ამენჰოტეპ IV, იგივე ეხნატონი, ძველი ეგვიპტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი და საოცარი ფარაონია. მიუხედავად მისი მემკვიდრეების დიდი მცდელობისა, ისტორიამ შემოგვინახა ფარაონის სახელი და იდეები. XVIII დინასტიის უძლიერესი სამეფო წყვილის ამენჰოტეპ Ш და დედოფალ ტიიას ვაჟი, უდიდეს რეფორმებს წამოიწყებს და სამუდამოდ ჩაიწერება ისტორიაში. ალბათ, ეხნატონს შეუპოვარი ხასიათი დედისგან დაჰყვა, ქალისგან რომელიც არასამეფო წარმოშობის იყო, თუმცა „დიდებული სამეფო ცოლის“ – ეგვიპტის დედოფლის ტიტული მოიპოვა და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დედოფალად გვევლინება.
ეხნატონმა ამონ-რას ქურუმთა ძლიერი და მდიდარი კასტის წინააღმდეგ გაილაშქრა, სამხედრო ძალების მეშვეობით დახურა ტაძრები, ძველი ღმერთების სახელები ამოშალა რელიეფებიდან, დაამსხვრიეს მათი ქანდაკებები, ტაძრებს ჩამოერთვათ მათ დაქვემდებარებაში მქონე მამულები. როდესაც რელიგიურ რეფორმაზე ვსაუბრობთ, აუციელბელია გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ეგვიპტური რელიგია ეხნატონის მეფობისას უკვე 2000 წელს ითვლიდა. ქვეყანა ყოველდღიურობით მტკიცედ იყო გადაჯაჭვული რელიგიას. რა თქმა უნდა მისი რევოლუციური იდეები ადვილად არ მიუღია საზოგადოებას და არც ქურუმებს.

ახლა კი, ვეცადოთ რომ ამ ყველაფერს ლოგიკურად მივყვეთ, მის პიროვნებასა და ისტორიაში რომ არ დავიკარგოთ 🙂 ამენჰოტეპ IV ტახტზე მამის გარდაცვალების შემდეგ ძვ.წ. 1352 წელს ადის. მეფობის პირველივე წელს ნათელი ხდება, რომ ახალგაზრდა ფარაონი ქურუმთა წესებით თამაშს არ აპირებს და კარნაკის ტაძარში, რომელიც ამუნ-რას კულტის ცენტრს წარმოადგენს ტაძარს აგებს, თუმცა აქ საინტერესო ისაა, რომ ტაძარი მზის ღმერთს – ატონს ეძღვნება. ქორწინდება დედოფალ ნეფერტიტიზე, რომლის წარმოშობა და შემდგომი ბედიც სრულიად ბუნდოვანია. მეფობის მე-6 წელს იცვლის სახელს და ირქმევს ეხნატონს, ამავე დროს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად ატონს აღიარებს. აქვე იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და დედაქალაქი თებედან ახლად აშენებულ ქალაქ ახეტატონში გადააქვს, რომელიც უდაბნოში რამდენიმე წელში აიგო და არც ერთ ძველ ეგვიპტურ ღმერთთან არ ასოცირდებოდა.
ამ სტატიაში ძირითადად ხაზი მინდა გავუსვა მის იდეოლოგიას, რომელიც ნამდვილად იმსახურებს აღფრთოვანებას. თუმცა პატარა გენეალოგიური ხეც არ დავივიწყოთ.
უკვე აღვნიშნე მისი მშობლები, ყველამ ვიცით ასევე მისი ულამახესი მეუღლე – ნეფერტიტის სახელი. რა თქმა უნდა, ეხნატონსაც სხვა ფარაონების მსგავსად რამდენიმე ცოლი ჰყავდა, მათ შორის კიია, სიტამუნი, მერიტატენი და სავარაუდოდ ანხესენამუნი. ნეფერტიტსა და ეხნატონს 6 ქალიშვილი გაუჩნდათ: მერიტატენი, მაკეტატენი, ანხესენპაატონი, ნეფერნეფერუატენი, ნეფერნეფერურე და სეტეპენრე. ტახტის მემკვიდრის – ტუტანხამონის დედის სახელი დღემდე უცნობია, თუმცა მისი მუმია ნაპოვნია და კაიროს მუზეუმში შეგიძლიათ მისი ნახვა. დნმ ანალიზით დადგინდა, რომ ტუტანხამონის დედა ეხნატონის ღვიძლი დაა, თუმცა მისი სახელი დღემდე უცნობია. ეხნაოტინის კიდევ ერთი მემკვიდრეა სმენკჰარე, რომელზეც მხოლოდ მისი სახელია ცნობილი. არ ვიცით ის რეალურად არსებული პიროვნებაა, თუ ახალ სახელს ამოფარებული ყველასთვის ნაცნობი ნეფერტიტი? თუ სმენკჰარე მართლაც ეხნატონის ვაჟია, მაშინ ვინ იყო მისი დედა? რატომ არაა არსად მოხსენიებული?

