10 ულამაზესი ეგვიპტური ტაძარი

ძველ ეგვიპტელებს ჰარმონიისა და სილამაზის საოცარი შეგრძნება ჰქონდათ, სწორედ ამიტომ ეგვიპტეში მოგზაურობისას, საითაც არ უნდა გაიხედო ერთმანეთზე უფრო ლამაზ და დახვეწილ ტაძრებს წააწყდები. ჰიპოსტალური დარბაზებით დამშვენებულ შენობას, დიდი ეზო ცვლის, იქვე წამოჭიმულა უდიდესი ობელისკები; კედლები მოხატულია ფერადი რელიეფებით, თუ მზისგან მოფარებულ კედლებს შეხედავთ, დღემდე შემორჩენილ ხასხასა ფერებს დაინახავთ. სწორედ ამ დროს, თითქოს წყდები რეალობას და ძველ ეგვიპტეში ინაცვლებ, გგონია რომ ახლა საიდანმე პანტერისტყავ მოსხმული ქურუმი გამოვა, არომატულ სამკმეველს აკმევს და მზის სადიდებელს წარმოთქვამს.

კომ ომბოს ტაძარი
კომ ომბოს ტაძარი

10 – კომ ომბოს ტაძარი. 
პტოლემაიოსების (ძვ.წ III-I სს) მიერ აგებული უზარმაზარი ტაძარი, შემაღლებულ ადგილასაა აშენებული და ნილოსის ნაპირებს გადმოსცქერის. თავდაპირველად ტაძარი პტოლემაიოს VI ააგო, რომელიც მოიცავს 2 სხვადასხვა შესასვლელს, ტაძარს, ეზოს, კოლონადას, ჰიპოსტალურ (სვეტებიან) დარბაზსა და სამლოცველოს. ტაძარი ნილოსის ღმერთს, ნიანგის თავიან სობეკს ეძღვნება.

მედინეთ აბუს ჰიპოსტალური ტაძარი
მედინეთ აბუს ჰიპოსტალური ტაძარი

9 – ამენჰოტეპ III-ის სულის მოსახსენებელი ტაძარი – მემნოსის კოლოსები
XVIII დინასტიის ერთ-ერთი უძლიერესი ფარაონის სულის მოსახსენებელი ტაძარი, რა თქმა უნდა გამოირჩოდა პომპეზურობითა და დახვეწილობით, მისი არქიტექტორი ეპოქის გენია – ამენჰოტეპ აპუს ძეა. შეგახსენებთ, რომ სწორედ მისი აგებულია ლუქსორის ტაძარი. სამწუხაროდ ტაძარი, სადაც ფარაონს როგორც მის სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდეგაც ეთაყვანებოდნენ, დროთა განმავლობაში სრულიად განადგურდა, თუმცა დაახლ. ძვ.წ. 1350 წელს აგებული 2 მჯდომარე ქანდაკება კვლავ ამშვენებს ნილოსის დასავლეთ ნაპირს. არქეოლოგიური გათხრებიც ყოველ წელს მიმდინარეობს და ახალი აღმოჩენები კვლავაც გვაოცებენ ტაძრის დიდებული არქიტექტურითა და ქანდაკებებით. გასულ წელს, არქოელოგებმა 70-მდე ქალღმერთ სეხმეტის ქანდაკება იპოვეს და ამჟამად ლუქსორის მუზეუმის კოლოქციას ამშვენებენ.

ფილეს ტაძარი
ფილეს ტაძარი

8 – ფილეს ტაძარი
ფილეს კუნძული უძველესი დროიდან ისიდას საკულტო ადგილი იყო, რაღა გასაკვირია რომ  რომ მიუხედავად მათი ბერძნული წარმომავლობისა, პტოლემაიოსებმა სრულიად მიიღეს და შეითვისეს ეგვიპტური ტრადიციები და რელიგია, კლეოპატრა კი თავს, ისიდას განსხეულებად მიიჩნევდა.
ტაძრის მშენებლობისას, გამოყენებულ იქნა ყველა ტრადიციული ეგვიპტური სატაძრო ელემენტი, თუმცა არც ბერნული სვეტები დავიწყებიათ. დაახლ. ახ.წ. 100 წელს, რომის იმპერატორმა ტრაიანემ ახალი ნაგებობები შემატა კომპლექსს. 1960 წელს, ნასერის დიდი კაშხლის მშენებლობისას, იუნესკოს უშუალო ეგიდით ფილეს სატაძრო კომპლექსი აგილიკას კუნძულზე იქნა გადატანილი, რამაც ის წყლისაგან დაფარვას გადაარჩინა.

