კოპანი – იეროგლიფებით დაფარული ქალაქი

თანამედროვე გვატემალას საზღვართან, ძველი მაიას ქალაქი, კოპანი მდებარეობს. ქალაქი დაალხ. 2000 წლისაა და  მაიას ქალაქებს შორის, ყველაზე აღმოსავლეთით მდებარეობდა. 400 წლის განმავლობაში, კოპანი მცირე დაბიდან, უდიდეს ქალაქად იქცა, რომელსაც პირამიდები, ტაძრები და მრავალი ფერით შეღებილი ქანდაკებები ამშვენებდა. დღესდღეობით კოპანი მაიას ქალაქებს შორის მიიჩნევა, როგორც ყველაზე მდიდარი რელიეფებით, ქანდაკებებით; შენობების დეკორაციაც გამოირჩევა დახვეწილობითა და შესრულების მაღალი დონით.

კოპანის მმართველები: 16 მეფე, ერთი დინასტია 

კოპანის ტერიტორიაზე დასახლება ძვ.წ. 1000 წლებში ჩნდება, მაგრამ ესაა მცირე ნამოსახლარი, სადაც ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდნენ. ქალაქის ზრდასთან ერთად, თანდათარ ფუნქციურად იტვირთება და ხდება პოლიტიკური, სამოქალაქო და რელიგიური ცენტრი. კოპანი ყალიბდება ერთ-ერთ დომინანტ ქალაქად სამხრეთ-აღმოსავლეთით. ახ.წ. 400-820 წლებში კოპანი იმართება 16 მეფის მიერ, რომელლებიც მიეკუთვნებიან ერთ დინასტიას (ერთი ოჯახის ხაზი).

მაიას ერთ-ერთი ლიდერი იაქს კუკ მო, ტიკალიდან კოპანში ახ.წ. 427 წელს ჩადის, აქედან საფუძველი ეყრება კოპანის უდიდეს ქალაქად ქცევას. მაიას კლასიკური პერიოდის განმავლობაში, ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კოპანში აღმოჩენილია და შესწავლილია მეფეთა ცხრილი. სადაც დაწვრილებითაა აღწერილი მათი მეფობის წლები და განსაკუთრებული მოვლენები.

მე-8 საუკუნეში, კოპანის მე-13 მეფე მეზობელ ქალაქ სახელმწიფოსთან ომში დამარცხდა და თავი მოჰკვეთეს. ამის შემდეგ უკვე იწყება ქალაქის დაღმასვლა, გავრცელდა დაავადებები, ხშირი იყო მცირე ამბოხებები, შეთქმულებები. ერთ დროს 20 000 მოსახლიანი ქალაქი, ნელ-ნელა ცარიელდება, ნადგურდება და ჯუნგლებით იფარება.

კოპანის ნანგრევები, მაიას ქალაქი
კოპანის ცენტრალური ნაწილი.

კოპანის არქიტექტურა

კოპანის ცენტრალური ნაწილი დაახლ. 100 ჰექტარზეა გაშენებული. შეიცავს აკროპოლისს, ქვით ნაშენ ტაძრებს, ორ დიდ პირამიდას, პლაზებსა და სამარხებს. აღმოსავლეთ პლაზა მთელს მიდამოზე დომინირებს, მას კიბეები ჩამოუყვება, რომლებიც იაგუარის სკულპტურებითაა შემკული.  აქვეა სიდიდით მეორე ბურთის მოედანი მთელს მაიას სამყაროში, ყველაზე მასშტაბური ჩიჩენ იცაში მდებარეობს.

კოპანის შენობების უმეტესობა რელიეფებითა და იეროგლიფებითაა დაფაარული. პედანტური სიზუსტით აქვთ ჩარეწილი ისტორია, ტრადიციები, მითოლოგია. ალბათ კოპანის ყველაზე დამაინტრიგებელი არქეოლოგიური მონაპოვარი Q საკურთხეველია. მართკუთხა ფორმის ქვაზე, ოთხივე მხრიდან გამოსახულია ქალაქის 16 მეფე, რომლებიც სამეფო ტახტზე სხედან და მათ თავზე იეროგლიფებით მათივე სახელებია დაწერილი. იაქს კუკ მო – კოპანის დინასტიის დამაარსებელი ნეფრიტის ვაზითა და ფარითაა გამოსახული.

Q საკურთხეველი, სადაც კოპანის 16 მეფეა გამოსახული.
Q საკურთხეველი, სადაც კოპანის 16 მეფეა გამოსახული.

