გიზას გამქრალი სფინქსი – გჯერათ მეორე სფინქსის თეორიის?

გიზას სფინქსი
კირკიტა და ცნობისმოყვარე მეცნიერები ვერ ისვენებენ, მუდმივად იქექებიან წარსულსა და საიდუმლოებებში, ჰოდა არც გიზას ველს აკლია მსგავსი ადამიანები და საოცრად საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ. ოდესღაც გიზას პლატოზე ერთი კი არა, ორი სფინქსი მდგარა, ზუსტად დიდი სფინქსის მოპირდაპირე მხარეს. დღესაც, ქვისა და ქვიშის ქვეშ მეორე სფინქსის ნანგრევებია, ნაგებობა რომელიც 4200 წლის წინ ააგეს და დიდი ხნის განმავლობაში აოცებდა მნახველებს, ბერძნებს, რომაელებს და თვით მუსულმანებსაც კი. თუ წყაროებს დავუჯეებთ, მეორე სფინქსი ახ.წ. 1000-1200 წლებში განადგურდა.
ამ ყველაფერს შეიძლება არ დაუჯერო, ფაქტები არასაკმარისად მიიჩნიო, მაგრამ როგორც კი გარი ქენონის წიგნს – „გიზას პლატოს საიდუმლოებები და მეორე სფინქსის აღმოჩენა (Gerry Cannon “The Giza Plateau Secrets and a Second Sphinx Revealed) იქ უკვე ყველაფერი ნათელი გახდა და მეც იმ ადამიანების რიცხვს მივემატე, ვისაც მეორე სფინქსის აგების და არსებობის ჯერა.

ამ იდეის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და აგიტატორი ეგვიპტოლოგი და არქეოლოგი ბასამ ელ შამაა, რომელიც „დაკარგულ სფინქსს“ ათეული წლის განმავლობაში ეძებდა. მოდი, დეტალურად მივყვეთ და გავიგოთ თუ რის საფუძველზე ამტკიცებს მეცნიერი გამქრალი სფინქსის არსებობას.

მეორე სფინქსის სავარაუდო ადგილმდებარეობა
მეორე სფინქსის სავარაუდო ადგილმდებარეობა

პირველი მიზეზი საკმაოდ ლოგიკურია და სწორედ ამან უბიძგა ბასამს ძებნისაკენ. თქვენც წარმოიდგინეთ ნებისმიერი ეგვიპტური ძეგლი, რომელიც სფინქსებითაა დამშვენებული. ახლა გაიხსენეთ რომელ ტაძარშია მხოლოდ ერთი სფინქსი და თანაც ერთ მხარეს? პასუხი მარტივი და ლოგიკურია, ასეთი რამ არსად არააა. მხოლოდ ისეთ ადგილას სადაც სამწუხაროდ დროთა განმავლობაში განადგურდა. დუალობა სფინქსების აღმართვისას ყოველთვის დაცულია, გიზაზე კი მხოლოდ ერთია. სწორედ აქედან დაიწყეს მეცნიერებმა ძიება, თუმცა აქ არავინ გაჩერებულა. ძიების პროცესში უამრავი ტექსტი, არქეოლოგიური მასალა და სატელიტის სურათები გამოიკვლიეს, რომლებიც ჰიპოთეზას ამყარებენ.
ყოველთვის, როდესაც მზის კულტს და მასთან დაკავშირებულ ატრიბუტიკას განვიხილავთ, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ აქ ყოველთვის ჩნდება პარარელულად მდგარი მამრი და მდედრი ლომი. ასევე, დავუკვირდეთ სამყაროს შექმნის ეგვიპტურ მითს, როდესაც ატუმი შექმნის შუსა და ტეფნუტს, მდედრი და მამრი ლომის სახით.
არ დავივიწყოთ ასევე, სფინქსის „სიზმრის სტელა“, რომელიც სავარაუდოდ თუტმოს IV სფინქსის თათებს შორის განათავსა, აქაც გამოკვეთილად ჩანს 2 სფინქსი, სადაც ერთ-ერთ მათგანს მდედრი ლომის ფორმა აქვს.