ედფუს ტაძარი
ედფუს ტაძარი

7 – ედფუს ტაძარი
ღმერთ ჰორისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი უდიდესი ტაძარიც პტოლემაიოსების ეპოქას განეკუთვნება და მეორე კარნაკად მოიხსენიებენ. მშენებლობა ძვ.წ. 237 წელს დაიწყო და თითქმის 2 საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ვიდრე კლეპპატრას მამამ, პტოლემაიოს XII არ დაასრულა, ძვ.წ. 57 წელს. ჰორის სადიდებლად აგებული ტაძარი, ყველა ტრადიციულ ძველ ეგვიპტურ ელემენტს შეიცავს და ასევე ემატება ბერძნული ელემენტი – მამისი, რაც ღმერთის დაბადების ადგილს ნიშნავს.

აბიდოსის ჰიპოსტალური დარბაზი
აბიდოსის ჰიპოსტალური დარბაზი

6 – აბიდოსი, ოსირისის ტაძარი
ფარაონ სეთი I-ის მართველობის ბოლოს აგებული ტაძარი, მისმა შვილმა – რამზეს დიდმა კიდევ უფრო დაამშვენა დაახლ. ძვ.წ. 1279 წელს. აბიდოსი, ოდითგანვე ოსირისის საკულტო ადგილი იყო. ითვლებოდა, რომ სეთის მიერ მოკლული ღმერთის ნეშტი სწორედ აბიდოსში დაასვენეს, მის მკვდრეთით აღდგომამდე. განსაკუთრებით გამოირჩევა ტაძრის ჰიპოსტალური დარბაზი, რომლის სვეტები და რელიეფები დაფარულია სხვადასხვა რელიგიური სცენებით, სადაც ფარაონი ღმერთებს ეთაყვანება. აქვე იყო ოსირისის აკლდამა ე.წ. კენოტაფი, რომლის უზარმაზარი სვეტები დღემდე მნახველის გაოცებას იწვევს. აბიდოსზე საუბრისას, შეუძლებელია დაგვავიწყდეს მეფეთა სია, რომლის მიხედვითაც ეგვიპტის პირველ ფარაონად მენესია მოხსენიებული და სეთი I-ით სრულდება.

მედინეთ აბუს ტაძარი
მედინეთ აბუს ტაძარი

5 – მედინეთ აბუ – რამზეს III-ის სულის მოსახსენებელი ტაძარი
ლუქსორში, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე მდებარე მედინეთ აბუს ტაძარი, ჩემი ერთ-ერთ უსაყვარლესი ძველ ეგვიპტური ნაგებობაა. განსხვავებით სხვა ტაძრებისა, აქ ნახავთ სამეფო სასახლის ნანგრევებს, ტალახის აგურისაგან აშენებულ დამცავ კედელსა და სხვადასხვა სათავსოებს. მართალია, ზომით კარნაკის ნახევარიც არაა, მაგრამ ის რასაც აქ ნახავთ ნამდვილად აღფრთოვანებულს დაგტოვებთ. საუკეთესოდ შემონახული ტაძარი, ჰიპოსტალური დარბაზი, ხასხასა ფერებ შემორჩენილი რელიეფები, ფარაონის ოსირისისეული ქანდაკებები. რაც ყველაზე მთავარია, ტაძარს ბევრად ნაკლები ტურისტი სტუმრობს ვიდრე ლუქსორს, ან კარნაკს. სწორედ ამიტომ, აქ ბევრად მეტის ნახვა და შემეცნებაა შესაძლებელი.

