სექსუალური ცხოვრება ძველ ეგვიპტეში

წინა სტატიებში, ძველი ეგვიპტის სხვადასხვა სფერო მიმოვიხილეთ. ალბათ, დროა ცოტა უფრო ინტიმური საკითხები განვიხილოთ და ბევრისათვის საჩოთირო თემას შევეხოთ. რა ხდებოდა მკაცრი გეომეტრიული ფორმების მქონე სამარხების, ტაძრებისა და ქანდაკებების მიღმა? როგორი იყო მათი ყოველდღიური და სექსუალური ცხოვრება? რა დამოკიდებლება ჰქონდათ ძველ ეგვიპტეში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიმართ? თუ აქაც ყველაფერი ძველი საბერძნეთივით მარტივი და ადამიანის სურვილებზე იყო დამყარებული?
როდესაც მეცნიერები ამ თემაზე იწყებენ მსჯელობას, ყოველთვის ჩიხში ექცევიან. ერთის მხრივ აქვთ ჯიუტი ფაქტები, მეორეს მხრივ კი მხოლოდ და მხოლოდ ის წარწერები ან არტეფაქტები, რაც ძველმა ეგვიპტელებმა ინებეს რომ შემოგვრჩენოდა. ვიდრე თემას განვავრცობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძველ ეგვიპტეში სექსუალური ცხოვრება ქორწინებით არ იწყებოდა; ადამიანების დაყოფა არ ხდებოდა სხვადასხვა სექსუალურ ორიენტაციებად; მიუხედავად ამ ფაქტებისა, ამ ყველაფრის აფიშირება არასოდეს მომხდარა რელიეფებზე, სამარხებსა და ტაძრებზე.
ძველი ეგვიპტე ყოველთვის სექსუალურად პასიურ ცივილიზაციად მიიჩნეოდა. რა თქმა უნდა ასეც იქნება, რადგან თუ გადავხედავთ და შევადარებთ ძველი საბერძნეთისა და რომის არტეფაქტს, განსხვავება ნამდვილად საგძნობია. ბერძნული, რომაული ლარნაკები, ფრესკები, ქანდაკებები გამოირჩევა ეროტიული ხასიათის მხატვრობით. ეგვიპტეში კი მსგავსს ვერაფერს ვნახავთ. მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით თუნდაც ეგვიპტურ ტაძრებს, ნებისმიერი მითი და ლეგენდა სექსუალური ხასიათისაა. აქ ვხვდებით ატუმს, რომელიც მასტურბაციის მეშვეობით ქმნის ღმერთებს შუს, ტეფნუტს, გებსა და ნუტს; დედოფლის საკრალურ ქორწინებას ღმერთებთან; ნაყოფიერების ღმერთ მინს, რომელსაც საკმაოდ დიდი ზომის ფალოსით გამოსახავდნენ; ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი კი თავს იყრის ეგვიპტურ ტაძრებში. საინტერესოა რა ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მე-19 საუკუნე, არქეოლოგიური გათხრების წარმოება ეგვიპტეში ფართო მასშტაბებით მიმდინარეობს. მეფეთა ველთან ახლოს, მეცნიერებმა თიხის ქოთანში, დანაწევრებულ, ფრაგმენტულ პაპირუსს მიაგნეს, რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა როგორც „ტურინის პაპირუსი“, რადგან სწორედ ამ მუზეუმში ინახება დღემდე.  ტურინის პაპირუსის აღმოჩენამ ეგვიპტოლოგები საკმაოდ გააოცა. დაახლ. 2 მეტრის სიგრძის პაპირუსზე, მამაკაცები და ქალბატონები 12 სხვადასხვა და საკმაოდ არაორდინალურ სექსუალურ პოზებშია არიან გამოსახულნი. არქეოლოგები იმდენად გაოცებულნი დარჩნენ აღმოჩენილით, რომ დაახლ. 1 საუკუნის განმავლობაში პაპირუსი ბიბლიოთეკის ბნელ საცავში ჩაკეტეს. მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული და დასაბუთებული მიზეზით, ისიც მამაკაცს შეეძლო მისი გამოკვლევა. დღემდე არაა ამოხსნილი, თუ რას გვიყვება პაპირუსი, არიან აქ გამოსახულნი ღმერთები, არის ეს ყველაფერი საკრალური რიტუალის ნაწილი, თუ უბრალოდ გასართობად შექმნეს, როგორც თანამედროვე ჟურნალები.