"სიზმრის სტელა" - დიდი სფინქსის თათებს შუაში თუტმოს IV-ის მიერ აღმართული რელიეფი
“სიზმრის სტელა” – დიდი სფინქსის თათებს შუაში თუტმოს IV-ის მიერ აღმართული რელიეფი

„სიზმრის სტელა“ ერთ-ერთი ყველაზე მყარი არგუმენტია, რომელიც მეცნიერების ვარაუდს ამყარებს, ასე რომ, ცოტა უფრო დეტალურად განვიხილოთ. სტელაზე ორი ლომი ზურგით არიან ერთმანეთთან გამოსახულნი, როგორც „აკერი“ და „ხეპერი“, „გუშინ“ და „დღეს“ განსახიერებები. ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით, მზის ჩასვლისას ამონ-რა მიწისქვეშეთში მოგზაურობდა, რომელიც თითქოს ერთი დიდი და გრძელი გამოქვაბულია. ჩასასვლელიც და გამოსასვლელი სფინქსის მიხედვით იყო დაცული. ხშირად სწორედ ამ მიზეზით ტაძრებისა და აკლდამების შესასვლელში ორი სფინქსს იყო აღმართული.
მითებისა და არქეოლოგიური მტკიცებულების გარდა, NASA-ს სატელიტების მიერ გადაღებული სურათების ანალიზიც ამყარებს ამ თეორიას. SIR-C / X-SAR მიერ დამუშავებულ სურათებზე, კარგად ჩანს ის მონაკვეთი და თითქმის განადგურებული ქანდაკების ფუნდამენტი.

მაშ რა მოუვიდა და სად წავიდა სფინქსი? პატარა არაა რომ უცბად გაქრეს, სამუდამოდ დაივიწყონ. პასუხი ძალიან მარტივია, ზუსტად იგივე ბედი ეწია რაც ჯედეფრის პირამიდას. ეგვიპტეში შუა საუკუნეებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ზუსტად ამ დროს დაიწყეს მუსულმანებმა გიზადან და მემფისიდან ქვიშაქვის, გრანიტის გატანა და ისლამური კაიროს მშენებლობაში მათი გამოყენება. ადგილობრივი გიდი დიდი სიამაყით გიჩვენებს მეჩეთებში აქა იქ გამოჩენილ ჰიეროგლიფებს, კარტუშებს. ხანდახან ადამიანური ვანდალიზმი მართლა გულს მტკენს.
თეორიები კიდევ უფრო შორს მიდის, რომ სფინქსი რამდენიმე ათეული ათასი წლით უფრო ძველია ვიდრე მეცნიერები ამტკიცებენ. რომ ეგვიპტელ ფარაონებს არაფერი აქვთ საერთო პირამიდებისა და სფინქსის მშენებლობასთან. სფინქსის კლდე ბევრად უფრო ძველია და ამას ვერავინ უარყოფს, თუმცა უგულებელყო უამრავი ფაქტი, ადამიანური ფაქტორი და ზებუნებრივ ძალებს მიაწერო ადამიანის ხელით შექმნილი საოცრება ცოტა არასწორი მგონია. სამწუხაროდ, ყველა ვისაც მეორე სფიქნსის არსებობის ჯერა, ავტომატურად ექცევა „უცხოპლანატელების“, „ანუნაქების“ მითის ზეგავლენის ქვეშ. რატომ არ შეიძლება, რომ სწორად გავიგოთ ძველი ეგვიპტელების რწმენა, ფსიქოლოგია და სამყაროს აღქმა. ჯედეფრიმ მამის საპატივსაცემოდ ააგებინა სფინქსი და სრულიად შესაძლებელია მეორე სფინქსიც იმავე დროს გამოეკვეთათ. მის არსებობას ასევე ამტკიცებენ სხვადასხვა ჩანაწერები ბერძნულ და რომაულ წყაროებში. ხანდახან კიდევ უფრო უცნაურ რამეს ვაწყდებით, როდესაც საუბრობენ, რომ სფინქსი ნილოსის მეორე მხარეს იდგა. თუმცა, ფაქტი უცვლელია და თანაც ძალიან ჯიუტი, ყველანაირი თეორია და მინიშნება მკაფიოდ მიუთითებს, რომ გიზას ველზე ეგვიპტელებმა მეორე სფინქსი ააგეს, თუმცა სამწუხაროდ დროსა და ადამიანს ვერ გაუძლო და დაახლ. 1000 წლის წინ გაქრა პლატოდან.

