ეხნატონის ჰიმნი ატონისადმი

 მე-18     დინასტიის ფარაონი ამენხოტეპ IV (ეხნატონი) მეფობდა ძვ.წ 1353-1335წწ-ში. ტახტზე ასვლისთანავე ამენხოტეპ IV-მ თავისი ძალაუფლება და სიმდიდრე რეფორმებს მოანდომა: აკრძალა ყველა ღმერთის თაყვანისცემა და ერთადერთ ღმერთად ატონი გამოაცხადა. იგი იცვლის სახელს და ირქმევს ეხნატონს („ატონის სული“, „ატონის მსახური“). მეფობის მე-6 წელს დედაქალაქი თებედან ახეტატონში (ელ ამარნა) გადააქვს, რომელიც მისი ბრძანებით აშენდა და ატონს მიეძღვნა.
აღსანიშნავია ის, რომ ატონის კულტის შექმნა არ მიეწერება ეხნატონს. იგი გაღმერთებული იყო მის ტახტზე ასვლამდე და საკუთარი ტაძარიც კი ჰქონდა.
ფარაონის პროგრამა შეიცავდა ახალ რელიგიურ წარმოდგენებს, ახალ სახელს ახალ დედაქალაქს, ახალ არქიტექტურას და ხელოვნებას და ახალ სალიტერატურო ენას.
დღემდე სადავოა, თუ რა ედო საფუძვლად ეხნატონის რეფორმებს. არის ვერსია, რომ იგი იყო ოჯახის გავლენის ქვეშ. ზოგი თვლის, რომ მისი რეფორმების საფუძველი პოლიტიკური იყო, რათა შეეზღუდა ამონის ტაძრის ქურუმთა ძალაუფლება.
ეხნატონი გულგრილი იყო ყველა პოლიტიკური მოვლენისადმი, რომელიც არამარტო ქვეყნის, არამედ ამარნას გარეთ ხდებოდა. მისი ინდიფერენტულობა პოლიტიკისადმი, ქვეყანას კოლონიების დაკარგვის, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის და კორუფციის ფასად დაუჯდა.

ფარაონი ეხნატონი ბატს მსხვერპლად სწირავს ღმერთ ატონს.
ფარაონი ეხნატონი ბატს მსხვერპლად სწირავს ღმერთ ატონს.

 მისმა რეფორმებმა უარყოფითი რეაქციები გამოიწვია, როგორც არისტოკრატიაში, ისე რიგით მოქალაქეებში, რადგან ეხნატონის რელიგია დოგმატური იყო და კრძალავდა სხვა ღმერთების თაყვანისცემას, ეს კი ეგვიპტელისათვის წარმოუდგენელი იყო.
მისი გარდაცვალების შემდეგ, ეხნატონის რეფორმები დაგმეს, ხოლო ეხნატონი დავიწყებას მიეცა.
ატონის ჰიმნის რამდენიმე ვერსია არსებობდა ახეტატონში, დიდებულთა სამარხების კედლებზე.  ყველაზე სრულად აის სამარხის კედელზე მოთავსებული ვარიანტი ითვლება. ჰიმნის ავტორად თავად ეხნატონი მიიჩნევა. ჰიმნში ატონი გამოცხადებულია ერთადერთ ღმერთად და სამყაროს შემოქმედად. ატონის ჰიმნი გამორჩეულია ძველეგვიპტური ჰიმნებისაგან იმით, რომ მის გარდა სხვა ღმერთი  არ არის მოხსენიებული. „შენ ერთადერთი ხარ და არ არის შენს გვერდით მეორე(სხვა)“ – ასე მიმართავს ეხნატონი ატონს.
მეცნიერებაში ბევრს საუბრობენ „ატონის ჰიმნის“ და 104 ფსალმუნის მსგავსებაზე და ეგვიპტურ გავლენაზე, რომელიც ძველ აღთქმაში იგრძნობა (Nigosian, 2004, 133).

 ეხნატონის ჰიმნი ატონისადმი                                                            

„ატონის ჰიმნი“ იეროგლიფებით
„ატონის ჰიმნი“ იეროგლიფებით

ახლა კი შემოგთავაზებთ ამ ტექსტის თარგმანს აის სამარხიდან :

  დიდება და სიცოცხლე ხორახტის, რომელიც ხარობს  ჰორიზონტზე, თავის სახელით – შუ, რომელიც არის ატონი. დაე, ცხოვრობდეს ის მარად და მარად ცოცხალი და დიადი.

ზეიმობს ყოველი, რასაც მისი სხივები ეფინება. ატონი, ბატონი ცისა და მიწისა, ბატონი ატონის ტაძრისა ახეტატონში.

ზემო და ქვემო ეგვიპტის ხელმწიფე, რომელიც ცხოვრობს სიმართლით, ორივე მიწის ბატონი  ნეფერ ხეპრუ რა, უა ენ რა[1], რას ვაჟიშვილი, რომელიც ცხოვრობს სიმართლით, გვირგვინების ბატონი – ეხნატონი, დაე, გაგრძელდეს მისი სიცოცხლის დღენი.

მეფის დიდი ცოლი, რომელიც უყვარს მეფეს, ორი ქვეყნის ქალბატონი, ნეფერ ნეფრუ ატონი[2], ნეფერტიტი. დაე, იყოს ჯანმრთელი და ცოცხლობდეს საუკუნეების მანძილზე, მარად და მარად!

ამბობს ის: „ამობრწყინდები შენ, მშვენიერო, ცის ჰორიზონტზე! ო, ატონ! ცოცხალო, სიცოცხლის საწყისო! ამობრწყინდები რა  აღმოსავლეთ ჰორიზონტზე, ავსებ ყველა მიწას შენი მშვენებით!

შენ მშვენიერი ხარ, დიადი ხარ! – ზემოდან  დაჰნათი დედამიწას! შენი სხივები გარს ერტყმის ყველა ქვეყანას, შენ მიერ შექმნილის კიდემდე. შენ მზე ხარ და ეფინები ყოველივეს.

შენ დაუმორჩილე ყოველივე შენს ვაჟს,რომელიც გიყვარს.

შენ შორს ხარ, შენი სხივები კი მიწას ეფინება.

როდესაც ჩაესვენები დასავლეთის ჰორიზონტზე,დედამიწას წყვდიადი მოიცავს, გარდაცვლილთა სამყაროს მსგავსად.

ხალხს სძინავს საძინებლებში, წყვდიადია და ვერ ხედავს ერთი თვალი მეორეს. მათი სასთუმლის ქვეშ დამალული ნივთები მოპარულია,მათ კი არ იციან ეს.

ლომები გამოდიან ბუნაგებიდან, გველები იგესლებიან წყვდიადში, სახლები განათებულია ლამპრებით, დედამიწა გარინდებულია, როცა მისი შემქმნელი ჩაესვენება ცის კიდის მიღმა.

ნათელი ეფინება მიწას, როცა შენ აღზევდები ჰორიზონტზე. შენ ბრწყინვალე მზის დისკო ხარ დღისით. განდევნი წყვდიადს შენი სხივებით და ორივე მიწა ზეიმობს შენს აღზევებას.

ყველა წამოდგება ფეხზე შენ მიერ გაღვიძებული, განიბანება, შეიმოსება და ხელაპყრობილი გადიდებს შენ, როდესაც ანათებ დედამიწას მის კიდემდე.

ადამიანები შეუდგებიან თავის სამუშაოს, ცხოველები ბედნიერნი არიან საძოვრებზე, მცენარეები და ბალახები მწვანედ ბიბინებენ, ჩიტები ამოფრინდებიან ბუდეებიდან და მათი ფრთები ადიდებენ შენს კას. ყველა ცხოველი და ფრინველი გახარებული და ბედნიერია.რადგან შენი ბრწყინვალება აცოცხლებს მათ. გემები დაცურავენ ჩრდილოეთისაკენ და სამხრეთისაკენ, ყველა გზა ხსნილია, როდესაც შენ ბრწყინავ. თევზები გახარებულნი ხტიან მდინარეში შენი სხივების ქვეშ. შენი სხივები აღწევენ ზღვის სიღრმეში.

