ოსირისი – ეგვიპტის პირველი ფარაონი და მიცვალებულთა სამყაროს მბრძანებელი

ოსირისი – ეგვიპტური მითოლოგიის უძველესი ღმერთი, რომლის კულტი ყველაზე გავრცელებული იყო მთელს ეგვიპტეში ცივილიზაციის არსებობის 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ღმერთი, რომლის სახელის ხსენებაზე ყველას ეგვიპტე, ნილოსი, გარდაცვლილის სამსჯავრო და მიცვალებულთა წიგნი ახსენდება. ოსირისი ძველი ეგვიპტის სიმბოლოა. ალბათ, ყველას გვაინტერესებს თუ როგორ უწოდებდნენ ღმერთს ეგვიპტელები, ზუსტად არავინ იცის, თუმცა მისი იეროგლიფების ტრანსკრიფცია შემდეგნაირია „უსირ“, რაც ეგვიპტურად „ძლევამოსილს“ ნიშნავს. ჰელიოპოლისის მითის მიხედვით, ღმერთმა ატუმმა საკუთარი თავი შექმნა, შემდეგ კი ღმერთი შუ (ჰაერი) და ქალღმერთი ტეფნუტი (სინოტივე). თავისთავად, ორმა ღმერთმა შექმნა გები (მიწა) და ნუტი (ცა), რომლის შვილებად მოიაზრებოდნენ ოსირისი, სეთი, ისისი და ნეფთისი.


ძველი ეგვიპტელების წარმოდგენით, ოსირისი ეგვიპტის პირველი ფარაონი და მმართველი იყო, სწორედ მან გადასცა ადამიანებს საჭირო ცოდნა და გამოცდილება; ასწავლა მიწათმოქმედება, ირიგაცია, მესაქონლეობა, სამართალი, რელიგია და ასტორნომია. მისი მართველობისას ეგვიპტე აყვავდა და დიდებულ ქვეყანად იქცა, ყველა ბედნიერი იყო, ყველა, მაგრამ არა სეთი. შურით დაბრმავებულმა სეთმა, გადაწყვიტა საკუთარი ძმა მოეკლა და თავიდან მოეცილებინა.
სეთმა ყველაფერი საგანგებოდ დაგეგმა და ეშმაკური გეგმა შეიმუშავა. საკუთარ ხელოსნებს ულამაზესი სარკოფაგი დაამზადებინა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ოსირისის ტანს იყო მორგებული. სასახლეში დიდი ლხინი გამართა და ცოტა ღვინო დალეულ სტუმრებს სარკოფაგი აჩვენა, თან დაამატა რომ სარგკოფაგს გადასცემდა მას, ვის სხეულსაც იდეალურად დაემთხვეოდა. სტუმრებმა სათითაოდ მოსინჯეს ბედი, ბოლოს ოსირისმა სცადა ბედი და ჩაწვა სარკოფაგში. სწორედ ამ დროს, სეთმა სახურავი დააფარა, ჩაკეტა და კუბო მდინარე ნილოსში გადააგდო. მდინარემ სარკოფაგი ზღვამდე ჩაიტანა და ბოლოს ფინიკიის სანაპიროზე, ბიბლოსთან გამორიყა, ამ დროისათვის ოსირისი უკვე გარდაცვლილი იყო. დამწუხრებული ისისი მის სხეულს ყველგა ეძებდა, ბოლოს მიაგნო ფინიკიაში და ეგვიპტეში დააბრუნა, სადაც ცდილობდა რომ მისი გაცოცხლების საშუალება მოეძებნა. შეშფოთებულმა სეთმა ძმის სხეული 14 (ზოგ მითში 16) ნაწილად დაანაწევრა და ეგვიპტის ტერიოტრიაზე მიმოფანტა. ქალღმერთ ისისს, არც მაშინ დაუყრია ფარ-ხმალი, დასთან ქალმერთ ნეფთისთან ერთად მთელს ეგვიპტეში დაიწყო მოგზაურობა და სხეულის ნაწილების შეგროვება. საბოლოოდ ყველა ნაწილი იპოვეს, გარდა ერთისა, ოსირისის ფალოსი, რომელიც მდინარეში სეთის წმინდა თევზმა შეჭამა. ისისისა და ნეფთისის გოდებამ შეძრა სამყარო; ღმერთ რას შეებრალა მგლოვიარე დები და ანუბისს დაავალა ოსირისის სხეული პირველი მუმიფიცირებისათვის მოემზადებინა; თოტს, ისისსა და ნეფთისს კი დაწვრილებით აუხსნა როგორ შეერთებინათ სხეული. ისისი ძერად გადაიქცა და ახალი სიცოცხლე შთაბერა ღმერთს. სწორედ ამ დროს ისახება ღმერთი ჰორუსი. მკვდრეთით აღმდგარმა ოსირისმა, მიცვალებულთა სამყაროში გადაინაცვლა და მისი მმართველი, სულების მთავარი მსაჯული ხდება.