 

 

ჰეტეპჰერესი – პირამიდების დედოფალი

პირამიდის მშენებლების უდიდესი წარმატების უკან, ხუფუსა და სნეფერუს ოჯახის წევრი, ქალბატონი დგას. ის ძველი სამეფო (ძვ.წ. 2686-2181) ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა და მისი სახელი ჩვენთვის, საუცხოო სამარხისა და საგანძურის აღმოჩენის შემდეგ გახდა ცნობილი.
ჰეტეპჰერეს I, ფარაონ სნეფერუს ცოლი (ეგვიპტეს მართავდა ძვ.წ. 2613-2589 წწ), ხუფუს დედა, ჯედეფრის, ხაფრასა და დედოფალ ჰეტეპჰერეს II-ის ბებიაა. ფლობდა შემდეგ ტიტულებს: მეფეთა დედა, ღმერთის ქალიშვილი, ორი სამეფოს მმართველის დედა. მისი ქორწინებით, ფარაონ სნეფერუსთან, ორი სამეფო შტო შეერთდა; მამა ფარაონი ჰუნი იყო, სნეფერუ კი სავარაუდოდ მომავალი დედოფლის ნახევარ ძმა.
დედოფალი ჰეტეპჰერესი, სავარაუდოდ ხუფუს მმართველობის დროს გარდაიცვალა. სამწუხაროდ ბევრი დეტალი ნამდვილად არაა ცნობილი, ძველი სამეფოს სამარხები არ გვანებივრებენ წარწერების სიმრავლითა და ცხოვრებსეული მოვლენების დეტალური აღწერით. დედოფლის სამარხიც კი უცნობი იყო 1925 წლის 2 თებერვლამდე. ამ დღეს ეგვიპტელი ფოტოგრაფი მოჰამადიენ იბრაჰიმი, ჯორჯ ენდრიუსთან ერთად მუშობდა გიზას ველზე. ამ არაჩვეულებრივმა აღმოჩენამ, მსოფლიოს კიდევ ისტორიაში გაუჩნარებული დედოფლის არაჩვეულებრივი ისტორია გაანდო.
ჰორჰ ენდრიუსი გიზას ველზე, ხუფუს პირამიდის მიდამოებში რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ექსპედიციას ხელმძღვანელობდა. თუმცა, 2 თებერვალს, ამერიკაში იმყოფებოდა არდადეგებზე. ექსპედიციიას ფოტოგრაფი, მოჰამადიენ იბრაჰიმი, პირამიდის აღმოსავლეთ მხარეს ფოტოგადაღებისათვის ემზადებოდა, როდესაც ცალი ფეხი პატარა ორმოში ჩაუვარდა, რომელიც ბათქაშით იყო ამოლესილი. ცნობისმოყვარე ფოტოგრაფმა, გადაწყვიტა გამოეკვლია ეს ადგილი და აღმოჩნდა, რომ ბათქაშით გადალესილი ორმო 12 საფეხურიან ჩასასვლელს ფარავდა. ახალი აღმოჩენის შესახებ, სასწრაფოდ ჯორჯ ენდრიესს შეატყობინა, რომელმაც, მაშინვე გაიაზრა, რომ გიზას ველზე, ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩნის ზღვარზე იყვნენ.

ჰეტეპჰერესის სამარხში ჩასასვლელი.
ჰეტეპჰერესის სამარხში ჩასასვლელი.

ახალ აღმოჩენილი საფეხურები, ვერტიკალურად ეშვებოდა შახტაში, რომელიც ზედაპირამდე კირქვით იყო ამოვსებული. სხვადასხვა სახის არტეფაქტები და კერამიკა, უწესრიგოდ მიმოფალნტულიყო, მათ შორის არქეოლოგებმა ხუფუს სამეფო ბეჭედიც იპოვეს. სამსხვერპლო ნიშაში, ჯერ კიდევ ეწყო მსხვერპლად შეწირული წითელ ქსოვილში გადახვეული ხარის სამი ძვალი, 2 ღვინის დოქი და ცხოველის თავის ქალა.

კანოპების ყუთი, ჰეტეპჰერესის სამარხიდან.
კანოპების ყუთი, ჰეტეპჰერესის სამარხიდან.

უშუალოდ სამარხში შესვლის შემდეგ, არქეოლოგები მწარე რეალობის წინაშე დადგნენ, სამარხი გაძარცული დახვდათ. თუმცა იღბალმა მაინც შემოგვინახა საგანძურის მცირე, თუმცა ძალიან ძვირფასი არტეფაქტები. სამარხში ჯერ კიდევ შემორჩენილიყო ოქროთიმოვარაყებული ნივთები საწოლი, რამდენიმე ხის ყუთი, ორი სავარძელი. ტყავის სპეციალური ჩასადები ხელჯოხებისათვის, სპილენძის იარაღები, სამი ოქროს ვაზა, სამართებლის ყუთი, 21 ვერცხლის სამახური, რომლებიც ხის ყუთშია ჩალაგებული.

