ახდენილი ოცნება – გიზას პირამიდები

გიზას ველი, დიდი პირამიდები, ძველი მსოფლიოს ერთადერთი შემორჩენილი საოცრება – ეს ის სიტყვებია, რომლებიც თითოეულ ჩვენგანში რაღაც დადებითს აღძრავენ, თავგადასავალის წყურვილს გვიჩენენ. გვინდა რომ იქ გავჩნდეთ, აქლემებზე წამოვსკუპდეთ და ჩვენც განვიცადოთ ის საოცარი გრძნობა, რომელსაც პირამიდების დათვალიერება ჰქვია. მაინც რა ქმნის ამ იდუმალ განცდას, გარემოს; რატომ გვიზიდავენ ასე ძალიან, რა ისტორია იმალება 4400 წლის წინანდელ ნეკროპოლისში? მინდა რომ ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, თუ როგორ ავიხდინე მთელი ცხოვრების ოცნება და 4 წლის წინ პირველად ვესტუმრე პირამიდებს. თებერვალი მას შემდეგ ჩემი უსაყვარლესი თვეა, სწორედ მაშინ შევხვდით ერთმანეთს მე და მარადისობა 🙂

ფარაონების IV დინასტიიდან მოყოლებული ხეოფსის, ხაფრასა და მენკაურას პირამიდები, გიზას ველზე აოცებდნენ მნახველებს, კიდევ ერთხელ ახსენებდნენ ადამიანებს, რომ მათ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. გიზას ველზე სამი უდიდესი პირამიდის გარდა, ასევე მდებარეობს უდიდესი ნეკროპოლისი, რომელიც მოიცავს სარიტუალო გზებს, დედოფლების პირამიდებს, სულის მოსახსელებელ ტაძრებს, დიდებულთა მასტაბებს და ა.შ. შევეცდებით შეძლებისდაგვარად ყველაფერს ერთად მოვუყაროთ თავი, გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება და საინტერესო, სასარგებლო რჩევებიც მოგცეთ გიზას ველზე მოგზაურობასთან დაკავშირებით.
პირამიდები ყოველთვის იზიდავდა როგორც მეცნიერებსა და არქეოლოგებს, ასევე თავგადასავლების მაძიებლებსა და ავანტიურისტებს. მე-19 საუკუნიდან დაწყებული, არაერთი არქეოლოგიური მისია მუშაობდა ველზე, და თანდათან, ნაწილ-ნაწილ ეხდება ფარდა პირამიდების ისტორიას, მათი მშენებლების ყოველდღიურ ცხოვრებას, რწმენა-წარმოდგენებსა და უამრავ ისეთ დეტალს, რომელსაც მეცნიერები ვერსოდეს წარმოიდგენდნენ.

ერთ დღეს ჩემს ცხოვრებაშიც გათენდა ის ბედნიერი დღე, როდესაც გიზას დიდი პირამიდის ნახვა შევძელი. პირველი რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ ისაა, რომ რაც შეიძლება ადრე წახვიდეთ გიზაზე. კაირო მსოფლიოში ალბათ პირველობას არავის დაუთმობს ქალაქში საცობებით. გიზას ველზე შესასვლელი ბილეთი მხოლოდ არქეოლოგიურ ტერიტორიაზე შესვლის ნებას გაძლევთ. თუ გინდათ უშუალოდ პირამიდების შიგნით შესვლა, ხუფუს ნავის დათვალიერება და ა.შ. დამატებითი ბილეთის აღება მოგიწევთ. ან უბრალოდ მცველებად დაყენებულ მამაკაცებს ეგვიპტური 10-15 ფაუნდი გადაუხადეთ და უპრობლემოდ შეგიშვებენ ყველგან. მონდომებულ გიდობასაც გაგიწევენ. თუმცა ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება ნაკლები იკონტაქტოთ მათთან.

