოლოოდ უბრუნდებოდა თავის პირვანდელ კალაპოტს, იწყებოდა მიწის ხვნა და მოსავლის დათესვა. პერეტ სეზონში შემავალი თვეები – თიბი, მეხირ, ფამენოტ, ფარმუტ.

შემუ - ეგვიპტური წელიწადის დრო
შემუ 
(სიმშრალე, 22 თებერვლიდან – 20 ივნისამდე), ძველი ეგვიპტელებისათვის ეს ზაფხული იყო, სეზონი როდესაც მოსავალს იღებდნენ, ერთ-ერთი ყველაზე ფაციფუცა და დაკავებული დრო მთელს კემეტის ქვეყანაში. ასევე, ეს იყო დრო, როდესაც გადასახადის ამკრეფნი ჩამოივლიდნენ და ფარაონისათვის ყოველწლიურ ხარკს კრეფდნენ. შემუ სეზონში შემავალი თვეები – პახონი, პაინი, ეპიფი, მესორი.

ეგვიპტური კალენდარი ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და სრულყოფილია ძველი ცივილიზაციების მიერ შექმნილთა შორის. აქვე ერთ პატარა დეტალსაც შეგახსენებთ, მოდი გადავხედოთ საიდან მოდის თანამედროვე კალენდარი რომელსაც ჩვენს დღეს ვიყენებთ. რა თქმა უნდა, იულიუს კეისარიდან და რომაელებიდან. ცეზარის რეფორმებამდე, რომის იმპერია მთვარის კალენდარს იყენებდა. მაშ რა მოხდა? გახსენდებათ კეისარისა და ეგვიპტის კავშირი? დიახ, დიახ – კლეოპატრა. მას შემდეგ, რაც დედოფალი რომში ჩავიდა, მან თან უდიდესი ცოდნა და გამოცდილება ჩაიტანა. სწორედ ამ პერიოდში მოახდინა იულიუსმა ცვლილებები და მზის კალენდარზე გადავიდა იმპერია. ასე რომ, გამოდის ჩვენი კალენდარიც ეგვიპტელების დანატოვარია 🙂

თუ გსურთ გაიგოთ ვინ ხართ ძველ ეგვიპტური ჰოროსკოპის მიხედვით, შეგიძიათ გადახვიდეთ ბმულზე. შედეგი გაგვიზიარეთ 🙂

 
გამოყენებული ლიტერატურა:

ჯედეფრის დაკარგული პირამიდა

ჯედეფრი, მეოთხე დინასტიის მესამე და დავიწყებული ფარაონია. სნეფერუსა და ჰეტეპჰერესის შვილიშვილმა, ხუფუს ვაჟმა და ტახტის მემკვიდრემ, მიატოვა მამის მიერ სამეფო ნეკროპოლისად არჩეული გიზა და საკუთარი პირამიდა აბუ რავაშში ააგო. ტრადიციებისადმი ერთგულ ეგვიპტეში, ეს საკმაოდ უცნაური და უცხო იყო, მითუმეტეს რომ ჯედეფრის სიკვდილის შემდეგ, მისი ძმა ხაფრა გიზას ნეკროპოლისს უბრუნდება და პირამიდას იქ აგებს. XX საუკუნის დასაწყისში, ფრანგი მეცნიერი პიერ მონტეტი აბუ რავაშის პირამიდასა და მიმდებარე ტერიტორიას იკვლევს. გათხრებისას საკმაოდ დიდი რაოდენობის ჯედეფრის დამსხვრეული ქანდაკებები აღმოაჩინა, ამას დაურთო თითქმის ძირამდე დანგრეული პირამიდა და დაასკვნა, რომ ფარაონს ოჯახთან საკმაოდ არასახარბიელო დამოკიდებულება ჰქონდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ხაფრას (ჯედეფრის ძმა) ბრძანებით პირამიდა გაანადგურეს, მისი ქანდაკებები და სული მოსახსენებელი ტაძარიც დაანგრიეს, რითაც მისი შანსი უკვდავება მოეპოვებინა საბოლოოდ დაასამარეს. მაგრამ იყო კი ეს მართალი? დეტალების გასარკვევად და სიმართლის დასადგენად, აუციელბელია ისტორიისა და ფაქტების უკეთესად შესწავლა.