არქეოლოგები მუშაობენ ჰეტეპჰერესის სამარხში.
არქეოლოგები მუშაობენ ჰეტეპჰერესის სამარხში.

ნივთების უმეტესობა ფარაონ სნეფერუსა და ჰეტეპჰერესის სახელებს ატარებენ. წარწერების მიხედვით, ჰეტეპჰერესის სრული ტიტულია: „ზემო და ქევმო ეგვიპტის მეფის დედა, ჰორის მიმდევარი, აკაციის სახლის ყასბების ზედამხედველი, ერთადერთი რომელიც ამბობს და ყველაფერი სრულდება, ღმერთის სხეულის ქალიშვილი, ჰეტეპჰერესი“. რა თქმა უნდა, ახლა ეს ტიტულატურა ჩვენთვის ძალიან უცნაურად და სასაცილოდ ჟღერს, თუმცა ჰეტეპჰერესის სახე წარმოიდგინეთ, ჯეიმს აპატურაის თანამდებობა რომ გაეგო 🙂

egyptian_4_bracelets
ჰეტეპჰერესის სამარხში აღმოჩენილი, პაპლების ფორმით შემკული სამაკურები.

სამარხში, ასევე აღმოჩენილ იქნა ყუთები, რომლებიც ხუფუს ბეჭდით იყო დაბეჭდილი. აღმოჩენილი ნივთები, კაიროს მუზემსა და ბოსტონის ხელოვნების მუზეუმს შორის გაიყო და ორივე მუზეუმის კოლექციას ამშვენებს.
ახლა უკვე მივედით მთავარ საკითხამდე: სადაა დედოფლის მუმია????
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთებისა, ჰეტეპჰერესის სამარხში ალებასტრის სარკოფაგიც აღმოაჩინეს, რომელიც ფრთხილად კედელთან იყო მიდგმული. 1927 წლის 3 მარტს, სარკოფაგი გაიხსნა, თუმცა მასში მუმია არ აღმოჩნდა.
სამარხში აღმოჩენილ ნივთებში, ასევე იყო კანოპების ყუთი, რომლებიც როგორც ვიცით დაკრძალვის ძველ ეგვიპტური რიტუალის განუყეფელი ატრიბუტია. კანოპებში ათავსებდნენ მიცვალებულის კუჭს, ღვიძლს, ფილტვებსა და ნაწლავებს. ყუთი ხისგანაა დამზადებული და შიგნით ოთხი სათავსო აქვს, ოთხი კანოპასათვის, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძელესი კანოპა. კვლევებმა დაადგინეს, რომ ეს კანოპები გამოყენებული იქნა ადამიანის ორგანოების შესანახად.
მუმიის ვერ აღმოჩენის შემდეგ, ჯორჯ რეისნერმა საკუთარი თეორია წამოაყენა, რომლის მიხედვითაც, ჰეტეპჰერესი თავდაპირველად თავისი ქმრის გვერდით, დაჰშურში დაკრძალეს. სამწუხაროდ სამარხი მძარცველებმა გაძარცვეს, სამეფო ოჯახმა და ქურუმებმა, გადაწყვიტეს, დედოფლის ნეშტი უსაფრთხო ადგილას გადაეტანათ. სავარაუდოდ, მუმია მძარცველებმა გაიტაცეს, რადგამ მუმიფიცირების დროს ბევრი ძვირფასი ამულეტი და სამკაული ჩაატანეს. რა თქმა უნდა ქურუმებს შეეშინდათ ფარაონის რისხვისა, როდესაც ეტყოდნენ რომ დედის ცხედარი გაიტაცეს, ამიტომ სიმართლე დაუმალეს, ცარიელი სარკოფაგი და კანოპები კი გიზას ველზე გადმოასვენეს, ხუფუს პირამიდის მახლობლად.
ამასთან დაკავშირებით, მარკ ლეჰნერი შემდეგ თეორიას აყალიბებს, რომ დედოფალის თავდაპირველი სამარხი სწორედ გიზაზე მდებარეობდა, ხოლო შემდეგში მისი გადასვენება მოხდა პირამიდაში, რომელიც ხუფუს მიერ იქნა აგებული დედოფლებისა და დედისათვის.

eb74c4ffea4aae50dd332d229fdfbea9
ჰეტეპჰერესის სამარხში აღმოჩენილი საწოლი.