გიზას ველზე შესული არ ხარ, რომ თავს გაბეზრებენ.. ზოგი აქლემზე კატაობას გთავაზობს, ზოგი ცდილობს ქანდაკებები ან წყალი მოგყიდოს. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რაც ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ, მით მალე მოგეშვებიან და მოგცემენ საშუალებას ადგილით დატკბეთ. თუმცა თუ ცნობილი სამი პირამიდის პანორამას (იხ. ქვემოთ) ნახვა გინდათ, მაშინ აქლემისა და ცხენის დახმარება ნამდვილად დაგჭირდებათ. ფასი დაახლ. 300 ფაუნდიდან იწყება და შეგიძლიათ 50 ფაუნდამდე ჩამოიყვანოთ 🙂

გიზას ველი, სამი პირამიდის პანორამა
გიზას ველი, სამი პირამიდის პანორამა

ახლა საინტერესო დეტალები ხუფუს პირამიდის შესახებ.

ხუფუს პირამიდა – მეოთხე დინასტია, ძვ.წ. 2560წ. – ეგვიპტის ისტორიაში აგებული ყველაზე დიდი პირამიდა, ცნობილი იყო „ახეტ ხუფუს“ ანუ „ხუფუს ჰორიზონტის“ სახელით.  ნაგებობა შესრულების პედანტური სიზუსტით, მისი მასშტაბურობით, ყოველთვის აღაფრთოვანებდა მნახველს, ზუსტად ამიტომ ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების სათავეში მოექცა და დღევანელ დღემდე ერთადერთი შემორჩენილი მათგანია.

 

კარტუშში წერია
კარტუშში წერია “ხუფუს ჰორიზონტი, რაც პირამიდის ოფიციალური სახელი იყო.

გასაკვირია, მაგრამ ხუფუს გრანდიოზულ პირამიდაში არსადაა მისი სახელი დაწერილი ან მოხსენიებული. საერთოდ პირამიდის შიდა ინტერიერი ყველანაირი დეკორისაგან თავისუფალია. მეფის პალატის ზემოთ, გრანიტის ფილები  ხუთ ფენადაა დაწყობილი. სწორედ მათ შორისაა მწვანე ფერით გაკეთებული წარწერა “ახეტ ხუფუს”. მწვანე ფერი ეგვიპტეში განახლებას, გაცოცხლებას ნიშნავდა. სწორედ ამიტომ გამოსახავდნენ ღმერთ ოსირისს მწვანე ფერით.გრანიტის ფილებს შორის ასევე ვხვდებით სხვადასხვა წარწერებს, რომლებიც მუშებმა აქ ოდესღაც დატოვეს. შეგახსენებთ, რომ პირამიდას 25 000 ეგვიპტელი მუშა აგებდა. 25 000 მუშა 25 ბრიგადად იყოფოდა; ბრიგადა 1000 კაცისაგან შედგებოდა, ხოლო ბრიგადა 5 კოლონად იყოფოდა. ეს საშუალებას იძლეოდა მშენებლობის დროს ორგანიზება მაღალ დონეზე მომხდარიყო. აქ, ამ კამერაში მუშებმა თავისი კოლონების სახელები ჩამოწერეს, მაგ: “ხუფუს მეგობრები”, “სრულყოფილება”, “მწვანე ბრიგადა” და ა.შ.

პირამიდის თავდაპირველი სიმაღლე 147 მეტრი იყო, თუმცა წვერის 10 მეტრიანი ქვის მოშორების შემდეგ, მისი სიმაღლე რა თქმა უნდა შემცრიდა. არაა შემორჩენილი არც თეთრი კირქვა, რომლითაც ოდესღაც პირამიდა იყო მოპირკეთებული. მშენებლობის დროს გამოიყენეს 2,5 მილიონი ქვა, რომელთაგან თითოეულის წონა 2,5 ტონაა. ქვის წყობა 210 მწკრივადაა დალაგებული.

პირამიდაში დღესდღეობით ჩრდილოეთით გაკეთებული შესასვლელიდან შევდივართ, რომელიც ოდესღაც მძარცველებმა გათხარეს ხალიფატის დროს. დაახლ. 38 მეტრის შემდეგ „დიდ გალერეაში“ შევდივართ, გალერეის ავლის შემდეგ კი საბოლოოდ შევდივართ მეფის სამახ კამერაში, რომელიც სამწუხაროდ არქეოლოგებს ცარიელი დაუხვდათ, თუმცა გრანიტის სარკოფაგი დღემდე დგას სამარხი კამერის ცენტრში.