ტურინის ეროტიული პაპირუსი
ტურინის ეროტიული პაპირუსი

ახლა კი, ვნახოთ რა ხდებოდა ე.წ. ერთსქესიანთა ურთიერთობების მხრივ. როდესაც საქარაში წახვალთ ექსკურსიაზე, ხნუმჰოტეპისა და ნიან-ხნუმის სამარხს, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებად აკლდამას მთელს საქარაში გვერდს ნამდვილად ვერ აუვლით. მუსულმანი, ტრადიციების ერთგული არაბი გიდი, დიდი მონდომებით გიჩვენებთ მათ მასტაბას და რელიეფებზე გამოსახულ ორ მამაკაცს, რომლებიც ერთმანეთს ეხვევიან.
მოდი, ჯერ გავიგოთ ვინ იყვნენ ჩვენი ვაჟბატონები და რას წარმოადგენდნენ. ორივე მათგანი, V დინასტიის ფარაონ ნიუსერ-რას მეფობისას, დაახლ. 46 საუკუნის წინ ცხოვრობდნენ, მათ მინიჭებული ჰქონდათ სამეფო სასახლის ხელნაწერების ზედამხედველის და კიდევ 12 სხვადასხვა ტიტული. ორივე მათგანს ჰყავდა ოჯახი, ცოლები და შვილები. თუმცა, გაურკვეველი მიზეზის გამო, მათმა ოჯახებმა გადაწყვიტეს გარდაცვალების შემდეგ, ორივე მამაკაცის ერთ მასტაბაში დასვენება. მასტაბაში, რამდენიმე თავგზაამბნევი რელიეფია, ორი მამაკაცი ერთმანეთს ეხვევა და ცხვირით ეხებიან ერთმანეთს. საქმე იმაშია, რომ ძველ ეგვიპტურ რელიეფებზე ცხვირით შეხება ამბორს, კოცნას აღნიშნავდა.
ნიან-ხნუმისა და ხნუმჰოტეპის რელიეფებს, მეცნიერთა ნაწილი იშველიებს თეორიის გასამყარებლად, რომ ძველ ეგვიპტეში მსგავს ერთსქესიანთა ურთიერთობები საკმაოდ მისაღები იყო. მეორე ნაწილი კი, სხვა ახსნას იშველიებს, მაგალითად რომ ისინი უბრალოდ ძმები და თანაც ტყუპები იყვნენ. თუმცა, რაც არ უნდა იყოს სიმართლე, ფაქტია რომ ამ ორ ადამიანს სურდა იმქვეყნიური ცხოვრებაც ერთად დაემკვიდრებინათ.

ხნუმჰოტეპისა და ნიან-ხნუმის მასტაბა საქარაში.
ხნუმჰოტეპისა და ნიან-ხნუმის მასტაბა საქარაში.

ეგვიპტეზე საუბრისას, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო საზოგადეობა რომელმაც დროს გაუსწრო. ქალები სარგებლობდნენ ისეთივე უფლებებით, როგორც მამაკაცები. მათ შეეძლოთ ჰქონოდათ საკუთარი ქონება, გათხოვილიყვნენ საკუთარი ნებით, ასევე განქორწინებულიყვნენ და თავი დაეღწიათ არასასურველი ქორწინებისაგან, გაესესხებინათ/ესესხათ თანხა, ეჩივნათ სასამართლოში, ან მოწმე გამოსულიყვნენ პროცესზე. შესაძლებელია ეს ყველაფერი თანამედროვე გადასახედიდან საკმაოდ პრიმიტიულად ჩანს, მაგრამ გაიხსენეთ, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე რომლებიც 4000 წლის წინ ცხოვრობდნენ. სწორედ ეს ყველაფერი დაედო საფუძლად ყველაფერი სექსუალურისადმი ღია და გახსნილ მიდგომას.

ჯესერკარასენების სამარხი, ლუქსორის დასავლეთ ნაპირი - ქალები ნადიმისას.
ჯესერკარასენების სამარხი, ლუქსორის დასავლეთ ნაპირი – ქალები ნადიმისას.