უდაოდ კოპანის არქიტექტურული შედევრი იეროგლიფებიანი კიბეებია. ეს არაა მხოლოდ დახვეწილად ნაგები და საოცრად დეკორირებული ნაგებობა, ის ასევე წარმოადგენს მაიას ცივილიზაციის ენციკლოპედიას. კიბე 63 ქვის საფეხურისაგან შედგება, 30 მეტრის სიმაღლის შემდეგ კიბე მთავრდება და გაშლილ პლატფორმაზე ტაძარია აგებული.

იეროგლიფებიანი კიბე 1250 ქვის ბლოკისაგან შედგება, მასზე დატანილია 2200 იეროგლიფი და მეზოამერიკაში ყველაზე დიდ ქვის მატიანეს წარმოადგენს, რომელიც კი ოდესმე არქეოლოგებს აღმოუჩენიათ. თითოეულ საფეხურზე კოპანის დეტალური ისტორიაა ჩაწერილი. სამწუხაროდ, როდესაც, კოპანი ხელახლა აღმოაჩინეს, იეროგლიფებიანი კიბე სანახევროდ დანგრეული იყო. იმ დროისათვის მაიას იეროგლიფების გაშიფვრა ჯერ კიდევ ვერ ხერხდებოდა, ამიტომაც კიბეების აღდგენის დროს, მათი თანმიმდევრობა აირია. დღესდღეობით ტექსტის უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ არაა გაშიფრული და ერთმანეთთან დაკავშირებული.  თუმცა შეგვიძია თამამად ვთქვათ, რომ კიბეებზე კოპანის 16 მეფის ისტორია და მმართველობაა დაწერილი. იწყება იაქს კუკ მოთი და 61 კიბეზე უკვე დაწერილი ბოლო მეფის შესახებ. იეროგლიფებთში განსაკუთრებით დიდი ადგილი ეთმოვა მე-12 მეფის კაკ უტი ჰა კაუიილ-ს. სავარაუდოდ ის იმითაა გამოწვეული, რომ ამ უკანასკნელის სამარხი, უშუალოდ იეროგლიფებიანი კიბეების პირამიდაში აღმოაჩინეს.

კიბეების ცენტრალურ ნაწილში 5 მეფის პერტრეტია, რომლებიც სამხედრო ფორმითა და სამეფო რეგალიებით არიან გამოსახულნი. აქვე გამოსახული მათ მიერ წინაპრების თაყვანის ცემა, საკუთარი სისხლის მსხვერპლშეწირვა.

კოპანის იეროგლიფებიანი კიბე.
კოპანის იეროგლიფებიანი კიბე.

კოპანის ტერიტორიაზე გათხრები მე-20 საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ყოველწლიურად ქალაქი თანდათან, ნაწილ-ნაწილ გვინაწილებს თავის საიდუმლოს. იმედია ერთ დღეს, მეც და ყველა ვისაც აქ მოგზაურობაზე უოცნებია, მართლაც მოვინახულობთ კოპანს და შემდეგ შთაბეჭდილებებით განახლებულ ბლოგს დავწერ 🙂

კოპანი, მაიას ქალაქი. დასავლეთ პლაზა
კოპანი, დასავლეთ ცენტრალური ნაწილი
კოპანის პირამიდა
კოპანის პირამიდა
კოპანი, მაიას ქალაქი, პლაზას რელიეფი
კოპანი, პლაზას რელიეფი
კოპანის ცენტრალური ნაწილი, მაიას ქალაქი
პლაზა კოპანის ცენტრალურ ნაწილში.
კოპანის ქანდაკებები, მაიას ქალაქი
კოპანი გამორჩეულია ქანდაკებებისა და რელიეფების სიუხვით

