მაჩუ პიქჩუ – ინკების საიდუმლო ქალაქი

მაჩუ პიქჩუ მე-15 საუკუნის ინკას ცივილიზაციის მიერ აგებული ქალაქია, რომელიც ჰუაინა პიქჩუსა და მაჩუ პიქჩუს მთებს შორის, პერუში მდებარეობს. ზღვის დონიდან 2430 მეტრზე მდებარე ნანგრევები, ურუბამბას მდინარის ხეობას რამდენიმე ასეული მეტრიდან გადაჰყურებს.
არქეოლოგიური ძეგლი საუკეთესოდაა შემონახული, განსაკუთრებული არქიტექტურა და ხედები მაჩუ პიქჩუს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ისტორიულ ქალაქად აქცევს. დუღაბის გარეშე ნაგები ქალაქი 32,500 ჰექტარზეა გადაჭიმული და გარეუბნებში სამეურნეო ტერესებითაა შემოსაზღვრული, სადაც ოდესღაც მოსახლეობას კარტოფილი და სიმინდი მოჰყავდა.
1911 წლეს, იელის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჰირამ ბინგჰამმა პირველმა მოინახულა მაჩუ პიქჩუ რამდენიმე ასწლეულის შემდეგ და მსოფლიოს გააგებინა მისი არსებობის შესახებ.  ბინგჰამი ინკას დედაქალაქს ვილკაბამბას ეძებდა, რომელიც 1572 წელს ესპანელმა კონკისკადორებმა დაიპყრეს. მაჩუ პიქჩუ ესპანელების შემოსევას გადაურჩა, რამაც განაპირობა მისი საუკეთესო მდგომარეობაში შენარჩუნება.
მაჩუ პიქჩუ ინკების მეცხრე იმპერატორ პაჩაკუტის მიერაა აგებული, დაახლ. ახ.წ. 1400 წლებში. თუმცა, ადგილობრივი ლეგენდების მიხედვით წმინდა ქალაქი ბევრად უფრო ადრე ააგეს ღმერთებმა. შესაბამისად უცნობია ვინ, როდის და რა მიზნით ააგო ქალაქი. თუმცა, ერთი რამ უდავოა პაჩაკუტი უძლიერესი მმართველია ინკების ისტორიაში, მისი მეფობისას ინკა სამხრეთ ამერიკის მოწინავე და დომინანტი ცივილიზაცია ხდება, გადაჭიმული ეკვადორიდან ჩილემდე.

მაჩუ-პიქჩუს კომპლექსი შედგება 200 სხვადასხვა შენობა-ნაგებობისაგან, რომელთა შორისაა ტაძრები, სამსხვერპლოები, რეზიდენციები, ბაღები, ქუჩები, ტერასები, ჩალით გადახურულ სახლები. აქვეა ასზე მეტი ქვის საფეხურებიანი კიბე, ერთმანეთთან გადაჯაჭვული კლდეებში გაყვანილი წყლისა და წყალსაწრეტი არხები. არქეოლოგიური გათხრებისას დამტკიცდა, რომ საირიგაციო სისტემის მეშვეობით, წყალი თითოეულ სახლს მიეწოდებოდა. ქალაქი ნაცრისფერი გრანიტისაგან ააგეს, რომელიც მახლობელი მთის წვერზე მოჭრეს.

teracebi
სასოფლო სამეურნეო ტერასები, ოდესღაც აქ მოსახლეობას კარტოფილი და სიმინდი მოჰყავდათ.

ინკები განთქმულნი იყვნენ გზების მშენებლობით, რა თქმა უნდა მაჩუ-პიქჩუმდეც ჰქონდათ გაყვანილი გზა, რომელეიც ერთიან დიდი საგზაო სისტემის ნაწილი იყო. დღეისათვის, ათასობით ტურისტი მაჩუ-პიქჩუსკენ სწორედ ინკების ბილიკებით მეიმართება. ურუბამბის ხეობაში ორ ან ოთხდღიანი ტურის წინ ისინი აკლმატიზაციის მიზნით ჯერ კუსკოში ჩერდებიან, შემდეგ კი ფეხით მიუყვებიან იდუმალი ქალაქისკენ ანდებში მიმავალ გზებს.
არქეოლოგების უმეტესობა ფიქრობს, რომ მაჩუ პიქჩუ სამეფო ქალაქად აშენდა, ამ იდეას ამტკიცებს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მაღალი კლასისათვის ნაგები შენობები. საინტერესოა, რომ თავად პაჩაკუტის სასახლე ჩრდილო-დასავლეთითაა ნაგები, ელიტის სახლებისაგან მოშორებით. სასახლის გვერდით ნაგები კიბე მოედანზე ეშვება, სადაც ბაღი იყო გაშენებული.

