ეი – ტუტანხამონის მკვლელი თუ ერთგული მსახური?

XVIII დინასტია ძველი ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული და წინააღმდეგობრივია. სწორედ ამ დინასტიიდანაა ჰატშეფსუტი – ქალი, რომელიც ეგვიპტეს ფარაონის ტიტულით მართავდა, თუტმოს III ეგვიპტის იმპერიის ფუძემდებელი, მონოთეისტი და მეამბოხე ეხნატონი, ნეფერტიტი, ტუტანხამონი და მისი ცნობილი სამარხი. როგორ მთავრდება დინასტია? ტუტანხამონის სიკვდილით და ტახტზე ადის ეი, რომელიც ტახტზე ასვლის უფლებას მის ქვრივზე – ანხესენამუნზე დაქორწინებით მიიპოვებს. სატახტო სახელად იღებს “ხეფერხეფერურე ეი” და ქვეყანას 4 წლის განმავლობაში მართავს, ვინ იყო ეი? ფარაონის მკვლელი? ჯერ კიდევ მამამისის ერთგული მსახური და ქვეყნის ქომაგი? თუ უბრალოდ ჭკვიანი და მედროვე ადამიანი, რომელიც ყოველ შესაძლებლობას იყენებდა საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.

ფარაონ ტუტანხამონის გარდაცვალებისას, ეი სავარაუდოდ 70 წლის იქნებოდა. მსახურობდა ოთხი სხვადასხვა ფარაონის კარზე, აქტიური მონაწილე იყო რელიგიური რეფორმების, ერთ-ერთი პირველი იყო რომელიც ახეტატონში გადავიდა და რომელმაც ასევე მიატოვა ქალაქი ძველი რელიგიის აღდგენის შემდეგ. ცხოვრებისეული და პოლიტიკური გამოცდილების გათვალისწინებით, ეგვიპტე უკეთეს მმართველს ნამდვილად ვერ ინატრებდა. მაგრამ მაინც, ვინ იყო ეი?

ეი და ტიია, ახეტატონის სამარხის რელიეფი, სადაც წყვილი ეხნატონისა და ნეფერტიტისაგან იღებენ საჩუქრებს.
ეი და ტიია, ახეტატონის სამარხის რელიეფი, სადაც წყვილი ეხნატონისა და ნეფერტიტისაგან იღებენ საჩუქრებს.

დღეს ეგვიპტოლოგთა შორის ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ ეი ახმიმში დაიბადა. ტახტზე ასვლის შემდეგ, ეიმ აქ ქვის სტელა აღმართა, რომელიც ადგილობრივ ღმერთ მინს მიუძღვნა. მისი მშობლები სავარაუდოდ სირიული წარმოშობის არისტოკრატები უნდა ყოფილიყვნენ – იუია და ტუია. თუ კარგად გაიხსენებთ, სწორედ მათი სამარხი აღმოაჩინეს ხელუხლებელი მეფეთა ველის ნეკროპოლიში. ამ წყვილის ქალიშვილი იყო ტიია, ამენჰოტეპ III-ის დედოფალი და ეხნატონის დედა. ეის ქალიშვილი მუტნოჯმეთი, შემდეგში ფარაონ ჰორემჰების დედოფალი ხდება, რაც გარკვევით გვიჩვენებს თუ როგორ შეეძლო მას ნებისმიერი კავშირი სასარგებლოდ გამოეყენებინა.

ეის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი ამარნას პერიოდამდე. ახეტატონში გადასვლის შემდეგ, ის იღებს უმაღლეს სამხედრო ტიტულს და უფლებას ააგოს აკლდამა ახალ ნეკროპოლისში. გულწრფელად უნდა გითხრათ, მისი სამარხის რელიეფები, ჩემი უსაყვარლესია. დახვეწილი ფიგურები, წარწერები, სრული ჰარმონია სუფევს. აქვე ვკითხულობთ, რომ ეის მიენიჭა ისეთი ტიტულები, როგორიცაა “მეფის მარვენა მხარეს მარაოს დამტარებელი”, “მეფის გადამწერი”, “მეფის ძვირფასი ადამიანი” და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია “ღმერთის მამა”. როდესაც ზემოთ მარაო ვახსენე, მაინც და მაინც ნუ წარმოიდგენთ, რომ ეი მართლა მარჯვენა მხარეს ედგა ეხნატონს და ზაფხულის მწველ მზეში უნიავებდა. ეს ეპითეტური ტიტულია და მიანიშნებდა, რომ მის მარჯვნივ მდგომი ადამიანი ფარაონის სანდო მსახური იყო.

ეი და მისი მეუღლე ტიია, ახეტატონის ნეკროპოლისის აკლდამა.
ეი და მისი მეუღლე ტიია, ახეტატონის ნეკროპოლისის აკლდამა.

 ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ადის მისი მცირეწლოვანი ვაჟი -ტუტანხამონი. ეისა და ჰორემჰების რჩევით, ძველი რელიგია აღდგა და სამეფო ოჯახი თებეში ბრუნდება. ხშირად ჩნდება ვერსიები, თითქოს ტუტანხამონი ეის მიერ იქნა მოკლული და შემდეგ ტახტი მიიტაცა, თუმცა თანამედროვე გამოკვლევებმა ყოველგვარ ეჭვებს წერტილი დაუსვა. ჩვენს ახალგაზრდა ფარაონს უამრავი გენეტიკური დაავადება ტანჯავდა, სწორედ ამიტომ გარდაიცვალა ადრეულ ასაკში. ამის შემდეგ კი ჩნდება ეის მზაკვრული ბუნება, როდესაც მან შესანიშნავი შანსი დაინახა და ხელიდან არ გაუშვა. სასოწარკვეთილი დედოფალი ანხესენამუნი ხეთების მეფეს წერილს წერს და სთხოვს მისი ერთ-ერთი ვაჟი ეგვიპტეში მის საქმროდ გამოეგზავნა, რათა დინასტიური კრიზისი აეცილებინა თავიდან. ალბათ, საკუთარ თავში ვერ მონახა მისი დიადი წინაპრის, ჰატშეფსუტის ძალები და საკუთარ თავზე ვერ აიღო ერთპიროვნული მმართველობა. ხეთების პრინცი, ეგვიპტის საზღვართან იქნა მოკლული და საკმაოდ გავრცელებული და დამაჯერებელი ვერსიის მიხედვით, ეს სწორედ ეის ნამოქმედარია. მოვლენების სწორად შეფასების შემდეგ, სწრაფად მოქმედებს; ქორწინდება ანხესენამუნზე, ამ ნაბიჯით გზიდან იცილებს ჰორემჰებს, რომელიც გარდაცვლილი ფარაონის მიერ მემკვიდრედ იყო დასახელებული და უკვე ტუტანხამონის დაკრძალვისას ფარაონად გვევლინება. ამას ადასტურებს სამარხის რელიეფიც.

ფარაონ ტუტანხამონის სამარხის რელიეფი. ტუტანხამონი გამოსახულია ოსირისის პოზაში, მარჯვნიც პანტერის ტყავით შემოსილი და უკვე ფარაონის გვირგვინით თავდამშვენებული ეია, რომელიც პირის გაღების ცერემონიას ატარებს. აქვე მისი კარტუშები, სადაც მის სატახტო სახელს "ხეფერხეფერურე ეი" ვკიტხულობთ.
ფარაონ ტუტანხამონის სამარხის რელიეფი. ტუტანხამონი გამოსახულია ოსირისის პოზაში, მარჯვნიც პანტერის ტყავით შემოსილი და უკვე ფარაონის გვირგვინით თავდამშვენებული ეია, რომელიც პირის გაღების ცერემონიას ატარებს. აქვე მისი კარტუშები, სადაც მის სატახტო სახელს “ხეფერხეფერურე ეი” ვკითხულობთ.

მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კარზე ყოველთვის დიდი გავლენით სარგებლობდა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო, მისი მეფობა არაფრით გამოირჩეოდა. ეიმ საბოლოოდ აღადგინა ძველი რელიგია, ააგო საკუთარი აკლდამა მეფეთა ველზე, სულის მოსახსენებელი ტაძარი მედინეთ აბუში და სტელა ახმიმში. ალბათ, ასაკის ბრალიც იყო, ძველებურად მოქნილი და აქტიური პოლიტიკოსი ვეღარ გამოდგა. სწორედ მისი მმართველობის დროს გაუჩინარდა ანხესენამუნი და დღემდე გაურკვეველია თუ რა ბედი ეწია დედოფალს. დაახლ. ძვ.წ. 1319 წელს ეი გარდაიცვალა, მისი მუმიაც მცირე სამარხში დაასვენეს. ტახტზე საბოლოოდ ადის ჰორემჰები, რომელმაც მისი წინა ოთხი ფარაონის – ეხნატონის, სმენკჰარას, ტუტანხამონისა და ეის ისტორიიდან საბოლოოდ წაშლა გადაწყვიტა. გაანადგურეს ახეტატონი, სამარხები, წარწერები, სტელები. არც ეის მეფობის წლები გამორჩენიათ. ეის აკლდამა განსაკუთრებით არ დაინდეს, წაშალეს მისი კარტუშები, გამოსახულებები, ყველაფერი რაც მასზე და მისი მეფობის პერიოდზე მიანიშნებდა. ტახტის ასე ცხვირწინ აცლა, ნამდვილად ადვილად ვერ აპატია ჰორემჰებმა. საბოლოოდ ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი უძლიერესი ადამიანი დავიწყებას მიეცა დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე XX საუკუნის დასაწყისში დეტალურად არ დაიწყეს რეფორმების ხანის შესწავლა. მეფეთა ველზე ეის სამარხში აღმოაჩინეს სარკოფაგის ნამტვრევები, მუმია კი არსად ჩანს. საინტერესოა, მუმიასაც ჰორემჰების ხელი გადასწვდა, თუ დღემდე რომელიმე სამარხში ელოდება მისი საიდუმლოების აღმომჩენს. რას გავიგებთ, ეგვიპტის ქვიშა ხომ უამრავ საიდუმლოს ინახავს და ნაწილ-ნაწილ გვიზიარებს.

ეის სამარხი მეფეთა ველზე, ნადირბის სცენა. კარგად ჩანს წაშლილი სახეები და კარტუშები.
ეის სამარხი მეფეთა ველზე, ნადირობის სცენა. კარგად ჩანს წაშლილი სახეები და კარტუშები.