უძველეს ტექსტებში ოსირისი მოხსენიებულია, როგორც სამართლიანი, ადამიანების შემწე ღმერთი. მის სამსჯავროზე მოსახვედრად მიცვალებულს ანუბისთან ერთად უნდა გაევლო დუატი და პილონების დარბაზი, ამ მოგზაურობისას აუცილებელი იყო გარკვეული რელიგიური შელოცვების ცოდნა; მდიდარი ეგვიპტელები მათი დამახსოვრებით მაინც და მაინც თავს არ იწუხებდნენ და სწორედ ამიტომ დეტალურად ჩაწერეს ეს ყველაფერი „ჭიშკრების წიგნში“ და „მიცვალებულთა წიგნში“. ოსირისის წინაშე წარმსდგარი გარდაცვლილი, ყველანაირად ცდილობს ღმერთი დაარწმუნოს რომ სიცოცხლის განმავლობაში მას არ ჩაუდენია არანაირი ცოდვა და ღირსია მოიპოვოს სამუდამო ცხოვრება იალუს მინდვრებზე. ანუ, აქ დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება იმას, თუ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, არამედ რამდენად კარგად იყო მომზადებული სამსაჯვროსათვის.

  ალბათ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით რომ ოსირისს როგორც მიწათმოქმედების ღმერთსაც ეთაყვანებოდნენ. მიწისქვეშ ჩაბრძანებული ღმერთი როგორ უნდა იყოს პასუხისმგებელი უხვ მოსავალზე? თუ ამ საკითხს ისე დავინახავთ, როგორც ძველი ეგვიპტელები, მაშინ ყველაფერი ცხადია. გარდაცვლილი და მკვდრეთით აღმდგარი ღმერთი პირდაპირ კავშირშია მიწათმოქმედების ციკლთან, სადაც ზამთარში მიწა უნაყოფოა, შემდეგ კი იწყება თესვა და ნოყიერი, განახლებული მინდვრებიდან მოსავლის აღება.

გარდაცვლილი და მკვდრეთით აღმდგარი ოსირისი ეგვიპტის მთავარი ღმერთი და სიმბოლო ხდება. ტაძრები, სამარხები, სარკოფაგები, პაპირუსები და სვეტები მისი რელიეფებით იფარება, მას ვხვდებით ყველგან და ყოველთვის. მოდი, ახლა ცოტა იკონოგრაფიასაც შევეხოთ და ავხსნათ მასთან დაკავშირებული სიმბოლოები. როგორც ეგვიპტის პირველი ფარაონსა და მმართველს, მას სამეფო რეგალიებით – მათრახითა და კვერთხით, წვერით, ატეფის გვირგვინით (ზემო ეგვიპტის გვირგვინი, გამშვენებული სირაქლემას ფოთლებით) გამოსახავენ. მისი მიწისქვეშა სამყაროს მბრძანებლის ბუნების ხაზგასასმელად, მხრებს ქვემოთ მუმიის ბანდაჟია აქვს შემოხვეული. ოსირისს სხვა ღმერთებისაგან განსხვავებით ყოველთვის მწვანე ან შავი ფერით ხატავდნენ’ მწვანე განახლების, თავიდან დაბადების სიმბოლოა, შავი კი ნილოსის მიწის ნაყოფიერების.

ღმერთ ოსირისის კულტი მთელს ეგვიპტეში გავრცელდა და ისტორიის განმავლობაში, სხვა ღმერთებისაგან განსხვავებით ოდნავადაც კი არ შესუსტებულა მისი მნიშვნელობა. შუა სამეფოს პერიოდში, მოხდა სოკარსა და პტაჰთან გაიგივება,  რის შემდეგაც სრულიად არნახულ და ძლიერ ღმერთს პტაჰ-სოკარ-ოსირისს ვიღებთ. სწორედ მისი კულტის ასეთმა მოქნილობამ გახადა შესაძლებელი ელინისტურ ეპოქამდე ოსირისის თაყვანისცემა და მხოლოდ ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მოხდა შესაძლებელი უძველესი ეგვიპტელი ღმერთის მივიწყება.