მაიას დავიწყებული ქალაქები

ნაკბე (ძვ.წ 1400-100 წწ) ნაკბე მაიას ცივლიზაციის ერთ-ერთი დიდი ქალაქია, რომელიც ადამიანების წასვლის შემდეგ ჯუნგლებით დაიფარა და დავიწყებას მიეცა. ქალაქი მდებარეობს ელ-მირადორის ნანგრევებიდან სამხრეთით, დაახლოებით 15 კმ-ში. არქეოლოგიური კვლევების მიხედვით დადასტურდა, რომ ორი ქალაქი ერთმანეთს საკმაოდ განვითარებული, მაიას ცივილიზაციის ერთ-ერთი დიდი მიღწევით – საკბეთი უკავშირდებოდა. საკბე ეს იყო საქალაქთაშორისო გზა, რომელითაც უამრავ ქალაქს საშუალება ჰქონდა ერთმანეთთან სწრაფი მიმოსვლა ჰქონოდა, ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას. ნაკბეს ტერიტორია დასახლებული იყო ძვ.წ. 1400 წლიდან, განვითარების პიკს მიაღწია და სულ ცოტა ხანში ქალაქი მოსახლეობისაგან დაიცალა. საგულისხმოა, რომ ნაკბესა და ელ-მირადორის მიტოვება მოსახლეობის მიერ ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. თანამედროვე მეცნიერებისა და მსოფლიოსათვის ნაკბე 1930 წელს გახდა ცნობილი, თუმცა მისი შესწავლა მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დაიწყო. აქ ვხვდებით მონუმენტურ არქიტექტურას, რომელიც ძვ.წ 8 საუკუნიდან იღებს სათავეს. ამ პერიოდში აშენდა პლატფორმა, რომლის სიმაღლეც 18 მეტრია. საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ ნაკბე ხელმეორე იქნა დასახლებული დაახლ. ათასი წლის შემდეგ. თუმცა ახალ მოსახლეებს არ აუშენებიათ ახალი ტაძრები, შენობები. არქეოლოგებმა აქ მხოლოდ კერამიკასა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ინვენტარს მიაკვლიეს. დღემდე გამოცანად რჩება ნაკბეს რელიგიური წეს ჩვეულებებიც. გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა 3.5 მ. სიმაღლის სტელა, რომელიც ნაწილებად იყო დამსხვრეული. აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ სტელაზე გამოიკვეთა ორი ადამიანის ფიგურა, რომელიც ერთმანეთის პირისპირ დგანან, მათი ჩაცმულობა ემთხვევა ადრეული მაიას კულტურის სტილს. ერთ-ერთი მათგან თითით მის ზემოთ გამოსახულ მოკვეთილ თავზე მიუთითებს. როგორც ირკვევა, ესაა გამოსახულება მაიას რელიგიის ტყუპი ღმერთებისა, ჰუნ-აპუსა და იქსბალანქუე.

Nakbe_str
სასახლის ნანაგრევები, ნაკბე
nakbe_336
ნაკბე – მაიას დაკარგული ქალაქი

იაქსჩილანი  გვიანი კლასიკური ხანის უდიდესი და უძლიერესი ქალაქი, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. მიუხედავად მისი არქიტექტურის მონუმენტურობისა და გრანდიოზულობისა, ვერც ეს ქალაქი გადაურჩა მოსახლეობისაგან დაცლას და ჯუნგლების საფარ ქვეშ ასწლეულების გატარებას. სავარაუდოდ ქალაქის თავდაპირველ სახელწოდება უნდა ყოფილიყო “პა ჩან”, რაც გატეხილ ცას ნიშნავს. ეს იყო დომინანტი ქალაქი მდინარე უსუმაცინტას აუზში, რეგიონის კიდევ ერთი უძლიერესი ქალაქის – პალენკეს მთავარი კონკურენტი. იაქსჩილანი გამოირჩევა განსხვავებული არქიტექტურითა და წარწერების სიმრავლით. ქალაქის დაგეგმარებაც აღმაფრთოვანებელია. ტაძრებიდან, სასახლეებიდან იშლება საოცარი ხედები მდინარესა და ტყეებზე. მთავარი ნაგებობებია სამხრეთ, დასავლეთ და ცენტრალური აკროპოლისები. სამხრეთ აკროპოლისი ქალაქის ყველაზე მაღალი ნაგებობაა.

west
დასავლეთ აკროპოლისი. იაქსჩილანი

იაქსჩილანის მარგალიტად ითვლება ე.წ. სტრუქტურა 33, რომელიც ახ.წ 756 წელს აშენდა მეფე “ჩიტი იაგური” IV-ის მიერ. გარდა გამორჩეული არქიტექტურისა, ნაგებობა გამოირჩევა იეროგლიფებისა და დეკორაციის სიმრავლით.

