ახდენილი ოცნება – გიზას პირამიდები

გიზას ველი, დიდი პირამიდები, ძველი მსოფლიოს ერთადერთი შემორჩენილი საოცრება – ეს ის სიტყვებია, რომლებიც თითოეულ ჩვენგანში რაღაც დადებითს აღძრავენ, თავგადასავალის წყურვილს გვიჩენენ. გვინდა რომ იქ გავჩნდეთ, აქლემებზე წამოვსკუპდეთ და ჩვენც განვიცადოთ ის საოცარი გრძნობა, რომელსაც პირამიდების დათვალიერება ჰქვია. მაინც რა ქმნის ამ იდუმალ განცდას, გარემოს; რატომ გვიზიდავენ ასე ძალიან, რა ისტორია იმალება 4400 წლის წინანდელ ნეკროპოლისში? მინდა რომ ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, თუ როგორ ავიხდინე მთელი ცხოვრების ოცნება და 4 წლის წინ პირველად ვესტუმრე პირამიდებს. თებერვალი მას შემდეგ ჩემი უსაყვარლესი თვეა, სწორედ მაშინ შევხვდით ერთმანეთს მე და მარადისობა 🙂

ფარაონების IV დინასტიიდან მოყოლებული ხეოფსის, ხაფრასა და მენკაურას პირამიდები, გიზას ველზე აოცებდნენ მნახველებს, კიდევ ერთხელ ახსენებდნენ ადამიანებს, რომ მათ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. გიზას ველზე სამი უდიდესი პირამიდის გარდა, ასევე მდებარეობს უდიდესი ნეკროპოლისი, რომელიც მოიცავს სარიტუალო გზებს, დედოფლების პირამიდებს, სულის მოსახსელებელ ტაძრებს, დიდებულთა მასტაბებს და ა.შ. შევეცდებით შეძლებისდაგვარად ყველაფერს ერთად მოვუყაროთ თავი, გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება და საინტერესო, სასარგებლო რჩევებიც მოგცეთ გიზას ველზე მოგზაურობასთან დაკავშირებით.
პირამიდები ყოველთვის იზიდავდა როგორც მეცნიერებსა და არქეოლოგებს, ასევე თავგადასავლების მაძიებლებსა და ავანტიურისტებს. მე-19 საუკუნიდან დაწყებული, არაერთი არქეოლოგიური მისია მუშაობდა ველზე, და თანდათან, ნაწილ-ნაწილ ეხდება ფარდა პირამიდების ისტორიას, მათი მშენებლების ყოველდღიურ ცხოვრებას, რწმენა-წარმოდგენებსა და უამრავ ისეთ დეტალს, რომელსაც მეცნიერები ვერსოდეს წარმოიდგენდნენ.

ერთ დღეს ჩემს ცხოვრებაშიც გათენდა ის ბედნიერი დღე, როდესაც გიზას დიდი პირამიდის ნახვა შევძელი. პირველი რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ ისაა, რომ რაც შეიძლება ადრე წახვიდეთ გიზაზე. კაირო მსოფლიოში ალბათ პირველობას არავის დაუთმობს ქალაქში საცობებით. გიზას ველზე შესასვლელი ბილეთი მხოლოდ არქეოლოგიურ ტერიტორიაზე შესვლის ნებას გაძლევთ. თუ გინდათ უშუალოდ პირამიდების შიგნით შესვლა, ხუფუს ნავის დათვალიერება და ა.შ. დამატებითი ბილეთის აღება მოგიწევთ. ან უბრალოდ მცველებად დაყენებულ მამაკაცებს ეგვიპტური 10-15 ფაუნდი გადაუხადეთ და უპრობლემოდ შეგიშვებენ ყველგან. მონდომებულ გიდობასაც გაგიწევენ. თუმცა ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება ნაკლები იკონტაქტოთ მათთან.

გიზას ველზე შესული არ ხარ, რომ თავს გაბეზრებენ.. ზოგი აქლემზე კატაობას გთავაზობს, ზოგი ცდილობს ქანდაკებები ან წყალი მოგყიდოს. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რაც ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ, მით მალე მოგეშვებიან და მოგცემენ საშუალებას ადგილით დატკბეთ. თუმცა თუ ცნობილი სამი პირამიდის პანორამას (იხ. ქვემოთ) ნახვა გინდათ, მაშინ აქლემისა და ცხენის დახმარება ნამდვილად დაგჭირდებათ. ფასი დაახლ. 300 ფაუნდიდან იწყება და შეგიძლიათ 50 ფაუნდამდე ჩამოიყვანოთ 🙂

გიზას ველი, სამი პირამიდის პანორამა
გიზას ველი, სამი პირამიდის პანორამა

ახლა საინტერესო დეტალები ხუფუს პირამიდის შესახებ.

ხუფუს პირამიდა – მეოთხე დინასტია, ძვ.წ. 2560წ. – ეგვიპტის ისტორიაში აგებული ყველაზე დიდი პირამიდა, ცნობილი იყო „ახეტ ხუფუს“ ანუ „ხუფუს ჰორიზონტის“ სახელით.  ნაგებობა შესრულების პედანტური სიზუსტით, მისი მასშტაბურობით, ყოველთვის აღაფრთოვანებდა მნახველს, ზუსტად ამიტომ ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების სათავეში მოექცა და დღევანელ დღემდე ერთადერთი შემორჩენილი მათგანია.

