კოპანი – იეროგლიფებით დაფარული ქალაქი

თანამედროვე გვატემალას საზღვართან, ძველი მაიას ქალაქი, კოპანი მდებარეობს. ქალაქი დაალხ. 2000 წლისაა და  მაიას ქალაქებს შორის, ყველაზე აღმოსავლეთით მდებარეობდა. 400 წლის განმავლობაში, კოპანი მცირე დაბიდან, უდიდეს ქალაქად იქცა, რომელსაც პირამიდები, ტაძრები და მრავალი ფერით შეღებილი ქანდაკებები ამშვენებდა. დღესდღეობით კოპანი მაიას ქალაქებს შორის მიიჩნევა, როგორც ყველაზე მდიდარი რელიეფებით, ქანდაკებებით; შენობების დეკორაციაც გამოირჩევა დახვეწილობითა და შესრულების მაღალი დონით.

კოპანის მმართველები: 16 მეფე, ერთი დინასტია 

კოპანის ტერიტორიაზე დასახლება ძვ.წ. 1000 წლებში ჩნდება, მაგრამ ესაა მცირე ნამოსახლარი, სადაც ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდნენ. ქალაქის ზრდასთან ერთად, თანდათარ ფუნქციურად იტვირთება და ხდება პოლიტიკური, სამოქალაქო და რელიგიური ცენტრი. კოპანი ყალიბდება ერთ-ერთ დომინანტ ქალაქად სამხრეთ-აღმოსავლეთით. ახ.წ. 400-820 წლებში კოპანი იმართება 16 მეფის მიერ, რომელლებიც მიეკუთვნებიან ერთ დინასტიას (ერთი ოჯახის ხაზი).

მაიას ერთ-ერთი ლიდერი იაქს კუკ მო, ტიკალიდან კოპანში ახ.წ. 427 წელს ჩადის, აქედან საფუძველი ეყრება კოპანის უდიდეს ქალაქად ქცევას. მაიას კლასიკური პერიოდის განმავლობაში, ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კოპანში აღმოჩენილია და შესწავლილია მეფეთა ცხრილი. სადაც დაწვრილებითაა აღწერილი მათი მეფობის წლები და განსაკუთრებული მოვლენები.

მე-8 საუკუნეში, კოპანის მე-13 მეფე მეზობელ ქალაქ სახელმწიფოსთან ომში დამარცხდა და თავი მოჰკვეთეს. ამის შემდეგ უკვე იწყება ქალაქის დაღმასვლა, გავრცელდა დაავადებები, ხშირი იყო მცირე ამბოხებები, შეთქმულებები. ერთ დროს 20 000 მოსახლიანი ქალაქი, ნელ-ნელა ცარიელდება, ნადგურდება და ჯუნგლებით იფარება.

კოპანის ნანგრევები, მაიას ქალაქი
კოპანის ცენტრალური ნაწილი.

კოპანის არქიტექტურა

კოპანის ცენტრალური ნაწილი დაახლ. 100 ჰექტარზეა გაშენებული. შეიცავს აკროპოლისს, ქვით ნაშენ ტაძრებს, ორ დიდ პირამიდას, პლაზებსა და სამარხებს. აღმოსავლეთ პლაზა მთელს მიდამოზე დომინირებს, მას კიბეები ჩამოუყვება, რომლებიც იაგუარის სკულპტურებითაა შემკული.  აქვეა სიდიდით მეორე ბურთის მოედანი მთელს მაიას სამყაროში, ყველაზე მასშტაბური ჩიჩენ იცაში მდებარეობს.

კოპანის შენობების უმეტესობა რელიეფებითა და იეროგლიფებითაა დაფაარული. პედანტური სიზუსტით აქვთ ჩარეწილი ისტორია, ტრადიციები, მითოლოგია. ალბათ კოპანის ყველაზე დამაინტრიგებელი არქეოლოგიური მონაპოვარი Q საკურთხეველია. მართკუთხა ფორმის ქვაზე, ოთხივე მხრიდან გამოსახულია ქალაქის 16 მეფე, რომლებიც სამეფო ტახტზე სხედან და მათ თავზე იეროგლიფებით მათივე სახელებია დაწერილი. იაქს კუკ მო – კოპანის დინასტიის დამაარსებელი ნეფრიტის ვაზითა და ფარითაა გამოსახული.