უკვე მივედი იმ ეტაპამდე, როდესაც უნდა ავხსნა, თუ რატომ დავასათაურე ეს პოსტი ასე 🙂 ეგვიპტის ძველი სამეფო, ძვ.წ. III ათასწლეულის პერიოდშია, როდესაც ეგვიპტე პირველად აღწევს განვითარების პიკს და ყვავის როგორც მოწინავე ცივილიზაცია. IV დინასტია, ძველი სამეფოს „ოქროს ხანაა“, რომელიც ძვ.წ. 2613-2494 წლებში მართავდა ეგვიპტეს. ამ დინასტიის ფუძემდებლები ფარაონი სნეფერუ და დედოფალი ჰეტეპჰერესი იყვნენ, რომელთა სამშენებლო ექსპერიმენტებმა, საფეხუროვანი მასტაბის ფორმის პირამიდა, კლასიკიურ პირამიდად აქციეს.
ეგვიპტის ისტორიაში, ეს იყო რევოლუციური პერიოდი, როდესაც სამშენებლო ტექნიკა იხვეწება, ვითარდება და არნახულ მასშტაბებს აღწევს. ეს იყო მშვიდობისა და სიმდიდრის ეპოქა, როდესაც აიგო სნეფერუს 3 პირამიდა, ჯედეფრის აბუ რავაშის, გიზას დიდი პირამიდები. დედოფალმა ჰეტეპჰერესმა, სათავე დაუდო პირამიდების მშენებელ დინასტიას და თავისი მოღვაწეობით, ხელი შეუწყო მის შექმნასა და განვითარებას.

როდესაც კაიროს მუზეუმში ძველი სამეფოს განყოფილებას დაათვალიერებთ, ხელმარცხნივ პატარა ოთახია. ექსპონატები არც თუ ბევრია, სამაგიეროდ თვალისმომჭრელი. ერთმანეთს ენაცვლებიან საოცრად დახვეწილი სამაჯურები, თასები, ძვირფასი ხის ავეჯი… საით გაიხედო და რომელი შეაფასო ვეღარ ხვდები. თანდათან სიძველეში იძირები და თვით დედოფალი ჰეტეპჰერესიც კი, რომელიც 4600 წლის წინ ცხოვრობდა, შენთვის ახლობელი და ნაცობი ხდება. სწორედ შენს წინაა საწოლი, რომელზეც დედოფალს ღამით ეძინა, სამაჯურები, ოდესღაც მის დახვეწილ ხელს რომ ამშვენებდნენ, კოსმეტიკის ყუთი, ჯერ კიდევ შავი თვალის ხაზებისათვის განკუთვნილი სითხით… თითქოს იქვე ოთახში დააბიჯებს დედოფალი, რომელმაც ქმარს/ფარაონს მისცა ძალა განუწყვეტლივ ებრძოლა სრულყოფილი სამუდამო განსასვენებლისათვის; გააჩინა ვაჟი – ხუფუ, მსოფლიოში 4600 წლის განმავლობაში უდიდესი ნაგებობის შემქმნელი; მის სისხლს ეკუთვნის ჯედეფრი, ხაფრა, მენკაურა, კევაბი. სწორედ მისი მემკვიდრეობითაა ეგვიპტე ძლიერი და ცნობილი. ასე რომ, მოდი დედოფალს საკადრისი პატივი მივაგოთ და ყოველთვის გავიხსენოთ მისი სახელი, ეს ხომ ეგვიპტელების რწმენით სულს უკვდავებას ანიჭებს; რისკენაც ასე ძლიერ ილტვოდნენ ძველი ეგვიპტელები.

hetepheres12
ჰეტეპჰერესის სავარძელი.
დედოფლის ტახტრევანი.
დედოფლის ტახტრევანი.

 

წყარო:

Joyce Tyldesley, Chronicle of the Queens of Egypt , 2006

Aidan Dodson, Dyan Hilton, The Complete Royal Families of Ancient Egypt , 2004

Lorna Oakes, The Illustrated Encyclopedia of the pyramids, temples & tombs of Ancient Egypt , 2006

Wolfram Grajetzki, Ancient Egyptian Queens – a hieroglyphic dictionary, 2005

http://www.ancient-origins.net/history-famous-people/queen-pyramids-powerful-hetepheres-i-and-her-magnificent-tomb-005234?page=0%2C1