აფრიკა, ამ სიტყვის გაგონებისთანავე ბავშობა და „მეფე ლომი“ მახსენდება. ჩემს ბიძაშვილებთან სტუმრად წასვლა მხოლოდ იმიტომ მიყვარდა, რომ ამ მულტფილმის კასეტა ჰქონდათ, ბაშვები ჩავუსხდებოდით და ვუყურებდით ხოლმე. მას შემდეგ აფრიკაში მოგზაურობა ჩემი აუხდენელი ოცნება იყო.
2017 წლის შემოდგომაზე გადავწყვიტე, რომ დრო მოვიდა კიდევ ერთი ოცნება ამეხდინა და საფარიში წავსულიყავი. როგორც კი ავია ბილეთების ფასებს შევხედე, ლეპტოპი ცივად დავხურე და მთელი კვირა სავანაზე ოცნებაც აღარ გამიბედავს, კვიპროსის ბილეთი 10 ევროდ ვიყიდე და ბედნიერი წავედი დასასვენებლად. მაგრამ, მაინც ვერ მოვითმინე და კარგად დავიწყე აფრიკული არდადეგების დაგეგმვა. ფორუმებზე დიდი ხნის ძებნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეთიოპიის ავიახაზები საკმაოდ იაფად დაფრინავს აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებში. თბილისიდან კენიაში გამგზავრება და უკან ტანზანიიდან დაბრუნება, დაახლ. 2300$ ჯდებოდა. საბოლოოდ გამოსავალი ვიპოვე, თუმცა ჩახლართულია, იმედია კარგად აგიხსნით 🙂
ავია ბილეთი
როგორც უკვე გითხარით, თბილისიდან თურქეთის ან ყატარის ავიახაზებით ფრენა 2300$ ჯდებოდა. ბოლოს ასეთი გამოსავალი მოვძებნე. თბილისიდან გავფრინდი კაიროში, ეს ბილეთი 400$ ღირდა (300% არის ხოლმე, პერიოდები უნდა იცოდეთ კარგად), კაიროდან კი ეთიოპიის ავიახაზების ბილეთი ვიყიდე. კაიროდან ნაირობი (კენია), დარ ეს სალემი (ტანზანია) – კაირო სულ რაღაც 375$. ასე, რომ გაბერილ რამდენიმე ათასიან ბილეთს ნამდვილად ჯობდა ასე გაფრენა. თუმცა, გზა ძალიან დამღლელია, გამანადგურებელი.
სავიზო პროცედურები
საგარეო საქმეთა სამინისტროა ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, კენიისა და ტანზანიის ვიზა წინასწარ უნდა ავიღოთ ბელგიაში. თუმცა, რამდენიმე იმეილის გაგზავნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ორივე ქვეყნის ვიზა გაიცემა ადგილზე ჩასვლისას და ღირს 50$. ქვეყანაში შესვლისას თან უნდა იქონიოთ ყვითელი ცხელების აცრის ფურცელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზას არ მოგცემენ და გამოსვლისასაც კარანტინში ამოჰყოფთ თავს. არც ერთი ქვეყანა არ მიგიღებთ აფრიკიდან გამოფრენის შემდეგ, თუ არ გექნებათ თან აცრის ფურცელი.
საკვებთან მიმართებაში უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, აუცილებელია ყველანაირი ხილისა და ბოსტნეულის კარგად გარეცხვა, რათა თავიდან აირიდოთ ტიფი და ქოლერა. მალარიის საწინააღმდეგო ტაბლეტები და სფრეიც სულ თან უნდა იქონიოთ, ყველგან დაზუზუნებენ მზის ჩასვლის შემდეგ.
განთავსება
ვინაიდან მე საკმაოდ ბიუჯეტური მოგზაურობა მქონდა დაგეგმილი, კენიაში და ტანზანიაში, დედაქალაქებში Airbnb დავჯავშნე. ფასები საკმაოდ მისაღებია და პირობებიც შესანიშნავი. ნაირობიში ბინაში 25$ ვიხდიდით, დარ ეს სალემში კი 30$.
საფარი
საფარიზე წასვლა ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. ჯერ ფასებია ისეთი, რომ თმები ყალყზე დაგიდგება, ამას ემატება პირობებიც. არის კომბინრებული ტურები, მასაი მარა (კენია) და ნგორონგორო-სერენგეტი (ტანზანია), წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაში ფასები ერთ ადამიანზე დღეში მინიმუმ 250$.