ჯედეფრის პირამიდა, აბუ რავაში
ოდესღაც დიდებული პირამიდიდან, დღეს მხოლოდ ქვების რამდენიმე წყობაა დარჩენილი.

ფარაონმა, რომელიც ეგვიპტეს დაახლ. ძვ.წ. 2575 წელს მართავდა, თითქმის 5000 წლის წინ ააგო ერთ-ერთი უდიდესი პირამიდა, უფრო გრანდიოზული ვიდრე ნილოსის ნაპირზე აგებული სხვა პირამიდები. მეოთხე დინასტიის დაკარგული პირამიდა, ძველი ეგვიპტის ნამდვილი საოცრება იყო, ნაგებობა რომელთან შედარებით სხვა პირამიდები ბავშვის სათამაშოებს წააგავდნენ. მაშინ რა მოხდა და რატომ დარჩა პირამიდისაგან მხოლოდ ქვის რამოდენიმე წყება რომელიც 10 მეტრს ძლივს აღწევს?

ჯედეფრის კარტუში და პირამიდის სახელი "ვარსკვლავებიანი ცა".
ჯედეფრის კარტუში და პირამიდის სახელი “ვარსკვლავებიანი ცა”.

აბუ რავაშის მთიდან კაირო თავისი საოცრებებითა და ნაკლოვანებებით ხელის გულივით მოჩანს. ათასობით წლის წინ, ხედი სულ სხვანაირი და ბევრად შთამბეჭდავი იყო. ჯედეფრის პირამიდა ცისკენ აღმართულიყო, თეთრი კირქვით დაფარული, ქვედა ფენა წითელი გრანიტით დაფარული და წვერზე ოქროს ფურცლებით შემკული პირამიდა შორი მანძილიდანაც თვალსჭრიდა მნახველს.   მეცნიერებს სჯერათ, რომ ფარაონმა აბუ რავაშის მთა აირჩია თავის ბოლო განსასვენებლ ადგილად, რადგან ის უფრო ახლოსაა მზესთან და შესაბამისად მზის ღმერთთან.
ჯედეფრის პირამიდის კომპლექსში სხვადასხვა ნაგებობები შედის: სამარხი პირამიდა, კას პირამიდა, სულის მოსახსენებელი ტაძარი, მზის ნავი და მისი სათავსო, თითქმის 2 კილომეტრიანი საპროცესიო გზა, სათავსოები და მუშათა საცხოვრებლები.

აღდგენილი ჯედეფრის პირამიდის კომპლექსი
აღდგენილი ჯედეფრის პირამიდის კომპლექსი. მარცხნივ, ზემოთ, შეგიძლიათ დაინახოთ გიზას დიდი პირამიდა.

