ნირვანა აზიაში – ვიეტნამი, კამბოჯა, ტაილანდი

რამდენიმე წლის განმავლობაში პირადი ლეპტოპის ეკრანზე ანგკორ ვატის ტაძრის სურათი მეყენა და ყოველთვის ვიცოდი, იქ აუცილებლად წავიდოდი. რუქის დახედვისას გული მიფანცქალებდა, ძალიან შორს და ამავდროულად ხელმიუწვდომლად მეჩვენებოდა. ვიცოდი რომ ვნახავდ, მაგრამ როდის, როგორ… მას შემდეგ რაც 2018 წლის გაზაფხულზე მოულოდნელად აფრიკაში ამოვყავი თავი, იმასაც მივხვდი სამხრეთ აზიაში მოგზაურობის დროც მოვიდა!!!
რამდენიმე კვირიანი გეგმვისა და ინტერნეტში ქექვის შემდეგ, როგორც იქნა მარშრუტი შევადგინეთ. საახალწლოდ წინ ვიეტნამი, კამბოჯა და ტაილანდი გველოდნენ, თითქმის ერთი თვე ტროპიკულ ქვეყნებში მზის გულზე უნდა გაგვეტარებინა, მაშინ როდესაც თბილისში ცივა, ქარია და ცოტა თოვს კიდეც.

თბილისის აეროპორტში რეგისტრაციის დროს იჭვნეულად შემოგვხედეს 2 გოგოს, რომლებიც გახარებულები ადგილზე ცმუკავენ და ვიეტნამში მიდიან. ბევრი თვითონაც არაფერი იცოდნენ ჩვენი სავიზო პროცედურების შესახებ და დაწვრილებით გამომკითხეს ყველაფერი; მესაზღვრემ კი გულწრფელად გაკვირვებულმა მკითხა, იქ რა გინდაო.

ვიეტნამამდე 18 საათიანი  მგზავრობის შემდეგ, ჰა ნოიში ჩავაღწიეთ. პირველი 1 საათი აეროპორტიდან სასტუმრომდე მიმავალ გზაზე შოკში ვიყავით. მოწესრიგებული მაგისტრალები, და რაც მთავარია ყველგან სიმწვანე. ჯერ რა ვიცოდით წინ რა გველოდა 😀
ჰა ნოიში ჩვენი სასტუმრო უშუალოდ ძველ ქალაქში იყო და როგორც აქამდე ჩემი მოგზაურობების გამოცდილებიდან ვიცი, ეს საუკეთესო ადგილმდებარეობაა, თურმე არა ჰანოიში. ეს არის ყველაზე ხმაურიანი და ბინძური ქალაქი რაც კი ოდესმე მინახავს. კაიროში ორ წელზე მეტი ცხოვრების შემდეგ, მეგონა რომ ხმაური, საცობები და ნაგავი ჩემზე ვეღარ მოქმედებდნენ. დედაქალაქის ისტორიული პატარა სახლები კოლონიალურ პერიოდშია აგებული, ოდესღაც ულამაზესი და ფერად-ფერადი უნდა ყოფილიყო. ახლა მთლიანად ქუჩის ბაზარია. არ არსებობს ფეხით მოსიარულეების ბილიკები, ყველგან ნაგავია, ტილების თმიდან ამოცლა საჭმლის გვერდით, იქვე მეორე ფეხებზე ფრჩხილებს იჭრის, მესამე კბილს იჩიჩქნის, გამვლელებს ფეხზე ნაგავს გაყრიან, აივნიდან წყალს ასხამენ.
ერთადერთი ადგილი რომელმაც ჰა ნოიში გულწრფელად აღმაფრთოვანა და ყველას გირჩევთ მის მონახულებას, ეს ლიტერატურის ტაძარია. ადგილი, სადაც სტუდენტები გამოცდის წინ მოდიან და ლოცულობენ.