 

კარტუშში წერია
კარტუშში წერია “ხუფუს ჰორიზონტი, რაც პირამიდის ოფიციალური სახელი იყო.

გასაკვირია, მაგრამ ხუფუს გრანდიოზულ პირამიდაში არსადაა მისი სახელი დაწერილი ან მოხსენიებული. საერთოდ პირამიდის შიდა ინტერიერი ყველანაირი დეკორისაგან თავისუფალია. მეფის პალატის ზემოთ, გრანიტის ფილები  ხუთ ფენადაა დაწყობილი. სწორედ მათ შორისაა მწვანე ფერით გაკეთებული წარწერა “ახეტ ხუფუს”. მწვანე ფერი ეგვიპტეში განახლებას, გაცოცხლებას ნიშნავდა. სწორედ ამიტომ გამოსახავდნენ ღმერთ ოსირისს მწვანე ფერით.გრანიტის ფილებს შორის ასევე ვხვდებით სხვადასხვა წარწერებს, რომლებიც მუშებმა აქ ოდესღაც დატოვეს. შეგახსენებთ, რომ პირამიდას 25 000 ეგვიპტელი მუშა აგებდა. 25 000 მუშა 25 ბრიგადად იყოფოდა; ბრიგადა 1000 კაცისაგან შედგებოდა, ხოლო ბრიგადა 5 კოლონად იყოფოდა. ეს საშუალებას იძლეოდა მშენებლობის დროს ორგანიზება მაღალ დონეზე მომხდარიყო. აქ, ამ კამერაში მუშებმა თავისი კოლონების სახელები ჩამოწერეს, მაგ: “ხუფუს მეგობრები”, “სრულყოფილება”, “მწვანე ბრიგადა” და ა.შ.

პირამიდის თავდაპირველი სიმაღლე 147 მეტრი იყო, თუმცა წვერის 10 მეტრიანი ქვის მოშორების შემდეგ, მისი სიმაღლე რა თქმა უნდა შემცრიდა. არაა შემორჩენილი არც თეთრი კირქვა, რომლითაც ოდესღაც პირამიდა იყო მოპირკეთებული. მშენებლობის დროს გამოიყენეს 2,5 მილიონი ქვა, რომელთაგან თითოეულის წონა 2,5 ტონაა. ქვის წყობა 210 მწკრივადაა დალაგებული.

პირამიდაში დღესდღეობით ჩრდილოეთით გაკეთებული შესასვლელიდან შევდივართ, რომელიც ოდესღაც მძარცველებმა გათხარეს ხალიფატის დროს. დაახლ. 38 მეტრის შემდეგ „დიდ გალერეაში“ შევდივართ, გალერეის ავლის შემდეგ კი საბოლოოდ შევდივართ მეფის სამახ კამერაში, რომელიც სამწუხაროდ არქეოლოგებს ცარიელი დაუხვდათ, თუმცა გრანიტის სარკოფაგი დღემდე დგას სამარხი კამერის ცენტრში.

გიზას დიდი პირამიდა. აგებული ხუფუს (ხეოფსის მერ)
გიზას დიდი პირამიდა. აგებული ხუფუს (ხეოფსის მერ)

პირამიდისაგან გასნხვავებით, პირამიდის აღმოსავლეთით მდებარე საკულტო ნაგებობები ცუდადაა შემონახული. დღედე შეგვიძლია ვნახოთ სულის მოსახსენებელი ტაძრის შავი ბაზალტის იატაკი.

დედოფლების პირამიდები
ხუფუს პირამიდის კომპლექსიში შედის ასევე სამი პირამიდა, რომლებიც დედოფლებისთვისაა აგებული. მცირე პირამიდები, ცენტრალურის აღმოსავლეთით მდებარეობს, საკმაოდ დაზიანებულნი არიან, თუმცა თუ ინტერესის გულისათვის მათ დათვალიერებას შიგნიდანაც მოისურვებთ, იმედგაცრუებული ნამდვილად არ დარჩებით.

GG1a ჰეტეპჰერესის პირამიდა
პირამიდის სიმაღლე 29 მეტრია, დროთა განმავლობაში წვერის ორ მეტრიანი ქვა დაიკარგა. ფუძის სიგრძე 45,4 – 47,4 მეტრია. ეს იყო საფეხურებიანი პირამიდა, რომელიც ყვითელი კირქვით ააგეს და ხუფუს, მისი მეუღლის პირამიდის მსგავსად თეთრი კირქვით მოაპირკეთეს. პირამიდის შესასვლელი ჩრდილოეთითაა. სამარხი კამერა მიწისქვეშაა ამოკვეთილი, ამიტომ გვირაბში ძრომიალისას დიდი ძალისხმევა გჭირდება საკუთარი თავის შესაკავებლად. სამწუხაროდ არქეოლოგებს ამ სამარხ კამერაში სარკოფაგი არ აღმოუჩენიათ და არც არაფერი მიუთითებს, რომ ის ოდესმე გამოუყენებიათ.

პირამიდის აღმოსავლეთ კედელთან სულის მოსახსენებელი ტაძარი მდებარეობდა, რომლის ძალიან მცირე ნაწილი დღემდეა შემორჩენილი. სამხრეთით მდებარეობს ორი სარიტუალო ნიშა და აქვეა ნავისათვის განკუთვნილი ორმო, თუმცა ნავს ვერსაც მაიგნეს.

