ადამიანის მსხვერპლშეწირვა აცტეკების იმპერიაში

აცტეკებს სჯეროდათ, რომ თეოტიუაკანი ის ადგილია, სადაც უხსოვარ დროში ღმერთებმა სამყარო შექმნეს. სწორედ ქალაქის პირამიდაზე შეიკრიბნენ ღმერთები, როდესაც სამყარო ჯერ კიდევ წყვდიადს მოეცვა, არ არსებობდა მზე და არც მთვარე. კოსმოგონიისათვის  ერთ ღმერთს თავი უნდა შეეწირა, შესულიყო აალებულ კოცონში და მზე გამხდარიყო. მხოლოდ მოხუცებულმა ღმერთმა შეძლო თავის გაწირვა, გამბედაობა მოიკრიბა და ცეცხლში შევიდა. რადგან ღმერთმა თავი გასწირა ადამიანების შესაქმნელად, ადამიანებს ვალი უნდა დაებრუნებინათ და ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე მიერთმიათ მათთვის.

ტენოჩტიტლანი
ტენოჩტიტლანი, ზემოთ თანამედროვე მექსკის გერბია. მას საფუძვლად ქალაქის დაფუძნების ლეგენდა უდევს.

ალბათ აუცილებელია ჯერ უშუალოდ აცტეკები ვთქვათ ვინ იყვნენ, შემდეგ კი მათ რელიგიასა და ტრადიციებზე ვისაუბროთ. ეს იყო ხალხი, რომლებმაც მომთაბარე ტომებიდან, უდიდესი ცივილიზაცია და იმპერია შექმნეს. ლეგენდის მიხედვით, აზტეკაჰ – ნაუატლის ენაზე აზტლანის ხალხს ნიშნავს. დაახლ. ახ.წ. 1323 წელს აცტეკების ხალხს ხედვა ჰქონდათ: არწივი კაქტუსის ტოტზე იჯდა, ნისკარტითა და კლანჭებით კი გველი დაეჭირა. სწორედ ეს იყო მათთვის მინიშნება თუ სად უნდა აეგოთ ქალაქი. აცტეკებმა, საბოლოოდ მათი ქალაქი ტბა ტესკოკოზე ააგეს. ახ.წ. 1430 წლისათვის ახალი ქალაქი ტენოჩტიტლანი უკვე ულამაზესი ქალაქია, რომელიც აცტეკთა იმპერიის დედაქალაქია. ვენეცია თუ დღემდე ქალაქი საოცრებად გგონია, მაშინ თქვენ ტენოჩტიტლანის შესახებ არაფერი გსმენიათ. კუნძულზე გაშენებული ქალაქი ხმელეთს 3 დამბით უკავშირდებოდა. ცენტრალური ნაწილი დიდებულთა სასახლეებით, პლაზებითა და პირამიდებით იყო დამშვენებული. ყველაზე დიდი პირამიდა, მზისა და ომის ღმერთ უიცილოპოტჩლისა და წვიმის ღმერთ ტლალაკს ეძღვნებოდა, ესპანელებმა ამ ტაძარს ტემპლ მაიორი უწოდეს. ამ მოედანზევე აეგოთ ფრთოსანი გველის – კეცალკოატლის პირამიდა.
ქალაქში დაახლ. 250 000 ადამიანს დაედო ბინა. მდიდარი მოქალაქეებისაგან განსხვავებით, საშუალო კლასის მოსახლეობა უბრალო სახლებში ცხოვრობდა და მოტივტივე კუნძლზე – ჩინამპაზე (მოტივტივე კუნძული) მოსავალი მოჰყავდა. როდესაც ესპანელები პირველად ქალაქში შევიდნენ, ისინი აღფრთოვანებულნი დარჩნენ სისუფთავით, მოწესრიგებულობით, მოსახლეობის ჰიგიენით. შეგახსენებთ, ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია ევროპაში ყოველ რამდენიმე წელიწადში ეპიდიემიები სიბინძურის გამო რომ ჩნდებოდა. ესპანელებისათვის სრულიად გაუგებარი იყო, რატომ იბანდა აცტეკების იმპერატორი მონტესუმა დღეში ორჯერ.

