ჰეტეპჰერესი – პირამიდების დედოფალი

პირამიდის მშენებლების უდიდესი წარმატების უკან, ხუფუსა და სნეფერუს ოჯახის წევრი, ქალბატონი დგას. ის ძველი სამეფო (ძვ.წ. 2686-2181) ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა და მისი სახელი ჩვენთვის, საუცხოო სამარხისა და საგანძურის აღმოჩენის შემდეგ გახდა ცნობილი.
ჰეტეპჰერეს I, ფარაონ სნეფერუს ცოლი (ეგვიპტეს მართავდა ძვ.წ. 2613-2589 წწ), ხუფუს დედა, ჯედეფრის, ხაფრასა და დედოფალ ჰეტეპჰერეს II-ის ბებიაა. ფლობდა შემდეგ ტიტულებს: მეფეთა დედა, ღმერთის ქალიშვილი, ორი სამეფოს მმართველის დედა. მისი ქორწინებით, ფარაონ სნეფერუსთან, ორი სამეფო შტო შეერთდა; მამა ფარაონი ჰუნი იყო, სნეფერუ კი სავარაუდოდ მომავალი დედოფლის ნახევარ ძმა.
დედოფალი ჰეტეპჰერესი, სავარაუდოდ ხუფუს მმართველობის დროს გარდაიცვალა. სამწუხაროდ ბევრი დეტალი ნამდვილად არაა ცნობილი, ძველი სამეფოს სამარხები არ გვანებივრებენ წარწერების სიმრავლითა და ცხოვრებსეული მოვლენების დეტალური აღწერით. დედოფლის სამარხიც კი უცნობი იყო 1925 წლის 2 თებერვლამდე. ამ დღეს ეგვიპტელი ფოტოგრაფი მოჰამადიენ იბრაჰიმი, ჯორჯ ენდრიუსთან ერთად მუშობდა გიზას ველზე. ამ არაჩვეულებრივმა აღმოჩენამ, მსოფლიოს კიდევ ისტორიაში გაუჩნარებული დედოფლის არაჩვეულებრივი ისტორია გაანდო.
ჰორჰ ენდრიუსი გიზას ველზე, ხუფუს პირამიდის მიდამოებში რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ექსპედიციას ხელმძღვანელობდა. თუმცა, 2 თებერვალს, ამერიკაში იმყოფებოდა არდადეგებზე. ექსპედიციიას ფოტოგრაფი, მოჰამადიენ იბრაჰიმი, პირამიდის აღმოსავლეთ მხარეს ფოტოგადაღებისათვის ემზადებოდა, როდესაც ცალი ფეხი პატარა ორმოში ჩაუვარდა, რომელიც ბათქაშით იყო ამოლესილი. ცნობისმოყვარე ფოტოგრაფმა, გადაწყვიტა გამოეკვლია ეს ადგილი და აღმოჩნდა, რომ ბათქაშით გადალესილი ორმო 12 საფეხურიან ჩასასვლელს ფარავდა. ახალი აღმოჩენის შესახებ, სასწრაფოდ ჯორჯ ენდრიესს შეატყობინა, რომელმაც, მაშინვე გაიაზრა, რომ გიზას ველზე, ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩნის ზღვარზე იყვნენ.

ჰეტეპჰერესის სამარხში ჩასასვლელი.
ჰეტეპჰერესის სამარხში ჩასასვლელი.

ახალ აღმოჩენილი საფეხურები, ვერტიკალურად ეშვებოდა შახტაში, რომელიც ზედაპირამდე კირქვით იყო ამოვსებული. სხვადასხვა სახის არტეფაქტები და კერამიკა, უწესრიგოდ მიმოფალნტულიყო, მათ შორის არქეოლოგებმა ხუფუს სამეფო ბეჭედიც იპოვეს. სამსხვერპლო ნიშაში, ჯერ კიდევ ეწყო მსხვერპლად შეწირული წითელ ქსოვილში გადახვეული ხარის სამი ძვალი, 2 ღვინის დოქი და ცხოველის თავის ქალა.