დეირ ელ ბაჰრის ტაძარი
დეირ ელ ბაჰრის ტაძარი

4 – დეირ ელ ბაჰრი – დედოფალ ჰატშეპსუტის ტაძარი
„ქალბატონი ფარაონის“, რომელიც ეგვიპტეს ძვ.წ. 1479-1458 წლებში მართავდა, სულის მოსახსენებელი ტაძარი სრულიად გამორჩეულია სხვა ეგვიპტური ტაძრებისაგან. 3 ტერასად ნაგები და 30 მეტრი სიმაღლის ტაძარი, რომელიც ერთმანეთს პანდუსებით უკავშირდება, ყველასათვის კარგად ნაცნობი სენენმუტის მიერ იქნა აგებული. სამლოცველოები გარდა ჰატშეპსუტისა, ეძღვნება ოსირისს, ამუნსა და ჰათორს. აქ თქვენ ნახავთ რელიეფებს ფარაონის ცხოვრებიდან, მისი მმართველობის დროს მომხდარი მნიშვნელოვან სცენებს, როგორიცაა პუნტის სავაჭრო ექსპედიცია. ყველგან ხაზი აქვს გასმული მის ღვთაებრივ წარმოშობასა და ტახტზე ასვლის ლეგიტიმურობას.

ლუქსორის ტაძარი
ლუქსორის ტაძარი

3 – ლუქსორის ტაძარი
ლუქსორის ტაძრად წოდებული ნამდვილი ეგვიპტური საოცრება თანამედროვე ქალაქ ლუქსორში, ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს. ეგვიპტური ტრიადის ამონის, მუტის, ხონსუსადმი მიძღვნილი ტაძარის მშენებლობა ძვ.წ. 1400 წლებში დაიწყეს  და ყოველწლიურ, ყველაზე მნიშვნელოვან ოპეტის დღესასწაული მასპინძლობდა. რიტუალების დროს, ამონის ქანდაკება სამლოცველოდან გამოჰქონდათ და სფინქსების ხეივნით კარნაკის ტაძარში გადაჰქონდათ. ლუქსორის ტაძრის მთავარი მშენებელი ფარაონი ამენჰოტეპ III და მისი გენიოსი არქიტექტორი, ამენჰოტეპ აპუს ძეა.

აბუ სიმბელის ტაძარი
აბუ სიმბელის მცირე ტაძარი

2 – აბუ სიმბელის ტაძრები
აბუ სიმბელის ტაძრები რამზეს II-ის მეფობის ნამდვილი გვირგვინია. ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებულია. ძვ.წ. 13 საუკუნეში აგებული ტაძარი დღეს რამზესისა და მისი დედოფლის, ნეფერტარის სამუდამო სიყვარულის ნამდვილი …… ტაძარი იმითაცაა ცნობილი, რომ 1960-იანე წლებში ნასერის ტბის მშენებლობისას დატბორვის საშიშროების გამო აბუ სიმბელი და კიდევ ათამდე სხვა ტაძარი ნაწილ-ნაწილ დაშალეს და ახალ ადგილას გადაიტანეს.

კარნაკის ტაძარი
კარნაკის ტაძარი

1 – კარნაკის ტაძრი
ცხოვრებაში არასოდეს მინახავს ასეთი გრანდიოზული ნანგრევები, ამ დროს მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობ, თუ ახლა, ნახევრად დანგრეული ასეთი დედებულია, რა იქნებოდა 3000 წლის წინ, როდესაც მშენებლებმა ბოლოს შტრიხებიც დაამთავრეს და ქურუმებმა ტაძრის კურთხევის რიტუალი დაამთავრეს. მსოფლიოში, დღემდე უდიდესი რელიგიური ნაგებობა, ეგვიპტელი არქიტექტორების რამდენიმე თაობის დაუღალავი შრომის შედეგია. აქ შეხვდებით ჰიპოსტალურ დარბაზებს, სამლოცველოებს, ობელისკებს, დახვეწილ ქანდაკებებს, წმინდა ტბას, უზარმაზარ პილონებსა და სარიტუალო დარბაზებს. 134 მასიური სვეტის დარბაზში დადიხარ და ყველაფერი ერთად ირევა, სიხარული, გაოცება, აღფრთოვანება, მოწიწება.