კენიაში ყოფნისას მხოლოდ „ნაირობის ერობნული პარკი“ დავათვალიერეთ. ქალაქში კარგად გავიარეთ, ტურისტულ ადგილებში მოვძებნეთ მძღოლი რომელმაც 90$ მთელი დღე გვატარა პარკში, ყველაფერი აგვიხსნა და სახლშიც მშვიდობიანად დაგვაბრუნა. გაითვალისწინეთ, პარკში შესვლა თითო ადამინზე 45$.
თუ ცხოველებზე დაკვირვება თქვენი მოგზარობის მთავარი მიზანია, მაშინ ტანზანია ბევრად უკეთესია საფარისათვის. კენიიდან ტანზანიაში ავტობუსით წავედით, საკმაოდ კომფორტულად ვიმგზავრეთ და სულ რაღაც 25$ თითო ადამიანი. ტანზანიაში საფარიზე წასასვლელად აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ დაბა არუშაში. წინასწარ არც აქ აგვიღია ტურები, ერთი დღე წანწალსა და ფასების შედარებას მოვანდომეთ და ბოლოს გერმანელ, ავსტრიელ და შვეიცარელ ტურისტებს შევუერთდით. ფასები მაინც და მაინც გულზე მოსაფონი არაა, 160$ ერთ ადამიანზე თითო დღე, მაგრამ აქ შედის ტრანსპორტირება, განთავსება, სამჯერადი კვება, წყალი და რაც კი შეიძლება ტურის განმავლობაში დაგჭირდეთ.
საფარიზე აუცილებლად უნდა ნახოთ ნგორონგორო – ეს ადგილი სასწაული და ნამდვილი საოცრებაა, წარმოუდგენლად ლამაზი. სერენგეტი – აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია ხეზე მცოცავი ლომები და უამრავი ცხოველი, იმდენნი არიან და თან ყველგან, ბოლოს საით გაიხედო და რას უყურო ვეღარ იგებ. ტარანგირე – თუ სპილოების ხვანცალის დიდი მოყვარული ხართ, აუცილებლად უნდა წახვიდეთ. მანიარას ტბა – ბუთქუნა ჰიპოპოტამები, ფლამინგოები, აბეზარი მაიმუნები და ჟირაფები, ეს ცხოველები და ულამაზესი ტბის პეიზაჟები. ყველა ზემოთ აღნიშნულს ეროვნულ პარკს თითო დღე ყოფნის დასათვალიერებლად, მხოლოდ სერენგეტისთვისაა მინიმუმ 2 დღე საჭირო. ძალიან დიდია და სანახაობრივადაც უკეთესია.
საფარიზე ლოჯებში არ დავრჩენილვართ, ბიუჯეტურ კემპინგს დავჯერდით და არც გვინანია. სველი წერტილი მოწესრიგებული, კვება არაჩვეულებრივი და რაც მთავარია შემოღობილია ცხოველებისაგან თავდასაცავად. გერმანელმა ტურისტებმა კარავში არჩიეს ძილი, დილით გაიღვიძეს და კარავში მათთან ერთად 3 ბაბუინს ეძინა. ასე რომ, ნუ გამოსცდით ბედს 🙂
საინტერესო ამბები
🐘აფრიკაში ჩემი პირველი გაოცება ხალხმა გამოიწვია. არიან საოცრად თბილები, მომღიმარნი, ზრდილობიანები და რაც მთავარია, ყველას აცვია ფერად-ფერადი ტანსაცმელი, თმები ჩაწნული და ლამაზად გაკეთებული. პირველი ორი დღე ვითვლიდი ნაწნავების სხვადასხვა სტილის, 32-ის მერე ამერია სათვალავი 🙂
😆წარმოუდგენელია აფრიკაში ჩახვიდე და ქალების ტანს არ მიაქციო ყურადღება. რაც არ უნდა გამხდარი იყოს, საოცრად დიდი საჯდომები აქვთ.
💚ნაირობი – კენიის დედაქალაქი საოცად სუფთა და მოწესრიგებულია. ქუჩაში აკრძალულია მოწევა, პოლიეთილენის პარკები და ბოთლები, ნაგვის დაყრა. შუა ქალაქში რამდენიმე უშველებელი პარკი აქვთ და ზოგადად ქალაქიც ძალიან მწვანეა.
უგემრიელესი მანგო აქვთ, ტკბილი და წვნიანი. პაპაია და ქოქოსის წვენი ჩემს აფრიკულ იმედგრაცრუებებში პირველ ადგილს იკავებენ.