კანოპების ყუთი, ჰეტეპჰერესის სამარხიდან.
კანოპების ყუთი, ჰეტეპჰერესის სამარხიდან.

უშუალოდ სამარხში შესვლის შემდეგ, არქეოლოგები მწარე რეალობის წინაშე დადგნენ, სამარხი გაძარცული დახვდათ. თუმცა იღბალმა მაინც შემოგვინახა საგანძურის მცირე, თუმცა ძალიან ძვირფასი არტეფაქტები. სამარხში ჯერ კიდევ შემორჩენილიყო ოქროთიმოვარაყებული ნივთები საწოლი, რამდენიმე ხის ყუთი, ორი სავარძელი. ტყავის სპეციალური ჩასადები ხელჯოხებისათვის, სპილენძის იარაღები, სამი ოქროს ვაზა, სამართებლის ყუთი, 21 ვერცხლის სამახური, რომლებიც ხის ყუთშია ჩალაგებული.

არქეოლოგები მუშაობენ ჰეტეპჰერესის სამარხში.
არქეოლოგები მუშაობენ ჰეტეპჰერესის სამარხში.

ნივთების უმეტესობა ფარაონ სნეფერუსა და ჰეტეპჰერესის სახელებს ატარებენ. წარწერების მიხედვით, ჰეტეპჰერესის სრული ტიტულია: „ზემო და ქევმო ეგვიპტის მეფის დედა, ჰორის მიმდევარი, აკაციის სახლის ყასბების ზედამხედველი, ერთადერთი რომელიც ამბობს და ყველაფერი სრულდება, ღმერთის სხეულის ქალიშვილი, ჰეტეპჰერესი“. რა თქმა უნდა, ახლა ეს ტიტულატურა ჩვენთვის ძალიან უცნაურად და სასაცილოდ ჟღერს, თუმცა ჰეტეპჰერესის სახე წარმოიდგინეთ, ჯეიმს აპატურაის თანამდებობა რომ გაეგო 🙂

egyptian_4_bracelets
ჰეტეპჰერესის სამარხში აღმოჩენილი, პაპლების ფორმით შემკული სამაკურები.

სამარხში, ასევე აღმოჩენილ იქნა ყუთები, რომლებიც ხუფუს ბეჭდით იყო დაბეჭდილი. აღმოჩენილი ნივთები, კაიროს მუზემსა და ბოსტონის ხელოვნების მუზეუმს შორის გაიყო და ორივე მუზეუმის კოლექციას ამშვენებს.
ახლა უკვე მივედით მთავარ საკითხამდე: სადაა დედოფლის მუმია????
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთებისა, ჰეტეპჰერესის სამარხში ალებასტრის სარკოფაგიც აღმოაჩინეს, რომელიც ფრთხილად კედელთან იყო მიდგმული. 1927 წლის 3 მარტს, სარკოფაგი გაიხსნა, თუმცა მასში მუმია არ აღმოჩნდა.
სამარხში აღმოჩენილ ნივთებში, ასევე იყო კანოპების ყუთი, რომლებიც როგორც ვიცით დაკრძალვის ძველ ეგვიპტური რიტუალის განუყეფელი ატრიბუტია. კანოპებში ათავსებდნენ მიცვალებულის კუჭს, ღვიძლს, ფილტვებსა და ნაწლავებს. ყუთი ხისგანაა დამზადებული და შიგნით ოთხი სათავსო აქვს, ოთხი კანოპასათვის, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძელესი კანოპა. კვლევებმა დაადგინეს, რომ ეს კანოპები გამოყენებული იქნა ადამიანის ორგანოების შესანახად.
მუმიის ვერ აღმოჩენის შემდეგ, ჯორჯ რეისნერმა საკუთარი თეორია წამოაყენა, რომლის მიხედვითაც, ჰეტეპჰერესი თავდაპირველად თავისი ქმრის გვერდით, დაჰშურში დაკრძალეს. სამწუხაროდ სამარხი მძარცველებმა გაძარცვეს, სამეფო ოჯახმა და ქურუმებმა, გადაწყვიტეს, დედოფლის ნეშტი უსაფრთხო ადგილას გადაეტანათ. სავარაუდოდ, მუმია მძარცველებმა გაიტაცეს, რადგამ მუმიფიცირების დროს ბევრი ძვირფასი ამულეტი და სამკაული ჩაატანეს. რა თქმა უნდა ქურუმებს შეეშინდათ ფარაონის რისხვისა, როდესაც ეტყოდნენ რომ დედის ცხედარი გაიტაცეს, ამიტომ სიმართლე დაუმალეს, ცარიელი სარკოფაგი და კანოპები კი გიზას ველზე გადმოასვენეს, ხუფუს პირამიდის მახლობლად.
ამასთან დაკავშირებით, მარკ ლეჰნერი შემდეგ თეორიას აყალიბებს, რომ დედოფალის თავდაპირველი სამარხი სწორედ გიზაზე მდებარეობდა, ხოლო შემდეგში მისი გადასვენება მოხდა პირამიდაში, რომელიც ხუფუს მიერ იქნა აგებული დედოფლებისა და დედისათვის.