machu
ოდესღაც ასე გამოიყურებოდა ჩალით გადახურული ქალაქი.

მაჩუ-პიქჩუს ცენტრალური შენობები ინკების კლასიკურ სტილშია ნაგები, თლილი მშრალი ქვის სწორი კედლები. ქვები ისეა მოჭრილი, რომ ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის,  დუღაბის გარეშეც კი. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალი გზაჯვარედინი იმდენად სრულყოფილია, რომ მის ქვებს შორის ბალახიც არ ამოსულა. შენობის ნაწილს ინკები კირხსნარის გამოყენებით აგებდნენ, მაგრამ მათი სტანდარტით, ასეთი კონსტრუქცია უვარგისად ითვლებოდა და არ გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი შენობების აგებისას. ფაქტია, რომ პერუ სეისმურად საკმაოდ აქტიური ქვეყანაა, თუმცა, კირხსნარის გარეშე აგებული შენობები მიწისძვრისადმი უფრო მდგრადი იყო, ვიდრე კირხსნარით აგებული. ასევე. დურაბის გარეშე აგებული კედლები დანგრევის გარეშე იძლეოდა მათი სხვაგან გადატანის საშუალებას.
ინკების კედლების მონახაზს მრავალი დეტალი აქვს, რომლებიც მათ მიწისძვრის დროს დანგრევისგან იცავდა. კარები და ფანჯრები ტრაპეციის ფორმისაა და დახრილია შიდა მიმართულებით ძირიდან წვერისკენ; კუთხეები როგორც წესი, მომრგვალებულია; ოთახებში შიდა კუთხეები ხშირად ოდნავ დაქანებულია; სტრუქტურის გასამაგრებლად, გარე კუთხეებში ხშირად „L“-ის ფორმის ბლოკებს იყენებდნენ.

ქალაქის ნამდვილი მარგალიტებია ინტიჰუატანა, მზის ტაძარი და სამფანჯრიანი ოთახი. სამივე მათგანი ინტის საპატივსაცემოდაა აგებული — ინკების მზის ღმერთისა და უზენაეს ღვთაებისათვის.
kedeli
ინტიჰუატანა ერთ-ერთია სამხრეთ ამერიკაში აღმოჩენილი მრავალი სარიტუალო ქვიდან. ქვები ისეა ჩამწკრივებული, რომ ზამთრის ბანიობის დროს მზისკენაა მიმართული. ქვის სახელი კეჩუას ენიდან მომდინარეობს: ინტი ნიშნავს „მზეს“, ვატა კი ზმნის ძირია და „დაბმას“ ნიშნავს. სიტყვასიტყვით ინტი ვატანა „მზის დაბმის“ ადგილს ან საშუალებას. ინკებს სწამდათ, რომ თავისი წლიური გზის მანძილზე, მზეს ცაში სწორედ ეს ქვა აკავებდა. ქვა სამხრეთის 13°9’48”-ზე მდებარეობს. 11 ნოემბრისა და 30 იანვრის შუადღეს, მზე ზუსტად სვეტის თავზე ექცევა, ისე, რომ ჩრდილსაც კი არ ტოვებს. 21 ივნისს ქვა სამხრეთის მიმართულებით ყველაზე გრძელ ჩრდილს წარმოქმნის, 21 დეკემბერს კი ყველაზე მოკლეს ჩრდილოეთის მიმართულებით. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ქვა ასტრონომიული საათის ან კალენდრის ფუნქციებს ასრულებდა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მაჩუ პიქჩუს არქიტექტურაში ჩადებულია ასტრონომიის ღრმა ცოდნა.

