დედოფალთა ველი თებეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნეკროპოლისია, რომელიც მედინეთ აბუს ტაძრის სამხრეთით მდებარეობს. ნეკროპოლისი მართლაც ულამაზესია და თავის ეგვიპტურ სახელს „ტა სეთ ნეფერუ“ – „მშვენიერების ადგილი“, ნამდვილად ამართლებს. ახალი სამეფოს (ძვ.წ. 1550-1070) ფარაონების ცოლებისა და შვილების სამარხები, აქ XVIII დინასტიის პერიოდში გამოკვეთეს პირველად. არაბი მოსახლეობა დღეს ამ ადგილს „ბიბნ ელ მელექეტს“, ანუ დედოფალთა ჭიშკარს უწოდებენ. ნეკროპოლისის ნამდვილი ღირსშესანიშნაობა ჩანჩქერია, რომელსაც ეგვიპტელები „ციურ წყლებს“ეძახდნენ.
იტალიელი არქეოლოგი და ავანტიურისტი, ჯოვანი ბელცონი პირველი იყო რომელიც 1816 წელს ველს არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად ესტუმრა. მის მიერ ჩატარებული გათხრები დღესაც დიდ კრიტიკას იმსახურებს, ბელცონის მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი სამარხი გაეთხარა და განძი მოეპოვებინა. კერამიკა, უბრალო სამარხი ინვენტარი მასში დიდ ინტერესს არასოდეს აღძრავდა, მხოლოდ ოქროთი მოვარაყებულ ნივთებს ეძებდა. 1828 წელს კი ჯონ გარდინერი მუშაობდა დედოფალთა ველზე, სწორედ მან გათხარა 24 მან სამარხი. გარდინერია კვალს მიყვნენ შამპოლიონი, როზელინგი, კარლ რიჩარდ ლეპსიუსი და სხვა არქეოლოგები. დღესდღებით 98 სხვადასხვა აკლდამაა გათხრილი და მათი უმეტესობა XX საუკუნის განმავლობაში გამოვლინდა.
დედოფალთა ველის დედოფლები
XVIII დინასტიის დაცემის შემდეგ, ტახტს რამზეს I, მებრძოლი სეთი I და რამზეს II ეუფლებიან, რომლებიც არა მხოლოდ მტკიცე ხასიათით გამოირჩეოდნენ, არამედ მათ გვერდით მდგარი ჭკვიანი ქალბატონებითაც. პირველი მათგანი რომელიც მინდა გამოვყო დედოფალი სიტრეა, დინასტიის დაამრსებლის, რამზეს I-ის მეუღლე და მომავალი ფარაონის სეთი I-ის დედა. სიტრე – „რას ქალიშვილს“ ნიშნავს და მეუღლის ტახტზე ასვლის შემდეგ, დედოფლის ტიტულს იღებს. დედოფალთა ველზე არსებულ მისი სამარხის QV38 წარწერებიდან ვიგებთ, რომ სიტრე არასოდეს ყოფილა მხოლოდ დედოფალი, არამედ ფარაონის უახლოესი მრჩეველი, კომპანიონი და მეგობარი. სიტრეს სამარხი ერთ-ერთი პირველი იყო დედოფალთა ველზე, რომელიც დღეს უამრავ დაუმთავრებელ რელიეფებსა და წარწერებს მოიცავს. თუმცა, მისი კარტუში და სახე მკაფიოდ ჩანს კედლებზე. შემორჩენილი წარწერები მოგვითხრობს ქალბატონზე, რომელიც სასახლის კარზე აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა და ეგვიპტის მომავალ მმართველს ძლიერი მემკვიდრეობა დაუტოვა.
მუტ-თაი – სიტრეს შემდეგი დედოფალია, რომელიც მომავალ ფარაონზე თვით სიტრეს დახმარებით ავიდა. გაინტერესებთ ვინ იყო მისი ვაჟი? თვით რამზეს დიდი. ჯერ კიდევ მისი მეუღლის მეფობის დროს აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის მართვაში, ასევე აგრძელებდა მის სიკვდილამდე, სეთი I-ის მეფობის 22-ე წლამდე. მუტ-თაის სამარხი დედოფალთა ველზე QV80 ნომრითაა ცნობილი, მართალია წყალმა, მძარცველებმა და ქვიშამ სამარხი სასტიკად დააზიანეს, შემორჩენილი წარწერები კვლავაც მოგვითხრობს მის დიდებულ ცხოვრებასა და მოღვაწეობზე. საბედნიერიდ მისი საკანოპე ჭურჭელი ლუქსორის მუზეუმში ინახება და ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნამუშევარია.