და კიდევ, თუ არაჩვეულებრივი ადგილები გიზიდავთ ქალაქში, აუცილებლად ეწვიეთ ე.წ. მატარებლის ქუჩას. ვიწრო ქუჩაში ჩქაროსნული მატარებელი მოჰქრის, შენ კი მისგან 1 მეტრზე ნაკლებ მანძილზე დგახარ და ქოქოსის შეიქს მიირთმევ.

სასტუმროს მიმღებშივე ტურები დავჯავშნეთ, ჰა ლონგ ბეისა და ნიჰ ბინის პროვინციებში. აქ არაფერი არ ჰგავდა ქაოტურ და ბინძურ ჰა ნოის, ხალხი თბილი და მომღიმარი, მოწესრიგებული გზები, ქუჩები და სისუფთავე. ჰა ლონგზე წასვლისას გირჩევთ 1 ღამე მაინც გაჩერდეთ კრუიზზე რომ უკეთესად დაათვალიეროთ ულამაზესი ყურე. ნიჰ ბინსა და ბრინჯის ტერასებს კი ერთი დღეც სრულიად ეყოფა.
ვიეტნამიდან კამბოჯაში ღმერთს მადლობა გადაფრენა გადავწყვიტეთ, აზიური WIZZ ვიპოვეთ და საკმაოდ ბიუჯეტურად ჩავედით სიემ რიპში. ჯერ ჰა ნოის აეროპორტში დაგვაყოვნეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი პასპორტი არ იცოდნენ საერთოდ სადაური იყო, შემდეგ კი კამბოჯის მესაზღვრემ თავში ხელი შემოირტყა და დიდ ხანსაც დამაყუდა ვიდრე გაიგო რომ სადღაც ევროპასა და აზიას შორის საქართველოა. აეროპორტიდან ტრანსფერი სასტუმრომ უფასოდ გაგვიკეთა, ჩვენც ველოდეთ ნებისმიერი სახის ტრანსპორტს, თუმცა ვერასოდეს ვიფიქრებდით რომ ტუკ-ტუკით დაგვხვდებოდნენ. ეს კიდევ ერთი თავგადასავალია.

კამბოჯა აზიის ფავორიტია ჩემთვის. აქ გატარებული თითქმის 1 კვირა არასოდეს დამავიწყდება. ანგკორის ტაძრები ყველაზე განთქმულია ღირსშესანიშნაობებიდან და 100 მეტია სიემ რიპის პროვინციაში. ბილეთიბი სხვადასხვა ფასიანია, 1 დღის შესვლა – 37$, 3 დღე შესვლა 62$ და არის კიდევ 5 დღიანი. ჩვენ სამდღიანი ბილეთი ავიღეთ, რადგან მხოლოდ ინსტაგრამზე გამოჭიმული ლამაზი სურათები არ გვინდოდა, ეს ადგილები უნდა შეიგრძნო და გულით დაათვალიერო.

აუცილებლად უნდა დაესწროთ მზის ამოსვლას ანგკორ ვატში და მზის ჩასვლას პჰნომ ბახენგის ტაძარში. მზის ამოსვლაზე დასასწრებად დილის 4 საათზე აგვაყენეს, სიბნელეში მძღოლმა ტუკტუკით მიგვიყვანა ტაძრამდე, აბა ახლა თქვენ იცით, მე აქ დაგელოდებითო და ჰამაკი გაჭიმა ხეებს შორის, ცოტას წავუძინებო. ჩვენც სიბნელეში ძლივს გავაგენით სად უნდა წავსულიყავით, ხიდზე წავიქეცი კიდეც და ბოლოს როგორც იქნა სადრაც ბინდბუნდში ანგკორ ვატის სოლუეტიც გამოჩნდა. ამ დროს გულისცემა ისე ამიჩქარდა, ცოტა ხნით გავჩერდი და ღრმად ჩავისუნთქე. ვერ ვიჯერებდი რომ ჩემი ოცნება ასე ხელშესახები იყო. ირგვლივ უამრავი ტურისტი ირეოდა, ადგილობრივებს კაფეები აქვთ გაკეთებული და საუზმეს გთავაზობენ, შეგიძლია სადმე მოხერხებულად ჩამოსკუპდე, ულამაზეს მზის ამოსვლას უყურო და ტან ახლად გამოწურული მანგოს წვენით ჩაიტკბარუნო პირი.