eb74c4ffea4aae50dd332d229fdfbea9
ჰეტეპჰერესის სამარხში აღმოჩენილი საწოლი.

უკვე მივედი იმ ეტაპამდე, როდესაც უნდა ავხსნა, თუ რატომ დავასათაურე ეს პოსტი ასე 🙂 ეგვიპტის ძველი სამეფო, ძვ.წ. III ათასწლეულის პერიოდშია, როდესაც ეგვიპტე პირველად აღწევს განვითარების პიკს და ყვავის როგორც მოწინავე ცივილიზაცია. IV დინასტია, ძველი სამეფოს „ოქროს ხანაა“, რომელიც ძვ.წ. 2613-2494 წლებში მართავდა ეგვიპტეს. ამ დინასტიის ფუძემდებლები ფარაონი სნეფერუ და დედოფალი ჰეტეპჰერესი იყვნენ, რომელთა სამშენებლო ექსპერიმენტებმა, საფეხუროვანი მასტაბის ფორმის პირამიდა, კლასიკიურ პირამიდად აქციეს.
ეგვიპტის ისტორიაში, ეს იყო რევოლუციური პერიოდი, როდესაც სამშენებლო ტექნიკა იხვეწება, ვითარდება და არნახულ მასშტაბებს აღწევს. ეს იყო მშვიდობისა და სიმდიდრის ეპოქა, როდესაც აიგო სნეფერუს 3 პირამიდა, ჯედეფრის აბუ რავაშის, გიზას დიდი პირამიდები. დედოფალმა ჰეტეპჰერესმა, სათავე დაუდო პირამიდების მშენებელ დინასტიას და თავისი მოღვაწეობით, ხელი შეუწყო მის შექმნასა და განვითარებას.

როდესაც კაიროს მუზეუმში ძველი სამეფოს განყოფილებას დაათვალიერებთ, ხელმარცხნივ პატარა ოთახია. ექსპონატები არც თუ ბევრია, სამაგიეროდ თვალისმომჭრელი. ერთმანეთს ენაცვლებიან საოცრად დახვეწილი სამაჯურები, თასები, ძვირფასი ხის ავეჯი… საით გაიხედო და რომელი შეაფასო ვეღარ ხვდები. თანდათან სიძველეში იძირები და თვით დედოფალი ჰეტეპჰერესიც კი, რომელიც 4600 წლის წინ ცხოვრობდა, შენთვის ახლობელი და ნაცობი ხდება. სწორედ შენს წინაა საწოლი, რომელზეც დედოფალს ღამით ეძინა, სამაჯურები, ოდესღაც მის დახვეწილ ხელს რომ ამშვენებდნენ, კოსმეტიკის ყუთი, ჯერ კიდევ შავი თვალის ხაზებისათვის განკუთვნილი სითხით… თითქოს იქვე ოთახში დააბიჯებს დედოფალი, რომელმაც ქმარს/ფარაონს მისცა ძალა განუწყვეტლივ ებრძოლა სრულყოფილი სამუდამო განსასვენებლისათვის; გააჩინა ვაჟი – ხუფუ, მსოფლიოში 4600 წლის განმავლობაში უდიდესი ნაგებობის შემქმნელი; მის სისხლს ეკუთვნის ჯედეფრი, ხაფრა, მენკაურა, კევაბი. სწორედ მისი მემკვიდრეობითაა ეგვიპტე ძლიერი და ცნობილი. ასე რომ, მოდი დედოფალს საკადრისი პატივი მივაგოთ და ყოველთვის გავიხსენოთ მისი სახელი, ეს ხომ ეგვიპტელების რწმენით სულს უკვდავებას ანიჭებს; რისკენაც ასე ძლიერ ილტვოდნენ ძველი ეგვიპტელები.

