ლიბანი და იორდანია – აღმოსავლური არდადეგები

რა გახსენდებათ აღმოსავლეთის ხსენებაზე?  ცაში ატყორცნილი მინარეთები, თვალუწვდენელი უდაბნო, აქლემებზე შემოსკუპებული ბედუინები, კოცონთან მორთმეული ქონდრით შეზავებული ჩაი, ხმაურიანი და ქაოტური ქუჩები, ჰუმუსი და ფალაფელი; სადრაც ბავშვობაში წაკითხული „1001 ღამე“ გაგახსენდება. ახლო აღმოსავლეთში პირველად ნამდვილად არ მივდიოდი, თითქმის ორი წელი მაქვს ეგვიპტეში გატარებული და მეგონა ამ მოგზაურობისთვის ყველაფერი კარგად გათვლილი მქონდა, მენტალურადაც მზად ვიყავი.

ქუთაისიდან კვიპროსამდე და კვიპროსიდან ლიბანამდე  იაფი ბილეთების ხათრით, ბეირუთში მოგზაურობაც დაიგეგმა. მიუხედავად იმისა რომ ბილეთები 4 თვით ადრე ვიყიდე, დატვირთული გრაფიკის გამო არც სასტუმროები დამიჯავშნია და არც ბევრი დეტალი გამირკვევია. ალალბედზე წავედით.

კვიპროსიდან ლიბანში Ryanair-ით გავფრინდით, ქალაქ პაფოსიდან. შუაღამისას ჩავფრინდით, ტელეფონში ჯერ კიდევ ეგვიპტეში ცხოვრებისას ჩამოწერილი აპლიკაცია Careem ამოვქექე და ტაქსი გამოვიძახე. ლიბანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ არსებობს, ძველი დაფახფახებული მარშუტკები დადიან, მხოლოდ 14 ნომერი მახსოვს კორნიშზე, ანუ სანაპიროზე დადიოდა.
ქალაქში გადაადგილების საუკეთესო საშუალება ტაქსია, შეგიძლიათ გამოიყენოთ Uber ან ზემოთ აღნიშნული Careem, თუ უფრო თავგადასავალი გსურთ, მუნიციპალური ტაქსი აიყვანეთ, ე.წ. სერვისი. ტაქსი დადის ქალაქში, თქვენ და კიდევ სხვა მგზავრებს ჩაისვამს და წაგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე. აქ გამოცდით ადგილობრივ კულტურას და ცხოვრებას, თუმცა ზოგს ეს სულაც არ იზიდავს.

განთავსებისთვის საუკეთესო ვარიანტი ბეირუთია, ყველა ქალაქი ახლოსაა და ჩემოდნით სიარულიც არ მოგიწევთ. ბეირუთში ოპტიმალური ადგილმდებარეობა ყველგან Hamzra Street ეწერა და ჩვენც იქ დავჯავშნეთ, თუმცა ჩემი რჩევა იქნება უფრო Armenia Street და მიმდებარე უბნებს გადახედოთ. აქ თქვენ ნამდვილ, ბეირუთს შეიგრძნობთ. სავსეა კაფეებით, ბარებით, სხვადასხვა საინტერესო მაღაზიებით, ვიწრო ქუჩები კიბეებით უკავშირდება ერთმანეთს და წიგნში აქამდე ამოკითხული ყველა წინანდადება თვალწინ ცოცხლდება. ამ უბანმა სოლოლაკი გამახსენა… ულამაზესი არქიტექტურის 2-3 სართულიანი ფერადი სახლები თავისი კოპწია ეზოებით, იქაც ისეთივე მიტოვებულია და ელოდება უკეთეს დღეებს.
ლიბანი არის ძალიან ძვირი ქვეყანა. აქ ბიუჯეტური მოგზაურობა თითქმის წარმოუდგენელია. განთავსება, კვება, სასმელი, ტრანსპორტი, სუვენირები – ყველაფერს ცეცხლი უკიდია და მზად იყავით ამისთვის. თუმცა, ეს ყველაფერი შეგიძლიათ გემრიელი საჭმელით და ლიბანური ღვინით დაივიწყოთ. გასინჯეთ ყველაფერი, ქუჩაში, რესტორანში, ბაზარში; ყველგან ყველაფერი უგემრიელესია.


