პრამბანანის ტაძარი

პრამბანანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უდიდესი ინდუისტური ტაძარია, დღესდღეობით ბორობუდურის ტაძართან ერთად ინდონეზიის სიმბოლოდ და კულტურის მთავარ ღირსშესანიშნაობად გვევლინება. მდებარეობს კუნძულ იავაზე, ქალაქ ჯოკიაკარტიდან 18 კმ-ით აღმოსავლეთით. ეძღვნება ინდუისტურ “სამებას” – ტრიმურტს: ბრაჰმა, შივა და ვიშნუ. 1991 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

პრამბანანის ტაძარი, საერთო ხედი
პრამბანანის ტაძარი, საერთო ხედი

პრამბანანის ტაძარი გამოირჩევა მაღალი და წერტილოვანი არქიტექტურით, რომელიც ასე დამახასიათებელია ინდუისტური სტილისათვის. ცენტრალური შენობის სიმაღლე 47 მეტრია, რაც მნახველზე არნახულ, გამოუთქმელ შთაბეჭდილებას ახდენს. ყოველწლიურად პრამბანანის ტაძარს უამრავი ტურისტი სტუმრობს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ტაძრის თანამედროვე სახელი მომდინარეობს იმ სოფლის სახელიდან, რომელთან ახლოსაც ტაძარი აშენდა. სავარაუდოდ იავური ენიდან უნდა იყოს ნაწარმოები და თავდაპირველად უნდა რქმეობდა “პარა ბრაჰმან”, რაც “უზენაეს ბრაჰმანს” ნიშნავს. პრამბანანის ტაძარი უდიდესი ტაძარია კუნძულ იავაზე. მისი მშენებლობა დასრულდა ახ.წ IX  საუკუნეში. სავარაუდოდ ეს იყოს პასუხი ბორობუდურისა და სევუს ბუდისტური ტაძრებისა, რომლებიც ძალიან ახლოსაა აგებული. ისტორიკოსთა აზრით, ტაძრის მშენებლობას ასევე გარკვეული პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, რადგან თითქმის საუკუნის განმავლობაში კუნძლ იავას ბუდისტური რელიგიის მიმდევარისაილენდრა დინასტია მართავდა, ხოლო IX საუკუნეში ძალაუფლება ინდუიზმის მიმდევარ სანჯაიას დინასტიას დაუბრუნდა. ტაძრის მშენებლობა ახ.წ 850 წელს დაიწყო, როგორც წარწერა გვამცნობს, რომელიც დათარიღებულია ახ.წ 856 წლით, პრამბანანი აშენდა ღმერთ შივას საპატივსაცემოდ და მისი თავდაპირველი სახელწოდება უნდა ყოფილიყო “შივა გრჰა” – “შივას სახლი”, ან “შივა ლაია” – შივას სამეფო”. გადმოცემის თანახმად, რაც ასევე ნაწილობრივ დასტურდება არქეოლოგიური გათხრებით, ტაძრის მშენებლობისას მდინარე ოპაკს კალაპოტი შეუცვალეს. Prambanan-Temple   ახ.წ 930 წელს, სამეფო კარი აღმოსავლეთ იავაზე ინაცვლებს, ამას დაემთხვა ვულკანის ამოფრქვევა მთა მერაპიზე, რამაც საბოლოოდ ტაძრის მიტოვება და დაცარიელება გამოიწვია. მე-XVI საუკუნის ძლიერმა მიწისძვრა თავისი ხელი დაამჩნია პრამბანანის ტაძარს, ამ დროს განადგურდა ტაძრის დიდი ნაწილი. ადგილობრივ მაცხოვრებლებს პრამბანინი არასოდეს დავიწყებიათ და მიუტოვებიათ, თუმცა არავინ იცოდა როდის და ვის მიერ იქნა აშენებული. XIX საუკუნეში ინგლისელებმა ევროპის კონტინენტიდან პირველებმა მოინახულეს ტაძარი. 1880 წლიდან დაიწყო უკვე მისი არქეოლოგიური შესწავლა.   პრამბანანის კომპლექსი თავდაპირველად დაახლ. 240-მდე სხვადასხვა ნაგებობას შეიცავდა. ესენია: 1. 3 ტრიმურტის ტაძარი: თითოეული ეძღვნებოდა ტრიმურტის ერთ წევრს: ბრაჰმა, შივა, ვიშნუ. 2. 3 ვაჰანას ტაძარი: ტრიმურტის ყოველი ტაძრის წინ იყო მათი ვაჰანასადმი (ვაჰანა – ინდუიზმში მითიური ცხოველი, არსება რომელიც ღმერთების მიერ გამოიყენება როგორც გადაადგილების საშუალება) მიძღვნილი ტაძარი: ნანდი, გარუდა, ჰამსა. 3. 2 აპიტის ტაძატი: ტრიმურტისა და ვაჰანას ტაძრის მწკრივებს შორის იყო 2 აპიტის ტაძარი. 4. 4 კელირის ტაძარი: 4 პატარა სამლოცველო, მდებარეობდა 4 მიმართულების  შესაბამისად. 5. 4 პატოკის ტაძარი: 4 პატარა სამლოცველო მდებარეობდა ტაძრის გარშემო 4 კუთხეში. 6. 224 პერვარა ტაძარი: 4 მწკრივში განლაგებულია მცირე ზომის ტაძრები. მათი რაოდენბაც განსაზღვრულია და ყოველ მწკრივში, წინაზე 8 ერთეული მეტია: 44, 52, 60, 68.