hetepheres12
ჰეტეპჰერესის სავარძელი.
დედოფლის ტახტრევანი.
დედოფლის ტახტრევანი.

 

წყარო:

Joyce Tyldesley, Chronicle of the Queens of Egypt , 2006

Aidan Dodson, Dyan Hilton, The Complete Royal Families of Ancient Egypt , 2004

Lorna Oakes, The Illustrated Encyclopedia of the pyramids, temples & tombs of Ancient Egypt , 2006

Wolfram Grajetzki, Ancient Egyptian Queens – a hieroglyphic dictionary, 2005

http://www.ancient-origins.net/history-famous-people/queen-pyramids-powerful-hetepheres-i-and-her-magnificent-tomb-005234?page=0%2C1

 

სნეფერუს პირამიდები

ფარაონი სნეფერუ (სნოფრუ)  IV დინასტიის დამაარსებელი და პირამიდების უდიდესი მშენებელი იყო. ეგვიპტეს დაახლოებით ძვ.წ  2613-2589 წლებში მართავდა. მან სრულყოფილი პირამიდის ძიებაში სამი პირამიდა ააგო. მათგან ყველაზე სრულყოფილი და მსოფლიოში პირველი ნამდვილი პირამიდა ე.წ. “წითელი პირამიდაა”. სწორედ მისი მეფობის დროს შეიქმნა და დაიხვეწა პირამიდების მშენებლობის სრულყოფილი ტექნიკა, რამაც ხუფუს (ხეოფსს) მისცა საშუალება ძველი მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი პირამიდა აეგო.

სნეფერუს რელიეფი დაშურის სულის მოსახსენებელი ტაძრიდან. ამჯამად გადატანილია კაიროს მუზეუმში
სნეფერუს რელიეფი დაშურის სულის მოსახსენებელი ტაძრიდან. ამჟამად გადატანილია კაიროს მუზეუმში

სნეფერუს პირველი პირამიდა მედუმში მდებარეობს. იგი აგებულია საფეხურებიანი კონსტრუქციის საფუძველზე. თავდაპირველად 7 საფეხურისგან შედგებოდა, ზედაპირი მოპირკეთებული იყო კირქვის ფილებით. დღესდღეობით ნაგებობის თავდაპირველი სახის აღდგენა გართულებულია, რადგან პირამიდის ზედა ნაწილი მონგრეულია. წარსულში გავრცელებული თეორიის თანახმად პირამიდა მშენებლობის დროს დაინგრა, მაგრამ არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ მშენებლობა წარმატებით დასრულდა, თუმცა როგორც სამარხი არასოდეს გამოუყენებიათ, დროთა განმავლობაში კი თანდათან დაინგრა. მოგვიანებით პირამიდას სამშენებლო მასალის წყაროდ იყენებდნენ, რამაც მისი პირვანდელი სახის საბოლოოდ განადგურება გამოიწვია.
პირამიდის სიმაღლე 75 მეტრია, ფუძის გვერდების სიგრძე კი 156 მეტრი.

სნეფრუს პირამიდა მედუმში.
სნეფერუს პირამიდა მედუმში.