გიზა, ხუფუს დედოფლების პირამიდები. გიზა, ხუფუს დედოფლების პირამიდები.

G1b მერიტეტისი
დედოფალ მერიტეტისის პირამიდა, გეგმით ძალიან წააგავს ჰეტეპჰერესის პირამიდას. პირამიდაში შესასვლელი ჩრდილოეთითაა, კამერაც მიწისქვეშ. ამ პირამიდასაც ჰქონდა სულის მოსახსენებელი ტაძარი და ნავის ორმო. პირამიდა ზომითაც თითქმის წინამორბედს ემთხვევა.

G1c ჰენუტსენის პირამიდა
ამ პირამიდის კომპლექსი იმითაა საინტერესო, რომ მეცნიერთა აზრით ის ტავდაპირველ გეგმაში არ შედიოდა, მისი აგება მხოლოდ შემდეგ,ხაფრას მმართველობის დროს მოხდა. ფარაონმა პატივი მიაგო დედას – ჰენუტსენს, რომელიც რა თქმა უნდა ხუფუს ცოლი გახლდთ. ზუსტად იმეორებს ხუფუს ორი დედოფლის პირამიდის ფორმებს.

GG1d კას პირამიდა
ხუფუს კას პირამიდის აღმოჩენა 1994 წელს მოხერხდა, დიდი პირამიდის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს. მცირე ზომის პირამიდისაგან მხოლოდ ქვის სამი წყობაღაა შემორჩენილი. შესასვლელი T-ს ფორმისაა და გვირაბის ბოლოს, მართკუთხა სამარხში ჩავდივართ. აქვეა ნავისათვის განკუთვნილი ორმოც. დღესდღეობით მნახველთათვის ეს პირამიდა დახურულია.

მზის ნავი, აღმოჩენილი ხუფუს პირამიდასთან დღესდღეობით ნავი გიზას ველზე მოწყობილ მუზეუმშია გადატანილი.

მზის ნავი
1953 წელს, ეგვიპტელმა არქეოლოგებმა დიდი პირამიდის მახლობლად, 17 მეტრზე ქვით გადახულულ სამალავში 35მ სიგრძის ნავი აღმოაჩინეს, ორმხრივი ნიჩბებით. ნავის სიგანე ცენტრში 6 მეტრია, დამზადებულია კედრის ხისაგან. ნავის დასაჯდომზე ჭილოფი იყო დაფენილი ფარაონისათვის.

ფარაონები მიწიერ ღმერთებად ითვლებოდნენ, ამიტომაც მათ ყველა პრივილეგია იმქვეყნიურ სამყაროშიც სჭირდებოდათ. ეგვიპტელთა რწმენით, ფარაონი გარდაცვალების შემდეგ ამ ნავით ზეციურ ნილოსში იცურებდა. აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მზის ნავი პირამიდის კომპლექსში მოგვიანებით დაამატეს. არქეოლოგიური გათხრებისას, გადახურვაზე აღმოჩნდა ხუფუს ვაჟის – ჯედეფრის კარტუში. აღმოჩნდა, რომ მემკვიდრემ მამის იმქვეყნიურ ცხოვრებაზე ზრუნვა მისი სიკვდილის შემდეგაც კი არ შეწყვიტა და კედარის ნავი ჩააყოლა.

და ბოლოს, არ შეიძლება ამ საოცრების შემქმნელს არ შევეხო.

ჰემიუნი, ხემიუნი - გიზას პირამიდის არქიტექტორი.

 ეს ჩასუქებული ბიძია ჰემიუნია (ხემიუნი), გიზას დიდი პირამიდის არქიტექტორი. სწორედ მისი ნიჭისა და ცოდნის დამსახურებაა, რომ გიზას დიდი პირამიდა კვლავ აოცებს მნახველებს. დღემდე მასთან ინახება ის საიდუმლო, თუ როგორ ააგეს დიდი პირამიდა.
ჰემიუნი სამეფო ოჯახში დაიბადა, ის იყო ნეფერმაატისა და იტეტის ვაჟი; პირამიდების უდიდესი მშენებლის სნეფერუს შვილიშვილი და ხუფუს (ხეოფსის) ნათესავი. მას ჰყავდა ორი და და საკმაოდ ბევრი ძმა, დაახლ 12.
მთავარი არქიტექტორის სამარხი გიზას ველზე, ხუფუს პირამიდის მახლობლად მდებარეობს, სამარხი მოხატულია მისი ცხოვრების ამსახველი სცენებით, დეტალურადაა აღწერილი მისი მიღწევები სამეფო კარზე და დაწერილია მისი ტიტულები. გარდა მთავარი არქიტექტორისა, ჰემიუნი ხდება სამეფო ვეზირი, მამის, ნეფერმაატის გარდაცვალების შემდეგ.  კარგად შემონახული ქანდაკება დღეს გერმანიაში ინახება, თუმცა კაიროს მუზეუმის გახსნისათვის, დროებით ისევ სამშობლოს დაუბრუნდება.

მზის ჩასვლა ხუფუს პირამიდასთან.

