ყოველთვის, როდესაც მზის კარიბჭის სურათს ვნახულობდი, მინდოდა უფრო მეტი გამეგო მის შესახებ, დამაინტერესა სად იყო, როდის აშენდა, ვინ ააშენა. უნდა ვაღიარო, წაკითხულმა და ნანახმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. თუ გიზას პირამიდები მსოფლიოს ერთადერთ შემორჩენილ საოცრებად მიგაჩნიათ, მას შემდეგ რაც ტიუანაკოს ისტორიას და მის საოცარ არქიტექტურას გაეცნობით, აზრს ნამდვილად შეიცვლით.
ზღვის დონიდან თითქმის 4000 მეტრზე, ტბა ტიტიკაკასთან ახლოს, ჩამოყალიბდა ერთ-ერთი უდიდესი პრე-კოლუმბური ცივილიზაცია. ტიუანაკო გახდა დედაქალაქი იმპერიისა, რომელიც თანამედროვე პერუსა და ჩილეს ტერიტორიაზე შეიქმნა, განვითარების ზენიტს ახ.წ 300-1000 წლებში მიაღწია. ანდური ლეგენდების მიხედვით, ტბა ტიტიკაკა ის ადგილია, სადაც უზენაესმა ღმერთმა ვირაკოჩამ ადამიანები შექმნა. დღესდღეობით ტიუანაკო დაახლ. 250 მეტრით ზემოთაა ტბის დონიდან, თუმცა მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ტბის დონემ დაიწია.
დაზუსტებით არ არის ცნობილი თუ როდესაა აშენებული ქალაქი. მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ ნაგებობები 14 000 წლისაა. მიუხედავად განვითარების მაღალი დონისა, ტიუანაკოს მოსახლეობას დამწერლობა არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე ჩვენთვის დღემდე უცნობია, თუ როგორ მოიხსენიებდა რიგითი მაცხოვრებელი თავის ქალაქს. არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ ქალაქის პოლიტიკური და კულტურული გავლება ვრცელდებოდა მთელს სამხრეთ ანდებში, თანამედროვე პერუს, ჩილესა და არგენტინის ტერიტორიაზე.
ქალაქის სიმბოლო ე.წ. მზის კარიბჭეა, რომელიც 3 მეტრის სიმაღლისაა და მთლიანი ქვის ლოდისგანაა გამოკვეთილი. როდესაც მე-19 საუკუნის დასაწყისში მეცნიერებმა ტიუანაკო მოინახულეს, მზის კარიბჭე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და შუაგულშიც დიდი ნაპრალი ჰქონდა. აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, მზის კარიბჭე პირვანდელ მდგომარეობას და ადგილს დაუბრუნდა.


