ოსირისი – ეგვიპტის პირველი ფარაონი და მიცვალებულთა სამყაროს მბრძანებელი

ოსირისი – ეგვიპტური მითოლოგიის უძველესი ღმერთი, რომლის კულტი ყველაზე გავრცელებული იყო მთელს ეგვიპტეში ცივილიზაციის არსებობის 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ღმერთი, რომლის სახელის ხსენებაზე ყველას ეგვიპტე, ნილოსი, გარდაცვლილის სამსჯავრო და მიცვალებულთა წიგნი ახსენდება. ოსირისი ძველი ეგვიპტის სიმბოლოა. ალბათ, ყველას გვაინტერესებს თუ როგორ უწოდებდნენ ღმერთს ეგვიპტელები, ზუსტად არავინ იცის, თუმცა მისი იეროგლიფების ტრანსკრიფცია შემდეგნაირია „უსირ“, რაც ეგვიპტურად „ძლევამოსილს“ ნიშნავს. ჰელიოპოლისის მითის მიხედვით, ღმერთმა ატუმმა საკუთარი თავი შექმნა, შემდეგ კი ღმერთი შუ (ჰაერი) და ქალღმერთი ტეფნუტი (სინოტივე). თავისთავად, ორმა ღმერთმა შექმნა გები (მიწა) და ნუტი (ცა), რომლის შვილებად მოიაზრებოდნენ ოსირისი, სეთი, ისისი და ნეფთისი.


ძველი ეგვიპტელების წარმოდგენით, ოსირისი ეგვიპტის პირველი ფარაონი და მმართველი იყო, სწორედ მან გადასცა ადამიანებს საჭირო ცოდნა და გამოცდილება; ასწავლა მიწათმოქმედება, ირიგაცია, მესაქონლეობა, სამართალი, რელიგია და ასტორნომია. მისი მართველობისას ეგვიპტე აყვავდა და დიდებულ ქვეყანად იქცა, ყველა ბედნიერი იყო, ყველა, მაგრამ არა სეთი. შურით დაბრმავებულმა სეთმა, გადაწყვიტა საკუთარი ძმა მოეკლა და თავიდან მოეცილებინა.
სეთმა ყველაფერი საგანგებოდ დაგეგმა და ეშმაკური გეგმა შეიმუშავა. საკუთარ ხელოსნებს ულამაზესი სარკოფაგი დაამზადებინა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ოსირისის ტანს იყო მორგებული. სასახლეში დიდი ლხინი გამართა და ცოტა ღვინო დალეულ სტუმრებს სარკოფაგი აჩვენა, თან დაამატა რომ სარგკოფაგს გადასცემდა მას, ვის სხეულსაც იდეალურად დაემთხვეოდა. სტუმრებმა სათითაოდ მოსინჯეს ბედი, ბოლოს ოსირისმა სცადა ბედი და ჩაწვა სარკოფაგში. სწორედ ამ დროს, სეთმა სახურავი დააფარა, ჩაკეტა და კუბო მდინარე ნილოსში გადააგდო. მდინარემ სარკოფაგი ზღვამდე ჩაიტანა და ბოლოს ფინიკიის სანაპიროზე, ბიბლოსთან გამორიყა, ამ დროისათვის ოსირისი უკვე გარდაცვლილი იყო. დამწუხრებული ისისი მის სხეულს ყველგა ეძებდა, ბოლოს მიაგნო ფინიკიაში და ეგვიპტეში დააბრუნა, სადაც ცდილობდა რომ მისი გაცოცხლების საშუალება მოეძებნა. შეშფოთებულმა სეთმა ძმის სხეული 14 (ზოგ მითში 16) ნაწილად დაანაწევრა და ეგვიპტის ტერიოტრიაზე მიმოფანტა. ქალღმერთ ისისს, არც მაშინ დაუყრია ფარ-ხმალი, დასთან ქალმერთ ნეფთისთან ერთად მთელს ეგვიპტეში დაიწყო მოგზაურობა და სხეულის ნაწილების შეგროვება. საბოლოოდ ყველა ნაწილი იპოვეს, გარდა ერთისა, ოსირისის ფალოსი, რომელიც მდინარეში სეთის წმინდა თევზმა შეჭამა. ისისისა და ნეფთისის გოდებამ შეძრა სამყარო; ღმერთ რას შეებრალა მგლოვიარე დები და ანუბისს დაავალა ოსირისის სხეული პირველი მუმიფიცირებისათვის მოემზადებინა; თოტს, ისისსა და ნეფთისს კი დაწვრილებით აუხსნა როგორ შეერთებინათ სხეული. ისისი ძერად გადაიქცა და ახალი სიცოცხლე შთაბერა ღმერთს. სწორედ ამ დროს ისახება ღმერთი ჰორუსი. მკვდრეთით აღმდგარმა ოსირისმა, მიცვალებულთა სამყაროში გადაინაცვლა და მისი მმართველი, სულების მთავარი მსაჯული ხდება.