machu-viza
მაჩუ პიქჩუში შესულ ტურისტებს, პასპორტში მსგავს ბეჭედს ურტყამენ. მოუთმენლად ველი როდის მექნება მსგავსი ბეჭედი ჩემს პასპორტში ^_^

გამოყენებული ლიტერატურა:
http://whc.unesco.org/en/list/274

http://www.ancient-origins.net/news-history-archaeology/new-discoveries-confirm-astronomical-knowledge-incas-machu-picchu-001846

http://www.ancient-origins.net/ancient-places-americas/mysteries-machu-picchu-00190

http://www.ancient-origins.net/news-history-archaeology/new-section-inca-road-leading-machu-picchu-discovered-001720

http://www.ancient-origins.net/book-reviews/machu-picchu-history-and-mystery-incan-city-005629

მოჩეს ცივილიზაცია

მაღალგანვითარებული მოჩეს ცივილიზაცია, პერუს ჩრდილოეთ სანაპიროზე დაახლ. 2000 წლის წინ აღმოცენდა და განვითარდა. სამწუხაროდ მათ შესახებ მხოლოდ ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რადგან მოჩეს კულტურას არ ჰქონდა დამწერლობა.

ცივილიზაციის სახელი – მოჩე, დედაქალაქის სახელწოდებიდან მოდის. ქალაქი ოდესღაც 300 ჰექტარზე იყო გაშენებული. ქალაქი დამშვენებული იყო პირამიდებით, პლაზებით, ტაძრებით, აკვედუკების რთული სისტემით, ფრესკებითა და ქანდაკებებით. ქალაქის ყველაზე დიდი ნაგებობაა ცენტრალური პირამიდა „ჰუაკა დელ სოლ“, რომელიც დღეს 40 მეტრი სიმაღლისაა. თუმცა თავდაპირველი ზომები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, 50 მეტრი სიმაღლე, 340 X 160 მეტრი სიგანე, ნაგები 140 მილიონი აგურისაგან, თითოეული აგური კი ოსტატის მიერ იყო დაბეჭდილი.
ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა „ჰუაკა დე ლა ლუნა, რომელსაც ჯვრის ფორმა აქვს და 50 მილიონი აგურითაა ნაგები. შენობის ფრიზი მორთულია მითოლოგიური და საკულტო რიტუალების სცენებით. ოდესღაც კაშკაშა წითელი, ყვითელი, თეთრი და შავი ფერებით იყო დაფარული. ნაგებობები ახ.წ. 450 წლისთვისაა აგებული.

Hauca_del_sol
ჰუაკა დელ სოლ, მოჩეს უდიდესი საფეხუროვანი პირამიდა. დღესდღეობით 40 მეტრი სიმაღლისაა.

მოჩეს ცივილიზაცია, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რკინაზე და სხვა მეტალებზე დაიწყო მუშაობა. მეტალების დამუშავების მაღალ დონეზე ცოდნამ, ხელოსნებს საშუალება მისცა შეექმნათ გასაოცარი სამკაულები, იარაღი და სარიტუალო ნივთები. როგორც უკვე აღვნიშნე, მოჩეს ცივილიზაციას არ გააჩნდა დამწერლობა, თუმცა დღემდე შემორჩენილია ფრესკები, მოხატული კერამიკა, სადაც დეტალურადაა გამოსახული ყოველდღიური ცხოვრების სცენები; ნადირობა, ბრძოლა, სატაძრო რიტუალები და მსხვერპლშეწირვა; გაგიკვირდებათ და სექსუალური სცენებიც, რომლებიც თავისი თავისუფალი ხასიათით, თვით რომაულსა და ინდურსაც კი აჭარბებს.

მოჩე

მოჩეს ცივილიზაციაში საზოგადოებრივი წყობა მკაცრად იყო დარეგულირებული. ქურუმები და მეომრები ყველაზე მაღალ ფენას მიეკუთვნებოდნენ და ქალაქის ცენტრში ცხოვრობდნენ. მიწათმოქმედები და ხელოსნები საშუალო ფენას წარმოადგენდნენ და ქალაქის განაპირას ცხოვრობდნენ.