სტრუქტურა 33. იაქსჩილანის მარგალიტი
სტრუქტურა 33. იაქსჩილანის მარგალიტი

თეოტიუაკანი – ღმერთების ქალაქი

თანამედროვე მეხიკოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, ძველი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ურბანული ცენტრი – თეოტიუაკანი. დღემდე არაა ზუსტად ცნობილი ვინ ააშენა ქალაქი, რა ეწოდებოდა მას სინამდვილეში. მაის ხალხის რამოდენიმე მანუსკრიპტში ნახსენებია სახელი “პაჰ”- “ლერწმის ადგილი”, ხოლო სახელი თეოტიუაკანი – “ღმერთების ქალაქი” აცტეკებმა უწოდეს მას. აცტეკების მიერ ქალაქის პირველად ნახვისას, ის უკვე რამდენიმე საუკუნის მიტოვებული და გაუკაცურებული იყო. შენობების არქიტექტურით, სიდიდითა და სილამაზით აღფრთოვანებულებმა, მას “ღმერთების ქალაქი უწოდეს”. აცტეკებს სჯეროდათ რომ, ღმერთებმა სამყარო სწორედ აქ შექმნეს.

თეოტიუაკანი ძვ.წ I საუკუნეში დაარსდა და ახ.წ VII საუკუნემდე არსებობდა, თუმცა ნაგებობათა უმეტესობა ახ.წ V საუკუნემდე პერიოდს მიეკუთვნება. აყვავების ხანაში ქალაქი პრე-კოლუმბამდელი პერიოდის უდიდესი დასახლებული პუნქტი უნდა ყოფილიყო მეზოამირიკის ისტორიაში, დაახლ. 125 000 მაცხოვრებელით. მათი ეთნიკური წარმომავლობა დღემდე დავის საგანია, თუმცა საკმაოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად ეს იყო მულტი-ეთნიკური დასახლება, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ტოტონაქები, ოტომი, მაია, ჰაგუა და მეზოამერიკის სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები.

თეოტიუაკანის რეკონსტრუქცია
თეოტიუაკანის რეკონსტრუქცია

თეოტიუაკანის დაარსების ისტორია საკმაოდ ბუნდოვანია, ისევე როგორც მისი არსებობის ადრეული პერიოდი. დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებული აზრით ქალაქი ტოლკეტებს ეკუთვნოდათ. ეს მოსაზრება ეყრდნობოდა 16 საუკუნეში დაწერილ ფლორენციის კოდექსს, სადაც აღწერილია მეზოამერიკის ხალხთა ისტორია. დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ტოლტეკების კულტურა მაიას ცივილიზაციის დაცემიდან, რამდენიმე საუკუნის შემდეგ ყვაოდა და ეს ვერსიაც თავისთავად გამოირიცხა. დღესდღეობით თანამედროვე კვლევები მიუთითებს, რომ ქალაქი დაარსდა რამოდენიმე კულტურის მიერ.

თეოტიუაკანი აყვავების პერიოდს აღწევს დაახლ. ახ.წ 450 წელს, როდესაც მისი გავლენა ვრცელდება, თითქმის მთელს მეზოამერიკაზე. ამ დროისათვის ქალაქის სიდიდე 30კვ2  აღწევდა. სხვადასხვა უბნებში მცხოვრები ადამიანები წარმოშობით იმ ქალაქებიდან იყვნენ, რომლებიც თეოტიაუკანის გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი.

ქალაქი განთქმული იყო ობსიდიანის მოპოვებით და მისგან დამზადებული ნივთებით ვაჭრობით, განვითარებული იყო მეთუნეობა, ხელოსნობა, საიუველირო საქმიანობა, ინჟინერია, ასტრონომია, მათემატიკა.

ჩვენამდე არაა შემორჩენილი ტექსტები, ან რაიმე სახის წერილობითი წყარო, რომელიც ქალაქის ისტორიაზე მოგვითხრობს. მეცნიერები ეყრდნობიან არქეოლოგიურ მასალებს, რელიეფებსა და მოხატულობებს. თეოტიუკანში კედლის მხატვრობა განსაკუთრებით დავრცელდა და დაიხვეწა ახ.წ 450-650 წლებში.