ლიბანიდან ბიბლოსის და ბაალბექის უნახავად არ წამოხვიდეთ. საუკეთესო ვარიანტია ტურს გაჰყვეთ, რომელიც 95$ ჯდება. ტური მოიცავს ბაალბექს, ანჯარს, ქსარას ვენახებს, ღვინის დეგუსტაციას და სადილს, + პროფესიონალი გიდი აგიხსნით ყველაფერს. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Lebanon Tours – WhatsApp +961 70809737. ბეირუთის დასათვალიერებლად საუკეთესო ვარიანტია Beirut Free Walking Tours – WhatsApp  +316 48116082/ ჩვენი გიდი ძალიან მხრიაული და მონდომებული ბიჭი იყო, ახალი წლის აღსანიშნავად, ტურის ბოლოს ვისკიც ჩამოგვისხა ყველას და ცენტრალურ მოედანზე ყველამ ხმამაღლა ვიყვირეთ „რევოლუცია“.
ბევრი საერთო დავინახე ბეირუთსა და თბილისს შორის, თუნდაც საპროტესტო აქციები და ღამის ცხოვრება. ჩვენ გვაქვს „ფაბრიკა“, მათ აქვთ “Grand Factory”; პარლამენტის წინ აქციიებზე ახალგაზრდობა ცეკვავდა და ერთად იდგა, იგივე ხდება ბეირუთშიც და რაც მთავარია, ისინიც პროპოციულ არჩევნებს ითხოვენ. პარლამენტტან თუ გაივლით, ძალიან ბევრ საინტერესო გრაფიტისაც წააწყდებით.

დადგა ის დღე იორდანიისკენ რომ გავემგზავრეთ. დიდი მოლოდინებით და იმედებით, რომელიც პირველივე წუთებში ჩაგვიკლეს ჯერ აეროპორტში და შემდეგ სასტუმროში. ლიბანი ცოტა სხვა კულტურის მატარებელია, მიუხედავად 17 წლიანი სამოქალაქო ომისა, ბევრად უფრო წინ არიან.

იორდანიაში მოგზაურობისას აუცილებლად შეიძინეთ Jordan Pass, 100$ ღირს და შედის ვიზა და კიდევ უამრავი სხვადასხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის პეტრა, ვადი რუმი, ჯერაში, ამანის ციტადელი და ა.შ.
ამანი დიდად საინტერესო ქალაქი არაა, ერთი დღე ეყოფა. რომაული თეატრი, ციტადელი, მუზეუმი, ბაზრებს მოივლი და მორჩა, ამანი დათვალიერებულია J ძალიან დიდი სურვილი მქონდა ჯერაში მომენახულებინა, მაგრამ ძალიან ცუდი ამინდი დაგვემტხვა, წვიმა, ნისლი, ქარი და შესაბამისად, ამ სილამაზის უნახავად წამოვედით.
იორდანიაში გადაადგილების უალტერნატივო საშუალებაა JETT BUS. ამანში რამდენიმე ოფისი აქვს და ყველა სხვა ქალაქშიც. სწორედ ამ ავტობუსიტ წავედით პეტრაში, დილის 6:30ზე გავედით და 10:30ზე ადგილზე ვიყავით ზუსტად პეტრას ვიზიტორთა ცენტრთან ჩერდება.
აქ პირველივე ნაბიჯებზე ეგვიპტე გამახსენდა, ყველგან რომ ხალხი ყვირის და მხოლოდ იმას ფიქრობენ როგორ მოგატყუონ, ფული როგორ დაგცინცლონ. ვიზიტორთა ცენტრიდან პეტრამდე ფეხით თითქმის 2 კმ-ია, ბილეთის ფასში შედის კანიონამდე ცხენით მიყვანა, თუმცა აქაც ბედუინები ისე საშინლად იქცეოდნენ, ისევ ფეხით ვამჯობინეთ გავლა.
პეტრასკენ მიმავალ გზაზე მიფრინავდი კი არ მივდიოდი, თავი მეორე ბორჰარდტი მეგონა, ის ის იყო ცხოვრების ოცნება უნდა ამეხდინა და პეტრა საკუთარი თვალით დამეთვალიერებინა. სამწუხაროდ, ნანახმა მოლოდინს ნამდვილად ვერ გადააჭარბა. დღემდე ვერ ვხვდები, პეტრა როგორაა ახალი მსოფიოს 7 საოცრებაში და ანგკორ ვატი არა. აქაც იგივე პრობლემას გადავაწყდი რასაც პირამიდებთან. სულ ვირაც დაგდებს, ხან შენი აქლემზე შემოსმა უნდათ, ხან ჯორით კატაობას გტავაზობენ, რომაული კოლონადისკენ მიმავალი გზა ბაზარს გავს, უამრავი სუვენირი აქვთ ბედუინებს და დაგდევენ იყიდე იყიდე, ეტლები მიჰქრიან და მოჰქრიან, აქლემებს დაარბენინებენ და საბოლოოდ ვერ აღიქვამ რა საოცარ ადგილას მოხვდი, მხოლოდ იმაზე ფიქრობ ბედუინები როგორ მოიშორო თავიდან.