იდეალური პირამიდის ფორმის ძიებას მედუმში არ შეწყვეტილა. ფარაონი, განკაცებულ ღმერთად ითვლებოდა, რომელიც სიკვდილის შემდეგ ღმერთებს უნდა შეერთებოდა იმქვეყნიურ სამყაროში, მის მუმიას განსასვენებელი სჭირდებოდა, თანაც ფარაონის შესაფერისი.

სნეფერუს რიგით მეორე პირამიდა დაშურში აიგო. პირამიდა კლასიკური პირამიდის ფორმებს უახლოვდება, თუმცა წახნაგების სხვადასხვა დახრილობის გამო არასწორი ფორმისააა. არსებობს თეორიები, რომლებიც დაშურის პირამიდას წარმოაჩენენ, როგორ უცაბედად, ნაჩქარევად ნაგებ პირამიდას. თანამედროვე კვლევების დროს დადგინდა, რომ მშენებლობის დროს კედლები დაიბზარა, რისი მიზეზიც არამყარი ნიადაგია. საძირკველად შერჩეული ნიადაგი არც თუ მაგარი აღმოჩნდა, უმეტესად თიხიანია და ვერ გაუძლო უდიდესი პირამიდის წონას.

პირამიდის სიმაღლე 100 მეტრია, ფუძის გვერდების სიგრძე 188,6. ფუძიდან თითქმის 50 მეტრის შემდეგ, დახრა იცვლება. ეს ცვლილება პირამიდას ტეხილ სილუეტს აძლევს.  ეს არ ყოფილა ცალკეული, განყენებულად მდგარი პირამიდა, არამედ შენდებოდა მთლიანი კომპლექსი, 2 სულის მოსახსენებელი ტაძრით. ტაძრებში აღმოჩენილია ქანდაკებები და რელიეფები, რომლებზეც დაკრძალვის სცენებია გამოსახული. აღსანიშნავია საინტერესო დეტალი, რომ პირამიდის შიდა კედელზე აღმოჩენილია სნეფერუს კარტუში. ასევე სხვა პირამიდებისაგან გამოარჩევს ორი შესასვლელი. პირველი მათგანი ჩრდილოეთ კედელშია, ფუძიდან 12 მეტრზე, აქედან იწყება გალერეა, რომელიც 78 მეტრ სიგრძისაა. მეორე შესასვლელი დასავლეთიდანაა და ფუძიდან 30 მეტრითაა დაშორებული. გალერეა პირამიდის ცენტრალური ნაწილისაკენ მიემართება, სადაც სამარხი კამერაა განთავსებული. გალერეა და კამერა თეთრი კირქვითაა მოპირკეთებული.

პირამიდის ტერიტორია კედლით იყო შემოსაზღვრული, სამხრეთ მხარეს დღემდე შემორჩენილია მცირე პირამიდა ასევე გალერეით, რომელსაც სამარხ კამერაში მივყავართ. პირამიდის თავდაპირველი სიმაღლე 32 მეტრი იყო, ფუძის სიგრძე 55 მეტრია. მცირე პირამიდის კომპლექსში შედიოდა ორი ერთმანეთთან დაკავშირებული სულისმოსახსენებელი ტაძარი. აღმოსავლეთით მდებარე ტაძარი ძალიან დაზიანებულია, თავდაპირველად შედგებოდა 2 პატარა სვეტიანი სამოლოცველოსა და მის წინ მდებარე მსხვერპლშესაწირი ქვისაგან, რომელსაც მოსდევს ორი დარბაზი, რომლებიც პატარა ეზოში გადიან.  პირველი დარბაზის შესასვლელში აღმართულია ორი დიდი სტელა.

აღსანიშნავია, რომ არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც შედგება პირამიდისა და ორი ერთმანეთთან დაკავშირებული სულის მოსახსენებელი ტაძარისაგან პირველად სნეფერუს პირამიდაში გვხვდება. შემდგომში ასეთი სტილი უკვე ტიპიურია IV დინასტიის პერიოდისათვის.

დახრილი პირამიდის კომპლექსი.
დახრილი პირამიდის კომპლექსი.