დედოფალთა ველის ნამდვილი მარგალიტი, რამზეს II-ის უსაყვარლესი მეუღლის, ნეფერტარის სამარხია. მათი სიყვარული დღემდე ლეგენდადაა შემორჩენილი, დედოფლისათვის აგებული ულამაზესი აკლდამა კი ფარაონის სიყვარულის ნამდვილი მტკიცებულებაა. ძველ ეგვიპტეში, მხოლოდ ეხნატონისა და ნეფერტიტის შემთხვევა მახსენდება, როდესაც ფარაონი ღიად გამოხატავდა გრძნობებს დედოფლის მიმართ, მეორე შემთხვევა კი აქ, დედოფალთა ველზე შეგიძლიათ ნახოთ. სამარხის წარწერებში ფარაონი პირველ პირში საუბრობს მის უდიდეს სიყვარულზე, რომელიც ნეფერტარის მიმართ გააჩნია, მწუხარებაზე, რომელიც მას დაეუფლა დედოფლის გარდაცვალების შემდეგ. გავრცელებული ვერსიის თანახმად, რამზესისა და ნეფერტარის ქორწინება, დედოფლისა და ფარაონის ჩარევით არ მომხდარა, ახალგაზრდა ტახტის მემკვიდრეს ნეფერტარი თავდავიწყებით შეუყვარდა და მიუხედავად პოლიტიკური მოტივებისა (ნეფერტარი მამის ხაზით, ამარნას ერთ-ერთ რეფორმატორს, ეის ენათესავებოდა), მაინც იქორწინა მასზე.
1905 წელს, როდესაც სამახი აღმოაჩინეს, მეცნიერები განცვიფრებულნი იყვნენ წარწერებისა და რელიეფების სილამაზით, დახვეწილობით, ასევე ადამიანების ვანდალობით, რომლებმაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს სამარხს. სამწუხაროდ აკლდამა რამდენჯერმა გაუძარცვავთ, მუმია გაიტაცეს და სამარხში მხოლოდ მისი მუხლები აღმოაჩინეს.

ნეკროპოლისში უამრავმა სხვა დედოფალმა დაიდო სამუდამო განსასვენებელი, თუმცა სამწუხაროდ მათი სამარხებიც გაიძარცვა და მუმიები დაკარგა. ჩვენი დედოფლებიც დედები და ქალები იყვნენ, აქედან გამომდინეარე, მათაც სურდათ შვილები საიქიო ცხოვრებაში მათთან ერთად ყოფილიყვნენ, სამარხები კი გვერდი-გვერდ აეგოთ. XVIII დინასტიიდან (ძვ.წ. 1550-1295 წწ) სამეფო ოჯახის სხვა წევრების აკლდამების გამოკვეთაც დაიწყეს, პრინცების რომლებიც სამეფო ტახტზე ვერასოდეს ავიდოდნენ.
ღმერთების ვაჟები
1900-იანი წლებში დედოფალთა ველზე ახალი 5 სამარხი აღმოაჩინეს, რომლებიც რამზეს III-ის ვაჟებს ეკუთვნოდათ, აკლდამებს შორის გამორჩეულებია ამუნ-ჰერ-ხოფშეფისა (QV55) და კემვასეტის (QV44). რელიეფები კარგადაა შემონახული და ოჯახურ სითბოს დღემდე ასხივებს. ტრადიციულ ეგვიპტურ კილტში გამოწყებილ პრინცებს, თვით ფარაონი მიაცილებს ღმერთებთან და წარუდგენს მათ. ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა 5 თვის განუვითარებელი ნაყოფის ნეშტი, რომელიც სავარაუდოდ ამუნ-ჰერ-ხოფშეფის მომავალი და ან ძმა უნდა ყოფილიყო, თუმცა ორსულობის მე-5 თვეს დედოფალს მუცელი მოეშალა. რამზეს III-ის ვაჟების სამარხებიდან გამორჩეული და საინტერესოა QV43 სეთ-ჰერ-ხოფსეფის, რომელიც მოგვიანებით ტახტზე ადის როგორც რამზეს VIII, თუმცა ეგვიპტეს მხოლოდ ერთი წლით (ძვ.წ. 1130-1129 წწ) მართავდა, სავარაუდოდ მანაც სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა და მამის მსგავსად მოკლულ იქნა.
დედოფალთა ველზე დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, საკონსერვაციო სამუშაოები. მეცნიერებს უდიდესი სია აქვთ დაკარგული დედოფლების, პრინცებისა და პრინცესების ვისი სამახის პოვნის დიდი იმედი აქვთ. პირადად ჩემი უდიდესი იმედი და ოცნებაა, ერთ დღესაც რამზეს II-ის დედოფლის ისისნოფრეტის, მერიტამენის, ბენთანას სამარხებს მიაკვლევენ. დიახ, დიახ, ჩემი მოსახელის სამარხი დღემდე არ უპოვიათ, რა ჯობია იმაზე ფიქრს რომ ჩვენი პრინცესა ღირსეული და დიდებული დედოფლების გვერდითაა დაკრძალული; თანაც თუ ოცნებაა, ბარემ ვიოცნებოთ რომ იქვე რამდენიმე ოქროს დახვეწილი ნივთი და რაც მთავარია, ხელუხლებელი მუმია დახვდებათ.