ტა პრომის ტაძარი
ტა პრომის ტაძარი

მზის ჩასვლის სანახავად თუ დააპირებთ წასვლას, გირჩევთ ცოტა ადრე ახვიდეთ, ტაძარზე ვიზიტორების რაოდენობა შეზღუდულია და მხოლოდ 300 დამთვალიერებელს უშვებენ ერთდროულად. სჯობს ადრიანად მიხვიდეთ და იღბლიან 300 შორის მოხვდეთ.
ანგკორის ტაძრებში 3 დღე ვიბოდიალეთ, დამიჯერეთ და არავითარ შემთხვევაში არ გადაწყვიტოთ ყველაფრის თქვენით მონახულება. აიყვანეთ გიდი და აუცილებლად მოინახულეთ ტა სომი, ტა პრომის ტაძრებიც.
კამბოჯაში მოგზაურობისას არ გამოტოვოთ მცურავი სოფელი და მეკონგის დატბორილ ტყეში ნავით გასეირნება. ნამდვილად გაგაოცებთ ❤ საღამო კი შეგიძლიათ ცნობილ PUB STREET-ზე გაატაროთ. უამრავი რესტორანი, ბარი და ფაბია, იქვე შემწვარი მორიელები, ტარაკნები და გველები აქვთ. აქვე აცხობენ ცნობილ Happy Pizza, პიცას მარიხუანას ფოთლებით. თავგადასავლები თუ გსურთ გასინჯეთ.

ტაილანდი – ამ ქვეყანას ძალიან დიდი ინტერესით ველოდით, ფჰუკეთში 7 დღე დავჯავშნეთ სასტუმრო და გადავწყვიტეთ ახალ წელსაც იქ შევხვედროდით. ინტერნეტში მოძიებული სურათებისა და აღფრთოვანებული ხალხის კომენტარების შემდეგ, იქ ჩასვლა და სამოთხეში ფეხის დაბიჯება ერთნაირად წარმოგვედგინა. მაგრამ, უკაცრავად 😀 პატონგზე რომ ჩაივლიდი, ქობულეთი მახსენდებოდა; იმ განსხვავებით, რომ იქ Mcdonalds, starbucks, KFC და ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი აქვთ. არანორმალურად თეთრი ქვიშაც ოქროსფერი აღმოჩნდა, უკამკამესი წყალი კი მოტორიანი ნავებით დაბინძურებული. ხელი მაინც არ ჩავიქნიეთ და ე.წ. James Bond და Phi Phi  კუნძლების კრუიზზეც წავედით, იქ რომ  მაინც დავმტკბარიყავით სანაპირეობით. ერთი სიტყვით, ან ჩვენ არ გაგვიმართლა, ან ყველა იტყუება ტაილანდის სანაპიროებთან დაკავშირებით.
ტაილანდის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი  ბანგკოკია, ქალაქი რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე.

ვიეტნამისა და კამბოჯის შემდეგ, ასეთ დიდი მეგაპოლისში მოხვედრა სასწაული იყო. მართალია პირველივე დღეს აივნიდან რომ გადავიხედე Lady-boy-მ დამიქნია ხელი „wanna have fun”-ო მკითხა, მაგრამ ჩემი გამშრალი სიფათის დანახვაზე აშკარად მიხვდა, მე არ გამოვადგებოდი.

ადგილობრივი ტაძრები, განსაკუთრებით მზის ჩასვლისას სუნთქვისშემკვრელია, ფერად ფერადი პაგოდები ბრჭყვიალებენ, ლაპლაპებენ და მათ ფონზე მოსიარულე ბუდისტი ბერიც სულ სხვანაირად, მისტიურად გეჩვენება.
აზიური მისტიკის შეცნობის შემდეგ, ღამის გართობა თუ გინდა, Khao San Road საუკეთესოა. აქ ყველაფერია, ბარები, კაფეები, რესტორნები, შუა ქუჩაში გამოდგმული წურბელებით სავსე აუზები.