სამარხი პირამიდა
ზუსტად ცნობილი არაა, თუ რა სიმაღლის იყო ჯედეფრის პირამიდა თავდაპირველად. თუმცა, ერთი რამ ცნობილია, მისი ფუძის სიგანე 122 მეტრია და 64* დახრილობით აგებული. კირქვა ახლოსვე მდებარე კარიერში იჭრებოდა და ცენტრალური გზით მოჰქონდათ სამშენებლო მოედანზე. გიზას პლატოდან განსხვავებით, აბუ რავაში მდინარიდან მოშორებითაა, რაც პრობლემას ქმნიდა ასუანიდან, 800 მილით დაშორებული კარიერიდან, ნავით ჩამოტანილი გრანიტის ქვების ტრანსპორტირებაში. თუმცა, აქაც გამოსავალი იპოვეს, ნავისათვის ნილოსიდან არხი გაჭრეს და პირამიდამდე მაქსიმალურად ახლოს მიჰქონდათ გრანიტის ლოდები. თანამედროვე გათვლებით, თითოეული გრანიტის ფილა მინიმუმ 25 ტონას იწონის და 350 ადამიანი სჭირდება მის გადაადგილებას. მშენებლობაზე 15 000 ადამიანი მუშაობდა, გლეხები რომლებიც ნილოსის ადიდების დროს ფარაონისათვის სამუდამო განსასვენებლის ასაშენებლად მოჰყავდათ მთელი ეგვიპტიდან.
დღემდე არაა ზუსტად ცნობილი თუ რა სიმაღლისა იყო პირამიდა. არის ვარაუდები რომ მისი სიმაღლე 60 ან 100 მეტრს არ აღემატებოდა. ზოგიერთი გამოთვლით კი, ის ხუფუს დიდ პირამიდაზე მინიმუმ 6 მეტრით მაღალი მაინც იყო; ანუ, მინიმუმ 153 მ.
პირამიდაში შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდანაა გაკეთებული. გალერეის გავლის შემდეგ ვერტიკალურ შახტასთან მიდიხარ, რომელიც ცრუ სამარხსა და შემდეგ ფარაონის საბოლოო განსასვენებლადმე მიგვიყვანს. მძარცველებისათვის გზის აბნევის მცდელობა და პირამიდის შიდა სქემა ძალიან ჰგავს საქარაში მდებარე ჯოსერის პირამიდის აგებულებას. სამარხ კამერაში ვარდისფერი გრანიტის სარკოფაგის ნაშთები აღმოაჩინეს, ფარაონის მუმიასა და სამარხ ინვერტარს  კი ვერსად მიაგნეს.

ჯედეფრის სამარხი კამერა
მხოლოდ ეს დარჩა ფარაონის ოდესღაც გრანდიოზული სამარხი კამერიდან.

კას პირამიდა
 მოგეხსენებათ, რომ პირამიდის კომპლექსში აუცილებელი იყო ფარაონის კასათვის ცალკე პირამიდის აგება. აბუ რავაშიც არ იყო გამონაკლისი, სამხრეთ აღმოსავლეთით გათხრებისას ნაგებობის საძირკველს მიაგნეს. ჩრდილოეთით მდებარე შესასვლელი ორ კამერაში ჩავყავართ. აღმოსავლეთ კამერაში სარიტუალო გრანიტის სარკოფაგს მიაგნეს. აქვე იყო ალებასტრის ჭურჭლის ნამტვრევები, ერთ-ერთ მათგანზე გარკვევით იკითხება ჯედეფრის სახელი.

ჯედეფრის კას პირამიდა
წინა ფონზე, კარგად ჩანს კას პირამიდის ნანგრევები.

მზის ნავის ორმო
 ჯედეფრი საინტერესო და სიახლეების მოყვარული ფარაონი იყო. სწორედ მის პირამიდაში ჩნდება პირველად მზის ნავის ორმო. შეიძლება გაგახსენდეთ, რომ მისი მამის, ხუფუს (ხეოფსის) პირამიდის კომპლექსში აღმოჩენილ იქნა შესანიშნავ მდგომარეობაში შემონახული ნავი. აქვე უნდა გითხრათ, რომ ხუფუს მზის ნავის ორმოში, გარკვევით ჩანს ჯედეფრის კარტუში, საიდანაც ირკვევა, რომ სწორედ მან მოათავსებინა მისი მამის სამარხ კომპლექსში ნავი, რათა გარდაცვლილი ფარაონის სულს ზეციური ნილოსის ტალღებზე ეცურა.
ახლა, ისევ აბუ რავაშში დავბრუნდეთ. სამწუხაროდ, ჯედეფრის მზის ნავს ნაკლებად გაუმართლა. არქეოლოგიური გათხრებისას შიგნით ფარაონის 120-მდე ქანდაკების ნამსხვრები და გადასახური ფიცრები აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, რომაელები და პირველი ქრისტიანები, ფარაონის ქანდაკებებით ნაკლებად მოიხიბლნენ.