შენ ქმნი ჩანასახს ქალში და სითხეს მამაკაცში.

შენ აცოცხლებ ვაჟს დედის სხეულში, ამშვიდებ მას და ის აღარ ტირის.

შენ ანიჭებ სუნთქვას შენ მიერ შექმნილს, როდედაც ის ტოვებს დედის სხეულს.[…] მისი დაბადების დღეს. შენ ხსნი მის ბაგეებს და ქმნი ყველაფერს, რაც მას სჭირდება.

როდესაც ბარტყი კვერცხშია და გაისმის მისი ხმა ნაჭუჭში, შენ ანიჭებ მას სუნთქვას.

შენ უწესებ მას ნაჭუჭის გატეხვის დროს.

გამოდის ის კვერცხიდან და გაიღებს ხმას, შენ მიერ დადგენილ დროს.

მრავალფეროვანი და იდუმალია შენ მიერ შექმნილი, ერთადერთო ღმერთო, რომლის გვერდით არ არის სხვა.

შენ შექმენი მიწა, შენი გულის წადილის შესაბამისად, როდესაც შენ იყავი მარტო (ერთადერთი).

შენ შექმენი ადამიანები, ყველანაირი ცხოველი და ფრინველი, რომელნიც დადიან ხმელეთზე და ფრენენ ცაში.

ქვეყნები – სირია, კუში, ეგვიპტე, შენ მიუჩინე ყველა ადამიანს თავისი ადგილი ამ ქვეყნებში.

შექმენი ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ – თითოეულს აქვს თავისი წილი საკვები და მოზომილი აქვს თავისი სიცოცხლის დრო.

ყველას ენა და სახე განსხვებულია.  სხვადასხვაა მათი კანის ფერიც,იმიტომ, რომ განასხვავე შენ ერთი ქვეყანა მეორისაგან.

შენ შექნენი ნილოსი მიწისქვეშეთში და ამოიყვანე ის დედამიწაზე, შენი სურვილისამებრ, რომ აცოცხლო ადამიანები, რადგანაც შექმენი ისინი შენთვის.

შენ ხარ მათი ბატონი სამარადისოდ, დედამიწის ბატონო, რომელიც აღზევდები მათთვის.ო, ატონ!დიადო, პატივდებულო, რომელიც ბრწყინავ დღისით.

ყველა უცხო ქვეყანა და მხარე შენი შექმნილია, ისინი შენი წყალობით ცოცხლობენ, რადგან შენ უბოძე მათ ზეცას  ნილოსი, რომ აწვიმდეს ის  და ქმნიდეს მთებზე ტალღებს, ზღვის ტალღების მსგავსად, რათა დაარწყულოს მათი მინდვრები.

რა ბრწყინვალეა შენი საქმენი, მარადიულობის ბატონო! შენ შეჰქმენი ნილოსი ცაში უცხო ქვეყნებისათვის და უდაბნოში ოთხფეხა ცხოველებისათვის, ხოლო ნილოსი, რომელიც მოსჩქეფს მიწისქვეშეთიდან – საყვარელი ხალხისთვის.

შენი სხივები კვებავენ ყველა მინდორს, რომლებიც ცოცხლობენ და ყვავიან შენთვის, როდესაც შენ აღზევდები.

შენ შექმენი დროთა სვლა, რომ კვლავდაკვლავ წარმოიშვას შენ მიერ შექმნილი.

შენ შექმენი ნილოსის ადიდება მიწის გასაგრილებლად, რომ შემდგომ დამწიფდეს ყველაფერი.

შენ შექმენი დიდებული ზეცა, რომ აღზევდე იქ და თვალი მოავლოყოველივეს, შენ მიერ შექმნილს.

შენ ერთადერთი ხარ, შენ აღზევდები შენი სახეებით, როგორც მზის დისკო.

შენ ხარ ცოცხალი, აღზევებული, ბრწყინვალე.

შენ შორს ხარ, მაგრამ შენი სხივები ჩვენამდე აღწევს.

შენ,ერთმა, შექმენი მილიონობით სხვადასხვა სახე. ქალაქები, სოფლები, მინდვრები, გზები და მდინარე შენ შემოგხარიან, ყველაფრის შემქმნელი მათ თვალწინ ხარ, როცა შენი დისკო ბრწყინავს დღისით.

ყველაფრის ზემოთ შენ ხარ, გადაადგილდები ზეცაში, რომ ცოცხლობდეს ყოველი შენ მიერ შექმნილი. სრულყოფილია ყოველივე რაც კი შექმენი. შენ თვითონ ხედავ [………………………………………………………………………………………………………………………]

ერთადერთი ხარ შენ.

შენ ჩემს გულში ხარ და არ არსებობს მეორე, რომალმაც შეგიცნო შენ, გარდა შენი ვაჟისა, ნეფერხეპრურასი, ერთადერთი, რომელიც ჰყავს რას, რომელმაც იცის შენი საიდუმლო.

შენ ამცნე მას შენი საქმენი და სიდიადე.

შენი შექმნილია მიწაც და ადამიანებიც.

ამობრწყინდები და ისინი ცოცხლობენ, ჩაესვენები და  კვდებიან.

შენ განსაზღვრავ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას.

ისინი ცხოვრობენ შენში.

ყველა თვალი მოპყრობილია შენი მშვენიერებისაკენ, შენს ჩასვენებამდე.

ჩერდება ყოველი საქმე, როდესაც ჩაესვენები დასავლეთში.

შენ აღზევდები და ზრდი […….] მეფისათვის.

ხარობს ყველაფერი ქვეყნის კიდემდე მას შემდეგ, რაც შექმენი დედამიწა.

გააღვიძე ისინი შენი ვაჟისათვის, რომელიც შექმნილია შენი სხეულისაგან.

რომელიც არის ზემო და ქვემო ეგვიპტის მეფე, მცხოვრები სიმართლით, 2 ქვეყნის ბატონი, ნეფერ ხეპრუ რა, უა ენ რა, რას ვაჟიშვილი, მცხოვრები სიმართლით, გვირგვინების ბატონი – ეხნატონი, დიადი თავისი სიცოცხლის წლებით.

და მეფის დიდი ცოლისათვის, რომელიც უყვარს მეფეს, ორივე მიწის ქალბატონის, ნეფერ ნეფრუ ატონის, ნეფერტიტისათვის, დაე, იყოს ჯანმრთელი და ცოცხლობდეს საუკუნეების მანძილზე, მარად და მარად!

[1] „მშვენიერი გამობრწყინება,ერთადერთი, რომელიც ჰყავს რას“

[2] „მშვენიერი სილამაზე ატონისა“
ანხესენპაატენი და მერიტატენი ეტლით მიემართებიან ატონის მზის ტაძარისაკენ.

ჰიმნი თარგმნა და ტექსტი მოამზადა უნიჭიერესმა ეგვიპტური ენის სპეციალისტმა ნინოკა წამალაშვილმა!!! დიდი მადლობა მას, რომ საშუალება მოგვცა ჩვენს მშობლიურ ენაზე წავიკითხოთ ატონის ჰიმნი. სამწუხაროდ ქართულად ნათარგმნი მასალები სულ თითზე ჩამოსათვლელია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნინოკას. 

ეხნატონი და ატონის კულტი

ამენჰოტეპ IV, იგივე ეხნატონი, ძველი ეგვიპტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი და საოცარი ფარაონია. მიუხედავად მისი მემკვიდრეების დიდი მცდელობისა, ისტორიამ შემოგვინახა ფარაონის სახელი და იდეები. XVIII დინასტიის უძლიერესი სამეფო წყვილის ამენჰოტეპ Ш და დედოფალ ტიიას ვაჟი, უდიდეს რეფორმებს წამოიწყებს და სამუდამოდ ჩაიწერება ისტორიაში. ალბათ, ეხნატონს შეუპოვარი ხასიათი დედისგან დაჰყვა, ქალისგან რომელიც არასამეფო წარმოშობის იყო, თუმცა „დიდებული სამეფო ცოლის“ – ეგვიპტის დედოფლის ტიტული მოიპოვა და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დედოფალად გვევლინება.
ეხნატონმა ამონ-რას ქურუმთა ძლიერი და მდიდარი კასტის წინააღმდეგ გაილაშქრა, სამხედრო ძალების მეშვეობით დახურა ტაძრები, ძველი ღმერთების სახელები ამოშალა რელიეფებიდან, დაამსხვრიეს მათი ქანდაკებები, ტაძრებს ჩამოერთვათ მათ დაქვემდებარებაში მქონე მამულები. როდესაც რელიგიურ რეფორმაზე ვსაუბრობთ, აუციელბელია გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ეგვიპტური რელიგია ეხნატონის მეფობისას უკვე 2000 წელს ითვლიდა. ქვეყანა ყოველდღიურობით მტკიცედ იყო გადაჯაჭვული რელიგიას. რა თქმა უნდა მისი რევოლუციური იდეები ადვილად არ მიუღია საზოგადოებას და არც ქურუმებს.