ახლა მცირე შეჯამება გავაკეთოთ:

  • ავიაბილეთები Fly Emirates – თბილისი – ჰა ნოი – ბანგკოკი თბილისი – 820$.
  • სასტუმროები – ამ მხრივ ერთადერთი ფჰუკეტი შეიძლება გამოვყოთ რომ ცოტა არაბიუჯეტურია. ჰა ნოი, სიემ რიპი და ბანგკოკი საკმაოდ იაფად ვნახეთ 3*-4* სასტუმროები.
  • ვიზები: ვიეტნამის ვიზაზე წინასწარ რეგისტრირდებით საიტზე vietnamvisa.govt.vn, იხდით 17$. შემდეგ ადგილზე ჩასვლისას ამატებთ 20$ რომ პასპორტში ჩაგირტყან აეროპორტში.
    ვიეტნამის ვიზის წინასწარი დასტური მოგივათ მეილზე, უნდა ამობეჭდოთ, თან იქონიოთ 3X4 სურათი, საემიგრაციო სამსახურს აბარებთ და დაახლ. ნახევარ საათში თქვენს სახელსა და გვარს გუგლის დახმარებით წარმოთქვამენ. გილოცავთ, ვიეტნამის ვიზა თქვენია.
    კამბოჯის ვიზა – ოფიციალურ ვებგვერდზე ავსებთ ელექტრონული ვიზის განაცხადს, მოგდით მეილზე, ამობეჭდავთ (მიიღება როგორც ფერადი, ასევე შავთეთრი) და ჩაფრენისას წარუდგენთ მესაზღვრეს. ჩვენ ჰა ნოიდან გავფრინდით კამბოჯაში, სახმელეთო საზღვრით არ გადავსულვართ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი სახმელეთო საზღვარი იღებს მხოლოდ პასპორტში ჩარტყმულ ვიზას და ელექტრონულით ვერ შეგიშვებენ ქვეყანაში.
    ტაილანდის ვიზა – ყველაზე მეტად ტაილანდმა გაგვაწვალა ვიზებთან დაკავშირებით. ტურისტულმა კომპანიებმა 105$ მოგვთხოვეს ვიზის გაკეთებაში და რა თქმა უნდა მაშინვე ვიუარეთ. ერევანში მდებარე საკონსულო არც ტელეფონს პასუხობს და ეჭვი მაქვს არც მეილს ამოწმებენ. ბოლოს, ჰა ნოიში მივედით ტაილანდის საელჩოში, 40$ გადავიხადეთ და 4 დღეში ვიზაც მოგვცეს. ბევრად უმტკივნეულო და ბიუჯეტური ვარიანტია.
  • შიდა ფრენები აზიაში – საქართველოში გვაქვს WizzAir, ვიეტნამში ვიპოვეთ VIET JET, დაბალიუჯეტური ავიაკომპანია. ბორტგამცილებლების უნიფორმა იყოს სხვა და ბევრად ნაგვიანი ბორტი, თორემ ყველაფერი ზუსტად ისეა როგორვ WIZZ-ზე. ვიწრო სკამები, არა საკვები, არა წყალი და ბარგიც უნდა ცალკე იყიდოთ.
    ბევრად უკეთესი მომსახურება ჰქონდა AIR ASIA დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას. ბორტი სუფთა, ბორტგამცილებლებიც ღიმილიანები.