თუ გსურთ რომ ჩემი რჩევა გაითვალისწინოთ, მაშინ ბედუინს კარგად შეევაჭრეთ, შემდეგ კი პანორამას სანახავად წადით, აუცილებლად!!! სწორედ იქიდან იშლება საუკეთესო ხედი დიდ პირამიდებზე, ბედუინები მონდომებით გაგიშლიან ხალიჩას, გაგიკეთებენ ჩაის და თქვენ საშუალება გექნებათ დატკბეთ მსოფლიოში ულამაზესი მზის ჩასვლით.

Advertisements

აბუ სიმბელის ტაძარი

რამზეს დიდის მიერ აგებული აბუ სიმბელის ტაძარი მასიურ კლდეშია ნაკვეთი, რაც ეგვიპტურ სატაძრო არქიტექტურაში უნიკალური შემთხვევაა. კომპლექსი დიდი და მცირე ტაძრებისაგან შედგება. დიდი ტაძარი, რომელსაც ფარაონის 4 მჯდომარე უზარმაზარი ქანადაკება ამშვენებს, ღმერთ პტაჰს, ამონ-რასა და რა-ჰორახტეს ეძღვნება; მცირე ჰათორის ტაძარი ეგვიპტის დედოფალს, რამზესის უსაყვარლეს ცოლს — ნეფერტარის მიეძღვნა. ტაძრის ფასადს ფარაონის და მისი ოჯახის წევრების ქანდაკებები ამშვენებს. ცენტრალური ადგილი უკავია რამზესის ოთხ მჯდომარე ქანდაკებას, ქანდაკების ქვედა ნაწილში წარმოდგენილია მისი მეუღლეების და ქალიშვილების შედარებით მცირე ზომის ქანდაკებები.

აბუ-სიმბელის დიდი ტაძრის ფასადი
აბუ-სიმბელის დიდი ტაძრის ფასადი

ტაძარი 32 საუკუნის წინ გამოკვეთეს, თუმცა დაახლოებით 20 საუკუნე ქვიშაში ჩაფლულმა გაატარა. მხოლოდ მე-19 საუკუნეში ხელმეორედ აღმოაჩინა შვეიცარიელმა მოგზაურმა იოჰან ბორჰარდტმა. ევროპელ მოზაურებს იმ დროს დიდად არ სწყალობდნენ ქალაქ დერის ზემოთ, ამიტომ მან ისლამი მიიღო და ადგილობრივებთან ერთად ნილოსის სამხრეთით დაიწყო მოგზაურობა. პირველად მან ტაძარი 1813 წლის 22 მაისს მოინახულა. 1817 წლის 1 აგვისტოდან კი იტალიელმა მკვლევარმა ბელცონიმ მისი ქვიშისაგან გაწმენდა დაიწყო.

როგორც წერილობითი წყაროებიდან ირკვევა, რამზეს II-ის მეფობის 24-ე წელს დასრულდა ტაძრის მშენებლობდა და სამეფო ოჯახი ნუბიისაკენ გაემგზავრა, რათა ტაძრის კურთხევის ცერემონიალს დასწრებოდა. აქ იყო რამზესის უსაყვარლესი ცოლი ნეფერტარი, პრინცესა მერიტამონი, ბენთჰანა, ისეტნოფრეტი და ა.შ.

აბუ-სიმბელის დიდი ტაძრის ფასადი აღმოსავლეთითაა. მისი სიგრძე 70 მეტრია, სიგანე 38, სიმაღლე კი 33 მეტრი. დიდი ტაძრის ფასადი დამშვენებულია რამზესის ოთხი, 20 მეტრიანი კოლოსით. კოლოსების ფეხებთან, წარმოდგენილნი არიან ფარაონის ოჯახის წევრები. სამხრეთით მდებარე პირველი კოლოსის მარცხენა ფეხთან დედოფალი ნეფერტარია; მარჯვენა ფეხთან რამზესის დედაა; შუაში კი რამზესის პირველი ვაჟის ამუნ-ჰერ ხოფშეფია. მეორე კოლოსი სამხრეთით, მარცხნივ პრინცესა ბენთჰანა, ხოლო მარჯვენა მხარეს მდგომარე ქანდაკების ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, სავარაუდოდ დედოფალი ისის-ნოფრეტია.

ჩრდილოეთიდან პირველი კოლოსის ფეხთან კვლავ დედოფალი ნეფერტარია, აქვეა პრინცესა ბეკეტ-მუტის ქანდაკება, შუაშუ კი პრინცი პამსესი. ჩრდილოეთის მეორე კოლოსთან წარმოდგენილნი არიან პრინცესა მერიტამუნი, რამზესის დედა და პრინცესა ნოფრეტარი.

ფასადის ზედა ნაწილში გამოკვეთილია ბაბუინის ქანდაკებები. აქვეა წარწერა: “მობრძანდი ამომავალო მზეო”.

640px-SFEC_EGYPT_ABUSIMBEL_2006-001

ამომავალი მზის პირველი სხივები ეფინებოდა ფასადს და ანათებდა ტაძრის შიდა დარბაზს, რომელშიც ოსირისისეული ქანდაკებებია. შესასველიდან 65 მეტრის დაშორებით არის მთავარი სამლოცველო (4X7 მმ). სამლოცველოში რამზესის, ამონ-რას, რა-ჰორახტესა და პტაჰის ქანდაკებებია, წელიწადში ორჯერ, 21 ტებერვალსა და 19 ოქტომბერს, ამომავალი მზის სხივები აღწევდა საკურთხევლამდე და 20 წუთის განმავლობაში ანათებდა ამონ-რას, ფარაონ რამზესსა და რა-ჰორახტეს, ხოლო პტაჰი, როგორც სამყაროს შემქმნელი, კვლავ ბნელში რჩებოდა.

