ეს უცნაური ისტორია XX საუკუნის დასაწყისში მოხდა, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე სადაც მეფეთა ველის ნეკროპოლის მდებარეობს. მრავალი საუკუნის განმავლობაში, ეს ადგილი ფარაონებისა და დიდებულების საბოლოო განსასვენებლად იყო მიჩნეული, ეთაყვანებოდნენ ველის დამცველ ქალღმერთს და სჯეროდათ მისი მაგიური ძალის. 3500 წელის გასული მას შემდეგ, რაც აქ პირველი სამეფო აკლდამა გამოკვეთეს თუტმოს I-ის ბრძანებით, სამარხები მოხატულ იქნა იმქვეყნიური ცხოვრების სცენებით, მიცვალებულთა და კარიბჭეთა წიგნებით, აივსო ფუფუნების საგნებით და რაღა თქმა უნდა მიიზიდა უამრავი თავზეხელაღებული, გამდიდრების სურვილით შეპყრობილი ადამიანი.
ევროპული საზოგადოებისათვის ეგვიპტური სიძველეები ნაპოლეონის ლაშქრობის შემდეგ გახდა ცნობილი. მას შემდეგ მეფეთა ველზე თავი მოიყარეს არქეოლოგებმა, ავანტიურისტებმა, ყველამ ვისაც თავგადასავლები, ოქრო და დიდება სურდა. ასწლეულის განმავლობაში, უამრავი მეცნიერი მუშაობდა ველზე, თუმცა ეგვიპტური ქვიშა საიდუმლოს გამხელას სულაც არ ჩქარობდა.

6 წლის განმავლობაში, ინგლისელი არქეოლოგი ჰოვარდ კარტერი არქეოლოგიურ გათხრებს ატარებდა მეფეთა ველზე, ამ ხნის განმავლობაში მოშორებით ბინაში ცხოვრობდა და მის ერთფეროვან სამუშაო გრაფიკს იადონი ავსებდა, რომელიც ადგილობრივებმა აჩუქეს და ყოველთვის უმეორებდნენ, რომ ის სამარხის აღმოჩენაში დაეხმარებოდა. როდესაც ყველა იმედი გადაწურული ჰქონდათ და სამუშაოების დასრულებისთვის ემზადებოდნენ, სწორედ მაშინ აღმოაჩინეს აკლდამაში ჩასასვლელი კიდეები. კარტერის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როგორც იქნა მისი იმედები გამართლდა. იმ დღითვე ლონდონში ტელეგრაფი გაგზავნა ლორდ კარნარვონთან: „როგორც ჩანს ამჯერად გაგვიმართლა. აღმოვაჩნე სამარხი ხელუხლებელი ბეჭდით. თქვენს ჩამოსვლამდე ყველა სამუშაო შეწყვეტილია. გილოცავთ, კარტერი.“

1922 წლის 26 ნოემბერს კარტერისა და კარნარვონის კვალდაკვალ, სამარხში კიდევ 17 კაცი მიაბიჯებდა. ჰოვარდმა ასე აღწერა სამარხში გატარებული პირველი წუთები: „აკლდამაში რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით და თავი მაშინვე დაუპატიჟებელ სტუმრებად ვიგრძენით“.
1923 წლის არქეოლოგიური სეზონის გახსნა კარტერმა გადაწყვიტა სარკოფაგის გახსნით დაეწყო. თარიღიც დათქვეს, 16 თებერვალი. მაგრამ მოულოდნელად ლორდი და მისი ქალიშვილი კაიროში გაემგზავრნენ, სადაც კარნარვონი შეუძლოდ გახდა. ექიმებმა დიაგნოზი ვერ დაუსვეს, ლორდს მაღალი სიცხე, კანკალი და ხელ-ფეხზე წითელი ლაქები ჰქონდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი ბოდავდა და ტუტანხამონის სახელს ახსენებდა. კარნარვონი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა და მას „ფარაონის წყევლის“ პირველ მსხვერპლად თვლიან, რომელიც 3200 წელი იცავდა სამარხს. ზუსტად მისი გარდაცვალების დროს, მთელს კაიროში შუქი ჩაქრა, რაც ასევე ავბედით ნიშნად მიიღეს. სულ მალე, კარნარვონს ექსპედიციის სხვა წევრებიც მიჰყვენენ..
სარკოფაგის გახსნისა და მუმიის კაიროს მუზეუმში გადაგზავნის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა არქეოლოგი არტურ მეისი, რომელიც გათხრებზე კარტერის მარჯვენა ხელი იყო. სწორედ მან მოხსნა დალუქულ აკლდამას სამეფო ბეჭედი. არტურ მეისი გარდაიცვალა სასტუმრო „კონტინენტალში“, იმაცე სასტურმოში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა ლორდმა კარნარვონმა. მისი სიკვდილის მიზეზის დადგენაც ვერ მოხერხდა…
ზუსტად მეისის გარდაცვალების დღეს, კაიროს მუზეუმის ლაბორატორიაში დაიწყეს ტუტანხამონის მუმიის სახვევებისაგან გათავისუფლება. მკერდზე ამულეტი ნახეს, რომელზეც იეროგლიფებით მსგავსი წარწერა დაეტანათ: „წყევლა და უბედურება დაატყდება თავს მას, ვინც დაარღვევს ჩემი პატრონის სიმშვიდეს“. ეს იყო მეორე და უკანასკნელი გაფრთხილება, რომელსაც პირველის მსგავსად ყურედღება არავინ მიაქცია.