  • ვაქცინა – აზიაში გამგზავრებისას აცრები არაფერი გამიკეთებია. საჭირო და სავალდებულო არაა, 1-2 რეკომენდირებული რაც იყო სხვადასხვა ფორუმებზე, აფრიკაში წასვლამდე უკვე გაკეთებული მქონდა და აქედან გამომდინარე, აღარ დამჭირვებია.
  • კვება – აქედან რომ მივდიოდი, ყველგან ლაფშა, ბოსტნეული და ბრინჯი მელანდებოდა. წარმომედგინა რომ სამოთხეში ვიქნებოდი… თუმცა ვიეტნამის აყროლებული ქუჩების მერე, ცოტა გადამინდა ლაფშა და ტაიალნდამდე მოიცადა 😀 დაახლ. 3-4$ მშვენივრად მიირთმევთ. უბრალოდ მიეჩვით სხვადასხვა მცირე დეტალებს. მაგ: წვნიანში ქათმის ხორცს ტყავი აქვს და პლიუს აქა იქა ბურტყლებიც. ჩვენთან ღორის ხორცს ძირითადად მხოლოდ შესაწვავად ვიყენებთ, ვიეტნამში კი მოხარშულიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ქუჩებში სულ მოხარშული ღორის ხორცის ოხშივარი დგას.
    ტაილანდში აუცილებლად გასინჯეთ სანაპიროზე ზღვის პროდუქტები და ფად ტაი.
    კამბოჯაში სტეიკი საკმაოდ პოპულარულია, თუმცა ყურადღება მიაქციეთ რომ არ აიღოთ ადგილობრივი ხორცის. მაგარია, ძნელად იღეჭება და უცნაური სუნი აქვს. გაფუჭებული არ გეგონოთ, უბრალოდ სხვანაირია, აზიური.
  • ხილი – ეს არის ჩემი ცხონება. ახალ-ახალი მანგო, ანანასი, ლიჩი, ე.წ. ვნების ხილი „passion fruit”, დრაკონის ხილი და ა.შ. ქოქოსის შეიქები, პირდაპირ ქოქოსში ჩადებული ნაყინი.. ფასი სასაცილო. ყველაფერი 1$; მთლიანი ანანასი, გაფრცქვნილი და დაჭრილი – 1$, რამდენიმე მანგო, ასევე გაფრცქვნილი და დაჭრილი – 1$. შენც გგონია უი 1$ რა არის, აქ 1$, იქაც და საბოლოო ჯამში კი ამთავრებ დღეს დაცარიელებული ჯიბით.
  • ადგილობრივი ვალუტა – ყველაზე მეტად ვიეტნამში გავწამდით. 100$ უდრის – 2 300 000 ვიეტნამურ დონგს. კამბოჯა ბევრად მარტივია, შეგიძლია ყველგან დოლარით გადაიხადო, მაღაზიაში, კაფეში, მუზეუმში, ტაქსთან. ყველა ფასს აწერია ფასი ადგილობრივ თანხასა და დოლარში. ტაილანდში ჩასვლისას უკვე გაწაფული ხარ და ტაილანდური ბატები ვეღარ გამოგაბატებენ ისე როგორც ვიეტნამური ფული.