პრამბანანის სატაძრო კომპლექსის მოდელი.
პრამბანანის სატაძრო კომპლექსის მოდელი.

დღესდღეობით რვავე  მთავარი ტაძარი და მათ გარშემო აგებული რვა სალმოცველო აღდგენილია, თუმცა აღსანიშნავია რომ 224 პერვარას მცირე ზომის ტაძრებიდან მხოლოდ ორია აღდგენილი. მათი უმეტესობა თითქმის დანგრეულია. ტაძარი შედგებოდა სამი განსხვავებული ზონისაგან. პირველი გარეთა მონაკვეთი, მეორე ნაწილი უამრავი პატარა ტაძრებით და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი – ტრიმირტისა და ვაჰანას ტაძრები, 8 სამლოცველოთი.   ტრიმურტის ტაძარები  შივას ტაძარი უდიდესია კომპლექსში 47 მეტრი სიმაღლითა და 34 მეტრი სიგანით. ტაძარი გამოირჩევა ასევე ეპოს “რამაიანას” ილუსტრაციებით, რომლებიც რელიეფებზეა დატანილი. თუ გსურთ თანმიმდევრულად მიჰყვეთ რამას თავგადასავალს, მაშინ ტაძარში აღმოსავლეთიდან უნდა შეხვიდეთ და საათის მიმართულებით გაჰყვეთ. შივას ტაძარი შეიცავს ხუთ სამლოცველოს, მათ შორის ოთხი მცირე ზომისაა, ერთი კი შედარებით დიდია და ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. სამლოცველოში დგას შივას სამმეტრიანი ქანდაკება. მცირე სამლოცველოებში გვხვდება ქალღმერთ დურგას, რიშის, აგასტიასა და განეშას ქანდაკებები. ვიშნუსა და ბრაჰმას ტაძრები მხოლოდ ერთ სამლოცველოს შეიცავენ. მათი სიმაღლე და სიგანე თანაბარი ზომისაა, 33 მეტრი სიმაღლე და 20 მეტრი სიგანე.

შივას ტაძარი, რელიეფი რამაიანას ტაძრიდან.
შივას ტაძარი, რელიეფი რამაიანადან.

ვაჰანას ტაძრები    კომპლექსში გამორჩეულ ადგილს იკავებე ვაჰანას ტაძრები. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ვაჰანა ინდუიზმში მითიური ცხოველი, არსება რომელიც ღმერთების მიერ გამოიყენება როგორც გადაადგილების საშუალება. ტრიმურტის თითოეული ღმერთის ტაძრის წინ, აგებულია მათი ვაჰანას ტაძარი. შივა – ხარი ნანდი, ბრაჰმა – წმინდა გედი ჰამსა, ვიშნუ – ძერა გარუდა.     და ბოლოს, როდესაც ერთ ბედნიერ დღეს აქ წავალ და დავათვალიერებ, აუცილებლად ჩავრთავ ამ საოცარ მუსიკას და განწყობას კიდევ უფრო ავიმაღლებ.

prambanan (1) prambanan-temple-4 prambanan_temple Slider-Prambanan-Sunset

კაჯურაჰო – სიყვარულის ტაძარი

კაჯურაჰოს  სატაძრო კომპლექსი, ინდური ხელოვნებისა და არქიტექტურის საოცარი ნაზავია. დღემდე ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტია ინდოეთში, რაც გარკვეულწილად აეროტიული რელიეფებისა და ქანდაკებების სიუხვით აიხსნება. ტაძარი მდებარეობს ნიუ დელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 385კმ-ზე. კაჰურაჯო მოიცავს შუა საუკუნეების ინდუისტურ და ჯაინურ ტაძრებს.