ეხნატონის ახალი რელიგია ახალ ტრადიციებს, ხელოვნებას, იდეოლოგიასა და ხელოვნების განსხვავებულ სტილს მოითხოვდა. რელიეფებსა და ქანდაკებებზე ვხედავთ დაქანებული შუბლისა და წაგრძელებული თავის ქალის მქონე მამაკაცს, უშნო სახით, მოშვებული მოცლით, მრგვალი და ქალური თეძოებით, ზედმეტად გრძელი თითებით. ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ფარაონს მთელი ცხოვრების მანძილზე ტანჯავდა სხვადასხვა დაავადებები და ძლიერ ტკივილები. მაგრამ სიმართლეა კი ეს? ადამიანს რომელსაც მრავალმხრივი ფიზიკური და გონებრივი ნაკლი ჰქონდა, განა შეეძლო მსგავსი თითქმის ახალი ქვეყნის შექმნა? რა თქმა უნდა არა.
ატონი ძველ ეგვიპტეში ეხნატონამდე ჯერ კიდევ 1000 წლით ადრე იყო ღმერთად გამოცხადებული, თუმცა ფარაონმა ის გამოარჩია როგორც უზენაესი და ერთადერთი ღმერთი. ღმერთთან ხალხის უშუალო შუამავალი სწორედ ფარაონი გახდა, მას უნდა ელოცა ეგვიპტის კეთილდღეობისა და მოსახლეობის იმქვეყნიური ცხოვრების მოსაპოვებლად.
ცვლილებები უშუალოდ ტაძრის არქიტექტურასაც შეეხო. ალბათ გახსოვთ, რომ წმინდა სამლოცველოებში შესვლა მხოლოდ უმაღლესი ქურუმებისა და ფარაონებისათვის იყო დაშვებული. ადგილი სადაც ღვთაებების ქანდაკებებს ინახავდნენ, დახურული და ჩვეულებრივი მოკვდავის თვალისათვის ყოვლად მიუწვდომელი იყო. ეხნატონმა სწორედ ეს ელემენტი გამოიყენა და შეცვალა, ხალხის მეტი ჩართულობისათვის ატონის სამსხვერპლოები ღია, უზარმაზარ ეზოში გააკეთებინა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მსხვერპლის შეწირვა.

აუცილებელი იყო დიდი რელიგიური დღესასწაულების ახალი ტრადიციებით ჩანაცვლება. ოპეტის დღესასწაული, ამუნ-რას კულტის უდიდესი დღე იყო მთელს ეგვიპტეში და დიდი ზარზეიმით აღინიშნებოდა. ეხნატონმა, ლოგიკურია გააუქმა ოპეტი და მას ახალი ტრადიცია – მესუტ ატენი დაუპირისპირა, რომელიც ყოველთვიურად ტარდებოდა და გულისხმობდა ყველაფერ იმას, რაც ატონს ისიამოვნებოდა; საუბარია ღვინის, ხილის, ბოსტნეულისა და თუნდაც ხორცის მსხვერპლშეწირვაზე. როგორც რელიეფებზეა გამოსახული, ამ დღისათვის სამეფო ოჯახი სასახლიდან ატონის დიდ ტაძრამდე, პერ-ატონამდე (ატონის სახლი) ეტლებით მიემართებოდა და მოსახლეობას სურსათს ურიგებდა.

ეხნატონის ბრძანებულებები და რელიგიური ჰიმნები განსხვავებული ენით იწერებოდა და ზოგი მეცნიერი თვლიდა, რომ ეს იყო სალაპარაკოსთან მიახლოვებული ენა, მაგრამ ახალი სამეფოს არალიტერატურულ ტექსტებთან შედარება გვაჩვენებს, რომ ეს არც სალაპარაკო ენა იყო. ჩნდება გარკვეული ახალი გრამატიკული ელემენტები ამარნას ტექსტებში. აქედან ჩანს, რომ ეხნატონს სურდა განევითარებინა საკუთარი ენა დოქტრინების ჩასაწერად.
ფარაონის რეფორმა შეეხო ხელოვნებასაც, როდესაც დაამსხვრია ეგვიპტის ათასწლოვანი ტრადიცია ფარაონი წარმოეჩინათ სრულყოფილ ღმერთკაცად, რომელსაც იდიალური და მარად ახალგაზრდა ფორმები ამშვენებს. სამეფო ოჯახი ერთადაა გამოსახული, ფარაონი და მისი დიდი დედოფალი მათ შვილებს ეთამაშებიან, ატონს თაყვანს ერთად სცემენ, ერთგულ მსახურებსა და ქურუმებს გულუხვ საჩუქრებს გადასცემენ. ხშირად გამოსახულია მამა, რომელიც შვილს ეხუტება; ქმარი, რომელიც მეუღლეს ეამბორება. მსგავსი რამ ეგვიპტური ხელოვნების ისტორიაში არასოდეს მომხდარა. ბერლინის მუზეუმში სტუმრობისას, ბედმა გამიღიმა და ამარნას ხელოვნების უნიკალური ნიმუშების ხილვის საშუალება მომეცა. ქვემოთ ნაჩვენები სტელა, თქვენ რომ წარმოგიდგენიათ იმაზე კიდევ უფრო პატარაა, თუმცა თითქოს ანათებს და ასხივებს სხვა არტეფაქტებს შორის. დღემდე ოჯახური სითბო და სიხალისე იღვრება, მითუმეტეს განყენებული ეგვიპტური რელიეფების შემდეგ, ამარნას კოლექცია მართლაც საოცარია.