გიზას დიდი პირამიდა. აგებული ხუფუს (ხეოფსის მერ)
გიზას დიდი პირამიდა. აგებული ხუფუს (ხეოფსის მერ)

პირამიდისაგან გასნხვავებით, პირამიდის აღმოსავლეთით მდებარე საკულტო ნაგებობები ცუდადაა შემონახული. დღედე შეგვიძლია ვნახოთ სულის მოსახსენებელი ტაძრის შავი ბაზალტის იატაკი.

დედოფლების პირამიდები
ხუფუს პირამიდის კომპლექსიში შედის ასევე სამი პირამიდა, რომლებიც დედოფლებისთვისაა აგებული. მცირე პირამიდები, ცენტრალურის აღმოსავლეთით მდებარეობს, საკმაოდ დაზიანებულნი არიან, თუმცა თუ ინტერესის გულისათვის მათ დათვალიერებას შიგნიდანაც მოისურვებთ, იმედგაცრუებული ნამდვილად არ დარჩებით.

GG1a ჰეტეპჰერესის პირამიდა
პირამიდის სიმაღლე 29 მეტრია, დროთა განმავლობაში წვერის ორ მეტრიანი ქვა დაიკარგა. ფუძის სიგრძე 45,4 – 47,4 მეტრია. ეს იყო საფეხურებიანი პირამიდა, რომელიც ყვითელი კირქვით ააგეს და ხუფუს, მისი მეუღლის პირამიდის მსგავსად თეთრი კირქვით მოაპირკეთეს. პირამიდის შესასვლელი ჩრდილოეთითაა. სამარხი კამერა მიწისქვეშაა ამოკვეთილი, ამიტომ გვირაბში ძრომიალისას დიდი ძალისხმევა გჭირდება საკუთარი თავის შესაკავებლად. სამწუხაროდ არქეოლოგებს ამ სამარხ კამერაში სარკოფაგი არ აღმოუჩენიათ და არც არაფერი მიუთითებს, რომ ის ოდესმე გამოუყენებიათ.

პირამიდის აღმოსავლეთ კედელთან სულის მოსახსენებელი ტაძარი მდებარეობდა, რომლის ძალიან მცირე ნაწილი დღემდეა შემორჩენილი. სამხრეთით მდებარეობს ორი სარიტუალო ნიშა და აქვეა ნავისათვის განკუთვნილი ორმო, თუმცა ნავს ვერსაც მაიგნეს.

გიზა, ხუფუს დედოფლების პირამიდები. გიზა, ხუფუს დედოფლების პირამიდები.

G1b მერიტეტისი
დედოფალ მერიტეტისის პირამიდა, გეგმით ძალიან წააგავს ჰეტეპჰერესის პირამიდას. პირამიდაში შესასვლელი ჩრდილოეთითაა, კამერაც მიწისქვეშ. ამ პირამიდასაც ჰქონდა სულის მოსახსენებელი ტაძარი და ნავის ორმო. პირამიდა ზომითაც თითქმის წინამორბედს ემთხვევა.

G1c ჰენუტსენის პირამიდა
ამ პირამიდის კომპლექსი იმითაა საინტერესო, რომ მეცნიერთა აზრით ის ტავდაპირველ გეგმაში არ შედიოდა, მისი აგება მხოლოდ შემდეგ,ხაფრას მმართველობის დროს მოხდა. ფარაონმა პატივი მიაგო დედას – ჰენუტსენს, რომელიც რა თქმა უნდა ხუფუს ცოლი გახლდთ. ზუსტად იმეორებს ხუფუს ორი დედოფლის პირამიდის ფორმებს.

GG1d კას პირამიდა
ხუფუს კას პირამიდის აღმოჩენა 1994 წელს მოხერხდა, დიდი პირამიდის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს. მცირე ზომის პირამიდისაგან მხოლოდ ქვის სამი წყობაღაა შემორჩენილი. შესასვლელი T-ს ფორმისაა და გვირაბის ბოლოს, მართკუთხა სამარხში ჩავდივართ. აქვეა ნავისათვის განკუთვნილი ორმოც. დღესდღეობით მნახველთათვის ეს პირამიდა დახურულია.