როდესაც სტატიის დაწერა დავიწყე, სიმართლე გითხრათ ძალიან გამიჭირდა ამომერჩია და გამომეყო რომელიმე მათგანი, მაგრამ ბოლოს თავს ძალა დავატანე და ამ შედეგამდე მივედი. უძველესი ეგვიპტური ტაძრების მშენებლობა ძვ.წ. 4 ათასწლეულში დაუწყიათ, ყველაზე „ახლად“ ნაგები კი ფილეს ტაძარია, რომელიც პტოლემაისოების ეპოქით თარიღდება. ასე რომ,  იმედია ჩემს მიერ ჩამოთვლილი ტაძრები თქვენთვისაც მომხიბვლელია და ისიამოვნეთ სტატიის კითხვისას.

Advertisements

დეირ ელ-ბაჰრი – ის რაც აქამდე არ იცოდით

  დედოფალი ჰატშეპსუტის სახელს არაერთი გრანდიოზული არქიტექტურული ანსამბლი და ამბიცური პროექტი უკავშირდება. თვით მისი პიროვნება, ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობია ძველი ეგვიპტის ისტორიაში. ქალი რომელიც გახდა ფარაონი; მან თავი წარმოადგინა როგორც ტახტის სრულუფლებიანმა მემკვიდრემ და ამონ-რას შვილმა. ისევე როგორც მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო გამორჩეული, მისი სულის მოსახსენებელი ტაძარიც სრულიად რევულუციური პროექტი იყო იმ დროისათვის.

hatshepsutbust
დედოფალი ჰატშეპსუტი      
დედოფალის ბრძანებით ძვ.წ XVI საუკუნეში დაიწყო ნახევრად კლდეში ნაკვეთი დეირ ელ-ბაჰრის ტაძრის მშენებლობა. წარწერებში ვკითხულობთ და ეს არქეოლოგიური კვლევებითაც დასტურდება, რომ ნილოსის სანაპიროდან 7კმ-ის სიგრძეზე მიემართებოდა სარიტუალო გზა, მის ორივე მხარეს ყოველ 10 მეტრში იდგა ქვის სფინქსი, რომელიც შემკული იყო ფარაონის ატრიბუტიკით და პორტრეტული სახე ჰქონდა.

სულის მოსახსენებელი ტაძარი კლდის ძირში, სამ ტერასაზეა განლაგებული. ტაძრის ფასადი ოთხკუთხედი სვეტებითაა გაფორმებული, რომლებიც ტერასებზე მიდგმული პანდუსის ორივე მხარესაა განლაგებული და ოსირისის უზარმაზარი ქანდაკებებითაა გაფორმებული.

ტაძარი დაფარულია ჰატშეპსუტის ცხოვრების ამსახველი სცენებით. აქაა მისი დაბადება, მისი დედის იაჰმოსის ღმერთ ამონ-რასთან საკრალური ქორწინება, მისი ფარაონად კურთხევა; დედოფალი ჰათორისაგან იღებს მფარველობას. ტაძრის პირველ ტერესაზე, სამხრეთ ნაწილში გამოსახულია დედოფლიეს მიერ პუნტის ქვეყანაში გაგზავნილი ექსპედიციის სცენები.

უცხოელი დედოფლის რელიეფი, დეირ ელ-ბაჰრის პირველი ტერასა.
უცხოელი დედოფლის რელიეფი, დეირ ელ-ბაჰრის პირველი ტერასა.

ჰატშეპსუტის მიერ მოწყობილი პუნტის ექსპედიციის ამსახველი რელიეფები. დეირ ელ-ბაჰრის ტაძარი
ჰატშეპსუტის მიერ მოწყობილი პუნტის ექსპედიციის ამსახველი რელიეფები.
დეირ ელ-ბაჰრის ტაძარი სვეტებით შემკულ სამლოცველეობში დაახლ. 400 სხვადასხვა ზომის ქანდაკება იყო განთავსებული, მათ შორსი 22 სფინქსი, 40-მდე ოსირისისა და 30-მდე დედოფლის ქანდაკება იყო. წარწერებიდან ვიგებთ, რომ ტაძრის გარეთა შესასვლელს ამშვენებდა გრანდიოზული კარი, რომელიც ოქროთი და ვერცხლით იყო მოპირკეთებული, შიგნითა კარი კედარის ხისა იყო. არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს ბრწყინვალედ გაფორმებული მონუმენტური მოაჯირები, რომელთა საშუალებითაც სამ ტერესაზე აღმართული ტაძრის პირველი, მეორე და მესამე ეზოები და სამლოცველოები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. კიბის მოაჯირის ქვედა ნაწილი წარმოადგენს კობრას თავს, რომლის დაკლაკნილი ტანი ზემოთ მიუყვება ტერასაზე შედგმულ უზარმაზარ მოაჯირს. გველს ზურგზე შევარდენი აზის. ეს კომპოზიცია განასახიერებდა ეგვიპტის ერთიანობას.