🐒ტარანგირეს ეროვნულ პარკში სადილობისას, მაიმუნმა ქათმის ბარკალი მომპარა და მშიერი დამტოვა. მაშინ მეგონა დიდი თავგადასავალი გადამხდა, მაგრამ ჯერ სად ხარ! ნგორონგოროში შესვლისას, რეგისტრაციისთვის მანქანიდან გადმოვედით, უკან დაბრუნებულებს კი ბაბუინები დაგვხვდნენ შიგნით მოკალათებულნი და ჩვენს ნივთებში იქექებოდნენ. ძირითადად ბრჭყვიალა ნივთები გაიტაცეს და რა თქმა უნდა საკვები 🙂
ერთ-ერთი დამქანცველი 14 საათიანი მოგზაურობის შემდეგ, როგორც იქნა დასაძინებლად მივაღწიე. კარის გამოღებისთანავე უშვეკებელი შავი ობობა დავინახე, რომელიც ჩემს საწოლზე მოკალათებულიყო და ტკბილად ეძინა. ჯერ ვიკივლე, მერე ყველანაირად ვეცადე მის გამოძევებას, მაგრამ არაფერმა გაჭრა. თანაც, სრულიად მარტო დამტოვეს მეგობრებმა, შენ ქართველი ხარ და ამას კარგად მოუვლიო. საბოლოოდ ჩემმა ფეხსაცმელმა გაიმარჯვა, ობობა გავაგდე და ყველანაირი ზედმეტი ფიქრის გარეშე ტკბილად დავიძინე.
🇹🇿აფრიკული მონათვაჭრობის შესახებ ყველამ ვიცით, ამ ყველაფერში ჩაბმულნი იყვნენ როგორც თეთრკანიანი, ასევე ადგილობრივი შავკანიანები. ერთადერთი ადგილობრივი ტომი, რომელსაც არასოდეს მონათა ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიუღია მასაის ტომია, ამით საოცრად ამაყობენ და დღემდე საკუთარი ტრადიციული სამოსით დადიან. პროტესტის გამოხატვაც მშვენივრად იციან, ერთ დღეს მგზავრობის დროს წინ დიდი საცობი დაგვხვდა, აღმოჩნდა რომ რამდენიმე მასაის ტომის წარმომადგენელი შუა გზაზე დამჯდარან და არავის ატარებდნენ, წყლის პრობლემებს აპროტესტებდნენ.
და ბოლოს, არ შემიძლია ჩემი მოსაზრება არ გამოვთქვა ბოლო დროს ჩვენში ატეხილი შავკანიანი ადამიანების დაცინვის, შეურაცხყოფის გამო. Facebook-ში ასევე გავრცელდა ქალბატონი ნინოს სტატუსი, სადაც ყვებოდა რომ თურმე აფრიკაში გარეთ ვერ გადის, რადგან თეთრკანიანია. ეს არის სრული აბსურდი! რამდენიმე კვირიანი მოგზაურობის შემდეგ, მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ მიუხედავად ეკონომიკური სიდუხჭირისა, მასეთი თბილი ადამიანები მე არსად მინახავს. ყველა ღიმის, „ჯამბო“ გესალმებიან და ხელს გიქნევენ. ჩემი კანის სიტეთრის გამო, რა თქმა უნდა ყველა მაშტერდებოდა. პატარა დავშვები მორბოდნენ და ხელს მართმევდნენ, დედები პატარა ბავშვებს ჩემსკენ უთითებდნენ და მეც მხოლოდ ვუღიმოდი. კვლავ სითეთრისა და ნაზი კანის გამო, აფრიკულმა მზემ 2 დღეში პამოდორზე მეტად გამაწითლა და გარეთ გასვლა სიკვდილივით მეზარებოდა. აქაც მეზობელი ბებო დამეხმარა, მანგოსა და ბაობაბის ზეთის სალბუნები დამადო, მეორე დღით სიწითლე და წვა აღარ მაწუხებდა.
ვიდრე სხვების განსჯას კანის ფერის გამო დაიწყებთ, ნუ გავიწყდებათ რომ ყველაფერი ადამიანის პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული და არა ეროვნულ ან ეთნიკურ კუთვნილებაზე. ნურც უკულტურო საზოგადოებად აღიქვამთ, ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ, დაგუგლეთ მაინც და ცოტა რამ წაიკითხეთ აქსუმის სამეფოს, მალის, ბენინის, განის, ზულის და სონგჰაის იმპერიის, დიდი ზიმბაბვეს, ნოკის ცივილიზაციის შესახებ. აფრიკა ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანია და თუ დღევანდელ ეკონომიკურ სიძნელეებს ვერ უმკლავდება, მიზეზებს კარგად ჩახედეთ. დაგაინტერესებთ და თვალსაც აგიხელთ!