მზის ნავი, აღმოჩენილი ხუფუს პირამიდასთან დღესდღეობით ნავი გიზას ველზე მოწყობილ მუზეუმშია გადატანილი.

მზის ნავი
1953 წელს, ეგვიპტელმა არქეოლოგებმა დიდი პირამიდის მახლობლად, 17 მეტრზე ქვით გადახულულ სამალავში 35მ სიგრძის ნავი აღმოაჩინეს, ორმხრივი ნიჩბებით. ნავის სიგანე ცენტრში 6 მეტრია, დამზადებულია კედრის ხისაგან. ნავის დასაჯდომზე ჭილოფი იყო დაფენილი ფარაონისათვის.

ფარაონები მიწიერ ღმერთებად ითვლებოდნენ, ამიტომაც მათ ყველა პრივილეგია იმქვეყნიურ სამყაროშიც სჭირდებოდათ. ეგვიპტელთა რწმენით, ფარაონი გარდაცვალების შემდეგ ამ ნავით ზეციურ ნილოსში იცურებდა. აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მზის ნავი პირამიდის კომპლექსში მოგვიანებით დაამატეს. არქეოლოგიური გათხრებისას, გადახურვაზე აღმოჩნდა ხუფუს ვაჟის – ჯედეფრის კარტუში. აღმოჩნდა, რომ მემკვიდრემ მამის იმქვეყნიურ ცხოვრებაზე ზრუნვა მისი სიკვდილის შემდეგაც კი არ შეწყვიტა და კედარის ნავი ჩააყოლა.

და ბოლოს, არ შეიძლება ამ საოცრების შემქმნელს არ შევეხო.

ჰემიუნი, ხემიუნი - გიზას პირამიდის არქიტექტორი.

 ეს ჩასუქებული ბიძია ჰემიუნია (ხემიუნი), გიზას დიდი პირამიდის არქიტექტორი. სწორედ მისი ნიჭისა და ცოდნის დამსახურებაა, რომ გიზას დიდი პირამიდა კვლავ აოცებს მნახველებს. დღემდე მასთან ინახება ის საიდუმლო, თუ როგორ ააგეს დიდი პირამიდა.
ჰემიუნი სამეფო ოჯახში დაიბადა, ის იყო ნეფერმაატისა და იტეტის ვაჟი; პირამიდების უდიდესი მშენებლის სნეფერუს შვილიშვილი და ხუფუს (ხეოფსის) ნათესავი. მას ჰყავდა ორი და და საკმაოდ ბევრი ძმა, დაახლ 12.
მთავარი არქიტექტორის სამარხი გიზას ველზე, ხუფუს პირამიდის მახლობლად მდებარეობს, სამარხი მოხატულია მისი ცხოვრების ამსახველი სცენებით, დეტალურადაა აღწერილი მისი მიღწევები სამეფო კარზე და დაწერილია მისი ტიტულები. გარდა მთავარი არქიტექტორისა, ჰემიუნი ხდება სამეფო ვეზირი, მამის, ნეფერმაატის გარდაცვალების შემდეგ.  კარგად შემონახული ქანდაკება დღეს გერმანიაში ინახება, თუმცა კაიროს მუზეუმის გახსნისათვის, დროებით ისევ სამშობლოს დაუბრუნდება.

მზის ჩასვლა ხუფუს პირამიდასთან.

თუ გსურთ რომ ჩემი რჩევა გაითვალისწინოთ, მაშინ ბედუინს კარგად შეევაჭრეთ, შემდეგ კი პანორამას სანახავად წადით, აუცილებლად!!! სწორედ იქიდან იშლება საუკეთესო ხედი დიდ პირამიდებზე, ბედუინები მონდომებით გაგიშლიან ხალიჩას, გაგიკეთებენ ჩაის და თქვენ საშუალება გექნებათ დატკბეთ მსოფლიოში ულამაზესი მზის ჩასვლით.

Advertisements