ჰატშეპსუტის ტაძრის მთავარი არქიტექტორია სენმუტი, ხოლო ტაძრის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ხელმძღვანელობდა თხუტი.

სამლოცველოები მიძღვნილია ამონისადმი, ანუბისისა და ქალღმერთ ჰათორისადმი. ქალღმერთი ჰათორი დედოფალ ჰატშეპსუტის მფარველად ითვლებოდა. მისი გამოსახულებები მრავლადაა ტაძრის სამლოცველოებში, სვეტის კაპიტელები ასევე ბოლოვდება ჰათორის გამოსახულებებით.

სამლოცველოების კედლები დაფარულია რელიეფებით, ჭერიც მთლიანად მოხატულია. რელიეფებზე დედოფალი გამოსახულია ღმერთებთან ერთად. თუმცა მრავალი მათგანი დაზიანებულია თუტმოს III-ის მართველობის დროს, უმეტესად ჰატშეპსუტის გამოსახულებები წაშლილია, ასევე განადგურებულია კარტუშები მისი სახელებით.

ნეხბეტისა და სამეფო გველების გამოსახულება რელიეფზე
ნეხბეტისა და სამეფო გველების გამოსახულება რელიეფზე

ჰატშეპსუტის წაშლილი გამოსახულება
ჰატშეპსუტის წაშლილი გამოსახულება

ამ ადგილას კედარის ხე იდგა, რომელიც პუნტის ექსპედიციიდან იქნა ჩამოტანილი
ამ ადგილას კედარის ხე იდგა, რომელიც პუნტის ექსპედიციიდან იქნა ჩამოტანილი

დეირ ელ-ბაჰრის ტაძარი მზის ამოსვლისას
დეირ ელ-ბაჰრის ტაძარი მზის ამოსვლისას

დეირ ელ-ბაჰრის ტაძარი
დეირ ელ-ბაჰრის ტაძარი
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ტაძრის მთავარი არქიტექტორი სენმუტი იყო. წარმოუდგენელია დაწერო დეირ ელ ბაჰრზე და გვერდი აუარო სენმუტის დიად პიროვნებას. დედოფლის მმართველობის დროს ის უდაოდ იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი მთელს ეგვიპტეში. სენმუტმა მისი მოღვაწეობის განმავლობაში 90-მდე ტიტული მოიპოვა. აქედანვე ირკვევა, რომ ის იყო დიდი განათლებისა და ნიჭის მქონე ადამიანი. ჰატშეპსუტმა სწორედ სენმუტს მიაბარა მისი ქალიშვილი ნეფერურე (შემდგომში თუტმოს III-ის მეუღლე) აღსაზრდელად. სენმუტი ასევე იყო ამონის მთავარი ქურუმი და ეგვიპტის ვეზირი, მას ასევე ჰქონდა დედოფლის საძინებლისა ზედამხედველი ტიტული. ასევე უსაზღვრო იყო მისი ცოდნა ასტრონომიაში, მისი სამარხის კედლები დაფარულია უამრავი ასტროლოგიური შინაარსის მქონე რელიეფებით.

ასევე სადაო და საეჭვო იყო დედოფლისა და მისი ვეზირის ურთიერთობა. ცხადია მათი მჭიდრო და ახლო ურთიერთობა გარკვეულ ეჭვებს ბადებდა მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. ქვემოთ მოცემული სურათი, ტაძართა ახლოს, კლდეში ნაკვეთ სამარხშია აღმოჩენილი. მასზე გამოსახული არიან ჰატშეპსუტი და სენმუტი ინტიმური ურთიერთობის დროს. აშკარაა რომ ეს უბრალო, სამარხებზე მომუშავე მუშების ნახელავია და მათ შორისაც ფართოდ იყო გავრცელებული იდეა, დედოფლისა და მისი ვეზირის სასიყვარულო კავშირის შესახებ.

Senmut and Hatshepsut graffiti