უძველეს ტექსტებში ოსირისი მოხსენიებულია, როგორც სამართლიანი, ადამიანების შემწე ღმერთი. მის სამსჯავროზე მოსახვედრად მიცვალებულს ანუბისთან ერთად უნდა გაევლო დუატი და პილონების დარბაზი, ამ მოგზაურობისას აუცილებელი იყო გარკვეული რელიგიური შელოცვების ცოდნა; მდიდარი ეგვიპტელები მათი დამახსოვრებით მაინც და მაინც თავს არ იწუხებდნენ და სწორედ ამიტომ დეტალურად ჩაწერეს ეს ყველაფერი „ჭიშკრების წიგნში“ და „მიცვალებულთა წიგნში“. ოსირისის წინაშე წარმსდგარი გარდაცვლილი, ყველანაირად ცდილობს ღმერთი დაარწმუნოს რომ სიცოცხლის განმავლობაში მას არ ჩაუდენია არანაირი ცოდვა და ღირსია მოიპოვოს სამუდამო ცხოვრება იალუს მინდვრებზე. ანუ, აქ დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება იმას, თუ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, არამედ რამდენად კარგად იყო მომზადებული სამსაჯვროსათვის.

  ალბათ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით რომ ოსირისს როგორც მიწათმოქმედების ღმერთსაც ეთაყვანებოდნენ. მიწისქვეშ ჩაბრძანებული ღმერთი როგორ უნდა იყოს პასუხისმგებელი უხვ მოსავალზე? თუ ამ საკითხს ისე დავინახავთ, როგორც ძველი ეგვიპტელები, მაშინ ყველაფერი ცხადია. გარდაცვლილი და მკვდრეთით აღმდგარი ღმერთი პირდაპირ კავშირშია მიწათმოქმედების ციკლთან, სადაც ზამთარში მიწა უნაყოფოა, შემდეგ კი იწყება თესვა და ნოყიერი, განახლებული მინდვრებიდან მოსავლის აღება.

გარდაცვლილი და მკვდრეთით აღმდგარი ოსირისი ეგვიპტის მთავარი ღმერთი და სიმბოლო ხდება. ტაძრები, სამარხები, სარკოფაგები, პაპირუსები და სვეტები მისი რელიეფებით იფარება, მას ვხვდებით ყველგან და ყოველთვის. მოდი, ახლა ცოტა იკონოგრაფიასაც შევეხოთ და ავხსნათ მასთან დაკავშირებული სიმბოლოები. როგორც ეგვიპტის პირველი ფარაონსა და მმართველს, მას სამეფო რეგალიებით – მათრახითა და კვერთხით, წვერით, ატეფის გვირგვინით (ზემო ეგვიპტის გვირგვინი, გამშვენებული სირაქლემას ფოთლებით) გამოსახავენ. მისი მიწისქვეშა სამყაროს მბრძანებლის ბუნების ხაზგასასმელად, მხრებს ქვემოთ მუმიის ბანდაჟია აქვს შემოხვეული. ოსირისს სხვა ღმერთებისაგან განსხვავებით ყოველთვის მწვანე ან შავი ფერით ხატავდნენ’ მწვანე განახლების, თავიდან დაბადების სიმბოლოა, შავი კი ნილოსის მიწის ნაყოფიერების.