კაჯურაჰოს კომპლექსი აგებულია ახ.წ 950-1150 წლებში, ჩანდელას დინასტიის მონარქთა მიერ. ითვლება რომ სწორედ ამ პერიოდში მიხდა ტანტრული ტრადიციების შეთვისებაც. ჩანდელას მართველობის დროს, კაჯურაჰო ხდება რელიგიური და კულტურული ცენრტი; კომპლექსი ფართოვდება და ტაძრების რაოდენობა 85 აღწევს. ჩანდელა ისტორიიდან მე-13 საუკუნიდან ქრება და კაჯურაჰოც ნელ-ნელა კარგავს გავლენას და მივიწყებას ეცემა 1838 წლამდე, როდესაც ბრიტანელმა ინჟინერმა ჯუნგლებში აღმოაჩინა მივიწყებული კომპლექსი. დღესდღეობით შემორჩენილია 25 ტაძარი, მათი უმეტესობა გეგმარებით ერთნაირია, განსხვავდებიან მხოლოდ მცირე დეტალებით. სამი ტაძარი ნაგებია გრანიტით, დანარჩენი კი ქვიშაქვით. ტაძრები გამოირჩევა მდიდრული სკულპტურული მორთულობით და ღია გალერეებით.
კაჯურაჰოს ტაძარი

სახელწოდება კაჯურაჰო მომდინარეობს “Kharjuravāhaka”-დან, Kharjura- სანსკრიტზე ფინიკის პალმას ნიშნავს, vāhaka- კი “ის ვინც ახორციელებს, ის ვინც ატარებს”.
ტაძრების განლაგება დაყოფილია სამ ნაწილად: დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთად. მშენებლობისას არაა გამოყენებული დუღაბი. ტაძრის სვეტები ნაკვეთია მთლიან ქვაში, რამდენიმე მათგანის წონა 20 ტონას აღემატება.
ტაძრის მშენებლობის პერიოდში ახ.წ 950-1150, ჩანდელას დინასტიის დროს ტანტრული ცნებები მიღებულ და აღიარებულ იქნა. ბიჭები 14-დან 21 წლამდე მონასტერში ცხოვრობდნენ, რათა სწორად შეეცნოთ სამყარო, ესწავლათ სწორი აზროვნება და ხედვა; ერთ-ერთი დომინანტი ვერსიის თანახმად, ტაძრის რელიეფები მათთვის სამყაროს შეცნობაში დამხმარე საშუალება უნდა ყოფილიყო.

ლაკშმანის ტაძარი
ტაძარი მიძღვნილია ინდუიზმის ღმერთ ვიშნუს ერთ-ერთი ასპექტისადმი – ვიაკანთა ვიშნუ. ეს არის ვიშნუს ავატარა, მისი კულტი ძირითადად ქაშმირის მიდამოებშია გავრცელებული. მას აქვს ოთხი თავი – ადამიანის, ლომის, დემონის და ტახის.; ასევე ხშრად გამოისახებოდა სამი თავით. ტაძრის მშენებლობის სავარაუდო პერიოდია 930-950 წლები.

კანდარია მაჰადევას ტაძარი
ეს არის უდიდესი ტაძარი კაჯურაჰოს კომპლექსში და ასევე გამოირჩევა ქანდაკებების მრავალფეროვნებითა და რაოდენობით. შუასაუკუნეების ინდურ არქიტექტურაში საუკეთესოდ შემონახული ნაგებობაა. ტაძარი მიძღვნილია ღმერთ შივასადმი; აგებულია დაახლ. ახ.წ 1050 წელს.