აზიის სამივე ქვეყნიდან ყველაზე მეტად კამბოჯა მომეწონა. დიდი სიამოვნებით წავიდოდი კიდევ ერთხელ, შემოვივლიდი ანგკორის ყველა ტაძარს და ამჯერად ოკეანის სანაპირომდე დავუყვებოდი. ღამით, პლანქტონების ნათებებით ვიმხიარულები, დღისით კი თეთრ ქვიშებზე გავწვები. ნუ, რა თქმა უნდა 9ნაირი დამცავის და მინიმუმ 2 ქოლგის ქვეშ.

ანგკორის ტაძრები – კამბოჯა

ანგკორ ვატი – კამბოჯელების ენაზე “ტაძრების ქალაქს” ნიშნავს. ტაძარი ახ.წ 12 საუკუნეში, ხმერის იმპერიის მმართველმა, მეფე სურიავარმან I-მა ააშენა. ანგკორ ვატი თავდაპირველად ინდუისტური ტაძარი იყო, შემდეგ კი ბუდისტურად გადაკეთდა. დღესდღეობით ის გვევლინება კამბოჯის სიმბოლოდ, გამოსახულია ეროვნულ დროშაზე და ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა ქვეყნის მასშტაბით.

ანგკორ ვატს უამრავი ლეგენდა და თქმულება უკავშირდება. ჩინელი მოგზაური, რომელმაც მე-13 საუკუნეში იმოგზაურა ხმერის იმპერიაში, წერს რომ ტაძარი ერთ ღამეში იქნა აგებული ღვთაებრივი არქიტექტორის მიერ. ხალხში გავრცელებული ვირსიის თანახმად, ტაძრის აგება თვით ღმერთმა ინდრამ ისურვა, როგორც მისი ვაჟის სასახლე.

ანგკორ ვატი - საერთო ხედი
ანგკორ ვატი – საერთო ხედი

ტაძრის თავდაპირველი სახე შეიქმნა და აშენდა მეფე სურიავარმან I-ის მეფობის დროს. ტაძარი ეღძვნებოდა ინდუიზმის ერთ-ერთ მთავარ ღმერთ ვიშნუს. იქიდან გამომდინარე, რომ დღემდე არაა აღმოჩენილი სამშენებლო სტელა, ან იმ პერიოდის რაიმე წარწერა, ჩვენთვის უცნობია ტაძრის თავდაპირველი სახელი.  ახ.წ 13 საუკუნიდან დრემდე, ანგკორ ვატი ბუდისტურ ტაძრად გვევლინება.

ანგკორ ვატი შესანიშნავი მაგალითია ხმერის იმპერიის არქიტექტურული ტრადიციების. ტაძარი აგებულია ხელოვნურას შექმნილ კუნძულზე, რომელიც თხრილითაა გარშემორტყმული. ტაძრის გალავანის ზომები საკმაოდ შთამბეჭდავია 1024 x 802 მმ, სიმაღლით 4.5 მეტრი. წყლის თხრილის სიგანე 190 მეტრია.  აღმოსავლეთიდან ნაპირთან დაკავშირებულია მიწაყრილით, ხოლო დასავლეთით არის ქვიშაქვის ქვაფენილი. 

მეფე სურიავარმან I-ის გამოსახულება, ანგკორ ვატი
მეფე სურიავარმან I-ის (ახ.წ 1113- 1150 წწ) გამოსახულება. შემაღლებულ ტახტზე მეფე ზის, რომელსაც მონა ქალები მარაოებით აგრილებენ.
ბუდისტი ბერები ანგკორ ვატში
ბუდისტი ბერები ანგკორ ვატში

ტაძარი წარმოადგენს “მერუს მთას”, სადაც მათი წარმოდგენით ღმერთები ცხოვრობდნენ. ტაძრის ხუთი კოშკი, წარმოადგენს მერუს მთების ხუთ მწვერვალს; გარსშემოვლებული კედლები, ეს არის მერუს გარშემო არსებული უღელტეხილები;  წყლიანი თხრილი, ოკეანეა. ანგკორის სხვა ტაძრებისაგან განსხვავებით, ანგკორ ვატი ორიენტირებულია დასავლეთისაკენ და არა აღმოსავლეთით, რაც მეცნიერებს აძლევს საშუალებას, ივარაუდონ, რომ ინდუისტურ ერთად ის ითავსებდა  სურიავარმან I-ის სულის მოსახსენებელი ტაძრის ფუნქციას.

მთავარი ტაძარი გარშემორტყმულია სამი მართკუთხა გალერეით, რომელთაგან ყოველი მომდევნო წინაზე მაღალია. გალერეის კუთხეებში აღმართულია ოთხი გოპურა (კოშკი), რომლებიც გვხვდებიან ასევე შიდა გალერეის კუთხეებში და ცენტრალური ნაწილში.

ანგკორის სხვა ტაძრებსა და ნაგებობებთან შედარებით, რომელთა გაუკაცურება და ჯუნგლებით დაფარვა 16 საუკუნიდან დაიწყო, ანგკორ ვატი შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ ტაძარი გარშემორტყმულია თხრილით, ის წარმოადგენს ერთგვარ კუნძულს, ჯუნგლებისაგან ბუნებრივად დაცულია.