ღმერთ ოსირისის კულტი მთელს ეგვიპტეში გავრცელდა და ისტორიის განმავლობაში, სხვა ღმერთებისაგან განსხვავებით ოდნავადაც კი არ შესუსტებულა მისი მნიშვნელობა. შუა სამეფოს პერიოდში, მოხდა სოკარსა და პტაჰთან გაიგივება,  რის შემდეგაც სრულიად არნახულ და ძლიერ ღმერთს პტაჰ-სოკარ-ოსირისს ვიღებთ. სწორედ მისი კულტის ასეთმა მოქნილობამ გახადა შესაძლებელი ელინისტურ ეპოქამდე ოსირისის თაყვანისცემა და მხოლოდ ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მოხდა შესაძლებელი უძველესი ეგვიპტელი ღმერთის მივიწყება.

ძველი ეგვიპტე

მდინარე ნილოსმა 5000 წლის წინ წარმოშვა მსოფლიოს ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი კულტურა – ძველი ეგვიპტე. 3000 წლის განმავლობაში ქვეყანა იმართებოდა ფარაონების მიერ. ეგვიპტელებმა შექმნეს საინტერესო ხელოვნების ნიმუშები, ააშენეს უდიდესი ქვის მონუმენტები და განავითარეს მსოფლიოში პირველი სახელმწიფო. ისინი თავის ქვეყანას “კემე-ს” – შავ ქვეყანას უწოდებდნენ. მათ შექმნის 365 დღიანი კალენდარი, დამწერლობა – იეროგლიფები. ააშენეს საოცარი სამარხები, რომელთა უმრავლესობა დღემდეა შემორჩენილი და აოცებს მნახველს… თუმცა მათ სიკვდილის არ ეშინოდათ, უბრალოდ მათ ძალიან უყვარდათ სიცოცხლე და არ უნდოდათ მისი დათმობა არც იმქვეყნიურ სამყაროში. სამარხების კედლის მხატვრობა მოგვითხრობენ ისტორიას ოსირისის შესახებ, რომელიც მოკლა და 42 ნაწილად დააქუცმაცა მისმა ძმამ – სეთმა. მისმა მეუღლემ, ქალღმერთმა ისიდამ, შეაგროვა და შეაერთა მისი ნაწილები, ოსირისი მკვდრეთით აღსდგა. ძველ ეგვიპტელებს სწამდათ, რადგან ოსირისი მოკვდა და მკვდრეთით აღსდგა, მათაც შეეძლო უკვდავებისთვის მიეღწიათ. ოსირისი ერთ–ერთი იყო იმ უამრავი ღმერთისგან, რომელთაც ძველი ეგვიპტელები ეთაყვანებოდნენ. ამონ–რა მზის ღმერთი, მთავარ ადგილს იკავებდა ეგვიპტურ პანთეონში, ანუბისი – მიცვალებულთა ღმერთი და მფარველი იყო… ეგვიპტელებს სწამდათ სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ. ამიტომ ცდილობდნენ სხეული შეენახათ და დაეცვათ გახრწნისაგან, რათა შეძებოდათ მასში კვლავ სიცოცხლის გაგრძელება. სწორედ ამიტომ ხდებოდა გარდაცვლილის მუმიფიკაცია. მუმიას სარკოფაგში ათავსებდნენ, რომელიც მაგიური შელოცვებით იყო დაფარული. სარკოფაგს სამარხში ათავსებდნენ. რაც კი სამარხში თავსდებოდა ითვლებოდა რომ, გარდაცვლილს იმქვეყნიური სამყაროს ყოველდღიურობაში გამოადგებოდა. ამიტომ ატანდნენ ფარაონებს ულამაზეს ავეჯს, სამკაულებს, ძვირფასეულობას და მასიურ ხის ნავებსაც კი, რათა ფარაონს ზეციურ ნილოსზე ცურვა შეძლებოდა.