Abu-Simbel-Interior-e1366640685936

ტაძრის რელიეფებზე გამოსახულნი არიან რამზესის ოჯახის წევრები, მისი ვაჟები, რომლებითაც ფარაონი ამაყობდა და მის მიერ აგებულ თითქმის ყველა ტაძრის კედლებზე ბრძანა მათი რელიეფების ამოკვეთა. რელიეფზე პირველი ამუნ-ჰერ ხოფშეფია, მეცამეტი კი მომავალი ფარაონი, მერენეპტაჰია. აბუ-სიმბელის ტაძარი გამოირჩევა ისტორიული მოვლენების აღწერილობის სიუხვით, ჩრდილოეთ კედელზეა რამზესის ხეთებთან ბრძოლის სცენები.

დიდი ტაძრის მარჯვნივაა მცირე ტაძარიც, რომელიც დედოფალ ნეფერტარისადმია მიძღვნილი. მცირე ტაძრის ფასადთან ფარაონის ექვსი ფეხზე მდგარი ქანდაკებაა აღმართული. ქანდაკებებს შორის ნეფერტარის გამოსახულებებია. ფასადის თავზე გაკეთებულია ქარწერა: “ის ვისთვისაც მზე ანათებს”.

1024px-Abu_Simbel_Small_temple_2

აბუ-სიმბელის ტაძარი ასევე მსოფლიოში ცნობილი იუნესკოს გრანდიოზული პროექტის გამო, როდესაც ნუბიური ძეგლების გადატანა მოხდა, რადგან ასუანის კაშხლის მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიტბორებოდა. მეცნიერებმა დაგეგმეს და განახორციელეს გრანდიოზული პროექტი, როდესაც ძეგლები დაანაწევრეს, უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს და თავიდან ააგეს.

640px-Abusimbel

აბუ სიმბელის ტაძრის გადატანის პროცესი
აბუ სიმბელის ტაძრის გადატანის პროცესი

ძველი ეგვიპტე

მდინარე ნილოსმა 5000 წლის წინ წარმოშვა მსოფლიოს ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი კულტურა – ძველი ეგვიპტე. 3000 წლის განმავლობაში ქვეყანა იმართებოდა ფარაონების მიერ. ეგვიპტელებმა შექმნეს საინტერესო ხელოვნების ნიმუშები, ააშენეს უდიდესი ქვის მონუმენტები და განავითარეს მსოფლიოში პირველი სახელმწიფო. ისინი თავის ქვეყანას “კემე-ს” – შავ ქვეყანას უწოდებდნენ. მათ შექმნის 365 დღიანი კალენდარი, დამწერლობა – იეროგლიფები. ააშენეს საოცარი სამარხები, რომელთა უმრავლესობა დღემდეა შემორჩენილი და აოცებს მნახველს… თუმცა მათ სიკვდილის არ ეშინოდათ, უბრალოდ მათ ძალიან უყვარდათ სიცოცხლე და არ უნდოდათ მისი დათმობა არც იმქვეყნიურ სამყაროში. სამარხების კედლის მხატვრობა მოგვითხრობენ ისტორიას ოსირისის შესახებ, რომელიც მოკლა და 42 ნაწილად დააქუცმაცა მისმა ძმამ – სეთმა. მისმა მეუღლემ, ქალღმერთმა ისიდამ, შეაგროვა და შეაერთა მისი ნაწილები, ოსირისი მკვდრეთით აღსდგა. ძველ ეგვიპტელებს სწამდათ, რადგან ოსირისი მოკვდა და მკვდრეთით აღსდგა, მათაც შეეძლო უკვდავებისთვის მიეღწიათ. ოსირისი ერთ–ერთი იყო იმ უამრავი ღმერთისგან, რომელთაც ძველი ეგვიპტელები ეთაყვანებოდნენ. ამონ–რა მზის ღმერთი, მთავარ ადგილს იკავებდა ეგვიპტურ პანთეონში, ანუბისი – მიცვალებულთა ღმერთი და მფარველი იყო… ეგვიპტელებს სწამდათ სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ. ამიტომ ცდილობდნენ სხეული შეენახათ და დაეცვათ გახრწნისაგან, რათა შეძებოდათ მასში კვლავ სიცოცხლის გაგრძელება. სწორედ ამიტომ ხდებოდა გარდაცვლილის მუმიფიკაცია. მუმიას სარკოფაგში ათავსებდნენ, რომელიც მაგიური შელოცვებით იყო დაფარული. სარკოფაგს სამარხში ათავსებდნენ. რაც კი სამარხში თავსდებოდა ითვლებოდა რომ, გარდაცვლილს იმქვეყნიური სამყაროს ყოველდღიურობაში გამოადგებოდა. ამიტომ ატანდნენ ფარაონებს ულამაზეს ავეჯს, სამკაულებს, ძვირფასეულობას და მასიურ ხის ნავებსაც კი, რათა ფარაონს ზეციურ ნილოსზე ცურვა შეძლებოდა.