ეხნატონი თაყვანს სცემს ატონს
ეხნატონი თაყვანს სცემს ატონს, კარნაკის ტაძარის დამსხვრეული სამლოცველო.

ახლა კი, ვეცადოთ რომ ამ ყველაფერს ლოგიკურად მივყვეთ, მის პიროვნებასა და ისტორიაში რომ არ დავიკარგოთ 🙂 ამენჰოტეპ  IV ტახტზე მამის გარდაცვალების შემდეგ ძვ.წ. 1352 წელს ადის. მეფობის პირველივე წელს ნათელი ხდება, რომ ახალგაზრდა ფარაონი ქურუმთა წესებით თამაშს არ აპირებს და კარნაკის ტაძარში, რომელიც ამუნ-რას კულტის ცენტრს წარმოადგენს ტაძარს აგებს, თუმცა აქ საინტერესო ისაა, რომ ტაძარი მზის ღმერთს – ატონს ეძღვნება. ქორწინდება დედოფალ ნეფერტიტიზე, რომლის წარმოშობა და შემდგომი ბედიც სრულიად ბუნდოვანია. მეფობის მე-6 წელს იცვლის სახელს და ირქმევს ეხნატონს, ამავე დროს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად ატონს აღიარებს. აქვე იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და დედაქალაქი თებედან ახლად აშენებულ ქალაქ ახეტატონში გადააქვს, რომელიც უდაბნოში რამდენიმე წელში აიგო და არც ერთ ძველ ეგვიპტურ ღმერთთან არ ასოცირდებოდა.
ამ სტატიაში ძირითადად ხაზი მინდა გავუსვა მის იდეოლოგიას, რომელიც ნამდვილად იმსახურებს აღფრთოვანებას. თუმცა პატარა გენეალოგიური ხეც არ დავივიწყოთ.
უკვე აღვნიშნე მისი მშობლები, ყველამ ვიცით ასევე მისი ულამახესი მეუღლე – ნეფერტიტის სახელი. რა თქმა უნდა, ეხნატონსაც სხვა ფარაონების მსგავსად რამდენიმე ცოლი ჰყავდა, მათ შორის კიია, სიტამუნი, მერიტატენი და სავარაუდოდ ანხესენამუნი. ნეფერტიტსა და ეხნატონს 6 ქალიშვილი გაუჩნდათ: მერიტატენი, მაკეტატენი, ანხესენპაატონი, ნეფერნეფერუატენი, ნეფერნეფერურე და სეტეპენრე. ტახტის მემკვიდრის – ტუტანხამონის დედის სახელი დღემდე უცნობია, თუმცა მისი მუმია ნაპოვნია და კაიროს მუზეუმში შეგიძლიათ მისი ნახვა. დნმ ანალიზით დადგინდა, რომ ტუტანხამონის დედა ეხნატონის ღვიძლი დაა, თუმცა მისი სახელი დღემდე უცნობია. ეხნაოტინის კიდევ ერთი მემკვიდრეა სმენკჰარე, რომელზეც მხოლოდ მისი სახელია ცნობილი. არ ვიცით ის რეალურად არსებული პიროვნებაა, თუ ახალ სახელს ამოფარებული ყველასთვის ნაცნობი ნეფერტიტი? თუ სმენკჰარე მართლაც ეხნატონის ვაჟია, მაშინ ვინ იყო მისი დედა? რატომ არაა არსად მოხსენიებული?

ეხნატონი და ნეფერტიტი თაყვანს სცემენ ატონს.
ეხნატონი და ნეფერტიტი თაყვანს სცემენ ატონს.

ეხნატონის ახალი რელიგია ახალ ტრადიციებს, ხელოვნებას, იდეოლოგიასა და ხელოვნების განსხვავებულ სტილს მოითხოვდა. რელიეფებსა და ქანდაკებებზე ვხედავთ  დაქანებული შუბლისა და წაგრძელებული თავის ქალის მქონე მამაკაცს, უშნო სახით, მოშვებული მოცლით, მრგვალი და ქალური თეძოებით, ზედმეტად გრძელი თითებით. ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ფარაონს მთელი ცხოვრების მანძილზე ტანჯავდა სხვადასხვა დაავადებები და ძლიერ ტკივილები. მაგრამ სიმართლეა კი ეს? ადამიანს რომელსაც მრავალმხრივი ფიზიკური და გონებრივი ნაკლი ჰქონდა, განა შეეძლო მსგავსი თითქმის ახალი ქვეყნის შექმნა? რა თქმა უნდა არა.
ატონი ძველ ეგვიპტეში ეხნატონამდე ჯერ კიდევ 1000 წლით ადრე იყო ღმერთად გამოცხადებული, თუმცა ფარაონმა ის გამოარჩია როგორც უზენაესი და ერთადერთი ღმერთი. ღმერთთან ხალხის უშუალო შუამავალი სწორედ ფარაონი გახდა, მას უნდა ელოცა ეგვიპტის კეთილდღეობისა და მოსახლეობის იმქვეყნიური ცხოვრების მოსაპოვებლად.
ცვლილებები უშუალოდ ტაძრის არქიტექტურასაც შეეხო. ალბათ გახსოვთ, რომ წმინდა სამლოცველოებში შესვლა მხოლოდ უმაღლესი ქურუმებისა და ფარაონებისათვის იყო დაშვებული. ადგილი სადაც ღვთაებების ქანდაკებებს ინახავდნენ, დახურული და ჩვეულებრივი მოკვდავის თვალისათვის ყოვლად მიუწვდომელი იყო. ეხნატონმა სწორედ ეს ელემენტი გამოიყენა და შეცვალა, ხალხის მეტი ჩართულობისათვის ატონის სამსხვერპლოები ღია, უზარმაზარ ეზოში გააკეთებინა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მსხვერპლის შეწირვა.

პერატენი - ატონის მთავარი ტაძარი ახეტატონში
პერატენი – ატონის მთავარი ტაძარი, პილონებს შორის გარკვევით ჩანს ღია ცის ქვეშ მდებარე სამსხვერპლო ქვები.

აუცილებელი იყო დიდი რელიგიური დღესასწაულების ახალი ტრადიციებით ჩანაცვლება. ოპეტის დღესასწაული, ამუნ-რას კულტის უდიდესი დღე იყო მთელს ეგვიპტეში და დიდი ზარზეიმით აღინიშნებოდა. ეხნატონმა, ლოგიკურია გააუქმა ოპეტი და მას ახალი ტრადიცია – მესუტ ატენი დაუპირისპირა, რომელიც ყოველთვიურად ტარდებოდა და გულისხმობდა ყველაფერ იმას, რაც ატონს ისიამოვნებოდა; საუბარია ღვინის, ხილის, ბოსტნეულისა და თუნდაც ხორცის მსხვერპლშეწირვაზე. როგორც რელიეფებზეა გამოსახული, ამ დღისათვის სამეფო ოჯახი სასახლიდან  ატონის დიდ ტაძრამდე, პერ-ატონამდე (ატონის სახლი) ეტლებით მიემართებოდა და მოსახლეობას სურსათს ურიგებდა.

მერირეს სამარხი - ეხნატონი და სამეფო ოჯახი
მერირეს სამარხის რელიეფზე გამოსახულია სამეფო ოჯახი, რომელიც ეტლებით მიემართება პერატენისაკენ.