მადჰია პრადეში, კაჯურაჰოს უდიდესი ტაძარი
მადჰია პრადეში, კაჯურაჰოს უდიდესი ტაძარი

კაჯურაჰო ცნობილია ეროტიული ქანდაკებებით, თუმცა აღსანიშნავია რომ ასეთ სცენებს მთლიანი ტაძრის ზედაპირის მხოლოდ 10% უკავია, დანარჩენი რელიეფები კი ასახავს ადამიანის ჩვეულებრივ ყოველდღიურობას, მაგ: ქალს მაკიაჟს კეთებისას, მუსიკოსებს, მექოთნეებს, ჩვეულებრივ ფერმერებს და ა.შ. საერო სცენები გამოსახულია ტაძრის ღმერთებიდან მოშორებით, სწორედ ამიტომაა გავრცელებული მცდარი შეხედულება, თითქოს რელიეფებზე გამოსახულია ღმერთებს შორის ინტიმური ურთიერთობა. ასევე შეცდომაა, კაჯურაჰო არის იგივე კამასუტრას ტაძარი და რელიეფებზე მოხდა კამასუტრას დაწვრილებითი ილუსტრირება.
კაჯურაჰოს ეროტიული ქანდაკებები

სიყვარულისა და შურისძიების ქალღმერთი დურგა

დურგა (სანსკრიტზე – დაუმარცხებელი, ძნელადმისაღწევი) – ინდუისტური პანთეონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალღმერთია. ის არის შივას ერთ-ერთი მეუღლე. სხვადასხვა წარმოდგენების თანახმად, დურგა განასახიერებს გაერთიანებულ ღვთაებრივ ძალას, რათა აღადგინოს თანასწორობა და ჰარმონია, სიმშვიდე და კეთილდღეობა. ინდუისტურ მითებში, დურგა აღწერილია როგორც დემონებთან მებრძოლი ქალღმერთი, ის იცავს ღმერთებს და ასევე სამყაროში წესრიგს. მისი ერთი ერთი ყველაზე დიდი გმირობაა დემონ “მაჰიშასურას” დამარცხება და განადგურება. მითის მიხედვით დემონმა ღმერთები ციდან (სამოთხიდან) გამოაძევა, ვერავინ შეძლო მისი დამარცხება, გარდა ქალმერთისა, რომელიც დემონს 10 დღის განმავლობაში ებრძოდა. ვედურ ლიტერატურაში არაა აღწერილი დურგას მსგავსი ქალღმერთი, თუმცა ცნობებს გვაწვდის სხვა დემონებთან მებრძოლ ქალღმერთებზე, მაგ: ტაიტრია – არანიაკებში. ინდუიზმში დურგა შეერწყა დიდი დედის  კულტს, როგორც ბუნების შემოქმედი და გამანადგურებელი ძალის განსახიერება. შივაიზმსა და ტანტრიზმში, ის განიხილება როგორც შაკტი – შივას ცხოველმყოფელი ძალა. ინდუიზმის მიხედვით, დურგა შეიქმნა როგორც მეომარი ქალღმერთი, რათა შებრძოლებოდა დემონ მაჰიშასურას. ბოროტმა ძალამ მოიცვა მთელი დედამიწა, ზეციური და ქვედა სამყარო. მის ძლევამოსილებასთან შებრძლება ვერ შეძლო ვერც ერთმა ღმერთმა. რჩევისათვის ბრაჰმასთან წავიდნენ, რომელმაც შექმნა დემონი, თუმცა მის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება შეეძლო. ბოლოს ღმერთები ვიშნუსა და შივასთან წავიდნენ. მონათხრობზე განრისხებული ვიშნუსა და შივას სხეულზე მრისხანების სხივები გაჩნდა და ამ სინათლიდან იშვა ქალღმერთი დურგა. როგორც ლეგენა მოგვითხობს, თავდაპირველად დემონმა ვერ შეაფასა დურგა და გაიფიქრა: “როგორ შეუძლია ქალს დამამარცხოს მე, მაჰიშასურა, რომელმაც დავამხე ტრიმუტი (ღმერთების ტრიადა)”. ქალღმერთმა პასუხად ხმამაღლა გაიცინა და მისი სიცილისგან მიწა იძრა. ამან დემონს შეაგრძნობინა დურგას სიძლიერე და გააფთრებული ეცა მას. მაჰიშასურა ფორმებს იცვლიდა და ცდილობდა დაებნია ქალღმერთი. ჯერ კამეჩად გარდაისახა, შემდეგ სპილოდ, ლომად და ადამიანად. ბრძოლის ბოლოს, როდესაც მაჰიშასურა ადამიანიდან ისევ კამეჩად გარდასახვას ცდილობდა და  ნახევრად ადამიანის, ნახევრად კამეჩის ფორმა ჰქონდა, დურგას სხეულიდან  გამოსულმა სინათლე გააშეშა ის, ქალღმერთმა კი მას თავი მოჰკვეთა.