ღმერთ ოსირისის გამოსახულება დედოფალი ნეფერტარის სამარხიდან. ოსირისის სახე და ხელები მწვანე ფერეთაა დაფარული, მწვანე ფერი ძველ ეგვიპტეში აღდგენის, განახლების სიმბოლო იყო.
ღმერთ ოსირისის გამოსახულება დედოფალი ნეფერტარის სამარხიდან. ოსირისის სახე და ხელები მწვანე ფერეთაა დაფარული, მწვანე ფერი ძველ ეგვიპტეში აღდგენის, განახლების სიმბოლო იყო.

ძველ ეგვიპტურმა კულტურამ უდიდესი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ძველი აღმოსავლეთის, არამედ ანტიკურ ქვეყნებზეც.ძველ ეგვიპტეს გარე სამყაროსთან მხოლოდ სუეცის არხის ვიწრო ზოლი აკავშირებდა. ამგვარმა იზოლაციამ განაპირობა ქვეყნის თავისებურება და თვითმყოფადობა, რაც გამოვლინდა როგორც დამწერლობასა და ლიტერატურაში, ასევე რელიგიაშიც.

პირველი ფარაონი ლეგენდარული პიროვნება – მენესია. გადმოცემის მიხედვით მან ძვ.წ 3100 წელს ზემო და ქვემო ეგვიპტე გააერთიანა და უკვე იწყება ერთიანი ეგვიპტის სახელმწიფოს ისტორია.

ე.წ. ნარმერის ფილა, რომელზეც გადმოცემულია ეგვიპტის გაერთიანების ისტორია.
ე.წ. ნარმერის ფილა, რომელზეც გადმოცემულია ეგვიპტის გაერთიანების ისტორია.

პირველი ეგვიპტური წარწერები ჩნდება დაახლოებით ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისში ჩნდება, ესენი იყო მოკლე სამეფო ჩანაწერები. შემდგომში იქმნება სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრები: ავტობიოგრაფიები, რელიგიური ტექსტები, დიდაქტიკური ჟანრის ნაწარმოებები, იგავი, ზღაპარი და სასიყვარულო ლირიკა. მსოფლიოში პირველი ავტობიოგრაფია ეკუთვნის ვინმე მეჩენს, რომელიც დაახლოებით 4600 წლის წინანდელია და მოგვითხრობს ავტორის კარიერის აღმავლობაზე უბრალო გადამწერიდან, მაღალი ოფიციალური პირის თანამდებობამდე.

ფარაონ უნასის პირამიდის ინტერიერი. სწორედ ამ პირამიდაშია აღმოჩენილი უძველესი წარწერები პირამიდებში.
ფარაონ უნასის პირამიდის ინტერიერი. სწორედ აქაა აღმოჩენილი უძველესი წარწერები პირამიდებში.

რაც შეეხება რელიგიურ ტექსტებს, უძველესი მათგანი „პირამიდების ტექსტების“ სახელითაა ცნობილი და წარმოადგენენ მაგიური ჰიმნებისა და შელოცვების კრებულს, რომელთა დანიშნულება იყო, გაეადვილებინათ მიცვალებული ფარაონისათვის „დასავლეთში“ წასვლა და იქ დამკვიდრება. შემდგომში პირამიდების ტექსტები გადადის ჯერ სარკოფაგებზე, შემდეგ კი პაპირუსებზე. ამ უკანასკნელზე შესრულებული ტექსტები „მიცვალებილთა წიგნის“ სახელითაა ცნობილი.

მიცვალებულთა წიგნი, ამ თავში აღწერილია გარდაცვლილის გულის აწონვის ცერემონია.
მიცვალებულთა წიგნი, ამ თავში აღწერილია გარდაცვლილის გულის აწონვის ცერემონია.

ეგვიპტური რელიგია საკმაოდ კომპლექსური და მრავალფეროვანია. მთელს ეგვიპტეში გავრცელებული და აღიარებული კულტის ღვთაებებთან ერთად, თითოეულ ნომში ეთაყვანებოდნენ საკუთარი პანთეონის ღვთაებებსაც.

ეგვიპტური რწმენის თანახმად, ადამიანის დედამიწაზე სიცოცხლე მისი ცხოვრების მცირე ეპიზოდი იყო, რომელიც სიკვდილის შემდეგ „დასავლეთის ქვეყანაში“ ანუ „იალუს მინდვრებზე“ გრძელდებოდა. სიკვდილის მომენტში მისი სულიერი საწყიდი „ბა“ სცილდებოდა მატერიალურ სხეულს, ხოლო დასავლეთში გადანაცვლების შემდეგ, ისევ უერთდებოდა. თუ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხდებოდა სხეულის და ბას შეერთება, სული სამუდამოდ მიუსაფარი რჩებოდა. ამის გამო ენიჭებოდა სხეულის შენახვას უდიდესი მნიშვნელობა. ამგვარმა შეხედულებებმა წარმოშვა ეგვიპტეში მუმიფიცირების ტრადიცია.