ეხნატონის ბრძანებულებები და რელიგიური ჰიმნები განსხვავებული ენით იწერებოდა და ზოგი მეცნიერი თვლიდა, რომ ეს იყო სალაპარაკოსთან მიახლოვებული ენა, მაგრამ ახალი სამეფოს არალიტერატურულ ტექსტებთან შედარება გვაჩვენებს, რომ ეს არც სალაპარაკო ენა იყო. ჩნდება გარკვეული ახალი გრამატიკული ელემენტები ამარნას ტექსტებში. აქედან ჩანს, რომ ეხნატონს სურდა განევითარებინა საკუთარი ენა დოქტრინების ჩასაწერად.
ფარაონის რეფორმა შეეხო ხელოვნებასაც, როდესაც დაამსხვრია ეგვიპტის ათასწლოვანი ტრადიცია ფარაონი წარმოეჩინათ სრულყოფილ ღმერთკაცად, რომელსაც იდიალური და მარად ახალგაზრდა ფორმები ამშვენებს. სამეფო ოჯახი ერთადაა გამოსახული, ფარაონი და მისი დიდი დედოფალი მათ შვილებს ეთამაშებიან, ატონს თაყვანს ერთად სცემენ, ერთგულ მსახურებსა და ქურუმებს გულუხვ საჩუქრებს გადასცემენ. ხშირად გამოსახულია მამა, რომელიც შვილს ეხუტება; ქმარი, რომელიც მეუღლეს ეამბორება. მსგავსი რამ ეგვიპტური ხელოვნების ისტორიაში არასოდეს მომხდარა. ბერლინის მუზეუმში სტუმრობისას, ბედმა გამიღიმა და ამარნას ხელოვნების უნიკალური ნიმუშების ხილვის საშუალება მომეცა. ქვემოთ ნაჩვენები სტელა, თქვენ რომ წარმოგიდგენიათ იმაზე კიდევ უფრო პატარაა, თუმცა თითქოს ანათებს და ასხივებს სხვა არტეფაქტებს შორის. დღემდე ოჯახური სითბო და სიხალისე იღვრება, მითუმეტეს განყენებული ეგვიპტური რელიეფების შემდეგ, ამარნას კოლექცია მართლაც საოცარია.

akhenaten-nefertiti-the-pergamon
ეხნატონი და ნეფერტიტი გამოსახულნი არიან მათ ქალიშველიბთან ერთად. თუ კარგად დააკვირდებით, ფარაონი ერთ-ერთ მათგანს ეამბორება. დანარჩენი ორი, დედოფალთან არიან, ერთი საყურეზე ეთამაშება, მეორე კი კალთაში უზის.

ახლა კი, ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო დეტალი. თუ, დიდი ტაძრის – პერ ატენის გეგმას კარგად დავაკვირდებით, ის ახეტატონის ზუსტი მოდელია, ანუ მთლიანად ახალი დედაქალაქი ატონის წმინდა სამყოფელად ითვლებოდა. თუმცა, მთავარი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე ცენტრალური პილონის გასწვრივ, მთებს შორის საიდანაც მზე ამოდის, ეხნატონმა საკუთარი სამარხი გამოაკვეთინა კლდეში. ანუ, ყოველ დღე მისი გარდაცვალების შემდეგ, მზე – ღმერთი ატონი ჰორიზონტზე სწორედ მისი სამარხიდან ამოვიდოდა და ეგვიპტეს ნათელს მოჰფენდა. ახლა უკვე ქალაქის სახელიც ახეტატონი – ატონის ჰორიზონტიც მნიშვნელობას იძენს.

sarcophagus-of-akhenaten
ეხნატონის ოქროს სარკოფაგი – კაიროს მუზეუმი

დღესდღეობით ეხნატონის მუმია კაიროს მუზეუმშია დასვენებული. ახეტატონის დიდებული სამარხი მიტოვებულ და განადგურებულ იქნა ძველი რელიგიის აღდგენისთანავე. გათხრებისას აქ არქეოლოგებმა წითელი გრანიტის დამსხვრეული სარკოფაგი, სასმისები, სამკაულები, მცირე ზომის ქანდაკებები და დანები აღმოაჩინეს. აქვე იყო პატარა სამარხი კამერაც, რომელიც სავარაუდოდ ეხნატონის ადრიანად გარდაცვლილი 2 ქალიშვილის დასასვენებლად გამოიყენეს. საბოლოოდ, ყველასათვის მოულოდნელად ფარაონის ნეშტი მეფეთა ველზე იქნა აღმოჩენილი, კიიასათვის განკუთვნილ სარკოფაგში, დედოფლისსავე კანოპები მისი ორგანოების შესანახად გამოეყენებინათ, აქვე იყო დედამისის – ტიისა და ტუტანხამონის უთვკნილი ჭურჭელი. დნმ ანალიზის შედეგად დამტკიცდა, რომ ნეშტი ეხნატონს ეკუთვნის. სარკოფაგს აშკარად ეტყობოდა განზრახ დაზიანების კვალი, მიცვალებულის სახე დაზიანებული იყო, ასევე კარტუშები ამოეკვეთათ. ეგვიპტური რწმენის მიხედვით, თუ მიცვალებულის ნეშტს სახელი არ ექნებოდა დატანილი, მაშინ მისი კა, ვეღარ იპოვიდა ბას და სამუდამო ხეტიალისათვის იყო განწირული. თუმცა, აქვე ისმის ლოგიკური კითხვა: თუ, ფარაონზე შურისძიება სურდათ ქურუმებს, მაშინ მისი ნეშტი რატომ არ გაანადგურეს? რატომ დაასვენეს სამარხში მწირე, მაგრამ მაინც საჭირო ატრიბუტიკით?

სფინქსის სახით გამოსახული ეხნატონი თაყვანს სცემს ატონს.
სფინქსის სახით გამოსახული ეხნატონი თაყვანს სცემს ატონს.

სამწუხაროდ კითხვები ძალიან ბევრია, პასუხები კი არსად ჩანს. ამარნას პერიოდი ყველაზე საინტერესო და ამავდროულად ბურუსით მოცული პერიოდია ეგვიპტის ისტორიაში. დღემდე გაურკვეველია რა ბედი ეწია დედოფალ ნეფერტიტის, კიიას, სამეფო ოჯახის სხვა წევრებს, რითი გარდაიცვალა ეხნატონი. ალბათ, ეგვიპტის ქვიშა ნელ-ნელა, სათითაოდ გაგვიმხელს საიდუმლოებს და ჩვენს ცნობისმოყვარეობასაც დააკმაყოფილებს. მანამდე კი, ერთი რამ უდაოა, მიუხედავად მისი მოწინააღმდეგეების მცდელობისა, ეხნატონი მისი რევოლუციური იდეებით ეგვიპტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, მის სახელს დღემდე ახსენებენ და ეგვიპტური რწმენით, დღესაც უკვდავია, რადგან ის ახსოვთ და მის სახელს წარმოთქვამენ.

ფარაონი ეხნატონი ქალიშვილს ეამბორება
ფარაონი ეხნატონი ქალიშვილს ეამბორება

 

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.ancient.eu/Akhenaten/

Dodson, Aidan. Amarna Sunrise: Egypt from Golden Age to Age of Heresy (Cairo: The America University in Cairo Press, 2014.)

Erhardt, Michelle. “The Amarna Period.” Class Lecture, Fine Arts 201 from Christopher Newport University, Newport News, VA 23606, September 2013.

Kemp, Barry. The City of Akhenaten and Nefertiti: Amarna and Its People (New Aspects of Antiquity) (London: Thames & Hudson, 2014.)

https://discoveringegypt.com/ancient-egyptian-kings-queens/akhenaten/

ტიია – ძველი ეგვიპტის უძლიერესი დედოფალი

ti
დედოფალი ტიია ამენჰოტეპ III-ის სამეფო ცოლი და მეამბოხე ფარაონის – ეხნატონის დედა, ტუტანხამონის ბებია იყო და ეის დაა. მიუხედავად ძალაუფლებისა და პიროვნული სიდიადისა, მისი სახელი საუკუნეებით დავიწყებას მიეცა.