ღმერთ ოსირისის გამოსახულება დედოფალი ნეფერტარის სამარხიდან. ოსირისის სახე და ხელები მწვანე ფერეთაა დაფარული, მწვანე ფერი ძველ ეგვიპტეში აღდგენის, განახლების სიმბოლო იყო.
ღმერთ ოსირისის გამოსახულება დედოფალი ნეფერტარის სამარხიდან. ოსირისის სახე და ხელები მწვანე ფერეთაა დაფარული, მწვანე ფერი ძველ ეგვიპტეში აღდგენის, განახლების სიმბოლო იყო.

ძველ ეგვიპტურმა კულტურამ უდიდესი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ძველი აღმოსავლეთის, არამედ ანტიკურ ქვეყნებზეც.ძველ ეგვიპტეს გარე სამყაროსთან მხოლოდ სუეცის არხის ვიწრო ზოლი აკავშირებდა. ამგვარმა იზოლაციამ განაპირობა ქვეყნის თავისებურება და თვითმყოფადობა, რაც გამოვლინდა როგორც დამწერლობასა და ლიტერატურაში, ასევე რელიგიაშიც.

პირველი ფარაონი ლეგენდარული პიროვნება – მენესია. გადმოცემის მიხედვით მან ძვ.წ 3100 წელს ზემო და ქვემო ეგვიპტე გააერთიანა და უკვე იწყება ერთიანი ეგვიპტის სახელმწიფოს ისტორია.

ე.წ. ნარმერის ფილა, რომელზეც გადმოცემულია ეგვიპტის გაერთიანების ისტორია.
ე.წ. ნარმერის ფილა, რომელზეც გადმოცემულია ეგვიპტის გაერთიანების ისტორია.

პირველი ეგვიპტური წარწერები ჩნდება დაახლოებით ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისში ჩნდება, ესენი იყო მოკლე სამეფო ჩანაწერები. შემდგომში იქმნება სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრები: ავტობიოგრაფიები, რელიგიური ტექსტები, დიდაქტიკური ჟანრის ნაწარმოებები, იგავი, ზღაპარი და სასიყვარულო ლირიკა. მსოფლიოში პირველი ავტობიოგრაფია ეკუთვნის ვინმე მეჩენს, რომელიც დაახლოებით 4600 წლის წინანდელია და მოგვითხრობს ავტორის კარიერის აღმავლობაზე უბრალო გადამწერიდან, მაღალი ოფიციალური პირის თანამდებობამდე.

ფარაონ უნასის პირამიდის ინტერიერი. სწორედ ამ პირამიდაშია აღმოჩენილი უძველესი წარწერები პირამიდებში.
ფარაონ უნასის პირამიდის ინტერიერი. სწორედ აქაა აღმოჩენილი უძველესი წარწერები პირამიდებში.

რაც შეეხება რელიგიურ ტექსტებს, უძველესი მათგანი „პირამიდების ტექსტების“ სახელითაა ცნობილი და წარმოადგენენ მაგიური ჰიმნებისა და შელოცვების კრებულს, რომელთა დანიშნულება იყო, გაეადვილებინათ მიცვალებული ფარაონისათვის „დასავლეთში“ წასვლა და იქ დამკვიდრება. შემდგომში პირამიდების ტექსტები გადადის ჯერ სარკოფაგებზე, შემდეგ კი პაპირუსებზე. ამ უკანასკნელზე შესრულებული ტექსტები „მიცვალებილთა წიგნის“ სახელითაა ცნობილი.

მიცვალებულთა წიგნი, ამ თავში აღწერილია გარდაცვლილის გულის აწონვის ცერემონია.
მიცვალებულთა წიგნი, ამ თავში აღწერილია გარდაცვლილის გულის აწონვის ცერემონია.