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ქალაქის მთავარი ტაძრები წვიმის, მზისა და ომის ღმერთებს ეღძვნებოდათ. რა თქმა უნდა, აცტეკებს მათ გარდა კიდევ უამრავი სხვა ღმერთი ჰყავდათ, მაგრამ უიცილოპოტჩლი, კეცალკოატლი და ტლალაკი მათი პანთეონის წამყვანი ღმერთები იყვნენ. ტლალაკი – წვიმის ღმერთი, გარანტორი იყო კარგი მოსავლის, რაც თავისთავად მოსახლეობის კეთილდღეობას ნიშნავდა; მზის ღმერთის მეშვეობით სამყარო კვლავ განაგრძობდა არსებობას; ომის ღმერთი კი მეომრებს მუდმივ გამარჯვებებს პირდებოდა. ღმერთებს ადამიანებისაგან თაყვანისცემა და მსხვერპლშეწირვა სჭირდებოდათ.

ტენოჩტიტლანის მთავარი მოედანი და ტემპლ დე მაიორი
ტენოჩტიტლანის მთავარი მოედანი და ტემპლ დე მაიორი

ადამიანის მსხვერპლშეწირვის პრაქტიკის ისტორიულ-სოციალურ მიზეზებზე რა თქმა უნდა საუბარი შეუძლებელია, თუმცა რელიგიური ასპექტები ბევრად უფრო ნათელია. მეზოამერიკულ ცივილიზაციებში ადამიანის მსხვერპლშეწირვა ფართოდ იყო გავრცელებული. მაიას რელიგია საკმაოდ ახლოსაა აცტეკებთან, თავისმხრივ აცტეკების რწმენა-წარმოდგენები ძალიან ჰგავს ზაპოტეკისას. ღმერთ ტლალტეოტლის დანაწევრების შედეგად, ადამიანებს ხილით დატკობობის საშუალება მიეცათ, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ ღმერთმა თავი გასწირა ადამიანებისა და სამყაროს შესაქმნელად. სწორედ ამიტომ, ადამიანების წარმოდგენით, მათაც უნდა გაეღოთ მსხვერპლი და ასე განედიდებინათ, ესიამოვნებინათ ღმერთები. რიტუალებისას დაღვრილი სისხლი ღმერთებს აძლიერებდა და საშუალებას აძლევდა სამყარო გადანგურებისაგან გადაერჩინათ. მათ გაიღეს საკუთარი სიცოცხლე ადამიანების კეთილდღეობისათვის, თავის მხრიც ადამიანებიც ყველაზე ძვირფასს – სისხლსა და სიცოცხლეს სწირავდნენ მათ.
მსხვერპლშეწირვის ყველაზე გავრცელებული ფორმა ადამიანის გულის შეწირვა იყო. ყოველი ღმერთისადმი მიძღვნილ რიტუალში მსხვერპლს სხვადასხვანაირად ამზადებდნენ, ბოლო კი ერთი იყო, გულის ამოღება და მისი ცეცხლში დაწვა. ზოგიერთ ღმერთს პატარა ბავშვებს სწირავდნენ, რომელთაც რამდენიმე დღე აშიმშილებდნენ, ან ახრჩობდნენ. ხშირად ხდებოდა ადამიანების ცოცხლად გატყავება, შემდეგ მათ კანს ქურუმები მოისხამდნენ და რამდენიმე დღე დადიოდნენ. ტაძრის კედლებს მსხვერპლის სისხლით პოხავდნენ, სჯეროდათ რომ ამით ღმერთებს ასიამოვნებდნენ. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე უცნაური მაინც საკუთარი სისხლის შეწირვა იყო. ანუ, ცივილიზაცია არ იდგა მხოლოდ სხვა ადამიანის გაწირვაზე, არ ეძებდა სუსტს რომ დაეჩაგრა და ღმერთებისათვის შეეწირა. მაიას ქალაქის მეფეები, აცტეკი იმპერატორები ხშირად საკუთარ სისხლს სთავაზობდნენ ღმერთებს როგორც საჩუქარს. ერთ-ერთ სტელაზე, რომელიც ქალაქ იაქსჩილანში აღმოაჩინეს, ვხედავთ დედოფალ კებალს, რომელიც ენას იჭრის ბასრი საგნით და ამით ღმერთებს ერთგულებას უმტკიცებს.

აცტეკების მიერ ადამიანის გულის მსხვერპლად შეწირვა.
აცტეკების მიერ ადამიანის გულის მსხვერპლად შეწირვა.