ვეფხვზე ამხედრებული დურგა ამარცხებს მაჰიშასურას.
ვეფხვზე ამხედრებული დურგა ამარცხებს მაჰიშასურას.

ინდურ იკონოგრაფიში დურგა გვევლინება ათ ხელიან ქალღმერთად, რომელიც ამხედრებულია ვეფხვზე ან ლომზე; ხელში უკავია სხვადასხვა თავდაცვისა და თავდასხმის იარაღი; ასევე შივას სამთითა, ვიშნუს დისკო და ა.შ. ისევე როგორც შივა, დურგაც სამთვალიანი ქალღმერთია. მარცხენა თვალი განასახიერებს სურვილს – მთვარე; მარჯვენა მოქმედებას – მთვარე; ცენტრალური ცოდნის სიმბოლოა – ცეცხლი. დურგასადმი მიძღვნილი მანდრები ანადგურებენ უარყოფთ ძალას და გარდაქმნიან მათ დადებითად. დურგას მოაქვს გამარჯვება ყველა წინააღმდეგობაზე, ტკივილზე, ტანჯვაზე. მისი სახელის თითოეულ ასოს მაგიური ძალა მიეწერება. დ – ანადგურებს დემონებს; უ – ანადგურებს წინააღმდეგობებს, რ – უკუაგდებს ავადმყოფობას; გ- ათავისუფლებს ცოდვებისაგან; ა – მოაქვს სიმამაცე. დურგას თაყვანისცემა განსაკუთრებული და სპეციფიურია. მას სწირავენ თხას ან კამეჩს, თუმცა დაშვებულია ასევე ჩიტების, კუს, ვეფხვის მსხვერპლშეწირვა. შეწირული ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს მამალი. დურგასადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაულები იმართება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მათგან გამორჩეულია “დურგა პუჯა”. დურგა პუჯა  დურგა პუჯა არის უდიდესი ინდუისტური დღესასწაული, რომელიც იმართება სექტემბერ-ოქტომბერში. ყოველწლიური ზუსტი თარიღი განისაზღვრება ინდუისტური კალენდრის მიხედვით. დღესასწაულის დროს თაყვანს სცემენ ქალღმერთის ცხრა (ფორმას) გამოვლინებას, თითოეული დღე აგრეთვე ეძღვნება დემონთან ბრძოლის თითო დღეს. დურგა პუჯას დღესასწაულისას, ქანდაკებას მდინარე განგში განბანენ.

დურგა პუჯა - რიტალი როდესაც ქანდაკებას განგში განბანენ.
დურგა პუჯა – რიტალი როდესაც ქანდაკებას განგში განბანენ.

დურგას ატრიბუტები ნიჟარა – “პრანავას” სიმბოლოა, ანუ მას უკავია ხელში ღმერთი, მისი სიტყვის – ხმის სახით. მშვილდი და ისარი – ენერგია, ანუ დურგა აკონტროლებს მის ორივე ასპექტს – კინეტიკურს და პოტენციურს. ელვა – მუდმივობა. დურგას მიმდევრები მტკიცენი უნდა იყვნენ რწმენაში. ელვა ანადგურებს ყველაფერს. მორწმუნე უნდა შეებრძოლოს ნებისმიერ გამოწვევას რწმენის დაუკარგავად და დურგას მეშვეობით გადალახავს სიძნელეებს. ლოტოსის კოკორი – ლოტისს სანსკრიტზე “პაკაჯას” უწოდებენ, რაც ტალახთან დაბადებულს ნიშნავს. ამ ასპექტში ლოტოსი განასახიერებს მომავალ სულიერ განვითარებას. სამთითა – ანუ ტრიშულ, სიმბოლო მოქმედებისა და უმოქმედებისა, ასევე ებრძვის სამი სახის უბედურებას: ფიზიკურს, მენტალურსა და სულიერს. ხმალი – განათლება. ცოდნა გვათავისუფლების ყოველგვარი ეჭვისა და ყოყმანისაგან, რომელსაც ხმალივით სიმკვეთრე აქვს. დისკო – რომელიც დურგას თითის გარშემო ტრიალებს, ყოველგვარი შეხების გარეშე, მიანიშნებს რომ, ყოველივე დურგას ნებას ემორჩილება. pbabd054_durga_slaying_demon