ეგვიპტური რელიგია საკმაოდ კომპლექსური და მრავალფეროვანია. მთელს ეგვიპტეში გავრცელებული და აღიარებული კულტის ღვთაებებთან ერთად, თითოეულ ნომში ეთაყვანებოდნენ საკუთარი პანთეონის ღვთაებებსაც.

ეგვიპტური რწმენის თანახმად, ადამიანის დედამიწაზე სიცოცხლე მისი ცხოვრების მცირე ეპიზოდი იყო, რომელიც სიკვდილის შემდეგ „დასავლეთის ქვეყანაში“ ანუ „იალუს მინდვრებზე“ გრძელდებოდა. სიკვდილის მომენტში მისი სულიერი საწყიდი „ბა“ სცილდებოდა მატერიალურ სხეულს, ხოლო დასავლეთში გადანაცვლების შემდეგ, ისევ უერთდებოდა. თუ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხდებოდა სხეულის და ბას შეერთება, სული სამუდამოდ მიუსაფარი რჩებოდა. ამის გამო ენიჭებოდა სხეულის შენახვას უდიდესი მნიშვნელობა. ამგვარმა შეხედულებებმა წარმოშვა ეგვიპტეში მუმიფიცირების ტრადიცია.

ეგვიპტის ხსენებაზე ალბათ ყველას პირამიდები წარმოუდგება თვალწინ, როგორც იცით, პირველი პირამიდა აშენდა  ფარაონ ჯოსერის მეფობის დროს. პირამიდის არქიტექტორი იყო იმხოტეპი. მან პირველად გამოიყენა საშენ მასალად ქვა. მანამდე ფარაონთა სამარხები გამომწვარი აგურით შენდებოდა, მათ „მასტაბები“ ეწოდებოდა. იმხოტების მიერ აგებული პირამიდა „საფეხუროვანი პირამიდის“ სახელითაა ცნობილი და 7 ერთმანეთზე მიდგმულ მასტაბს მოგვაგონებს.

პირამიდების წინამორბედი სამეფო სამარხები, რომელტაც მასტაბებს უწოდებენ. მასტაბა არაბულად სკამს ნიშნავს და ასე მისი ფორმის გამო დაარქვეს.
პირამიდების წინამორბედი სამეფო სამარხები, რომელტაც მასტაბებს უწოდებენ. მასტაბა არაბულად სკამს ნიშნავს და ასე მისი ფორმის გამო დაარქვეს.
ძველი და თანამედროვე ეგვიპტის სიმბოლოდ ქცეული გიზას პირამიდები
ძველი და თანამედროვე ეგვიპტის სიმბოლოდ ქცეული გიზას პირამიდები

რაც შეეხება ეგვიპტური ხელოვნების უძველეს ნიმუშებს, ისინი დაახლოებით ძვ. წ.  V-IV ათასწლეულით თარიღდება. როდესაც ეგვიპტე ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო, დაახლ. ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში, ეგვიპტურ ხელოვნებას და კულტურას განვითარების საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდა გავლილი. ადრეული პერიოდიდანვე განვითარდა ქანდაკება და ფერწერა. მათი კანონები ძირითადად უცვლელი დარჩა ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში. მიცვალებულთათვის სკულპტურული გამოსახულების დამზადებამ ხელი შეუწყო სკულპტურული პორტრეტის საოცარ განვითარებას. ეგვიპტური ხელოვნება მეწინავე იყო ძველი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ხელოვნებასთან შედარებით.

რელიეფის დეტალი ჰატშეპსუტის ტაძრიდან.
რელიეფის დეტალი ჰატშეპსუტის ტაძრიდან.

ძველეგვიპტელთა დამსახურება საოცრად დიდია მსოფლიო კულტურის წინაშე, რომლის განვითარება ძნელია წარმოვიდგინოთ ძველეგვიპტელთა მიღწევების გარეშე. ამის დასტურია უამრავი არქეოლოგიური მასალა და საოცარი პირამიდები, რომელთა წაინაშე დროც კი უძლურია.