ტიია დაახლ. ძვ.წ. 1398-1338 წლებში ცხოვრობდა.მისი ცხოვრებაც ისეთივე იდუმალებითაა მოცული, როგორც მისი ოჯახის ყველა წევრის. მისი მშობლები იუია და ტაია იყვნენ. მამა, თუტმოს IV-ის ეტლების ზედამხედველი იყო, დედა კი მინის ჰარემის ზედამხედველი, ქალაქ ახმიმში. სავარაუდოდ ტიიას დედა, იაჰმოს-ნეფერტარის (18 დინასტიის პირველი დედოფალი) შთამომავალი იყო. მიუხედავად დედის სამეფო წარმოშობისა, ფაქტები ნათლად მიანიშნებენ, რომ იუია ეგვიპტელი არ ყოფილა და აზიური ფესვები ჰქონდა. თუმცა, ამ ყველაფერს ჭკვიანი ტიიასათვის ხელი არ შეუშლია ეპოქის ყველაზე ძლიერი ქალბატონი გამხდარიყო.

ფარაონზე ტიია, მისი მეფობის მეორე წელს დააქორწინეს, ადრეულ ასაკში. ნაადრევმა ქორწინებამ განაპირობა მათ შორის მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბება. ტიიასა და ფარაონს მინიმუმ 6 შვილი შეეძინათ, მათ შორის ორი ვაჟი. თუტმოსი, რომელიც პტაჰის პირველი ქურუმი ხდება და ამენჰოტეპ IV, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც მეამბოხე ფარაონი ეხნატონი.
დედოფალი, სამეფო კარზე ფარაონის შემდეგ ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი ხდება. ითვლება, რომ ამენჰოტეპ III-ისა და ეხნატონის მმართველობის დროს, ტიია ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი იყო. ამენჰოტეპ III მიერ აგებულ ტაძრების რელიეფებზე ხშირად ჩნდება დედოფალი, ფარაონმა ტიიას სახელზე რამდენიმე სამლოცველო და წმინდა ტბაც კი ააშენებინა ნუბიაში. თუმცა, ყველაფერი წინ იყო, დედოფალს მალე თაყვანს სცემდნენ როგორც ქალღმერთ ჰათორ-ტეფნუტს.

ფარაონი მისი მმართველობის 39-ე წელს გარდაიცვალა, თუმცა ტიიას შიდა და გარე პოლიტიკაში ერთ-ერთი წამყვანი როლი არ დაუკარგავს მისი შვილის, ამენჰოტეპ IV-ის ტახტზე ასვლისას. ეს ნათლად ჩანს ახეტატონში აღმოჩენილი ფირფიტებიდან. სადაც მითანის მეფე ამენჰოტეპ IV მოუწოდებს რომ სიმართლე ჰკითხოს მის დედას, ტიიას, რადგან მხოლოდ ის იმყოფებოდა ელჩებისა და ფარაონის შეხვედრაზე.

დედოფალ ტიიას ბიუსტი.
დედოფალ ტიიას ბიუსტი.

დაზუსტებით არაა დადგენილი რა როლი ითამაშა დედა დედოფალმა რელიგიური რეფორმების დაწყებაში, თუმცა ჩანაწერებით ირკვევა რომ ეხნატონის მეფობის მე-12 წელს, დედოფალი ახეტატონს ეწვია. ფარაონმა ამ ამის აღსანიშნავად, რომ დიდი მსხვერპლი შესწირა ატონს. დამზადდა რამდენიმე სტელაც, სადაც ტიია და ეხნატონი ერთად არიან გამოსახულნი.

სამწუხაროდ, დედოფალი ისტორიიდან ამავე წელს ქრება. ამ დროსვე იღუპებიან ფარაონის 2 ქალიშვილი, ისტორიის ფურცლებიდან ქრება კიიაც. სავარაუდოდ ტიიაც ქალაქში გავრცელებული გადამდები დაავადების მსხვერპლი გახდა. ამ დროისათვის დაახლ, 50 წლის იქნებოდა. მისი სიკვდილით, გარკვეულწილად დასრულდა მე-18 დინასტიის დიდებულებაც.

ტიიას სახელი დავიწყებას ეცემა, თითქმის აღარავის ახსოვს დიდებული და ძლიერი დედოფალი, რომელიც ეგვიპტის დიდების ზენიტში, ძალაუფლების მწვერვალზე იმყოფებოდა. 1898 წელს, არქეოლოგებმა მეფეთა ველზე KV35 სამარხის საიდუმლო ოთახში მუმია აღმოაჩინეს, რომელსაც საოცრად ლამაზი თმა და კარგად შენახული სახე ჰქონდა. 2010 წელს, დნმ ანალიზით საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ეს მუმია ტუტანხამონის ბებია, ეხნატონის დედა და მასთან აღმოჩენილი “ახალგაზრდა ქალბატონის” დედაა. მუმიას სახვევები მოხსნილი აქვს, ყელისა და მუცლის მიდამოები სავარაუდოდ მძარცველების მიერ საკმაოდაა დაზიანებული. საიდუმლო ოთახის უბრალოება, პირდაპირ მიუთითებს, რომ დედოფალი აქ გარკვეული პერიოდის შემდეგ გადმოასვენეს. სავარაუდოდ, თავდაპირველად ტიია ახეტატონის სამეფო ნეკროპოლისში დაასვენეს, ძველი რელიგიის აღდგენისა და ახეტატონის გაპარტახების შემდეგ კი, ქურუმებმა მისი ნეშტი მეფეთა ველზე გადმოასვენეს.

დედოფალ ტიიას მუმია.
დედოფალ ტიიას მუმია.

რა საიდუმლო იმალება ნეფერტიტის ბიუსტის მიღმა

nefer

როდესაც ამარნასა და თავის სახელოსნოს ტოვებდა, მოქანდაკე თუტმოსს ალბათ სურდა რაღაც ძალიან მტკივნეული დაევიწყებინდა და იქვე დაეტოვებინა. იქნებ ისტორია რომელიც მის გულში ამოიკვეთა? გაურკვეველი მიზეზისდა გამო, თუტმოსმა გადაწყვიტა მის მიერ შექმნილი შედევრი თან არ წაეღო და მიტოვებულ ქალაქში დაეტოვებინა. მსოფლიოში ულამაზესი ქალის ბიუსტიც კი ხის მერხზე დატოვა…

დედოფალ ნეფერტიტის ბიუსტი 1912 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ლუდვიგ ბორჰარდტმა აღმოაჩინა. ახეტატონის რამდენიმე ნაწილის გათხრს შემდეგ, არქეოლოგებმა სახელოსნოს მიაკვლიეს. ბორჰარდტის გადმოცემით, ნეფერტიტის ცნობილი ბიუსტი ხის მერხზე წლების, შესაძლებელია საუკუნეების განმავლობაშიც კი იდგა, ვიდრე სიძველისაგან მერხიც არ ჩაინგრა. სწორედ ამ დროს დაზიანდა ბიუსტის ზოგიერთი დეტალი; ასეც დარჩა ულამაზესი ბიუსტი, ქვიშაში ჩაფლული და ყველასაგან დაფარული 1912 წლის 6 დეკემბრამდე.

როდესაც არქეოლოგიური ჯგუფის წევრებმა, საოცარი სილამაზის ქალის ბიუსტი დაინახეს, ყველამ გაანალიზა, რომ ერთ-ერთი ულამაზესი ძველ ეგვიპტური არტეფაქტი აღმოაჩინეს. რა თქმა უნდა ყველას სურდა ბიუსტი გერმანიაში წაეღოთ, რაც საკმოდ რთული იქნებოდა. 20 საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყანას შორის, რომლის წარმომადგენელიც აწარმოებდა არქეოლოგიურ სამუშაოებს ეგვიპტეში, არტეფაქტების გაყოფა კარგად ნაცადი და დამკვიდრებული ხერხი იყო. თუმცა ასეთ მარგალიტს, არც ერთი საბჭო ქვეყნის გარეთ არ გაატანდა ექსპედიციის წევრებს. სწორედ ამიტომ, ბორჰარდტმა ნამდვილი ქანდაკება დამალა და ინსპექციის წარმომადგენლებს, დედოფლის ნაკლებად „ლამაზი“ ქანდაკება წარუდგინა, რომლის გერმანიაში წაღებაზეც, მარტივად მიიღო თანხმობა.