Q საკურთხეველი, სადაც კოპანის 16 მეფეა გამოსახული.
Q საკურთხეველი, სადაც კოპანის 16 მეფეა გამოსახული.

უდაოდ კოპანის არქიტექტურული შედევრი იეროგლიფებიანი კიბეებია. ეს არაა მხოლოდ დახვეწილად ნაგები და საოცრად დეკორირებული ნაგებობა, ის ასევე წარმოადგენს მაიას ცივილიზაციის ენციკლოპედიას. კიბე 63 ქვის საფეხურისაგან შედგება, 30 მეტრის სიმაღლის შემდეგ კიბე მთავრდება და გაშლილ პლატფორმაზე ტაძარია აგებული.

იეროგლიფებიანი კიბე 1250 ქვის ბლოკისაგან შედგება, მასზე დატანილია 2200 იეროგლიფი და მეზოამერიკაში ყველაზე დიდ ქვის მატიანეს წარმოადგენს, რომელიც კი ოდესმე არქეოლოგებს აღმოუჩენიათ. თითოეულ საფეხურზე კოპანის დეტალური ისტორიაა ჩაწერილი. სამწუხაროდ, როდესაც, კოპანი ხელახლა აღმოაჩინეს, იეროგლიფებიანი კიბე სანახევროდ დანგრეული იყო. იმ დროისათვის მაიას იეროგლიფების გაშიფვრა ჯერ კიდევ ვერ ხერხდებოდა, ამიტომაც კიბეების აღდგენის დროს, მათი თანმიმდევრობა აირია. დღესდღეობით ტექსტის უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ არაა გაშიფრული და ერთმანეთთან დაკავშირებული.  თუმცა შეგვიძია თამამად ვთქვათ, რომ კიბეებზე კოპანის 16 მეფის ისტორია და მმართველობაა დაწერილი. იწყება იაქს კუკ მოთი და 61 კიბეზე უკვე დაწერილი ბოლო მეფის შესახებ. იეროგლიფებთში განსაკუთრებით დიდი ადგილი ეთმოვა მე-12 მეფის კაკ უტი ჰა კაუიილ-ს. სავარაუდოდ ის იმითაა გამოწვეული, რომ ამ უკანასკნელის სამარხი, უშუალოდ იეროგლიფებიანი კიბეების პირამიდაში აღმოაჩინეს.

კიბეების ცენტრალურ ნაწილში 5 მეფის პერტრეტია, რომლებიც სამხედრო ფორმითა და სამეფო რეგალიებით არიან გამოსახულნი. აქვე გამოსახული მათ მიერ წინაპრების თაყვანის ცემა, საკუთარი სისხლის მსხვერპლშეწირვა.

კოპანის იეროგლიფებიანი კიბე.
კოპანის იეროგლიფებიანი კიბე.

კოპანის ტერიტორიაზე გათხრები მე-20 საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ყოველწლიურად ქალაქი თანდათან, ნაწილ-ნაწილ გვინაწილებს თავის საიდუმლოს. იმედია ერთ დღეს, მეც და ყველა ვისაც აქ მოგზაურობაზე უოცნებია, მართლაც მოვინახულობთ კოპანს და შემდეგ შთაბეჭდილებებით განახლებულ ბლოგს დავწერ 🙂

კოპანი, მაიას ქალაქი. დასავლეთ პლაზა
კოპანი, დასავლეთ ცენტრალური ნაწილი
კოპანის პირამიდა
კოპანის პირამიდა
კოპანი, მაიას ქალაქი, პლაზას რელიეფი
კოპანი, პლაზას რელიეფი
კოპანის ცენტრალური ნაწილი, მაიას ქალაქი
პლაზა კოპანის ცენტრალურ ნაწილში.
კოპანის ქანდაკებები, მაიას ქალაქი
კოპანი გამორჩეულია ქანდაკებებისა და რელიეფების სიუხვით