Angkor-temples-Angkor-Wat-12049    angkor-wat-cambodia

ანგკორ ვატის ტაძარი ასევე ცნობილია ბარელიეფების შესრულების საოცარად მაღალი დონითა და მათი სიუხვით. კედლებზე გამოსახულია სცენები ინდური ეპოსებიდან “რამაიანასა” და “მაჰაბჰარატადან”. სამხრეთის გალერეაში არის სცენები ინდუისტური რელიგიინდან, 32 ჯოჯოხეთისა და 37 სამოთხის სცენა. აღმოსავლეთ გალერეაზე წარმოდგენილია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სცენა “რძის ზღვის ამღვრევა”, რომელზეც გამოსახულია 92 ასურა და 88 დევა. მათ შორის არის ვიშნუ, მის ქვეშ კუ (ვიშნუს ავატარი), ხოლო ზემოთ ასპარა და ინდრა. შემდეგი რელიეფი წარმოგვიდგენს ვიშნუს, რომელიც ამარცხებს ასურებს. ჩრდილოეთ გალერეაში შეგვიძლია ვნახოთ კრიშნას გამარჯვება ბანაზე და ინდუისტური ღმერთების ბრძოლა ასურებთან.

ანგკორ თომი

ანგკორ თომი ხმერის ენაზე “დიდებულ ქალაქს” ნიშნავს და ანგკორის ძეგლების უმშვნიერესი მაგალითია. არქიტექტურული კომპლექსი 9კმ ფარავს. ქალაქი ახ.წ XII საუკუნის ბოლოს დაარსა მეფე ჯაიავარმან VII-მ. ანგკორ თომი გაუკაცრიელდა XVII საუკუნის დასაწყისში, დაახლ. 1609 წლიდან.  

ანგკორ თომი ხდება ხმერის იმპერიის დედაქალაქი. ქალაქის დაგეგმარებიდან ჩანს, რომ ნაგებია წინასწარ შემუშავებული გეგმით. ანგკორ თომი კარგად იყო გამაგრებული გარს შემორტყმული გალავნით, რომელსაც ოთხი კარიბჭე ჰქონდა. თითოეული მათგანიდან იწყებოდა გზა, რომელიც მიემართებოდა ქალაქის ცენტრში არსებული ტაძრისაკენ.

ქალაქის მოსახლეობა სხვადასხვა დროს მერყოებდა 80 000-დან 150 000-მდე. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა წყალის არხები, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ დასავლეთით მიემართებოდა და ქალაქის წყლით მომარაგებას უზრუნველყოფდა. საერო დასახლება კიდევ ერთი კიდელით იყო დაცული, თუმცა დღესდღეობით ეს ტერიტორია ტყითაა დაფარული.

ანგკორ თომი - ბაიონის ტაძარი
ანგკორ თომი – ბაიონის ტაძარი

ანგკორ თომის მთავარი ღირსშესანიშნაობა ბაიონის ტაძარია. აშენებული ახ.წ 12-13 საუკუნეებში, მაჰაიანა ბუდიზმის სალოცავია. ტაძარი რამდენჯერმე გადაკეთდა, გახდა ინდუისტური, შემდეგ თერადავა ბუდიზმის სამლოცველო. ბაიონი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დგას და მისი მთავარი ღირსშენსანიშნაობაა.

ტაძრის კოშკების რელიეფებზე გამოსახულია 216 გიგანტური სახე. მათი მსგავსება მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ესაა თვით მეფე ჯაიავარმან VII. სხვადასხვა ბარელიეფებზე ასევე წარმოდგენილი მითოლოგიური, ისტორიული და საერო სცენები. ტაძარს გარს აკრავს სამი გალერეა, ორი ქვედა დონეზე, ხოლო მესამე შედარებით ზემოთ. სამივე მათგანი ერთმანეთისგან მცირე მანძილითაა დაშორებული. 