მეცნიერთა აზრით ფრესკაზე გამოსახულია თეოტიუაკანის დიადი ქალღმერთი
მეცნიერთა აზრით ფრესკაზე გამოსახულია თეოტიუაკანის დიადი ქალღმერთი
თეოტიუაკანი - მეომრის გამოსახულება
თეოტიუაკანი – მეომრის გამოსახულება

თეოტიუკანის დაღმასვლა დაახლ. ახ.წ VI საუკუნეში იწყება. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ქალაქი დაეცა შემოსევების შედეგად, რადგან სასახლეები და ტაძრები, ანუ ის არქეოლოგიური ადგილები სადაც მეცნიერები მუშაობდნენ, აშკარად გადამწვარი იყო. თუმცა უახლესმა გათხრებმა დაამტკიცა, რომ ცეცხლის კვალი დასტურდება მხოლოდ მაღალი კლასის რაიონებში, ხოლო ახლად გათხრილი დაბალი ფენის სამოსახლოები უბრალოდ მიტოვებულებია. ეს პირდაპირ მიანიშნებს დაბალი კლასის აჯანყებაზე.

ქალაქის არქიტექტურა 

თეოკიუაკანის მთავარ გზას “მიცვალებულთა ქუჩა” ეწოდება, დაახლოებით 2 მილი გრძელდება და შეიცავს სამი პირამიდის კომპლექსს, მათ შორისაა მსოფლიოში სიდიდით მესამე, “მზის პირამიდა”. აქვე მრავლადაა მინი პირამიდები და პლატფორმის მსგავსი ნაგებობები, აცტეკებს სჯეროდათ რომ ეს იყო სამარხები, სწორედ აქედან მოდის გზის სახელიც. დღესდღეობით დადგენილია, რომ ეს იყო სარიტუალო შენობები, რომელთა თავზეც აღმართული იყო სამსხვერპლოები, ან ტაძრები.

მიცველაბულთა ქუჩა
მიცველაბულთა ქუჩა

აქვეა ე.წ “ფრთოსანი გველის ტაძარი”, რომელიც თეოტიუაკანში სიდიდით მესამეა. თარიღდება ახ.წ 150-200 წლებით. სახელი ეწოდა დეკორში გამოყენებული ფრთიანი გველის გამოსახულებიდან, რომელიც დაახლ. 10 საუკუნის შემდეგ აცტეკებმა შეითვისეს, როგორც ღმერთი კეცალკოატლი.

ნაგებობა წარმოადგენს ექვს დონიან პირამიდას, კედლების ნაპირები გაფორმებულია გველის თავებით, რომელტაც თვალების მაგივრად ობსიდიანის ქვები აქვთ ჩასმული. ორასზე მეტი ჯგუფური სამარხია ნაპოვნი ტაძართან, აღმოჩენილია როგორც ქალის, ასევე მამაკაცის სხეული, თუმცა ამ უკანასკნელთა რაოდენობა გაცილებით დიდია. მამაკაცებს ჩატანებული აქვთ იარაღი, სამკაულები გაკეთებული ადამიანთა კბილებისაგან, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს რომ ეს უნდა იყოს თეოტიუაკანის დამცველთა სამარხები. მაგრამ აქვე უნდა აღნიშნოს მათი ზუსტი დანიშნულება დაზუსტებული არაა.

“ფრთოსანი გველის” ტაძარი
დეკორის დეტალი: კედელზე გამოსახულია გველის თავები.
დეკორის დეტალი: კედელზე გამოსახულია გველის თავები.

ჩრდილოეთით არის “მთვარის პირამიდა”, ეს სახელიც აცტეკების მიერაა მინიჭებული. აგებულია ახ.წ II – IV საუკუნეებში. მისი სიმაღლე 46, სიგანე კი 168 მეტრია. ნაგებობა დაყოფილია რამდენიმე დონედ. ტაძარი, სადაც რეგულარულად მიმდინარეობდა მსხვერპლშეწირვა ეძღვნებოდა თეოტიუაკანის დიდ ქალღმერთს. რომელიც ასოცირდებოდა ნაყოფიერებასთან, წყალთან, მიწასთან და აბადებასთან. პირამიდის მიმდებარედ გათხრილ სამარხებში აღმოჩენილია ადამიანის ძვლები, ოდსიდიანის დანები და სხვა სარიტუალო ინვენტარი.

მთვარის პირამიდა
მთვარის პირამიდა

მზის პირამიდა მეზოამერიკაში დღესდღეობით ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობაა, სიმაღლით 76 მ. და სიგანით 223 მ. გათხრებისას გამოვლინდა მეშენებლობის ორი დონე. პირველი დაახლ. ახ.წ 100 წელს და უკვე მიიღო დღეისათვის არსებული ფორმა. მეორე სამშენებლო პერიოდის ნაგებობა სამწუხაროდ დღემდე არ შემორჩენილა.