სულის მოსახსენებელი ტაძარი
 სულის მოსახსენებელი ტაძარი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო მიცვალებულის კულტში. ეს იყო ადგილი, სადაც ყოველდღიურად სრულდებოდა რიტუალები გარდაცვლილი ფარაონისათვის. ქურუმები ლოცულობდნენ მისთვის, ყოველდღიურად მიართმევდნენ საჭნელს, სასმელსა და ხილს. ფარაონის სულს ეპყრობოდნენ, როგორც ცოცხალ ადამიანს.
ჯედეფრის სულის მოსახსენებელი ტაძრის ნანგრევები პირამიდის აღმოსავლეთ მხარეს აღმოაჩინეს. სათავსოებითა და სალმოცველოებით შემოსაზღვრული დიდი ეზო, კირქვით იყო ოდესღაც ნაგები. აქვე აღმოაჩინეს სარიტუალო ჭურჭლის ნამსხვრევები, ფარაონის ქანდაკებების ნაწილები, რაც ადასტურებს რომ ჯედეფრის კულტი საუკუნეების განმავლობაში არსებობდა.

სულის მოსახსენებელი ტაძრის ნანგრევები.
სულის მოსახსენებელი ტაძრის ნანგრევები.

სათავსოები და საცხოვრებელი სახლები
ალბათ იკითხავთ, მკვდარ ფარაონს რაღა საცხოვრებელი უნდოდაო; მას აღარაფერში დასჭირდებოდა, მითუმეტეს მას შემდეგ რაც მის მუმიას იმ დროისათვის მსოფლიოს უდიდეს პირამიდაში დაასვენებდნენ. მისი კულტის ქურუმებს კი დაძინება და სახლები ნამდვილად ესაჭიროებოდათ. გათხრებისას აქ აღმოაჩნეს საყასბოები, ლუდის მოსახარში ოთახი, საცხობები, კომპლექსში მომუშავე მსახურების ოთახები და ა.შ.

dje
ფარაონ ჯედეფრის ქანდაკება, კაიროს მუზეუმი.

ჯედეფრი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და იდუმალებით მოცული ფარაონია. ადამიანი, რომელმაც სიახლეები შემოიტანა და დაამკვიდრა ეგვიპტურ კულტურაში. ყველამ იცით ხომ ფარაონების მთავარი ტიტული „მზის ძე“, პირველად სწორედ მან გამოიყენა საკუთარ ტიტულატურაში. გინდათ კიდევ უფრო საინტერესო რამ გითხრათ? გგონიათ იცით ვინ ააგო გიზას დიდი სფინქსი??? მეც მეგონა რომ ვიცოდი… სულ ტყუილად. თანამედროვე კვლევებმა დაადასტურეს, რომ სწორედ ჯედეფრიმ ააგო დიდი სფინქსი, მამის – ხუფუს კულტის საპატივსაცემოდ.
ახალ კი მთავარი კითხვა, რა მოუვიდა პირამიდას, რატომაა ნანგრევებად ქცეული, როდესაც მისი მამისა და ძმის პირამიდები კვლავაც ამაყად დგანან გიზას ველზე. პასუხი ძალიან მარტივი და თან შემაწუხებელია. ადამიანები… ჯერ კიდევ რომაელებმა დაიწყეს ახ.წ. I საუკუნეში ჯედეფრის პირამიდიდან ქვების წაღება და ახალ მშენებლობებში მისი გამოყენება. ეს პროცესი XX საუკუნემდე გრძელდებოდა, ისლამურ კაიროში უამრავი მეჩეთი და მედრესეა სწორედ მისი პირამიდიდან წაღებული კირქვით ნაგები.