მოჩეს ცივილიზაცია

მაღალგანვითარებული მოჩეს ცივილიზაცია, პერუს ჩრდილოეთ სანაპიროზე დაახლ. 2000 წლის წინ აღმოცენდა და განვითარდა. სამწუხაროდ მათ შესახებ მხოლოდ ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რადგან მოჩეს კულტურას არ ჰქონდა დამწერლობა.

ცივილიზაციის სახელი – მოჩე, დედაქალაქის სახელწოდებიდან მოდის. ქალაქი ოდესღაც 300 ჰექტარზე იყო გაშენებული. ქალაქი დამშვენებული იყო პირამიდებით, პლაზებით, ტაძრებით, აკვედუკების რთული სისტემით, ფრესკებითა და ქანდაკებებით. ქალაქის ყველაზე დიდი ნაგებობაა ცენტრალური პირამიდა „ჰუაკა დელ სოლ“, რომელიც დღეს 40 მეტრი სიმაღლისაა. თუმცა თავდაპირველი ზომები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, 50 მეტრი სიმაღლე, 340 X 160 მეტრი სიგანე, ნაგები 140 მილიონი აგურისაგან, თითოეული აგური კი ოსტატის მიერ იყო დაბეჭდილი.
ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა „ჰუაკა დე ლა ლუნა, რომელსაც ჯვრის ფორმა აქვს და 50 მილიონი აგურითაა ნაგები. შენობის ფრიზი მორთულია მითოლოგიური და საკულტო რიტუალების სცენებით. ოდესღაც კაშკაშა წითელი, ყვითელი, თეთრი და შავი ფერებით იყო დაფარული. ნაგებობები ახ.წ. 450 წლისთვისაა აგებული.

Hauca_del_sol
ჰუაკა დელ სოლ, მოჩეს უდიდესი საფეხუროვანი პირამიდა. დღესდღეობით 40 მეტრი სიმაღლისაა.

მოჩეს ცივილიზაცია, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რკინაზე და სხვა მეტალებზე დაიწყო მუშაობა. მეტალების დამუშავების მაღალ დონეზე ცოდნამ, ხელოსნებს საშუალება მისცა შეექმნათ გასაოცარი სამკაულები, იარაღი და სარიტუალო ნივთები. როგორც უკვე აღვნიშნე, მოჩეს ცივილიზაციას არ გააჩნდა დამწერლობა, თუმცა დღემდე შემორჩენილია ფრესკები, მოხატული კერამიკა, სადაც დეტალურადაა გამოსახული ყოველდღიური ცხოვრების სცენები; ნადირობა, ბრძოლა, სატაძრო რიტუალები და მსხვერპლშეწირვა; გაგიკვირდებათ და სექსუალური სცენებიც, რომლებიც თავისი თავისუფალი ხასიათით, თვით რომაულსა და ინდურსაც კი აჭარბებს.

მოჩე

მოჩეს ცივილიზაციაში საზოგადოებრივი წყობა მკაცრად იყო დარეგულირებული. ქურუმები და მეომრები ყველაზე მაღალ ფენას მიეკუთვნებოდნენ და ქალაქის ცენტრში ცხოვრობდნენ. მიწათმოქმედები და ხელოსნები საშუალო ფენას წარმოადგენდნენ და ქალაქის განაპირას ცხოვრობდნენ.

ქურუმები ყველაზე გავლენიან ფენას წარმოადგენდნენ. მათი რწმენით, ადამიანების მსხვერპლშეწირვა სავალდებულო იყო, სანაცვლოდ ღმერთებისაგან დოვლათსა და სხვა ამქვეყნიურ ფუფუნებას ელოდნენ.

სხვა მეზოამერიკული კულტურებისგან განსხვავებით, მოჩეს კულტურაში ქალებისა და ბავშვების მსხვერპლშეწირვა არ ხდებოდა. ძირითადად ესენი იყვნენ ომის დროს აყვანილი ტყვეები. რიტუალები, როგორც ფრესკებიდან ირკვევა მკაცრ ჩარჩოში იყო მოქცეული, ქურუმები განსაკუთრებულ ტანსაცმელს იცვამდნენ და ღმერთებს ყველაზე ძვირფასს, ადამიანის სისხლს სწირავდნენ. მსხვერპლშეწირვისას, გამოიყენებოდა სპეციალური დანა – ტუმი.

შესწავლილი ფრესკები და სხვადასხვა სცენები კერამიკაზე, ასევე არქეოლოგიური მონაპოვარი, მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ გავრცელებული იყო ტყვეების გარკვეული პერიოდი წამება, სისხლის გამოშვება. მსხვერპლად შეწირვის შემდეგ, ხშირი იყო ასევე კანიბალიზმიც.

Peru-2014-443_web-lrg
პირამიდის შეგნით არსებული ფრესკები, მოჩეს ყოველდღიურობაზე მოგვითხრობს.

მოჩეს ყოველდღიურობის შესწავლისას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქში აღმოჩენილი კერამიკა. 100 000-ზე მეტი კერამიკული ნაკეთობა დღესდღეობით მსოფლიოს მრავალ მუზეუმშია გამოფენილი. მათი უმეტესი ნაწილი, ჰუაკა დე ლა ლუნას ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. თიხის ნაკეთობებზე აღბეჭდილია ომი, მეტალზე მუშაობა, სატაძრო რიტუალები. გაგიკვირდებათ და ყველაზე მრავლად, სექსუალური ხასიათის ნაკეთობები გვხვდება.
huaco_horizontal_2

her

1987 წელს, არქეოლოგებმა მოჩეს ხელუხლებელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც ახ.წ. 300 წლით თარიღდება. სამარხი მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მამაკაცს ეკუთვნოდა და დღესდღეობით ცნობილია როგორც „სიპანის მმართველი“. მიცვალებულთან ერთად დამარხული იყო 6 ადამიანი, უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი, დამზადებული ოქროს, ვერცხლისა და სხვა ძვირფასი მეტალებისაგან.

sipan_24
სიპანის მმართველის სამარხი.

თუ რამ გამოიწვია კულტურის დაღმასვლა და შემდეგ გაქრობა, დღემდე ზუსტად არაა დადგენილი. სავარაუდოდ მიზეზი კლიმატის ცვალებადობა უნდა ყოფილიყო. ანდების მთაში შესწავლილი ყინული გვიჩვენებს, რომ ახ.წ. 536 – 594 წლებში კლიმატი მკვეთრად იცვლება. 30 წლის განმავლობაში მოდიოდა უხვი ნალექი, ხშირი იყო წყალდიდობები. შემდეგი 30 წელი კი ცხელი და გვალვიანი იყო. მოსახლეობის მოსავალი ჯერ ჭარბი ნალექის გამო განადგურდა, შემდგომმა გვალვებმა კი, მიწა უნაყოფი გახადა. მრავალწლიანმა უიმედო ბრძოლამ კლიმატურ პირობებთან, მოსახლეობაში გააქრო ღმერთებისა და ქურუმების მიმართ ნდობა, საბოლოოდ მათ უკეთესი საცხოვრებელი ადგილის იმედად, ქალაქები მიატოვეს.

the-conquered-mini-2
მოჩეს ერთ-ერთ ქალაქში, ელ ბრუხოში აღმოჩენილი რელიეფი.

 

Advertisements