პეტრადან გაოგნებული და გადაღლილი, აუცილებლად ვადი რუმის უდაბნოსკენ უნდა გაემართოთ. ადგილი სადაც სიჩუმე, სიწყნარე და სიდიადე სუფევს.
ყველაზე მეტად უდაბნო ღამით მიყვარს, ასეთი ვარსკვლავებით გადაჭედილი ცა არსად მინახავს. ისე ახლოს მოჩანს ირმის ნახტომი, გგონია შენს წინ მდებარე მთაზე აბობღდები და ხელითაც შეეხები უსასრულობას.
ვადი რუმში აუცილებლად აირეთ მინიმუმ ერთ დღიანი ტური. ფასი მინიმუმ 100$ ადამიანზე, მოიცავს განთავსებას ქემფში, სამჯერად კვებას, აქლემებზე კატაობას და ჯიპ ტურს. სანამ აქლემზე დავჯდებოდი, წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე, კარგად შევათვალიერე აქლემს როგორ ექცეოდნენ, გამხდარი ხომ არ იყო, იარე ხომ არ ჰქონდა. ეგვიპტეში ჩემს თვალწინ ურტყამდნენ ცხოველებს, ერთ აქლემს კი ნესტოებიდან სისხლი სდიოდა L მსგავს ცხოველების ტრეფიკინგში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა და არც თქვენ გირჩვეთ. ვადი რუმი არის მარსი დედამიწაზე, აქ სიტყვები ზედმეტია გადმოსცეთ მისი სილამაზე, უბრალოდ უნდა წახვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ ❤

ცუდი ამინდებით დაღლილი, 15 დღიანი წანწალის შემდეგ, ბოლოს აქაბაში ჩავედით. ზღვის პირას ავიღეთ სასტუმრო, სანაპიროზე ნაყინს ვჭამდი, ბროწეულის ლიმონათს ვსვამდი და ჩემს წინ გადაჭიმულ ისრაელს და ეგვიპტეს გავცქეროდი. ამ დროს ხვდები, მართლაც რა პირობითია საზღვრები, 3 წლის წინ ევიპტეში ნუებაში ვისვენებდი და აქაბას გამოვცქეროდი, ახლა კი საპირისპირო მიმართულებით ვიყურებოდი. ისრაელშიც არც თუ დიდი ხნის წინ დავბოდიალობდი.
ამ იდილიასა და ფიქრებში, ჩემს თავს დავპირდი რომ ბოლომდე სიმშვიდეს და სინაზეს შევინარჩუნებდი. ყველა ქუჩაში წამოყვირებულ რეპლიკას დავაიგნორებდი, მოთმინებით აღვიჭურვებოდი, მაგრამ ვინ გაცადა. ბოლო დღეს ჩემოდნებით მივრახუნებდი სადგურისკენ და კიდევ მანქანებიდან პიპინი, ყვირილი რომ გავიგე, ვეღარც შუა თითის ჩვენება დავინანე და არაბული გინებითაც გული მოვიოხე.