ძირითადად მომავალი მსხვერპლები ომში აყვანილი ტყვეები იყვნენ. აცტეკი მეომრებისათვის პრესტიჟის საკითხი იყო, ვინ უფრო მეტ ტყვეს აიყვანდა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, ტყვეები ქალაქში მიჰყავდათ, ოჯახებში აცხოვრებდნენ, კარგად აცმევდნენ, აჭმევდნენ, ხშირად ხდებოდა მათთვის ქალების მიყვანაც, რათა მათ სექსუალური მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინათ. ხშირად, ტყვეს რამდენიმე თვე უწევდა ოჯახში ცხოვრება ვიდრე მსხვერპლად შეწირავდნენ და მთელი ეს პერიოდი მას პატივისცემით ეპყრობოდნენ. ის ხომ ღმერთების ძღვენი და მათი შუამავალი, ელჩი უნდა ყოფილიყო, რომელიც ხალხის შემდგომი კეთილდღეობის გარანტორი იქნებოდა.
ფართოდაა გავრცელებული ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ტაძრების კურთხევისას, ან იმპერატორის ტახტზე ასვლისას მასობრივ სასაკლაოს აწყობდნენ; თითქოს დრეში 20 000-დან 50 000-მდე ტყვეს სწირავდნენ მსხვერპლად. დამეწრმუნეთ ეს სრულიად შეუძლებელია და ესპანელი კონკისტადორების მიერ შექმნილი ზღაპრებია. მათ ხომ საკუთარი სისასტიკის, სიხარბისა და უმეცრების გამართლება სჭირდებოდათ.

აცტეკების მიერ ადამიანის მსხვერპლშეწირვის სცენა.
ადამიანის მსხვერპლშეწირვის სცენა.

დღემდე მახსოვს, როდესაც პირველად წიგნი „ტენოჩტიტლანის დაცემა“ წავიკითხე, 3 დღე ვტიროდი. ესპანელების სისასტიკემ და სიხარბემ, აცტეკების სიმამაცემ და გამბედაობამ, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით აცტეკების ეროვნული გმირით – კუაუტემოკით მოვიხიბლე, მისი სიმტკიცითა და თავდადებით, კორტესი კი დღემდე ჩემთვის ერთ-ერთი საძულველი ისტორიული ფიგურაა. წიგნის წაკითხვიდან ცოტა ხანში, ახალი წიგნი ჩამივარდა ხელში, სადაც დეტალურად იყო აღწერილი მათი რიტუალები და მსხვერპლშეწირვის პროცესი. ცივად დავხურე წიგნი და რამდენიმე დღე დამჭირდა ყველაფრის გასააზრებლად. რასაკვირველია, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა საშინელებაა, მაგრამ მთავარია ცოტა ხნით მაინც ვცადოთ და გავიაზროთ მათი ტრადიციები, რატომ ხდებოდა მსხვერპლშეწირვა და როგორ განაპირობა ეს მათმა მსოფლმხეველობამ.
დღეს ულამაზესი ტენოჩტიტლანი სრულიად განადგურებულია, ტბა ტესკოკო დამშრალია და მის ადგილას მეგაპოლისი მეხიკოა გაშენებული. ტემპლ დე მაიორის მაგივად კათედრალია აღმართული. კონკისტადორებმა მილიონობით ადამიანი დახოცეს, დაანგრიეს მათი ქალაქები და დაწვეს ყველანაირი წერილობითი წყარო რაც მათ სამყაროს უფრო ხელშესახებს გახდიდა ჩვენთვის. თუმცა, არქეოლოგები მაინც ცდილობენ მეგაპოლისს გამოსტაცონ ოდესღაც დიდებული ქალაქი და უფრო მეტი გაიგონ ოდესღაც დიდებული იმპერიის შესახებ.

მეხიკო და ტენოჩტიტლანი
თანამედროვე მეხიკო და მასში ჯერ კიდევ შემორჩენილი ტენოჩტიტლანის მთავარი ტაძრის ნანგრევები.

გამოყენებული ლიტერატურა:

“Aztec Human Sacrifice as Expiation” by Michael Graulich.

“Understanding Aztec Human Sacrifice” by Patricia Anawalt.

“Myth, Belief, Narration, Image: Reflections on Mesoamerican Mythology” by Alfredo Lopez Austin.

“Time and Sacrifice in the Aztec Cosmos” by Kay Almere Read – ძალიან საინტერესო წიგნია!!

“A History of the World in 100 Objects” by Neil MacGregor.

