კარალი – მსოფლიოს უძველესი ქალაქი

თანამედროვე მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული ინფორმაცია ოთხი უძველესი ცივლიზაციის შესახებ, ესენია: მესოპოტამია, ეგვიპტე, ჩინეთი და ინდოეთი. სწორედ ამ ცივილიზაციებმა დაუდეს დასაბამი კაცობრიობის ისტორიას. თუმცა რატომღაც ყოველთვის გვერდს ვუვლით არანაკლებ ძველ, საინტერესო და დიდებულ საზოგადოებას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ნორტე ჩიკოს ცივილიზაციას. ესაა უძველესი ცივილიზაცია ამერიკის კონტინენტზე, თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე. ნორტე ჩიკოს დედაქალაქი, წმინდა ქალაქი კარალი იყო – 5000 წლის უძველესი მეტროპოლისი, რომელიც შეიცავს უდიდეს მასალას მდიდარი კულტურისა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ექვსი პირამიდის კომპლექსს, ამფითეატრს, საცხოვრებელ სახლებს. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ საცხოვრებელი სახლები შედგება რამდენიმე ოთახის, კიბეებისა და დიდი ეზოებისაგან. კარალის ცენტრში მდებარეობდა პირამიდების კომპლექსი; მათგან ყველაზე დიდი 20 მეტრი სიმაღლისაა და ფუძის ზომები 138×153 მეტრია, დაახლოებით ოთხი ფეხბურთის სტადიონის ზომის. კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ პირამიდის ზედა სართულზე მმართველი, დიდებულები და რელიგიური კულტის მსახურები ცხოვრებოდნენ, უფრო დაბალ სართულებზე კი ხელოსნები და ბოლოს ყველაზე დაბალ დონეზე, მუშები. მთლიანობაში ქალაქში დაახლ. 3000-მდე ადამიანი ცხოვრობდა.

caral-e
ცენტრალური პირამიდა

სუპეს ველი, რომელიც ლიმადან 200 მილის დაშორებით მდებარეობს, არქეოლოგებისათვის ნამდვილი სამოთხეა. მისი პირველი შესწავლა 1905 წელს გერმანელი არქოლოგის მაქს უჰლის მიერ მოხდა, თუმცა 1970 წლამდე აქ ფართო მასშტაბიანი სამუშაოები არ დაწყებულა. მეცნიერების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ბორცვები, რომლებსაც ბუნებრივ წარმონაქმნებად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში საფეხურებიანი პირამიდები აღმოჩნდნენ. 1990 წლიდან უკვე კარალის სრულ მასშტაბიანი კვლევა მიმდინარეობს, რადიოკარბონალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კარალში აღმოჩენილი ჩანთა ძვ.წ 3000 წლით თარიღდებოდა.

chiconorte
მთავარი სარიტუალო ეზო

caral2

კარალი ერთ-ერთია იმ 18 დასახლებიდან, რომელიც სუპეს არქეოლოგიურ ველზე მდებარეობს, დაახლოებით 65 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. ქალაქის არქიტექტურა აშკარად მიუთითებს, რომ კარალი იყო რიტუალური დანიშნულების ქალაქი, რომელიც იმართებოდა თეოკრატიული პრონციპებით.

როგორც უკვე აღვნიშნე, კარალის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ექვსი პირამიდისაგან შემდგარი კომპლექსი. პირამიდის უმაღლესი ადგილიდან, მმართველები და ქურუმები მთელს ქალაქს გადმოსცქეროდნენ. აქვეა სამლოცველოები, ყოველ მათგანში გვხვდები ცეცხლისათვის განკუთვნილი ორმოები, სადაც რიტუალური მსხვერპლშეწირვის დროს ღმერთებისადმი ძღვენს ცეცხლში წვავდნენ.

caralpyramids

კარალი უდიდეს ინფორმაციას გვაწვდის პრე-კოლომბიური ამერიკის ცივილიზაციების ჩამოყალიბება-განვითარების შესახებ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია უდიდესი რაოდენობის კერამიკა, მიკვლეულია სარწყავი სისტემის არხები; მეცნიერების თვალწინ გადაიშალა ქალაქი, რომელსაც ჯერ კიდევ ძვ.წ 3000 წელს ორგანიზებული წყლის მიწოდების სისტემა ჰქონდა, საოცარი სიზუსტით იყენებდნენ მათემატიკას,  შექმნეს მოვლენების ჩასაწარი სპეციალური სისტემა, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ. კარალში განვითარებული იყო ვაჭრობა მეზობელ ქალაქებში. ქალაქში მაიმუნების გამოსახულებების აღმოჩენამ, მეცნიერებს საშუალება მისცათ ევარაუდათ, რომ კარალის სავაჭრო ქარავნებმა ამაზონის ჯუნგლებამდე მიაღწიეს.

მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მოსახლეობას ქალაქური ტიპის დასახლებების შექმნა და ერთად ცხოვრება, ომებმა აიძულეს. გამუდმებული თავდასხმების გამო დასახლებების გარშემო ჩნდება თავდაცვითი კედლები და ასე იწყება ურბანიზაციაც. თუმცა კარალი ამის სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. ქალაქის გარშემო არაა არანაირი თავდაცვითი კედლები, არქეოლოგიური გათხრების შედეგად არ იქნა აღმოჩენილი არანაირი ძალადობის კვალი შენობებზე, არც ერთი დაზიანებული ადამიანის ჩონჩხი. მეცნიერების მტკიცებით, კარალი მშვიდობიანი ქალაქი იყო, რომელიც სწავლობდა ასტრონომიას, მისდევდა რელიგიურ წეს-ჩვეულებებს და საკმაოდ დიდ დროს უთმობდა მუსიკას.

არქოელოგებმა 32 ფლეიტა აღმოაჩინეს, რომლებიც კონდორისა და ვარხვის ძვლებისაგან იყო გაკეთებული; ასევე ნაპოვნი იქნა ლამისა და ირმის ძვლებისგან გამოთლილი 37 კორნეტი. მუსიკალური ინსტრუმენტები ძვ.წ. 2200 წლით თარიღდება. საინტერესოა მათი აღმოჩენის ადგილიც – ცენტრალური პირამიდის მიმდებარედ, სადაც ასობით ადამიანს შეეძლო შეკრება. ფლეიტები მოხატულია ჩიტების, მაიმუნებისა და მითიური არსებების გამოსახულებებით. 2001 წელს მეცნიერებმა ჩაატარეს სპეციალური ვორქშოპი, რომლის დროსაც კარალის ფლეიტებით დაუკრეს და მსმენელს მისცეს საშუალება მოესმინათ ის მუსიკა, რომელსაც კარალის მოსახლეობა 5000 წლის წინ უსმენდა.

musical instruments inside
სწორედ აქ იქნა აღმოჩენილი მუსიკალური ინსტრუმენტები
flutes-found-at-Caral
კარალის ფლეიტები სხვადასხვა მითიური გამოსახულებებით.

სამწუხაროდ კარალის რელიგიური რწმენა-წარმოდგენების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. გარკვეული აღმოჩენები მეცნიერებს აძლევს საშუალებას ივარაუდო, რომ გავრცელებული იყო შამანიზმი. განსხვავებით პრე-კოლომბიური რელიგიებისა, კარალში ადამიანის მსხვერპლშეწირვა არ დასტურდება. როგორც ჩანს, მსგავსი რიტუალები გავრცელდა მეზოამერიკულ ცივილიზაციებში. დღემდე აღმოჩენილი არაა ღვთაებების გამოსახულებები, რელიეფები. გვაქვს მხოლოდ ერთი გამოსახულება, რომელიც ძვ.წ. 2280-2180 წლებით თარიღდება, სადაც გამოსახულია მახვილკბილა ფიგურა, რომელსაც ხელში გრძელი ჯოხი უჭირავს.

Staff-God-peru (1)
რელიგიური შინაარსის მქონე ერთადერთი რელიეფია

ასევე საინტერესოა კარალის ცივილიზაციის მიერ შემუშავებული სისტემა, რომლის მიხედვიტაც ისინი გარკვეულ მოვლენებს წერდნენ და ასევე საოცარ მათემატიკური ხასიათის ჩანაწერებსაც აკეთებდნენ. ეს არის კვანძების სისტემა, რომელიც შემდეგ ფართოდ იქნა გავრცელებული ინკას ცივილიზაციაში.

quipu-inca-peru-1

კარალი მიტოვებულ იქნა დაახლ. ძვ.წ. 2100 წელს. სავარაუდოდ ამის მიზეზი გვალვა უნდა ყოფილიყო, რამაც მოსახლეობა აიძულა ქალაქი მიეტოვებინა და სხვა ადგილას ნაყოფიერი ტერიტორიის საძებნელად წასულიყო.

ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი, რომელმაც პირადად მე კარალის საინტერესო ისტორია გამაცნო. მოცალეობის ჟამს უყურეთ აუცილებლად, ეს არაა მხოლოდ ფილმის კარალის შესახებ, გაიგებთ უამრავ საინტერესოს ძველი მსოფლიოს ცივილიზაციებს ჩამოყალიბების შესახებ.

Advertisements