მზის პირამიდა
მზის პირამიდა

ელ მირადორი – დაკარგული ქალაქი

ელ მირადორი ერთ-ერთი უდიდესი კოლომბამდელი მაიას ცივილიზაციის ნაქალაქარია, თანამედროვე გვატემალას ტერიტორიაზე. ქალაქი 1926 წელს აღმოაჩინეს, 1930 წელს პირველად მოხდა მისი ფოტოგრაფირება, თუმცა ის მაინც ყურადღების მიღმა რჩბოდა 1962 წლამდე. ქალაქის კვლევა ოფიციალურად 1978 წლიდან მიმდინარეობს. 2003 წლიდან კვლევას ხელმძღვანელობს აიდაჰოს უნუვერსიტეტის პროფესორი რიჩარდ ჰენსენი.

ელ მირადორი დაარსდა დაახლ. ძვ.წ VI საუკუნეში, დიდების მწვერვალს მიაღწია  ძვ.წ III – ახ.წ l საუკუნეებში, სავარაუდოდ ამ პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა 100 000 აღემატებოდა. ქალაქი საბოლოოდ ახ.წ IX საუკუნეში დაცარიელდა. დღევანდელი არქეოლოგიური ძეგლი მოიცავს დაახლ. 10 კვადრატულ მილს (26 კმ2), რამდენიმე ათასი სხვადასხვა ნაგებობით, რომელიც შეიცავს რამდენიმე მონუმენტურ შენობას, რომელთა სიმაღლეც მერყეობს 10-30 მეტრამდე.

ელ მირადორის არქიტექტურაშ გვხვდება ე.წ “ტრიადული” ნაგებობები, რომელიც შეიცავს ხელოვნურ პლატფორმას და მასზე დაშენებული სამ პირამიდას. გამორჩეულია სამი მათგანი, ერთ-ერთი ნაგებობის სიმაღლე რომელსაც “ელ-ტიგრეს” უწოდებენ, 55 მეტრია; ხოლო “ლა დანტა” ერთი-ერთი უდიდესი პირამიდაა მსოფლიოში, სიმაღლით 70 მ, მოცულობით 2,800,000 კუბური მეტრი.

არქეოლოგთა თქმით, ელ მირადორი ერთიანი გეგმარებით შექმნილი ქალაქია; კვლევების მიხედვით დადგინდა რომ შენობებისა და ტაძრების განლაგება შესაძოლა უკავშირდებოდეს მზის კულტს. ქალაქი უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იძლევა მაიას ქალაქებისა და ტაძრების დაგეგმარება-განლაგებაზე, რადგან ადრეული პერიოდის ნაქალაქარები ნაკლებადაა შესწავლილი. მეცნიერთა ყურადღებას იპყორბს ასევე ელ მირადორის ქვაფენილები, რომელთა სიგანე 20-დან 50 მეტრამდე მერყეობს და ზოგ შემთხვავეში 12კმ სიგრძისაა.

არქეოლოგი რიჩარდ ჰენსენი ტაძრის რელიეფთან, რომელიც დაახლ. ძვ.წ 300 წლით თარიღდება და მასზე გამოსახულია მაიას ხალხის ეპოსის Popul Vuh - მთავარი ტყუპი გმირები, Hunapu და Ixbalanque
არქეოლოგი რიჩარდ ჰენსენი ტაძრის რელიეფთან, რომელიც დაახლ. ძვ.წ 300 წლით თარიღდება და მასზე გამოსახულია მაიას ხალხის ეპოსის Popul Vuh – მთავარი ტყუპი გმირები, Hunapu და Ixbalanque
სავარაუდოდ ასეთი უნდა ყოფილიყო ქალაქი მისი დიდების დროს
სავარაუდოდ ასეთი უნდა ყოფილიყო ქალაქი მისი დიდების დროს
ელ მირადორი - იაგუარის თათის ტაძარი
ელ მირადორი – იაგუარის თათის ტაძარი
“ლა დანტა” – ერთ-ერთი უდიდესი პირამიდაა ელ მირადორში
იაგუარის თათის ტაძარი
იაგუარის თათის ტაძარი
ამ ტყის მასივის ქვეშ მოქცეული ელ მირადორის პირამიდები და სასახლეები
ამ ტყის მასივის ქვეშ მოქცეული ელ მირადორის პირამიდები და სასახლეები

“National Geographic” – საინტერესო დოკუმენტური ფილმი ელ მირადორსა და სხვა დაკარგულ მაიას ქალაქებზე