მუმიას იკვლევდა ახალგაზრდა რენტგენელოგი არჩიბალდ დუგლას რეიდი. ერთ დღესაც ის სამსახურში არ გამოცხადდა, მისი საქციელი ყველას უცნაურად მოეჩვენა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ მისი გვამი კაიროს გარეუბანში იპოვა. გვამს არ აღენიშნებოდა არანაირი ძალადობის კვალი, ვერ ის დაადგინეს თუ რას აკეთებდა მეცნიერი მსგავს ადგილას გვიან ღამით.
მეფეთა ველზე პანიკა დაიწყო, მუშებს ანაზრაურება გაუორმაგეს, მაგრამ ამ ფაქტმაც ვერ დააკავა ისინი. არავის სურდა „ფარაონის წყევლის“ შემდეგი მსხვერპლი გამხდარიყო.
ჟურნალისტები მეფეთა ველზე ათენ-აღამებდნენ. ყველას სურდა სენსაციური ინფორმაციის მოპოვება და კარტერის ინტერვიუს ჩაწერა. ბოლოს ჰოვარდმა რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და სამარხი დახურა დამთვალიერებლებისათის. თუმცა, ერთი გამონაკლისი მაინც დაუშვა. კარნარვონის უახლესმა მეგობარმა ჯორჯ ჯეი გულდმა გადაწყვიტა გამოეყენებინა მისი ლუქსორში ყოფნა და ტუტანხამონის სამარხი თავად დაათვალიერა. სასტუმროში გვიან დაბრუნებული ჯორჯი კიბეებზე, ოთახში მიმავალი გარდაიცვალა. სიმპტომები აქაც იგივე იყო, სისუსტე, თაბრუსხვევა და უცილო სიკვდილი.
გაზეთებმა კვლავ „ფარაონის წყევლას“ დააბრალეს ჯორჯის სიკვდილი. კარტერი ძალიან ნერვიულობდა, ამას ემატებოდა არახელსაყრელი სამუშაო პირობები, ჟურნალისტების განუწყვეტელი ჟრიამული და შემაწუხებელი ცდები ინტერვიუს ჩაწერისა. ბოლოს არქეოლოგმა სამარხიდან ეგვიპტელი მუშები გაყარა. ამ საქციელით მთავრობა ისე გაანაწყენა, რომ ერთი წლით სამუშაო ლიცენზია ჩამოართვეს. სამარხის აღწერაში მონაწილეობის მიღების ნება მხოლოდ დიდი ფულადი ჯარიმის გადახდის შემდეგ მისცეს.
სიკვდილს სიკვდილი მოსდევდა, გაზეთები იტყობინებოდნენ მე-7, მე-10, მე-13, მე-19 მსხვერპლის შესახებ. მათი თქმით, საუკუნეების სიღრმიდან გამოსული ბოროტება აგრძელებდა თავის საქმეს. ხალხი პანიკაში ჩავარდა, XX საუკუნეში ადამიანი უძლური აღმოჩნდა 3200 წლოვანი „ფარაონი წყევლის“ წინაშე. ის ადამიანთა ბედით ისევე თამაშობდა, როგორც ბავშვი თავისი სათამაშოებით. ფარაონის რისხვა თავს დაატყდა არა მარტო გათხრების მონაწილეებს, არამედ მათ ახლობლებსაც. 1930 წელს, არქტეოლოგთა 19 კაციანი ჯგუფისგან რომელიც სამარხში მიაბიჯებდა, ცოცხალი მხოლოდ ჰოვარდ კარტერი იყო. იგი 1939 წელს გარდაიცვალა და სიცოცხლის ბოლომდე სისულელეს და ჟურნალისტების მიერ გამოგონილ მითს უწოდებდა „ფარაონთა წყევლას“.
ეგვიპტოლოგები დღემდე სწავლობენ სამარხის ინვენტარს. ერთადერთი, რაც მათ დღემდე ვერ უპოვიათ – ამულეტია, რომელიც ტუტანხამონს მკერდზე აღმოაჩინეს. ის სწორედ იმ დღეს დაიკარგა, როდესაც კარტერი კაიროდან გაემგზავრა, მას შემდეგ რაც აკლდამაზე მუშაობა დაასრულა.