თუტმოსი
ნეფერტიტის ბიუსტის სილამაზემ, მისი შემქმნელიც კი დაჩრდილა. ვინ იყო თუტმოსი??? მისი სრული ტიტულია „მეფის რჩეული და სამუშაოების ოსტატი, მოქანდაკე თუტმოსი“. მის ხელს ეკუთვნის ამარნას პერიოდის ულამაზესი და გამორჩეული ნამუშევრები. თუტმოსის შემოქმედება სრულიად გამორჩეულია სხვა ეგვიპტელი მოქანდაკეებისაგან, სტილი განსხვავებული და უნიკალურია, ისეთი რაც ეგვიპტეს მანამდე არასოდეს ენახა. თუტმოსი სამეფო კარზე მიღებული და დაფასებული მოქანდაკეა.
akh

სახელოსნო, სადაც ნამდვილი შედევრები იქმნებოდა, ამარნას სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. სამწუხაროდ ისტორიამ მხოლოდ რამდენიმე მათგანის სახელი შემოგვინახა, მაგალითად: ბაკი, მენის ვაჟი; თუთი, დედოფალ ტიიას მოქანდაკე და ა.შ.

ახეტატონის მიტოვებისას, თუტმოსმა თან წაიღო ყველაფერი რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. ამას ადასტურებს სახელოსნოსთან ახლოს მდებარე მისი სახლის გათხრები. თუმცა რატომღაც გადაწყვიტა, რომ მის მიერ შექმნილი ნამდვილი საოცარებები, ბედის ანაბარად მიეტოვებინა. ალბათ მოქანდაკე ხვდებოდა, რომ ძველი რელიგიის აღდგენასთან ერთად, ამარნას ხელოვნების სტილიც დასამარდებოდა, ქანდაკებებსა და ბიუსტებს გაანადგურებდნენ. მის მიერ შექმნილი ქანდაკებები არ იყო იდალიზებული, პირიქით პორტრეტული სახისაა და პროტოტიპსაა მიმსგავსებული. ნეფერტიტის ბიუსტთან ერთად, არქეოლოგებმა სახელოსნოში აღმოაჩინეს 22 სხვდასხვა ნიღაბი და დაუმთავრებელი ბიუსტები. ზოგიერთი მათგანის იდენტიფიცირება მოხერხდა, მაგ: ეხნატონი, ტიია, ეი, კიია, ამენჰოტეპ III, ეხნატონის ქალიშვილები და ა.შ.
არქეოლოგები ყურადღებას ამახვილებენ ერთ მნიშვნელოვან ფატქზე. დედოფალ ნეფერტიტის ქანდაკებებსა და ბიუსტებზე, უშუალოდ თუტმოსი მუშაობდა და არა მისი მოსწავლე ან ერთ-ერთი ხელოსანი.

თუტმოსმა ნეფერტიტის ბიუსტი და ქანდაკება, დედოფლის ცხოვრების რამოდენიმე ეტაპზე შექმნა. თუ გავყვებით ქანდაკებების ხაზს, დავინახავთ ულამაზეს დედოფალს, რომლის სახეც და სხეულიც წლებთან ერთად იცვლება, უჩნდება ნაოჭები, ტანზეც აშკარად დასტყობია ასაკი და რამდენიმე მშობიარობა… აშკარაა რომ პორტრეტულ ქანდაკებაზე მუშაობა უშუალოდ ნატურის მიხევით ხდებოდა. მეცნიერთა უმრავლესობის მტკიცებით, მოქანდაკე უზომოდ იყო შეყვარებული ულამაზეს დედოფალზე… ძველ ეგვიპტელებს, სურდათ ყველას დაემახსოვრებინათ ლამაზები, ახალგაზრდები, სრულყოფილები. ნეფერტიტის ქანდაკებებზე კი ჩვენ ვხედავთ თავდაჯერებულ ქალს, რომელიც ხელოვანს აძლევს საშუალებას გამოსახოს მისი ნამდვილი სახე, რაც პირდაპირ მიუთითებს მისსა და მოქანდაკის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე.
nefe

2013 წელს ფრანგულმა ექსპედიციამ განაცხადა, რომ თუტმოსის სამარხი ნაპოვნია. 1996 წელს საქარას ნეკროპოლისში აღმოაჩინეს გალერეის ტიპის სამარხი, სადაც მუმიფიცირებული ცხოველები იპოვეს, შემდეგი გათხრებისას კი მცირე სამარხსაც მიაკვლიეს. აკლდამაში მამაკაცისა და ქალის ნეშტები აღმოჩნდა. სამარხი ამარნას პერიოდით თარიღდება და მუმიებიც მოქანდაკე თუტმოსსა და მის მეუღლეს მიაკუთვნეს. სამარხის რელიეფები, როგორც წარწერებიდან ირკვევა უშუალოდ თუტმოსის მიერაა შესრულები. გასაოცარია, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ხატავ, თანაც მვდარს!!! აქ წარმოდგენილნი არიან თუტმოსის ოჯახის წევრები, აღმოჩნდა ასევე სხვადასხვა არტეფაქტები უშუალოდ ახეტატონიდან.

nert თუტმოსის სახელოსნოში აღმოჩენილი 50მდე სკულპტურა დღემდე ძველ ეგვიპტური ხელოვნების შედევრებადაა აღიარებული და კაიროს, ბერლინის, ნიუ იორკის მუზეუმის კოლექციების სიამაყეა. ამავდროულად, მკვლევარები კვლავ ცდილობენ ამოხსნან მოქანდაკის ცხოვრების, შემოქმედებისა  და მიტოვებული ქალაქის საიდუმლოებები.

 

 

წყარო:

http://www.ancient-origins.net/history-famous-people/unique-sculptures-thutmose-and-secret-love-one-his-muses-005606?page=0%2C2

Aidan Dodson, Dyan Hilton, The Complete Royal Families of Ancient Egypt, 2004. – See more at: http://www.ancient-origins.net/history-famous-people/unique-sculptures-thutmose-and-secret-love-one-his-muses-005606?page=0%2C2#sthash.xnv6dy09.dpuf

Joyce Tyldesley, Nefertiti, 1998.

Cyril Aldred, Akhenaten: King of Egypt, 1988.

ანხესენამუნი – დაკარგული დედოფალი

Tut Queen Ankhesenamun

ყველამ იცის სახელგანთქმულ ფარაონ ტუტანხამონის შესახებ, თუმცა მისი და და დედოფლი, ანხესენამუნი თითქმის უცნობია. დედოფლის ტრაგიკული ცხოვრება, ძალიან დეტალურადაა აღწერილი რელიეფებსა და წარწერებზე. მეამბოხე ფარაონის, ეხნატონისა და დედოფალ ნეფერტიტის გოგონა, მეუღლის სიკვდილის შემდეგ, ისტორიის ფურცლებიდან უკვლოდ ქრება. ზუსტად ისევე, როგორც ამარნას პერიოდის ყველა სამეფო ოჯახის წევრი.

ანხესენამუნი (მისი სიცოცხლე ამონისათვის) მე-18 დინასტიის დედოფალი, ნეფერტიტისა და ეხნატონის მესამე ქალიშვილი, საკმაოდ ადრეულ ასაკში დაქორწინდა ნახევარძმასა და ფარაონზე ტუტანხამონზე. ამ დროისათვის ანხესენამუნი 13 წლისაა, მისი მეუღლე კი 8 ან 10.

ძველი ეგვიპტის სამეფო კარზე, ოჯახის წევრებს შორის ქორწინება საკმაოდ დამკვიდრებული ტრადიცია იყო. ფარაონები, ღმერთების მემკვიდრებად ითველოდნენ, აქედან გამომდინარე, ინცესტი მათთვის იყო ქმედება, რითაც დაიცავდნენ სამეფო სისხლის სისუფთავეს დედამიწაზე,  ტახტზე ასვლაც, მხოლოდ იმ მემკვიდრეს შეეძლო, რომელიც მსგავსი ქორწინების შედეგად იყო გაჩენილი. ტუტანხამონიც სავარაუდოდ ამგვარი ქორწინებით გაჩნდა, რის გამოც მას გარკვეული გენეტიკური დაავადებები ჰქონდა, მათ შორის ტერფის მრუდეობა.