არქიტექტურული სრულყოფილების ძიებაში ე.წ. წითელი პირამიდის მშნებლობაც დაიწყო. პირველი ორი პირამიდის მშენებლობა წარუმატებლად დასრულდა და ვერ გამოდგებოდა ფარაონის დასასვენებლად. გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ მშენებლობას ათეული წლები სჭირდებოდა, მესამე პირამიდის მშენებლობის დაწყებისას სავარაუდოდ ფარაონი უკვე საკმაოდ ასაკიანი უნდა ყოფილიყო და მშენებლებს და მთავარ არქიტექტორს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ.

წითელი პირამიდა მსოფლიოში პირველი ნამდვილი, სრულყოფილი პირამიდაა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი ფორმები იდეალურია. სნეფერუს შეცდომები მშენებლობის დროს, მიღწევები, არაჩვეულებრივი გამოცდილება, გახდა წინაპირობა გიზას დიდი პირამიდისა.

მესამე პირამიდა, დახრილი პირამიდის მსგავსად დაშურის ნეკროპოლისში მდებარეობს, ჩრილოეთით. სიმაღლე 105 მეტრია, ფუძის გვერდების სიგრძე 220 მეტრია. პირამიდის შიდა ნაწილი აგებულია ადგილობრივი ვარდისფერი კირქვით, მოპირკეთება კი შესრულებულია ტურის (ზედა ეგვიპტე, ასუანთან ახლოს) თეთრი კირქვით. სამწუხაროდ გარე მოპირკეთება თითქმის არაა შემორჩენილი, ამიტომ ჩანს შიდა კონსტრუქციის ვარდისფერი ქვები, ამის გამო უწოთებენ მას “წითელ პირამიდას”.

პირამიდის ჩრდილოეთ მხარეს, ფუძიდან 30 მეტრშია შესასვლელი, რომელიც დამრეც კორიდორში მიემართება. საძირკველის სიღრმეში განთავსებულია კამერა საფეხუროვანი თაღებით. დღემდე მახსოვს შეგრძნება, რომელიც ვიწრო და დაბალ გვირაბში დაშვებისას დამეუფლა. გიზას პირამიდებისაგან განსხვავებით, აქ ნაკლები ტურისტები არიან, ბედუინებიც ზედმეტად არ გაწუხებენ და მართლაც შეგიძლია იგრძნო პირამიდის აურა.  სამწუხაროდ, სამარხ კამერაში არავითარი კვალი არაა ნაპოვნი, რომელიც დაადასტურებდა ვარაუდს, რომ სნეფერუ სწორედ წითელ პირამიდაში დაკრძალეს. ამ პირამიდის ტერიტორია ჯერ კიდევ კარგად არაა შესწავლილი. აეროფოტოები ადასტურებენ პირამიდისკენ მიმავალ ორი პლატფორმის არსებობას. დაშურის პირამიდების აშენებას დაახლოებით 9 მილიონი ტონა ქვა დასჭირდა.

წითელი პირამიდა
წითელი პირამიდა

სნეფერუს მიერ სამი პირამიდის აგების მიზეზი ბოლომდე არაა გარკვეული. ეგვიპტოლოგთა აზრით წითელი პირამიდა ნამდვილი სამარხი უნდა ყოფილიყო, რომელშიც დაასვენეს სნეფერუს მუმია, ხოლო პირველი ორი მედუმისა და დახრილი პირამიდა მხოლოდ კენოტაფებია. თუმცა თანამედროვე კვლევები ნათელს ფენს სნეფერუს მისწრაფებას სრულყოფილებისაკენ. მან და მისმა არქიტექტორებმა გარდამტეხი როლი შეიტანეს პირამიდების სამშენებლო ტექნიკაში. ეს იყო უდიდესი ნახტომი საინჟინრო და ტექნოლოგიურ აზროვნებაში. პირამიდის ფორმა დაიხვეწა “წითელ პირამიდაში”, ხოლო კულმინაციას მიაღწია მისი მემკვიდრეების მიერ აგებულ გიზასა და აბუ რავაშის  პირამიდებში.