საბოლოოდ აღმოსავლეთი საოცარი ადგილია. ბავშვობის დროინდელი ზღაპრებიდან მქონდა შემორჩენილი „დინარი“, არაბი ვაჭრები რომ ახსენებდნენ და ჰოი საოცრებავ, იორდანიაში ფულს დინარი ქვია. როგორ გამიხარდა, ამეშალა მოგონებები. სადაც იკითხავ ყველაფერი 2 – 3 დინარი ღირს და შენც აფრიალებ ფულებს, ვიდრე მიხვდები რომ 1 დინარი = 4 ქართულ ლარს და შაურმაში ცოტა ხნის წინ გადახდილი 3 დინარი, 12 ლარია და ძალიან ძვირია J  თუ გადაწყვეტთ ლიბანისა და იორდანიის მონახულებას აუცილებლად გაითვალისწინეთ:

  • აღიჭურვეთ მოთმინებით და ვაჭრობის უნარით, ეს აუცილებელია!!! თუ დააფასებენ 10, ეგრევე ეუბნები 5 და იწყებ ვაჭრობას. თუ არ დააკლეს ტოვებ რაც გაქვს და გამოდიხარ, დიდი ალბათობით გამოგეკიდებიან და დაგიკლებენ.
  • ლიბანში გაფრენამდე და ჩასვლისასაც გეკითხებიან თუ ხართ ისრაელში ნამყოფი. მე ვიუარე, თუმცა იგივე პასპორტით 2 წლის წინ ვიყავი ისრაელში, მაგრამ ბეჭედი არ ჩაურტყამთ. უპრობლემოდ შემიშვეს.
  • ორივე ქვეყანა არის ძალიან ძვირი, პარიზის და ფლორენციის ფასებისთბის მოემზადეთ. რიგ სერვისებში უფრო ძვირსაც გადაიხდით.
  • იორდანიაში წასვლისას აუცილებლად შეიძინეთ Jordan Pass – jordanpass.jo
  • უდაბნოში ტურისას აუცილებლად წაიღეთ თბილი მოსაცმელები, ზამთრის პერიოდში კი კურტკა. ძირითადად გადახდილ მანქანაში ზიხარ და გადაადგილებისას ძალიან ცივა.
  • პეტრაში ბედუინებს არსად არ გაჰყვეთ. როგორც ჩვენმა გიდმა გაგვაფრთხილა „ისეთი არაფერი, დაგათრობენ, ფულს წაგართმევენ და გაგაპატიურებენო“. ქალს მეტი რა უნდა დაუშავონ იდეაში?!
  • შეეგუეთ აზრს რომ მინიმუმ 3-4 კილოთი მეტი ჩამოხვალთ, უგემრიელესი საჭმელი აქვთ.
  • ამანში დარჩით ძველ ქალაქთან ახლოს რათა ფეხიტ მოიაროთ ყველაფერი და ტაქსი არ დაგჭირდეთ.

თანდათან უფრო მბეზრდება და მეზარება სურათების გადაღება, პოზიორობა და მათი გამოქვეყნება. მინდა რომ ადგილები შევიგრძნო, შევიცნო, სუნი დავიმახსოვრო თუნდაც ქუჩის ან იქვე აყვავებული ბუჩქის. ადგილიდან ადგილზე სირბილი, ფოტოაპარატის ჩხაკუნი და „დაჩექინება“ ტურისტობა მგონია. მოდი ყველანი გავხდეთ მოგზაურები, ადამიანები რომლებიც ქვეყნებს ვიყვარებთ გულით და გონებით ❤

პეტრა – იორდანიის დაკარგული ქალაქი

ნაბატელთა ცივილიზაციის დედაქალაქი პეტრა(თანამედროვე იორდანია), დაახლოებით 600 წელი ევროპელთათვის დაკარგულად ითვლებოდა. 1812 წელს, შცეიცარიელმა 27 წლის მკვლევარმა იოჰან ლუდგვიგ ბორხარდტმა,  აღმოაჩინა დაკარგული ქალაქი. ახალგაზრდა მკვლევარი რამდენიმე წელი სირიაში ცხოვრობდა, სადაც შეისწავლა არაბული და ყურანი. მან იმოგზაურა სირიაშ, ლიბანში, მექაში, პალესტინასა და ეგვიპტეში.