ქალაქის ეკონომიკური სიმტკიცის მთავარი საფუძველი, მის გარშემო არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია. დღემდე შემორჩენილია ხელოვნური ტერასების კვალი, სარწყავი სისტემა. მიწათმოქმედების განვითარებამ, ხელიშეუწყო ქალაქის ეკონომიკურ წინსვლას და ტიუანაკოს იმპერიის ჩამოყალიბებას. მსგავსი სამეურნეო ინოვაციები ფართოდ გავრცელდა სხვა ცივილიზაციებში, გაფართოებულ და გაუმჯობესებული იქნა ინკების მიერ.
სამწუხაროდ დღემდე ტიუანაკოს არქეოლოგიური ობიექტი არაა სრულად შესწავლილი, არაა შედგენილი სრულყოფილი რუკები. თუმცა აშკარაა, რომ ქალაქის ცენტრალური ნაწილი, რომელიც რამდენიმე მონუმენტური არქიტექტურის ძეგლს მოიცავს, კარგადაა გამაგრებული და გარშემორტყმულია ხელოვნური თხრილით. ქალაქის შესწავლისას ნათელია, რომ აქ მაცხოვრებლბეი ქვაზე კვეთის, მისი დამუშავებისა და მოპირკეთების ნამდვილი ოსტატები იყვნენ. ყველაზე საინტერესო მაინც ის დეტალია, რომ ქვები რომლებიც ტაძრის მშენებლობის დროს გამოიყენეს და მათი წონა ხშირ შემთხვევაში 25 ტონას აღემატება, ტიუანაკოს მომდებარე ტერიტორიაზე არ გვხვდება. მაგალითად ავიღოთ ბაზალტის ქვა, რომელიც მოიპოვება მხოლოდ ტიუანაკოდან 38 კმ, სხვა ქვის კარიერები კი 5 კმ მანძილითაა დაშორებული.
ქალაქის ცენტრს აშკარად რელიგიური ფუნქცია უნდა ჰქონოდა. აქაა კალასასაიას ტაძარი, აკაპანას პირამიდა, პუმაპუნკუს პირამიდა და ნახევრად მიწისქვეშა ტაძარი. პოლიტიკური და ადმინისტრაციული ნაწილი მოიცავს პატანისა და კანტატალიტას სასახლეებს.
ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა აკაპანას პირამიდაა. ეს უნდა ყოფილიყო ტიაუანაკოს პოლიტიკურ-რელიგიური ცენტრი, ყველაზე წმინდა და საკრალური ადგილი. ესაა 7 ერთმანეთზე დაშენებული პლატფორმა, კედლების სიმაღლე 18 მეტრს აღწევს, სიგანე კი 200×250 მეტრია. დღეს მხოლოდ ყველაზე დაბალი და შუა პლატფორმაა შემორჩენილი. პირამიდის წვერზე აგებული იყო ტაძარი, სადაც ყოველდღიურად ტარდებოდა ღმერთებისადმი მიძღვნილი რიტუალები. კედლებში მრავლად გვხვდება ადამიანის თავის ქალი გამოსახულებები. ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა მეზოამერიკულ ცივილიზაციებში, როდესაც დამარცხებული მტრის მოკვეთილ თავს გამოსახავან, როგორც ქალაქის ძლიერების სიმბოლოს. არქეოლოგიური გათხრების დროს, აქ აღმოჩნდა 21 ადამიანის სხეული. მათი შესწავლის დროს, ძვლებზე საკმაოდ მძიმე ჭრილობების კვალი იქნა აღმოჩენილი; სავარაუდოდ ეს ძვლები ქალაქის დამპყრობლებს, ან დამცველებს ეკუთვნით, რომლებიც ბრძოლის დროს დაიღუპნენ.


აკაპანას ჩრდილოეთით მდებარეობს კალასასაია. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლებს არ გააჩნდათ დახვეწილი ტექნიკა და ტექნოლოგია, ქვები საოცრადაა გამოთლილი და ერთმანეთთან ისე მყარადაა დაწყობილი, ყველანაირი დუღაბის გარეშე, რომ დღესაც კი ქვებს შორის დანის წვერსაც ვერ ჩაატევ. კალასასაია არის ოთხკუთხედის ფორმის ღია ტაძარი, რომელიც მიიჩნევა რომ ობსერვატორიად გამოიყენებოდა. კალასასაიაში მთავარი შესასვლელი აღმოსავლეთ კედელშია, 7 მასიური საფეხურის ავლის შემდეგ ნამდვილი საოცრების წინ აღმოვჩნდებით. ტაძრის ინტერიერში ვხვდებით ორი მონოლითურ ნაგებობას და მზის კარიბჭეს, რომელიც ანდეზიტის მასიური, ერთი მთლიანი ქვიდანაა გამოთლილი. მასიური ქვის წონა 40 ტონაა. კარის ზემოთა ნაწილში გულმოდგინედ დამუშავებული რელიეფია, საფეხუროვან პლატფორმაზე გამოსახულია ქალაქის მთავარი ღვთაება. მას თავზე გვირგვინი ადგას, ორივე ხელში ატრიბუტები უკავია, მის გარშემო ჩიტების ანთროპომორფული გამოსახულებების მწკრივია და ქვედა ხაზზე ადამიანების სახეებს ვხვდებით. მეცნიერების გარკვეული ნაწილი მზის კარიბჭეს, მიწათმოქმედების კალენდრად მიიჩნევს.



პუმაპუნკუ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ეს არის დაუმთავრებელი T ფორმის პლატფორმა, რომელიც დაახლ. ნახევარი კილომეტრის სიგრძისაა. მთავარი შესასვლელი დასავლეთ კედელშია. კიბეებზე ასვლისას, ვიწრო ქვის ჰოლში ხვდებით, რომელსაც შიდა ეზოში შევყავდით.