გიგანტური სახეები სავარაუდოდ მეფე ეკუთვნის
გიგანტური სახეები სავარაუდოდ მეფე ჯაიავარმან VII-ს ეკუთვნის
ბარელიეფი აღმოსავლეთ გალერეიდან, რომელზეც ასახულია ხმერის არმია აღლუმისას
ბარელიეფი აღმოსავლეთ გალერეიდან, რომელზეც ასახულია ხმერის არმია აღლუმისას

ქალაქში ტურისტებისა და მეცნიერების ყურადღებას იქცევს ასევე “სპილოების ტერასა”. ერთ დროს ის სამეფო სასახლის ნაწილი იყო. გადმოცემის თანახმად, მეფე სწორედ ამ ტერასიდან ადევნებდა თვალს, გამარჯვებული არმიის ქალაქში შემობრძანებას. რეალურად კი, ეს მეფის სააუდიენციო დარბაზის ნაწილი უნდა ყოფილიყო. ასეთი უცნაური სახელი ტერასამ სპილოების ქანდაკებებიდან მიიღო, რომელიც უხვადაა დეკორშ გამოყენებული. სასახლისაგან დღეს მხოლოდ მცირე ნაშთები შემორჩენილი, ტერასისა და ტაძრებისაგან განსხვავებით ის ქვიშაქვისაგან არ აუგიათ.

გარდა სპილოებისა, დეკორისათვის გამოყენებულია ნატურალური ზომის ლომებისა და გარუდას (მითოლობიური არსება, ნახევრად ჩიტი, ნახევრად ადამიანი) ქანდაკებები.

"სპილოების ტერასა"
“სპილოების ტერასა”

ანგკორ თომის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა ტა პროჰმის ტაძარი, რომელიც მეფემ თავის მშობლებს მიუძღვნა. ტაძარი ქალაქიდან დაახლ. 1 კმ-ითაა დაშორებული. ამ ტაძარს განსაკუტრებულს ხდის ის ფაქტიც, რომ აღმოჩენისა და შესწავლის შემდეგ, არ გაუწმენდიატ ხეებისაგან, ფაქტიურად კვლავ ტყითაა დაფარული. კედლებზე კვლავ ამოსულია გიგანტური ხეები, მათი ფესვები ჩაზრდილია ქვებში, რაც ტურისტებისათვის განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.

ტა პროჰმი
ტა პროჰმი

ტა პროჰმის ცენტრალურ ტაძარს გარს ხუთი მართკუთხა ზღუდე აკრავს. ოთხივე მხარეს გარეთა გალავნის შესასვლელებში განლაგებულია გოპურები (კოშკები). დღესდღეობით შესვლა მხოლოდ დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან არის შესაძლებელი. ტაძრის სამ შიდა ზღუდეს გალერეები ამშვენებდა.

800px-Ta_Prohm_sprung_tree

ტაძრის გეგმაში დამატებულია რამდენიმე შენობა, მათგან მნიშვნელოვანია ე.წ. ბიბლიოთეკები. მათი ზუსტი დანიშნულება უცნობია, მოცეკვავეთათვის განკუთვნილი დარბაზები.

ტა პროჰმი, არ გამოირჩევა რელიეფების სიუხვით. სავარაუდოდ ბუდისტური შინაარსის ბარელიეფები ჯაიავარმანის სიკვდილის შემდეგ ინდუისტებმა გაანადგურეს, თუმცა  ზოგიერთი მათგანი მაინც შემორჩა. ერთ-ერთი შემორჩენილი, თუმცა ძლიერ დაზიანებული რელიეფი გამოხატავს სიდჰარტჰას (მომავალი ბუდა) “დიდ განშორებას” მამამისის სასახლესთან. რელიეფებში ასევე გვხვდება მედიტაციაში მყოფი ბერებისა და ასკეტების, დევატებისა და ტაძრის მცველთა გამოსახულებები.