ანხესენამუნი საკმაოდ მძიმე პერიოდში დაიბადა, მამამისი – ფარაონი ეხნატონი ქვეყანაში მონოთეისტურ რეფორმებს ატარებდა, (ძვ.წ. 1348 წელი). სამეფო ოჯახმა მიატოვა იმდროინდელი დედაქალაქი და რელიგიური ცენტრი თებე და ახალ დედაქალაქში – ახეტატონში გადავიდა, მრავალღმერთიანობა უარყვეს და ერთი ღმერთის – ატონის კულტი აღიარეს. რა თქმა უნდა მისმა ქმედებებმა აღაშფოთა ქურუმთა და დიდებულთა კასტა. ეგვიპტე სხვა ცივილიზაციებისაგან განსხვავებით, საკმაოდ ძნელად იღებდა სიახლეს და ყოველთვის ტრადიციების მკაცრი დაცვით გამოირჩეოდა. ქურუმებს უდიდესი ქონება დაეგროვებინათ ტაძრებში, ეხნატონმა კი მათ ხელიდან ძალაუფლებად და სიმდიდრე გამოაცალა.

ანხესენამუნი ფარან ეხნატონის მეფობის მეოთხე წელს დაიბადა, მას ჰყავდა ორი უფროსი და მერიტატენი და მეკეტატენი, მათ მიიღეს „უფროსი პრინცესების“ ტიტული, რაც მათ უფლებას აძლევდა მონაწილეობა მიეღოთ რელიგიურ და ასევე სამთავრობო საქმეებში. პრინცესას სახელი თავდაპირველად იყო ანხესენპაატენი – რაც ითარგმნება „მისი სიცოცხლე ატონისათვის“.

akhenaton-children
ფარაონი ეხნატონი და დედოფალი ნეფერტიტი ქალიშვილებთან ერთად: მერიტატენი, მაკეტატენი და ანხესენპაატონი (შემდეგში ანხესენამუნი).

რამდენიმე რელიეფი და წარწერა მიუთითებს, რომ ანხესენამუნი, ფარაონ ეხნატონისა და მისი მამის ცოლი იყო. ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მცირე ხნით ადის სმენკჰარე და დედოფალი ნეფერნეფერუატენი, თუმცა მათი მმართველობა გაურკვეველი მიზეზების გამო საკმაოდ მცირე ხნიანია და ტახტზე ადიან ტუტანხამონი და მისი დედოფალი ანხესენამუნი. არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვები, რომ სმენკჰარეს ცოლი იყო არა ნეფერნეფერუატენი, არამედ თვით ანხესენამუნი.  ტუტანხამონის გამეფების დროისათვის წყვილი საკმაოდ ახალგაზრდაა და სამეფოს მართვა არ შეუძლიათ. მათ პერიოდში მოხდა ძველი რელიგიის აღდგენა და დედაქალაქის კვლავ თებეში გადმოტანა. დედოფლის სახელი იცვლება და ხდება ანხესენამუნი. ერთად ეგვიპტეს დაახლ. 10 წლის განმავლობაში ედგნენ სათავეში. ამავე პერიოდში საკმაოდ ძლიერდება ეის ფიგურა სამეფო კარზე, რომელიც თანდათან უფრო იკრებს ძალას და გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის მართვაში.

tumblr_nhe81oAwev1teo7mlo1_500
სამეფო წყვილი: ტუტანხამონი და ანხესენამუნი.

ერთად თანაცხოვრებისას, სამეფო წყვილს ორი შვილი შეეძნათ, ორივე გოგონა. ორივე მათგანი ნაადრევად დაიბადა და დაიღუპა. მათი ცხედრები ჰოვარდ კარტერმა ტუტანხამონის სამარხში აღმოაჩინა. 18 ან 19 წ;ის ასაკში, მოულოდნელად ფარაონი იღუპება და ანხესენამუნი სრულიად მარტო რჩება, ტახტის მემკვიდრის გარეშე. დედოფალის წინაშე, საკმაოდ ძნელი ამოცანა იდგა, უნდა ემართა ქვეყანა და ასევე ეპოვნა მომავალი ფარაონი.

მეფეთა ველზე გათხრების დროს აღმოაჩინეს ოქროს ბეჭედი, სადაც ანხესენამუნი გამოსახულია მისი მეუღლის მემკვიდრესთან, ეისთან ერთად. თუმცა არაა ნათელი მითითება იმისა, რომ წყვილი დაქორწინებულია.

ანხესენამუნი
ანხესენამუნი

დედოფლის სახელს კიდევ ერთი გაბედული და საკმაოდ სკანდალური ნაბიჯი უკავშირდება, თუმცა ეხნატონის რელიგიური რეფორმების შემდეგ, თითქოს ეგვიპტისათვის აღარაფერი უნდა ყოფილიყო გასაკვირი. ანხესენამუნი ხეთების მეფეს წერილს სწერს, სადაც სთხოვს რომ მისი ერთი-ერთი ვაჟი გაეგზავნა ეგვიპტეში, დედოფალი მას ცოლად გაჰყვებოდა და ეგვიპტის მმართველს გახდიდა. ხეთების მეფემ, მართლაც გამოგზავნა მისი ვაჟი, თუმცა გზაში დაიღუპა. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ, ანხესენამუნი ძვ.წ. 1322 წლის შემდეგ ქრება ისტორიიდან, სავარაუდოდ ის დაქორწინებულ იქნა ეიზე, რომელიც ამ ქორწინების საშუალებით ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე ხდება.

დედოფლის სახელი აღარსადაა წარწერილი, დღემდე არაა ნაპოვნი მისი საბოლოო განსასვენებელი. ეს იყო ქალი, რომელიც საკუთარი მოკლე ცხოვრების მანძილზე, ოთხი ფარაონის ცოლი იყო: ეხნატონი, სმენკჰარე, ტუტანხამონი და ეი. ანხესენამუნი, მე-18 დინასტიის კიდევ ერთი დაკარგული დედოფალია, რომელიც ელოდება, ეგვიპტის ქვიშა როდის გაგვანდობს მის ბედს. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ თუ ადამიანის სახელს ახსენებენ, ე.ი. ის კვლავ ცოცხალია; დედოფალი ანხესენამუნიც კვლავ ცოცხალია და ელოდება როდის გავიგებთ მის ტრაგიკულ ბედს.

 

წყარო:

Ankhesenamen – Encyclopaedia Britannica

Queen Ankhesenamen – by Anneke Bart

Ankhesenamen – Princeton.edu

Ankhesenamen – Ancient History Encyclopaedia

http://www.ancient-origins.net/ancient-places-africa/tragedy-queen-ankhesenamun-sister-and-wife-tutankhamun-001555

კიია – გაუჩინარებული დედოფალი

ერთადერთი რამ, რაც ჩვენ დედოფალ კიიას შესახებ ვიცით, მისი სახელია, რომელიც რამდენიმენაირად შეგვიძლია წავიკითხოთ: კიია, კია, კაია. ფაქტია, რომ ის ფარაონ ეხნატონის ცოლი იყო და ატარებდა ტიტულს „დიდებული და საყვარელი ცოლი“. სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, მხოლოდ ფაქტები და ვარაუდებია, რომლებიც ამარნას პერიოდის სხვადასხვა ქალებს აერთიანებს. დაიკარგა მისი წარმომავლობა, მისი ცხოვრების დეტალები, ყველაფერი, რაც ოდესღაც დედოფლის ცხოვრებაში ხდებოდა. კიიას არსებობა სამუდამო დავიწყებას მიეცა 1959 წლამდე, როდესაც პატარა კოსმეტიკის ყუთზე მეტროპოლიტანის მუზეუმში არ აღმოაჩინეს წარწერა.

დოდეფალი კიიას სახელი იეროგლიფებით.
დედოფალი კიიას სახელი იეროგლიფებით.