კაიროსაკენ მიმავალ გზაზე, ადგილობრივები მას მოუყვნენ კლდეში გამოკვეთილ უძველეს ქალაქზე, სადაც მათი რწმენით აარონი, მოსეს ძმა იყო დასაფლავებული. ბორხარდტმა ვითომდა აარონისათვის პატივის მისაგებად და მსხვერპლის შესაწირად, ადგილობრივებს სთხოვა მისი ქალაქში წაყვანა. ასე მოიპოვა მან პეტრაში შესვლის უფლება. მისი ჩანაწერები და შთაბეჭდილებები, სადაც ის აღწერს პეტრას, 1822 წელს გამოქვეყნდა. ამ პუბლიკაციის შემდეგ ქალაქისადმი ინტერესი გაიზარდა და სათავე დაუდო ევროპელებისა და უცხოელების უწყვეტ ნაკადს.

იოჰან ლუდვიგ ბორხარდტი
იოჰან ლუდვიგ ბორხარდტი

პეტრა (ბერძ. სიტყვა Πέτρα – ქვა, კლდე) – ნაბატელთა დედაქალაქი, დაარსებული დაახლ ძვ.წ IV საუკუნეში, დღეს იორდანიის სიმბოლო და ყველაზე პოპულარული არქეოლოგიური ძეგლია.

პეტრასაკენ მიმავალის ვიწრო
პეტრასაკენ მიმავალის ვიწრო

434px-Al_Khazneh_01

პეტრას ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ ხელი შეუწყო მის განვითარებასა და გაძლიერებას. ქალაქი მდებარეობდა სავაჭრო-საქარავნო გზების ცენტრში, რომელიც აკონტროლებდა გზას ეგვიპტის, სპარსეთის ყურის, დამასკოსა და აქაბას მიმართულებით.

თანამედროვე არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ მდებარეობასთან ერთად, პეტრას წარმატებისა და სიმდიდრის გასაღები, ნაბატელების მიერ წყლის რესურსების სწორი კონტროლი გახდა. წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად, ქალაქის ახლოს გააშენეს ხელოვნური ოაზისი, კლდეში გაიყვანეს სპეციალური არხები.

ქალაქს ორი შესასვლელი ჰქონდა. პირველი სამხრეთიდან, რომელიც ლეგენდის მიხედვით ვიზიტორს აარონის (მოსეს ძმა) სამარხისაკენ მიუძღოდა. მეორე, აღმოსავლეთ შესასვლელი დღესაც გამოიყენება და თანამეროვე ტურისტული ბილიკია მოწყობილი. გზა მიემართება ღრმა ხეობაში, სიგანით 3-4 მეტრი და  ე.წ. “საგანძურის” ნაგებობასთან მთავრდება.

"საგანძრი" - პეტრას მთავარი ღირსშესანიშნაობა
“საგანძური” – პეტრას მთავარი ღირსშესანიშნაობა

ქალაქის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ბიბლიურ ისტორიებთან; მეცნიერების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ “გამოსვლაში” აღწერილი ადგილი, სადაც ეგვიპტიდან წამოსული ებრაელები გაჩერდნენ სწორედ პეტრაა. ასევე გავრცელებულია აზრი, რომ დიოდორე სიცილიელის მიერ მოხსენებული ქალაქი “რეხემ” – პეტრაა.

ნაბატელები პეტრაში დაახლოებით ძვ.წ VI საუკუნეში ჩნდებიან. ამ ვერსიას ამყარებს აღმოჩენილი და შესწავლილი სამარხები. ძვ.წ I საუკუნიდან ჩნდება ადგილობრივი მონეტებიც, დაახლოებით ამ პერიოდით თარიღდება თეატრიც (ძვ.წ 9 – ახ.წ 40 წლები).

