ბაალბექი – რომაული ტაძარი

ლიბანში, ზღვის დონიდან 1,170 მეტრზე მდებარე ბაალბექი, ერთ-ერთი უდიდესი და საუკეთესოდ შემონახული რომაული სატაძრო კომპლექსია. ბაალბექში ადამიანის მოღვაწეობა უძველესი დროიდან დასტურდება და მისი ისტორია დაახლ. 9000 წელს ითვლის.  ანტიკურ ხანაში მას ჰელიოპოლისს, ანუ მზის ქალაქს უწოდებდნენ. ტაძრების არქიტექტურაში იგრძნობა ადგილობრივი გავლენაც, რაც მთლიან კომპლექსს საოცარ ელფერს მატებს. ბაალბექი  ფინიკიური ქალაქი იყო, რომელსაც სახელი ცის ღმერთ ბაალის განსადიდებლად უწოდეს. ბაალი ფინიკიურ ენაზე მბრძანებელს, ღმერთს ნიშნავდა, ბაალბექი კი ითარგმნება როგორ „ბაალის ქალაქი“. ფინიკიური ლეგენდის მიხედვით, ღმერთი ბაალი სწორედ აქ დაიბადა.

propylaea of the sanctuary of Jupiter
ბაალბექის მთავარი შესასვლელი, პროპილეა

როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა ახლო აღმოსავლეთი დაიპყრო ძვ.წ 334 წელს, არსებულ დასახლებას ჰელიოპოლისი უწოდა. რომაული ოქროს ხანა ბაალბექში ძვ.წ 15 წლიდან იწყება. მომდევნო სამი საუკუნის განმავლობაში, როდესაც რომაელი იმპრატორები მზარდ წარმატებას აღწევდნენ და იმპერიას აფართოვებდნენ, მუდმივად ამშვენებდნენ შორეულ აღმოსავლეთში მდებარე იუპიტერის სამლოცველოს. ბაალბექის კომპლექსის აქტიური გაფართოება და აღმშენებლობა ავგუსტუსის დროს დაიწყო. ამ პერიოდში აშენდა სამი მთავარი ტაძარი მიძღვნილი ღმერთ იუპიტერის, ბახუსისა და ვენერასადმი. ახლომდებარე ბორცვზე კი მეოთხე ტაძარი ააგეს, ღმერთ მერკურისადმი მიძღვნილი. ჰელიოპოლისში მდებარე იუპიტერ-ბაალის სამლოცველო, საკმაოდ პოპულარული იყო პილიგრიმებს შორის. იმპერატორ ტრაიანეს ბიოგრაფი აღწერს მის ვიზიტს ბაალბექში, როდესაც ორაკულს მისთვის მომავლის წინასწარმეტყველება სთხოვა.   ტაძრები ფუნქციონირებდა ახ.წ 313 წლამდე, რომის იმპერიაში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებამდე. ახ.წ მე-4 საუკუნეში, იმპერატორმა თეოდოსიუსმა ბაალბექი მნიშვლეოვანი ნაწილი დაანგრია, განადგურებულ იქნა ქანდაკებები. იუპიტერის ტაძრიდან წაღებული ქვებით კი ბაზილიკა ააშენეს. მთავარი ტაძარი ეძღვნებოდა იუპიტერ ბაალს (ჰელიოპოლისელი ზევსი), რომელიც მზესთან ასოცირდებოდა. მისი მშენებლობა ავგუსტუსის დროს დაიწყო და ახ.წ 60 წელს დასრულდა.   ბაალბექის მთავარი ტაძრის ადგილას, მხოლოდ 6 კორინთული სვეტია შემორჩენილი. 8 სვეტი ახ.წ VI საუკუნეში, იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით, ბაალბექიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანეს და აია-სოფიას მშენებლობის დროს იქნა გამოყენებული. თავდაპირველად ტაძარს 54 სვეტი ჰქონდა, ფრიზისა და არქიტრავის ლოდების წონა 60 ტონამდე აღწევს, ზოგიერთისა კი 100 ტონასაც აჭარბებს. სვეტების სიმაღლე 19 მეტრია.

იუპიტერ-ბაალისადმი მიძღვნილი ტაძარი
იუპიტერ-ბაალისადმი მიძღვნილი ტაძარი
OLYMPUS DIGITAL CAMERA
მთავარი ეზო, რომელსაც პროპილეადან იუპიტერის ტაძრისაკენ მივყავართ.

Baalbek(js)_18 ბაალბექის მარგალიტი, ე.წ ბახუსის ტაძარი რომაული არქიტექტურის ნამდვილი შედევრია, მეცნიერები დღემდე დაობენ თუ რომელ ღმერთს ეძღვნებოდა ტაძარი. ტაძარში აღმოჩენილი ბახუსის რელიეფების სიმრავლის გამო, არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ ტაძარში ხდებოდა ბახუსის თაყვანისცემა. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული რომაული ტაძარი 69 მეტრი სიგრძითა და 36 სიგანით, გარშემორტყმულია 42 სვეტით, რომელიც 19 მეტრი სიმაღლისაა. განსაკუთრებულია ტაძრის რელიეფები, მათი სიუხვე და შესრულების მაღალი დონე. ახ.წ 3 საუკუნეში კომპლექსს დაემატა მრგვალი ტაძარი. ქრისტიანობის პერიოდში ევროპელი მოგზაურები, მიიჩნევდნენ რომ ესაა ვენერას ტაძარი, თუმცა აქაც დაზუსტებით არაფერია ცნობილი. მოგვიანებით, ბიზანიტიის იმპერიის დროს, ბერძენმა კათოლიკეებმა წარმართული ტაძარი, წმ. მოწამე ბარბარეს ეკლესიად გადააკეთეს.

ვენერას ტაძარი
ვენერას ტაძარი

ცნობილია, რომ ბაალბექის მშენებლობის დროს გრანიტის სვეტები ეგვიპტიდან, ასუანიდან ჩაიტანეს. მნახველს დღემდე აოცებს მათი გიგანტური ზომები, სწორედ ამიტომ არაერთი მეცნიერი მიიჩნევს რომ, ბაალბექი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადგილს შორის, სადაც უძვლეს დროში უცხოპლანეტელები ჩამოვიდნენ დედამიწაზე და მათი ტექნიკური საშუალებებით დაეხმარნენ ადამიანებს. პირადად ჩემთვის ეს მოსაზრება არადამაჯერებელი და საფუძველს მოკლებულია.

ტრილითონი - ბაალბექის პლატფორმა. უდიდესი დამუშავებული ქვა მსოფლიოში
ტრილითონი – ბაალბექის პლატფორმა. უდიდესი დამუშავებული ქვა მსოფლიოში

დღესდღეობით ბაალბექი ტურისტების სიმრავლით არ გამოირჩევა. სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენების გამო ტურისტების რაოდენობამ საკმაოდ იკლო. ქვემოთ გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ლამაზ და საინტერესო სურათს, რაც კიდევ ერთხელ დაგვხმარება ბაალბექის სილამაზისა და უნიკალურობის დაფასებაში.

City-of-Baalbek-Ruins
ბახუსის ტაძრის შესასვლელი
great court
ტაძრის მთავარი ეზო, პროპილეიდან მომლოცველს იუპიტერის ტაძრისაკენ მიუძღვებოდა.

Capital of Jupiter temple in Baalbek