ნეფერტიტისაგან განსხვავებით (ეხნატონის მთავარი ცოლი და დედოფალი) კიიას ცხოვრების დეტალები, არ იწერებოდა და იკვეთებოდა ტაძრებზე, სამარხებსა და თუნდაც ნებისმიერ ინტერიერზე. მისი სახელიც განსხვავებულია ძველ ეგვიპტური სახელებისაგან განსხვავებით; სწორედ ამიტომ გავრცელებული ინფორმაციით, ის უცხოელი უნდა ყოფილიყო.  შემორჩენილ მწირ ინფორმაცაციაზე დაყრდნობით ვიცით, რომ კიია საკმაოდ ძლიერი ფიგურა იყო ეხნატონის მეფობის შუა წლებში, ამ პერიოდში დედოფალმა გოგონაც კი გააჩინა. თუმცა ფარაონის გარდაცვალებამდე რამოდენიმე წლით ადრე, კიია უკვალოდ ქრება ისტორიიდან.

დედოფალ კიიას რელიეფი მეტროპოლიტენის მუზეუმიდან.
დედოფალ კიიას რელიეფი მეტროპოლიტენის მუზეუმიდან.

საიდან იყო წარმოშობით კიია?

კიიას საიდუმლოებანი, მისი წარმოშობიდან იწყება. მრავალი ვერსიიდან, უფრო დამაჯერებელი ორი ვარიანტი იკვეთება. ცნობილია, რომ ეხნატონის ერთ-ერთი ცოლი, მითანის სამეფოდან იყო (თანამედროვე ჩრდილოეთ სირია), მისი სახელა თადუხიფა და სამეფო კარმა, ფარაონს, როგორც დიპლომატიური ძღვენი, ისე გამუგზავნა. სახელი კიია, კი სამეფო კარზე დაარქვეს, როგორც საალესო ფორმა მისი მითანური სახელისა. ახეტატონში აღმოჩენილი დიპლომატიურ მიმოწერაში, მითანში გაგზავნილი 29 წერილიდან, 27 დასტურდება, რომ თადუხიფა მართლაც გახდა ეხნატონის ერთ-ერთი დედოფალი. დედოფლის გარდაცვალების თარიღიც უცნობია, სავარაუდოდ ეხნატონის მეფობის მე-12 – 13 წელი.

კიიას სახელი მხოლოდ ამარნას დოკუმენტებში გვხვდება. ეხნაპონის მეფობის პირველი 4 წლის განმავლობაში, სამეფო ოჯახი თებეში რჩება, მე-5 წელს უკვე ახალ დედაქალაქში – ახეტატონში გადადიან. დედაქალაქის გარშემო ე.წ. სასაზღვრო სტელები აღმართეს და აქაა დედოფლის სახელი დაფიქსირებული, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, კიიას სახელსა და ტიტულებს, ეხნატონის ერთ-ერთი ქალიშვილის მერიტატენის სახელით ცვლიან.

დედაქალაქში არსებული ერთ-ერთი სამლოცველო პერ-ატენი (ატონის სახლი) სწორედ კიიას სახელს ატარებდა, მოგვიანებით აქაც გააქრეს მისი სახელი და მერიტატენითა და ანხესენპაატენით შეცვალეს. აქ არსებული წარწერები გვამცნობენ, რომ კიიას ქალიშვილი შეეძინა ფარაონისაგან, რომლის სახელიც, ისტორიამ არ შემოგვინახა, სავარაუდოდ ბეკეტატენი.

პერ ატონი. ახეტატონი
პერ ატონი. ახეტატონი

კიიას სახელთან დაკავშირებული არტეფაქტი ოქროს სარკოფაგია, რომელიც მეფეთა ველზე 55 სამარხში აღამოჩინეს. სარკოფაგი ატონის კულტის მიმდევარი ქალბატონისათვისაა დამზადებული, თუმცა შიგნით მამაკაცის მუმია აღმოაჩინეს. დამზადების სტილი და შემორჩენილი წარწერები აშკარად მიუთითებს ეხნატონის მეფობის პერიოდზე. გავრცელებული ვერსიის თანახმად, სარკოფაგის თავდაპირველი მფლობელი დედოფალი კიიაა. რატომ მოხდა სარკოფაგების შეცვლა, სადაა კიიას მუმია ამჟამად გადანახული, ამ დროისათვის ბურუსითაა მოცული.
მკვლევარები, ვინც კიიას ცხოვრებას სწავლობენ, ინფორმაციის საოცარ სიმწირეს განიცდიან. ერთ-ერთი ცნობილი არტეფაქტი, რომელიც დედოფლის სახელს უკავშირდება, მეფეთა ველზე აღმოჩენილი კანოპებია. ოთხივე კანოპა, ახალი სამეფოს ხელოვნების საოცარ ნიმუშია, რომელიც ამარნას პერიოდის სამეფო კარის წევრ ქალბატონს გამოსახავს; კიია, მერიტამენი, ნეფერტიტი, ტიია – სავარაუდო მფლობელის სია საკმაოდ გრძელია. კიიას სხვა რელიეფებსა და ამულეტებთან შედარებისას, მკვლევარების ვარაუდი მყარდება, რომ მფლობელი ზუსტად ახეტატონის გაუჩინარებული დედოფალია.

დედოფალ კიიას კანოპები
დედოფალ კიიას კანოპები

კიიას შესახებ უკანასკნელი ცნობა, ეხნატონის მეფობის მე-11 წლით თარიღდება. ახეტატონში აღმოჩენილი ღვინის დოქზე, დაწერილია, რომ ღვინო დაწურულია, დედოფალ კიიას საკუთარი ვენახიდან. ამის შემდეგ, დედოფალი იღუპება, გაძევებულ იქნა ქალაქიდან, თუ უბრალოდ დოკუმენტები დაიკარგა მის შესახებ და დიდ ხანს და ბედნიერად ცხოვრობდა, სრულად გაურკვეველია. მისი სახელები და ტიტულები, ეხნატონის ქალიშვილის, მერიტამენის სახელებით იცვლება.

დოქი კიიას სახელითა და ტიტულებით. მეტროპოლიტენის მუზეუმი.
დოქი კიიას სახელითა და ტიტულებით. მეტროპოლიტენის მუზეუმი.

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, მცირე დეტალები და ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ხელთაა, მხოლოდ თავსატეხის მცირე ნაწილია; დამსხვრეული მონუმენტები, რელიეფები და თითქმის წაშლილი წარწერები. აქედან გამოდინარე, მართლაც ძალიან დიდი გამოწვევაა, იპოვო სიმართლე დედოფლის შესახებ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარწერებში, კიია წარმოჩენილია, როგორც მნიშვნელოვანი პიროვნება და სამეფო ოჯახის ღირსეული წევრი, მისი ტიტულიც „დიდებული და საყვარელი ცოლი“, უნიკალურია ძველი ეგვიპტის ისტორიაში და ნათლად მიუთითებს, რომ ფარაონის გულში დიდი და გამორჩეული ადგილი ეკავა. მაშინ სადაა კიია? მისთვის გამოკვეთილი სამარხი ცარიელია, სარკოფაგი და კანოპები ეხნატონისათვის გამოიყენეს.

კიიას პორტრეტები შემდომში გამოყენებულ იქნა, როგორც მერიტამენისა; ეს უკვე ბადებს ეჭვს, რომ რადგან კიიას ისტორიიდან, ჯერ კიდევ ამარნას პერიოდში აქრობენ, სასახლის კარზე ინტრიგები დაიხლართა. თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, თუ რა მოხდა სამეფო კარზი 35 საუკუნის წინათ, მიუხედავად დიდი მონდომებისა, სამწუხაროდ საკმაოდ რთულია.

 

წყარო:

Aidan Dodson, Amarna Sunset: Nefertiti, Tutankhamun, Ay, Horemheb, and the Egyptian Counter-Reformation , 2009

Joyce Tyldesley, Nefertiti, 1998

Nicholas Reeves. Akhenaten: Egypt’s False Prophet, 2005

Joann Fletcher, The search for Nefertiti , 2004

Wolfran Grajetzki, Ancient Egyptian Queens: A Hieroglyphic Dictionary , 2005

http://www.ancient-origins.net/history/kiya-most-mysterious-woman-amarna-005092?page=0%2C1