 

თეოტიუაკანი – ღმერთების ქალაქი

თანამედროვე მეხიკოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, ძველი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ურბანული ცენტრი – თეოტიუაკანი. დღემდე არაა ზუსტად ცნობილი ვინ ააშენა ქალაქი, რა ეწოდებოდა მას სინამდვილეში. მაის ხალხის რამოდენიმე მანუსკრიპტში ნახსენებია სახელი “პაჰ”- “ლერწმის ადგილი”, ხოლო სახელი თეოტიუაკანი – “ღმერთების ქალაქი” აცტეკებმა უწოდეს მას. აცტეკების მიერ ქალაქის პირველად ნახვისას, ის უკვე რამდენიმე საუკუნის მიტოვებული და გაუკაცურებული იყო. შენობების არქიტექტურით, სიდიდითა და სილამაზით აღფრთოვანებულებმა, მას “ღმერთების ქალაქი უწოდეს”. აცტეკებს სჯეროდათ რომ, ღმერთებმა სამყარო სწორედ აქ შექმნეს.

თეოტიუაკანი ძვ.წ I საუკუნეში დაარსდა და ახ.წ VII საუკუნემდე არსებობდა, თუმცა ნაგებობათა უმეტესობა ახ.წ V საუკუნემდე პერიოდს მიეკუთვნება. აყვავების ხანაში ქალაქი პრე-კოლუმბამდელი პერიოდის უდიდესი დასახლებული პუნქტი უნდა ყოფილიყო მეზოამირიკის ისტორიაში, დაახლ. 125 000 მაცხოვრებელით. მათი ეთნიკური წარმომავლობა დღემდე დავის საგანია, თუმცა საკმაოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად ეს იყო მულტი-ეთნიკური დასახლება, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ტოტონაქები, ოტომი, მაია, ჰაგუა და მეზოამერიკის სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები.

თეოტიუაკანის რეკონსტრუქცია
თეოტიუაკანის რეკონსტრუქცია

თეოტიუაკანის დაარსების ისტორია საკმაოდ ბუნდოვანია, ისევე როგორც მისი არსებობის ადრეული პერიოდი. დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებული აზრით ქალაქი ტოლკეტებს ეკუთვნოდათ. ეს მოსაზრება ეყრდნობოდა 16 საუკუნეში დაწერილ ფლორენციის კოდექსს, სადაც აღწერილია მეზოამერიკის ხალხთა ისტორია. დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ტოლტეკების კულტურა მაიას ცივილიზაციის დაცემიდან, რამდენიმე საუკუნის შემდეგ ყვაოდა და ეს ვერსიაც თავისთავად გამოირიცხა. დღესდღეობით თანამედროვე კვლევები მიუთითებს, რომ ქალაქი დაარსდა რამოდენიმე კულტურის მიერ.

თეოტიუაკანი აყვავების პერიოდს აღწევს დაახლ. ახ.წ 450 წელს, როდესაც მისი გავლენა ვრცელდება, თითქმის მთელს მეზოამერიკაზე. ამ დროისათვის ქალაქის სიდიდე 30კვ2  აღწევდა. სხვადასხვა უბნებში მცხოვრები ადამიანები წარმოშობით იმ ქალაქებიდან იყვნენ, რომლებიც თეოტიაუკანის გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი.

ქალაქი განთქმული იყო ობსიდიანის მოპოვებით და მისგან დამზადებული ნივთებით ვაჭრობით, განვითარებული იყო მეთუნეობა, ხელოსნობა, საიუველირო საქმიანობა, ინჟინერია, ასტრონომია, მათემატიკა.

ჩვენამდე არაა შემორჩენილი ტექსტები, ან რაიმე სახის წერილობითი წყარო, რომელიც ქალაქის ისტორიაზე მოგვითხრობს. მეცნიერები ეყრდნობიან არქეოლოგიურ მასალებს, რელიეფებსა და მოხატულობებს. თეოტიუკანში კედლის მხატვრობა განსაკუთრებით დავრცელდა და დაიხვეწა ახ.წ 450-650 წლებში.