ეგვიპტის ხსენებაზე ალბათ ყველას პირამიდები წარმოუდგება თვალწინ, როგორც იცით, პირველი პირამიდა აშენდა  ფარაონ ჯოსერის მეფობის დროს. პირამიდის არქიტექტორი იყო იმხოტეპი. მან პირველად გამოიყენა საშენ მასალად ქვა. მანამდე ფარაონთა სამარხები გამომწვარი აგურით შენდებოდა, მათ „მასტაბები“ ეწოდებოდა. იმხოტების მიერ აგებული პირამიდა „საფეხუროვანი პირამიდის“ სახელითაა ცნობილი და 7 ერთმანეთზე მიდგმულ მასტაბს მოგვაგონებს.

პირამიდების წინამორბედი სამეფო სამარხები, რომელტაც მასტაბებს უწოდებენ. მასტაბა არაბულად სკამს ნიშნავს და ასე მისი ფორმის გამო დაარქვეს.
პირამიდების წინამორბედი სამეფო სამარხები, რომელტაც მასტაბებს უწოდებენ. მასტაბა არაბულად სკამს ნიშნავს და ასე მისი ფორმის გამო დაარქვეს.
ძველი და თანამედროვე ეგვიპტის სიმბოლოდ ქცეული გიზას პირამიდები
ძველი და თანამედროვე ეგვიპტის სიმბოლოდ ქცეული გიზას პირამიდები

რაც შეეხება ეგვიპტური ხელოვნების უძველეს ნიმუშებს, ისინი დაახლოებით ძვ. წ.  V-IV ათასწლეულით თარიღდება. როდესაც ეგვიპტე ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო, დაახლ. ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში, ეგვიპტურ ხელოვნებას და კულტურას განვითარების საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდა გავლილი. ადრეული პერიოდიდანვე განვითარდა ქანდაკება და ფერწერა. მათი კანონები ძირითადად უცვლელი დარჩა ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში. მიცვალებულთათვის სკულპტურული გამოსახულების დამზადებამ ხელი შეუწყო სკულპტურული პორტრეტის საოცარ განვითარებას. ეგვიპტური ხელოვნება მეწინავე იყო ძველი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ხელოვნებასთან შედარებით.

რელიეფის დეტალი ჰატშეპსუტის ტაძრიდან.
რელიეფის დეტალი ჰატშეპსუტის ტაძრიდან.

ძველეგვიპტელთა დამსახურება საოცრად დიდია მსოფლიო კულტურის წინაშე, რომლის განვითარება ძნელია წარმოვიდგინოთ ძველეგვიპტელთა მიღწევების გარეშე. ამის დასტურია უამრავი არქეოლოგიური მასალა და საოცარი პირამიდები, რომელთა წაინაშე დროც კი უძლურია.

დეირ ელ-ბაჰრი – ის რაც აქამდე არ იცოდით

  დედოფალი ჰატშეპსუტის სახელს არაერთი გრანდიოზული არქიტექტურული ანსამბლი და ამბიცური პროექტი უკავშირდება. თვით მისი პიროვნება, ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობია ძველი ეგვიპტის ისტორიაში. ქალი რომელიც გახდა ფარაონი; მან თავი წარმოადგინა როგორც ტახტის სრულუფლებიანმა მემკვიდრემ და ამონ-რას შვილმა. ისევე როგორც მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო გამორჩეული, მისი სულის მოსახსენებელი ტაძარიც სრულიად რევულუციური პროექტი იყო იმ დროისათვის.

hatshepsutbust
დედოფალი ჰატშეპსუტი      
დედოფალის ბრძანებით ძვ.წ XVI საუკუნეში დაიწყო ნახევრად კლდეში ნაკვეთი დეირ ელ-ბაჰრის ტაძრის მშენებლობა. წარწერებში ვკითხულობთ და ეს არქეოლოგიური კვლევებითაც დასტურდება, რომ ნილოსის სანაპიროდან 7კმ-ის სიგრძეზე მიემართებოდა სარიტუალო გზა, მის ორივე მხარეს ყოველ 10 მეტრში იდგა ქვის სფინქსი, რომელიც შემკული იყო ფარაონის ატრიბუტიკით და პორტრეტული სახე ჰქონდა.

სულის მოსახსენებელი ტაძარი კლდის ძირში, სამ ტერასაზეა განლაგებული. ტაძრის ფასადი ოთხკუთხედი სვეტებითაა გაფორმებული, რომლებიც ტერასებზე მიდგმული პანდუსის ორივე მხარესაა განლაგებული და ოსირისის უზარმაზარი ქანდაკებებითაა გაფორმებული.

ტაძარი დაფარულია ჰატშეპსუტის ცხოვრების ამსახველი სცენებით. აქაა მისი დაბადება, მისი დედის იაჰმოსის ღმერთ ამონ-რასთან საკრალური ქორწინება, მისი ფარაონად კურთხევა; დედოფალი ჰათორისაგან იღებს მფარველობას. ტაძრის პირველ ტერესაზე, სამხრეთ ნაწილში გამოსახულია დედოფლიეს მიერ პუნტის ქვეყანაში გაგზავნილი ექსპედიციის სცენები.

უცხოელი დედოფლის რელიეფი, დეირ ელ-ბაჰრის პირველი ტერასა.
უცხოელი დედოფლის რელიეფი, დეირ ელ-ბაჰრის პირველი ტერასა.