ქურუმები ყველაზე გავლენიან ფენას წარმოადგენდნენ. მათი რწმენით, ადამიანების მსხვერპლშეწირვა სავალდებულო იყო, სანაცვლოდ ღმერთებისაგან დოვლათსა და სხვა ამქვეყნიურ ფუფუნებას ელოდნენ.

სხვა მეზოამერიკული კულტურებისგან განსხვავებით, მოჩეს კულტურაში ქალებისა და ბავშვების მსხვერპლშეწირვა არ ხდებოდა. ძირითადად ესენი იყვნენ ომის დროს აყვანილი ტყვეები. რიტუალები, როგორც ფრესკებიდან ირკვევა მკაცრ ჩარჩოში იყო მოქცეული, ქურუმები განსაკუთრებულ ტანსაცმელს იცვამდნენ და ღმერთებს ყველაზე ძვირფასს, ადამიანის სისხლს სწირავდნენ. მსხვერპლშეწირვისას, გამოიყენებოდა სპეციალური დანა – ტუმი.

შესწავლილი ფრესკები და სხვადასხვა სცენები კერამიკაზე, ასევე არქეოლოგიური მონაპოვარი, მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ გავრცელებული იყო ტყვეების გარკვეული პერიოდი წამება, სისხლის გამოშვება. მსხვერპლად შეწირვის შემდეგ, ხშირი იყო ასევე კანიბალიზმიც.

Peru-2014-443_web-lrg
პირამიდის შეგნით არსებული ფრესკები, მოჩეს ყოველდღიურობაზე მოგვითხრობს.

მოჩეს ყოველდღიურობის შესწავლისას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქში აღმოჩენილი კერამიკა. 100 000-ზე მეტი კერამიკული ნაკეთობა დღესდღეობით მსოფლიოს მრავალ მუზეუმშია გამოფენილი. მათი უმეტესი ნაწილი, ჰუაკა დე ლა ლუნას ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. თიხის ნაკეთობებზე აღბეჭდილია ომი, მეტალზე მუშაობა, სატაძრო რიტუალები. გაგიკვირდებათ და ყველაზე მრავლად, სექსუალური ხასიათის ნაკეთობები გვხვდება.
huaco_horizontal_2

her

1987 წელს, არქეოლოგებმა მოჩეს ხელუხლებელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც ახ.წ. 300 წლით თარიღდება. სამარხი მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მამაკაცს ეკუთვნოდა და დღესდღეობით ცნობილია როგორც „სიპანის მმართველი“. მიცვალებულთან ერთად დამარხული იყო 6 ადამიანი, უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი, დამზადებული ოქროს, ვერცხლისა და სხვა ძვირფასი მეტალებისაგან.

sipan_24
სიპანის მმართველის სამარხი.

თუ რამ გამოიწვია კულტურის დაღმასვლა და შემდეგ გაქრობა, დღემდე ზუსტად არაა დადგენილი. სავარაუდოდ მიზეზი კლიმატის ცვალებადობა უნდა ყოფილიყო. ანდების მთაში შესწავლილი ყინული გვიჩვენებს, რომ ახ.წ. 536 – 594 წლებში კლიმატი მკვეთრად იცვლება. 30 წლის განმავლობაში მოდიოდა უხვი ნალექი, ხშირი იყო წყალდიდობები. შემდეგი 30 წელი კი ცხელი და გვალვიანი იყო. მოსახლეობის მოსავალი ჯერ ჭარბი ნალექის გამო განადგურდა, შემდგომმა გვალვებმა კი, მიწა უნაყოფი გახადა. მრავალწლიანმა უიმედო ბრძოლამ კლიმატურ პირობებთან, მოსახლეობაში გააქრო ღმერთებისა და ქურუმების მიმართ ნდობა, საბოლოოდ მათ უკეთესი საცხოვრებელი ადგილის იმედად, ქალაქები მიატოვეს.

the-conquered-mini-2
მოჩეს ერთ-ერთ ქალაქში, ელ ბრუხოში აღმოჩენილი რელიეფი.