კიია – გაუჩინარებული დედოფალი

ერთადერთი რამ, რაც ჩვენ დედოფალ კიიას შესახებ ვიცით, მისი სახელია, რომელიც რამდენიმენაირად შეგვიძლია წავიკითხოთ: კიია, კია, კაია. ფაქტია, რომ ის ფარაონ ეხნატონის ცოლი იყო და ატარებდა ტიტულს „დიდებული და საყვარელი ცოლი“. სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, მხოლოდ ფაქტები და ვარაუდებია, რომლებიც ამარნას პერიოდის სხვადასხვა ქალებს აერთიანებს. დაიკარგა მისი წარმომავლობა, მისი ცხოვრების დეტალები, ყველაფერი, რაც ოდესღაც დედოფლის ცხოვრებაში ხდებოდა. კიიას არსებობა სამუდამო დავიწყებას მიეცა 1959 წლამდე, როდესაც პატარა კოსმეტიკის ყუთზე მეტროპოლიტანის მუზეუმში არ აღმოაჩინეს წარწერა.

დოდეფალი კიიას სახელი იეროგლიფებით.
დედოფალი კიიას სახელი იეროგლიფებით.

ნეფერტიტისაგან განსხვავებით (ეხნატონის მთავარი ცოლი და დედოფალი) კიიას ცხოვრების დეტალები, არ იწერებოდა და იკვეთებოდა ტაძრებზე, სამარხებსა და თუნდაც ნებისმიერ ინტერიერზე. მისი სახელიც განსხვავებულია ძველ ეგვიპტური სახელებისაგან განსხვავებით; სწორედ ამიტომ გავრცელებული ინფორმაციით, ის უცხოელი უნდა ყოფილიყო.  შემორჩენილ მწირ ინფორმაცაციაზე დაყრდნობით ვიცით, რომ კიია საკმაოდ ძლიერი ფიგურა იყო ეხნატონის მეფობის შუა წლებში, ამ პერიოდში დედოფალმა გოგონაც კი გააჩინა. თუმცა ფარაონის გარდაცვალებამდე რამოდენიმე წლით ადრე, კიია უკვალოდ ქრება ისტორიიდან.

დედოფალ კიიას რელიეფი მეტროპოლიტენის მუზეუმიდან.
დედოფალ კიიას რელიეფი მეტროპოლიტენის მუზეუმიდან.

საიდან იყო წარმოშობით კიია?

კიიას საიდუმლოებანი, მისი წარმოშობიდან იწყება. მრავალი ვერსიიდან, უფრო დამაჯერებელი ორი ვარიანტი იკვეთება. ცნობილია, რომ ეხნატონის ერთ-ერთი ცოლი, მითანის სამეფოდან იყო (თანამედროვე ჩრდილოეთ სირია), მისი სახელა თადუხიფა და სამეფო კარმა, ფარაონს, როგორც დიპლომატიური ძღვენი, ისე გამუგზავნა. სახელი კიია, კი სამეფო კარზე დაარქვეს, როგორც საალესო ფორმა მისი მითანური სახელისა. ახეტატონში აღმოჩენილი დიპლომატიურ მიმოწერაში, მითანში გაგზავნილი 29 წერილიდან, 27 დასტურდება, რომ თადუხიფა მართლაც გახდა ეხნატონის ერთ-ერთი დედოფალი. დედოფლის გარდაცვალების თარიღიც უცნობია, სავარაუდოდ ეხნატონის მეფობის მე-12 – 13 წელი.

კიიას სახელი მხოლოდ ამარნას დოკუმენტებში გვხვდება. ეხნაპონის მეფობის პირველი 4 წლის განმავლობაში, სამეფო ოჯახი თებეში რჩება, მე-5 წელს უკვე ახალ დედაქალაქში – ახეტატონში გადადიან. დედაქალაქის გარშემო ე.წ. სასაზღვრო სტელები აღმართეს და აქაა დედოფლის სახელი დაფიქსირებული, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, კიიას სახელსა და ტიტულებს, ეხნატონის ერთ-ერთი ქალიშვილის მერიტატენის სახელით ცვლიან.

დედაქალაქში არსებული ერთ-ერთი სამლოცველო პერ-ატენი (ატონის სახლი) სწორედ კიიას სახელს ატარებდა, მოგვიანებით აქაც გააქრეს მისი სახელი და მერიტატენითა და ანხესენპაატენით შეცვალეს. აქ არსებული წარწერები გვამცნობენ, რომ კიიას ქალიშვილი შეეძინა ფარაონისაგან, რომლის სახელიც, ისტორიამ არ შემოგვინახა, სავარაუდოდ ბეკეტატენი.