ახლა კი, ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო დეტალი. თუ, დიდი ტაძრის – პერ ატენის გეგმას კარგად დავაკვირდებით, ის ახეტატონის ზუსტი მოდელია, ანუ მთლიანად ახალი დედაქალაქი ატონის წმინდა სამყოფელად ითვლებოდა. თუმცა, მთავარი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე ცენტრალური პილონის გასწვრივ, მთებს შორის საიდანაც მზე ამოდის, ეხნატონმა საკუთარი სამარხი გამოაკვეთინა კლდეში. ანუ, ყოველ დღე მისი გარდაცვალების შემდეგ, მზე – ღმერთი ატონი ჰორიზონტზე სწორედ მისი სამარხიდან ამოვიდოდა და ეგვიპტეს ნათელს მოჰფენდა. ახლა უკვე ქალაქის სახელიც ახეტატონი – ატონის ჰორიზონტიც მნიშვნელობას იძენს.

დღესდღეობით ეხნატონის მუმია კაიროს მუზეუმშია დასვენებული. ახეტატონის დიდებული სამარხი მიტოვებულ და განადგურებულ იქნა ძველი რელიგიის აღდგენისთანავე. გათხრებისას აქ არქეოლოგებმა წითელი გრანიტის დამსხვრეული სარკოფაგი, სასმისები, სამკაულები, მცირე ზომის ქანდაკებები და დანები აღმოაჩინეს. აქვე იყო პატარა სამარხი კამერაც, რომელიც სავარაუდოდ ეხნატონის ადრიანად გარდაცვლილი 2 ქალიშვილის დასასვენებლად გამოიყენეს. საბოლოოდ, ყველასათვის მოულოდნელად ფარაონის ნეშტი მეფეთა ველზე იქნა აღმოჩენილი, კიიასათვის განკუთვნილ სარკოფაგში, დედოფლისსავე კანოპები მისი ორგანოების შესანახად გამოეყენებინათ, აქვე იყო დედამისის – ტიისა და ტუტანხამონის უთვკნილი ჭურჭელი. დნმ ანალიზის შედეგად დამტკიცდა, რომ ნეშტი ეხნატონს ეკუთვნის. სარკოფაგს აშკარად ეტყობოდა განზრახ დაზიანების კვალი, მიცვალებულის სახე დაზიანებული იყო, ასევე კარტუშები ამოეკვეთათ. ეგვიპტური რწმენის მიხედვით, თუ მიცვალებულის ნეშტს სახელი არ ექნებოდა დატანილი, მაშინ მისი კა, ვეღარ იპოვიდა ბას და სამუდამო ხეტიალისათვის იყო განწირული. თუმცა, აქვე ისმის ლოგიკური კითხვა: თუ, ფარაონზე შურისძიება სურდათ ქურუმებს, მაშინ მისი ნეშტი რატომ არ გაანადგურეს? რატომ დაასვენეს სამარხში მწირე, მაგრამ მაინც საჭირო ატრიბუტიკით?

სამწუხაროდ კითხვები ძალიან ბევრია, პასუხები კი არსად ჩანს. ამარნას პერიოდი ყველაზე საინტერესო და ამავდროულად ბურუსით მოცული პერიოდია ეგვიპტის ისტორიაში. დღემდე გაურკვეველია რა ბედი ეწია დედოფალ ნეფერტიტის, კიიას, სამეფო ოჯახის სხვა წევრებს, რითი გარდაიცვალა ეხნატონი. ალბათ, ეგვიპტის ქვიშა ნელ-ნელა, სათითაოდ გაგვიმხელს საიდუმლოებს და ჩვენს ცნობისმოყვარეობასაც დააკმაყოფილებს. მანამდე კი, ერთი რამ უდაოა, მიუხედავად მისი მოწინააღმდეგეების მცდელობისა, ეხნატონი მისი რევოლუციური იდეებით ეგვიპტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, მის სახელს დღემდე ახსენებენ და ეგვიპტური რწმენით, დღესაც უკვდავია, რადგან ის ახსოვთ და მის სახელს წარმოთქვამენ.

გამოყენებული ლიტერატურა:
http://www.ancient.eu/Akhenaten/
Dodson, Aidan. Amarna Sunrise: Egypt from Golden Age to Age of Heresy (Cairo: The America University in Cairo Press, 2014.)
Erhardt, Michelle. “The Amarna Period.” Class Lecture, Fine Arts 201 from Christopher Newport University, Newport News, VA 23606, September 2013.
Kemp, Barry. The City of Akhenaten and Nefertiti: Amarna and Its People (New Aspects of Antiquity) (London: Thames & Hudson, 2014.)
https://discoveringegypt.com/ancient-egyptian-kings-queens/akhenaten/