თეატრი
თეატრი

ახ.წ 106 წელს პეტრა რომის იმპერიის შემადგენლობაში შედის და არაბეთის პროვინციის, იგივე “ქვიანი არაბთის” დედაქალაქი ხდება. არაბეთის პროვინციაში შედიოდა ნაბატელთა სამეფო, სამხრეთ სირია, სინაის ნახევარკუნძული. ამ პერიოდში აშენდა ე.წ. ” რომაული გზა”, რომელიც ქალაქში მამივალი მთავარი გზა იყო.

"რომაელტა გზა" - შესასვლელი კარიბჭის ნანგრევები
“რომაელთა გზა” – შესასვლელი კარიბჭის ნანგრევები

დაახლ. ახ.წ III საუკუნიდან, იმპერატორ ალექსანდრე სევერუსის მმართველობისას პეტრაში მონეტების ჭრა წყდება, აღარ გვხვდება სამარხები. ყველაფერი მიუთითებს უცაბედ კატასტროფაზე; სავარაუდოდ  სასანიდების იმპერიის ჯარი შეიჭრა ქალაქში. ამავდოულად თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე აყვავებას იწყების კიდევ ერთი უმშვენიერესი ქალაქი პალმირა, რომელმაც საბოლოოდ დააკნინა პეტრა. პალმირას მდებარეობა ხელსაყრელი იყო ვაჭრებისათვს და ის ასევე ხდება ახალი რელიგიური ცენტრი. ყოველი წლის 25 დეკემბერს ეწყობოდა, ნაბატელთა ქალღმერთ კააბუსადმი მიძღვნილი დღესასწაული.

ახ.წ 363 წლის მიწისძვრამ პეტრას უმშვენიერესი ნაგებობები დაანგრია, ხოლო 551 წელს მომხდარმა კიდევ ერთმა ძლიერმა მიწისძვრამ მთლიანად გააუკაცურა, რადგან საბოლოოდ მოიშალა წყალმომარაგების სისტემა.

ნაბატელეთა პანთეონის უზენაესი ღმერთი იყო დუშარა (მთების მბრძანებელი), ასევე ფართოდ იყო გავრდელებული ქალღმერთების ალ-უზა, ალლატ და მანატის კულტი. პეტრაში უამრავი კლდეში ნაკვეთი ზემოთხსენებული ღმერთების ქანდაკებაა ნაპოვნი. ასევე აღმერთებდნენ გარდაცვლილ მეფეებს.

“მონასტერი” პეტრას ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობაა, თარიღდება ძვ.წ I საუკუნით და ეძღვნება მეფე ობოდას I-ს.

მონასტერი - მისი სახელწოდება ითარგმნება არაბული სიტყვიდან Ad Deir.
მონასტერი – მისი სახელწოდება ითარგმნება არაბული სიტყვიდან Ad Deir.

“საგანძური” (Al Khazneh) – პეტრას სიმბოლოა. ქვიშაქვაში ნაკვეთი, ბერძნული გავლენით დეკორირებული სამარხი, წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. “საგანძური” ახ.წ I საუკუნეშია აგებული, მეფე არეტას IV ფილოპატროსის ზეობისას. მისი დღევანდელი სახელი არაბული ლეგენდიდან მომდინარეობს, რომლის მიხდვითაც მძარცველებმა შენობაში ნაძარცვი სიმდიდრე გადამალეს. მეორე, უფრო არადამაჯერებელი ვერსია მოგვითხრობს, რომ აქ ეგვიპტელი ფარაონები ინახავდნენ მათ საგანძურს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია “საგანძურის” ფასადი, რომელიც 2000 წლის განმავლობაში საკმაოდ დაზიანდა, თუმცა დღემდე ულამაზესია. აქ გამოსახულია ოთხი არწივი, ნაბატელტა რწმენით მათ უნდა წაეყვანათ გარდაცვლილის სული იმქვეყნად.

საგანძური
საგანძური

treasury_petra_jordan

2007 წლიდან პეტრა შედის “მსოფლიოს ახალ 7 საოცრებათა” სიაში.