მეცნიერთა აზრით ფრესკაზე გამოსახულია თეოტიუაკანის დიადი ქალღმერთი
მეცნიერთა აზრით ფრესკაზე გამოსახულია თეოტიუაკანის დიადი ქალღმერთი
თეოტიუაკანი - მეომრის გამოსახულება
თეოტიუაკანი – მეომრის გამოსახულება

თეოტიუკანის დაღმასვლა დაახლ. ახ.წ VI საუკუნეში იწყება. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ქალაქი დაეცა შემოსევების შედეგად, რადგან სასახლეები და ტაძრები, ანუ ის არქეოლოგიური ადგილები სადაც მეცნიერები მუშაობდნენ, აშკარად გადამწვარი იყო. თუმცა უახლესმა გათხრებმა დაამტკიცა, რომ ცეცხლის კვალი დასტურდება მხოლოდ მაღალი კლასის რაიონებში, ხოლო ახლად გათხრილი დაბალი ფენის სამოსახლოები უბრალოდ მიტოვებულებია. ეს პირდაპირ მიანიშნებს დაბალი კლასის აჯანყებაზე.

ქალაქის არქიტექტურა 

თეოკიუაკანის მთავარ გზას “მიცვალებულთა ქუჩა” ეწოდება, დაახლოებით 2 მილი გრძელდება და შეიცავს სამი პირამიდის კომპლექსს, მათ შორისაა მსოფლიოში სიდიდით მესამე, “მზის პირამიდა”. აქვე მრავლადაა მინი პირამიდები და პლატფორმის მსგავსი ნაგებობები, აცტეკებს სჯეროდათ რომ ეს იყო სამარხები, სწორედ აქედან მოდის გზის სახელიც. დღესდღეობით დადგენილია, რომ ეს იყო სარიტუალო შენობები, რომელთა თავზეც აღმართული იყო სამსხვერპლოები, ან ტაძრები.

მიცველაბულთა ქუჩა
მიცველაბულთა ქუჩა

აქვეა ე.წ “ფრთოსანი გველის ტაძარი”, რომელიც თეოტიუაკანში სიდიდით მესამეა. თარიღდება ახ.წ 150-200 წლებით. სახელი ეწოდა დეკორში გამოყენებული ფრთიანი გველის გამოსახულებიდან, რომელიც დაახლ. 10 საუკუნის შემდეგ აცტეკებმა შეითვისეს, როგორც ღმერთი კეცალკოატლი.

ნაგებობა წარმოადგენს ექვს დონიან პირამიდას, კედლების ნაპირები გაფორმებულია გველის თავებით, რომელტაც თვალების მაგივრად ობსიდიანის ქვები აქვთ ჩასმული. ორასზე მეტი ჯგუფური სამარხია ნაპოვნი ტაძართან, აღმოჩენილია როგორც ქალის, ასევე მამაკაცის სხეული, თუმცა ამ უკანასკნელთა რაოდენობა გაცილებით დიდია. მამაკაცებს ჩატანებული აქვთ იარაღი, სამკაულები გაკეთებული ადამიანთა კბილებისაგან, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს რომ ეს უნდა იყოს თეოტიუაკანის დამცველთა სამარხები. მაგრამ აქვე უნდა აღნიშნოს მათი ზუსტი დანიშნულება დაზუსტებული არაა.

“ფრთოსანი გველის” ტაძარი
დეკორის დეტალი: კედელზე გამოსახულია გველის თავები.
დეკორის დეტალი: კედელზე გამოსახულია გველის თავები.

ჩრდილოეთით არის “მთვარის პირამიდა”, ეს სახელიც აცტეკების მიერაა მინიჭებული. აგებულია ახ.წ II – IV საუკუნეებში. მისი სიმაღლე 46, სიგანე კი 168 მეტრია. ნაგებობა დაყოფილია რამდენიმე დონედ. ტაძარი, სადაც რეგულარულად მიმდინარეობდა მსხვერპლშეწირვა ეძღვნებოდა თეოტიუაკანის დიდ ქალღმერთს. რომელიც ასოცირდებოდა ნაყოფიერებასთან, წყალთან, მიწასთან და აბადებასთან. პირამიდის მიმდებარედ გათხრილ სამარხებში აღმოჩენილია ადამიანის ძვლები, ოდსიდიანის დანები და სხვა სარიტუალო ინვენტარი.

მთვარის პირამიდა
მთვარის პირამიდა

მზის პირამიდა მეზოამერიკაში დღესდღეობით ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობაა, სიმაღლით 76 მ. და სიგანით 223 მ. გათხრებისას გამოვლინდა მეშენებლობის ორი დონე. პირველი დაახლ. ახ.წ 100 წელს და უკვე მიიღო დღეისათვის არსებული ფორმა. მეორე სამშენებლო პერიოდის ნაგებობა სამწუხაროდ დღემდე არ შემორჩენილა.

მზის პირამიდა
მზის პირამიდა