ჰატშეპსუტის მიერ მოწყობილი პუნტის ექსპედიციის ამსახველი რელიეფები. დეირ ელ-ბაჰრის ტაძარი
ჰატშეპსუტის მიერ მოწყობილი პუნტის ექსპედიციის ამსახველი რელიეფები.
დეირ ელ-ბაჰრის ტაძარი სვეტებით შემკულ სამლოცველეობში დაახლ. 400 სხვადასხვა ზომის ქანდაკება იყო განთავსებული, მათ შორსი 22 სფინქსი, 40-მდე ოსირისისა და 30-მდე დედოფლის ქანდაკება იყო. წარწერებიდან ვიგებთ, რომ ტაძრის გარეთა შესასვლელს ამშვენებდა გრანდიოზული კარი, რომელიც ოქროთი და ვერცხლით იყო მოპირკეთებული, შიგნითა კარი კედარის ხისა იყო. არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს ბრწყინვალედ გაფორმებული მონუმენტური მოაჯირები, რომელთა საშუალებითაც სამ ტერესაზე აღმართული ტაძრის პირველი, მეორე და მესამე ეზოები და სამლოცველოები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. კიბის მოაჯირის ქვედა ნაწილი წარმოადგენს კობრას თავს, რომლის დაკლაკნილი ტანი ზემოთ მიუყვება ტერასაზე შედგმულ უზარმაზარ მოაჯირს. გველს ზურგზე შევარდენი აზის. ეს კომპოზიცია განასახიერებდა ეგვიპტის ერთიანობას.

ჰატშეპსუტის ტაძრის მთავარი არქიტექტორია სენმუტი, ხოლო ტაძრის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ხელმძღვანელობდა თხუტი.

სამლოცველოები მიძღვნილია ამონისადმი, ანუბისისა და ქალღმერთ ჰათორისადმი. ქალღმერთი ჰათორი დედოფალ ჰატშეპსუტის მფარველად ითვლებოდა. მისი გამოსახულებები მრავლადაა ტაძრის სამლოცველოებში, სვეტის კაპიტელები ასევე ბოლოვდება ჰათორის გამოსახულებებით.

სამლოცველოების კედლები დაფარულია რელიეფებით, ჭერიც მთლიანად მოხატულია. რელიეფებზე დედოფალი გამოსახულია ღმერთებთან ერთად. თუმცა მრავალი მათგანი დაზიანებულია თუტმოს III-ის მართველობის დროს, უმეტესად ჰატშეპსუტის გამოსახულებები წაშლილია, ასევე განადგურებულია კარტუშები მისი სახელებით.

ნეხბეტისა და სამეფო გველების გამოსახულება რელიეფზე
ნეხბეტისა და სამეფო გველების გამოსახულება რელიეფზე

ჰატშეპსუტის წაშლილი გამოსახულება
ჰატშეპსუტის წაშლილი გამოსახულება

ამ ადგილას კედარის ხე იდგა, რომელიც პუნტის ექსპედიციიდან იქნა ჩამოტანილი
ამ ადგილას კედარის ხე იდგა, რომელიც პუნტის ექსპედიციიდან იქნა ჩამოტანილი

დეირ ელ-ბაჰრის ტაძარი მზის ამოსვლისას
დეირ ელ-ბაჰრის ტაძარი მზის ამოსვლისას

დეირ ელ-ბაჰრის ტაძარი
დეირ ელ-ბაჰრის ტაძარი
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ტაძრის მთავარი არქიტექტორი სენმუტი იყო. წარმოუდგენელია დაწერო დეირ ელ ბაჰრზე და გვერდი აუარო სენმუტის დიად პიროვნებას. დედოფლის მმართველობის დროს ის უდაოდ იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი მთელს ეგვიპტეში. სენმუტმა მისი მოღვაწეობის განმავლობაში 90-მდე ტიტული მოიპოვა. აქედანვე ირკვევა, რომ ის იყო დიდი განათლებისა და ნიჭის მქონე ადამიანი. ჰატშეპსუტმა სწორედ სენმუტს მიაბარა მისი ქალიშვილი ნეფერურე (შემდგომში თუტმოს III-ის მეუღლე) აღსაზრდელად. სენმუტი ასევე იყო ამონის მთავარი ქურუმი და ეგვიპტის ვეზირი, მას ასევე ჰქონდა დედოფლის საძინებლისა ზედამხედველი ტიტული. ასევე უსაზღვრო იყო მისი ცოდნა ასტრონომიაში, მისი სამარხის კედლები დაფარულია უამრავი ასტროლოგიური შინაარსის მქონე რელიეფებით.

ასევე სადაო და საეჭვო იყო დედოფლისა და მისი ვეზირის ურთიერთობა. ცხადია მათი მჭიდრო და ახლო ურთიერთობა გარკვეულ ეჭვებს ბადებდა მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. ქვემოთ მოცემული სურათი, ტაძართა ახლოს, კლდეში ნაკვეთ სამარხშია აღმოჩენილი. მასზე გამოსახული არიან ჰატშეპსუტი და სენმუტი ინტიმური ურთიერთობის დროს. აშკარაა რომ ეს უბრალო, სამარხებზე მომუშავე მუშების ნახელავია და მათ შორისაც ფართოდ იყო გავრცელებული იდეა, დედოფლისა და მისი ვეზირის სასიყვარულო კავშირის შესახებ.

Senmut and Hatshepsut graffiti