პერ ატონი. ახეტატონი
პერ ატონი. ახეტატონი

კიიას სახელთან დაკავშირებული არტეფაქტი ოქროს სარკოფაგია, რომელიც მეფეთა ველზე 55 სამარხში აღამოჩინეს. სარკოფაგი ატონის კულტის მიმდევარი ქალბატონისათვისაა დამზადებული, თუმცა შიგნით მამაკაცის მუმია აღმოაჩინეს. დამზადების სტილი და შემორჩენილი წარწერები აშკარად მიუთითებს ეხნატონის მეფობის პერიოდზე. გავრცელებული ვერსიის თანახმად, სარკოფაგის თავდაპირველი მფლობელი დედოფალი კიიაა. რატომ მოხდა სარკოფაგების შეცვლა, სადაა კიიას მუმია ამჟამად გადანახული, ამ დროისათვის ბურუსითაა მოცული.
მკვლევარები, ვინც კიიას ცხოვრებას სწავლობენ, ინფორმაციის საოცარ სიმწირეს განიცდიან. ერთ-ერთი ცნობილი არტეფაქტი, რომელიც დედოფლის სახელს უკავშირდება, მეფეთა ველზე აღმოჩენილი კანოპებია. ოთხივე კანოპა, ახალი სამეფოს ხელოვნების საოცარ ნიმუშია, რომელიც ამარნას პერიოდის სამეფო კარის წევრ ქალბატონს გამოსახავს; კიია, მერიტამენი, ნეფერტიტი, ტიია – სავარაუდო მფლობელის სია საკმაოდ გრძელია. კიიას სხვა რელიეფებსა და ამულეტებთან შედარებისას, მკვლევარების ვარაუდი მყარდება, რომ მფლობელი ზუსტად ახეტატონის გაუჩინარებული დედოფალია.

დედოფალ კიიას კანოპები
დედოფალ კიიას კანოპები

კიიას შესახებ უკანასკნელი ცნობა, ეხნატონის მეფობის მე-11 წლით თარიღდება. ახეტატონში აღმოჩენილი ღვინის დოქზე, დაწერილია, რომ ღვინო დაწურულია, დედოფალ კიიას საკუთარი ვენახიდან. ამის შემდეგ, დედოფალი იღუპება, გაძევებულ იქნა ქალაქიდან, თუ უბრალოდ დოკუმენტები დაიკარგა მის შესახებ და დიდ ხანს და ბედნიერად ცხოვრობდა, სრულად გაურკვეველია. მისი სახელები და ტიტულები, ეხნატონის ქალიშვილის, მერიტამენის სახელებით იცვლება.

დოქი კიიას სახელითა და ტიტულებით. მეტროპოლიტენის მუზეუმი.
დოქი კიიას სახელითა და ტიტულებით. მეტროპოლიტენის მუზეუმი.

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, მცირე დეტალები და ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ხელთაა, მხოლოდ თავსატეხის მცირე ნაწილია; დამსხვრეული მონუმენტები, რელიეფები და თითქმის წაშლილი წარწერები. აქედან გამოდინარე, მართლაც ძალიან დიდი გამოწვევაა, იპოვო სიმართლე დედოფლის შესახებ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარწერებში, კიია წარმოჩენილია, როგორც მნიშვნელოვანი პიროვნება და სამეფო ოჯახის ღირსეული წევრი, მისი ტიტულიც „დიდებული და საყვარელი ცოლი“, უნიკალურია ძველი ეგვიპტის ისტორიაში და ნათლად მიუთითებს, რომ ფარაონის გულში დიდი და გამორჩეული ადგილი ეკავა. მაშინ სადაა კიია? მისთვის გამოკვეთილი სამარხი ცარიელია, სარკოფაგი და კანოპები ეხნატონისათვის გამოიყენეს.

კიიას პორტრეტები შემდომში გამოყენებულ იქნა, როგორც მერიტამენისა; ეს უკვე ბადებს ეჭვს, რომ რადგან კიიას ისტორიიდან, ჯერ კიდევ ამარნას პერიოდში აქრობენ, სასახლის კარზე ინტრიგები დაიხლართა. თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, თუ რა მოხდა სამეფო კარზი 35 საუკუნის წინათ, მიუხედავად დიდი მონდომებისა, სამწუხაროდ საკმაოდ რთულია.

 

წყარო:

Aidan Dodson, Amarna Sunset: Nefertiti, Tutankhamun, Ay, Horemheb, and the Egyptian Counter-Reformation , 2009

Joyce Tyldesley, Nefertiti, 1998

Nicholas Reeves. Akhenaten: Egypt’s False Prophet, 2005

Joann Fletcher, The search for Nefertiti , 2004

Wolfran Grajetzki, Ancient Egyptian Queens: A Hieroglyphic Dictionary , 2005

http://www.ancient-origins.net/history/kiya-most-mysterious-woman-amarna-005092?page=0%2C1