როგორ ააშენეს ძველმა ეგვიპტელებმა გიზას პირამიდები

გიზას პირამიდები
გიზას პირამიდები

ძველი ეგვიპტე – ეს სიტყვები 4000 წლის განმავლობაში ასოცირდება გიზას დიდ პირამიდებთან და ერთადერთ შემორჩენილ უძველეს საოცრებასთან. რამდენჯერ გვიოცნებია მათ ნახვაზე, ვინ დათვლის რამდენი წიგნი-სტატია წაგვიკითხავს მათი საიდუმლოებების შესახებ. და მაინც, ყველაზე საინტერესო კითხვა – როგორ ააგეს პირამიდები, თითქოს პასუხგაუცემელი რჩება. უნდა ვაღიარო, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდი მასალებს, წიგნებს, მათ სანდოობას ვამოწმებდი და ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე, რომ მათ თავი მოვუყარო და თქვენც გაგიზიაროთ.
გიზას ველზე გათხრებმა, ბოლო 30 წლის განმავლობაში აქამდე არნახულ მასშტაბებს მიაღწია, გაითხარა ნეკროპოლისები, დასახლებები, აღმოჩნდა უამრავი სამუშაო იარაღი, მუშების სასაფლაოები, მათი კვების რაციონის მენიუც კი. და ამ ყველფრის შემდეგ, არსებობენ „მეცნიერები“ და მათი იდეების გამზიარებლები, რომლებიც საოცარ ძველ ეგვიპტურ სამყაროს უგულებელყოფენ, ადამიანის შესაძლებლობებს გვერდზე დებენ და კაცობრიობის მიერ აგებულ ერთ-ერთ ყველაზე საოცარ მონუმენტს არამიწიერ ცივილიზაციებს მიაწერენ.
მაშ ასე, იმედია არ მოგაწყინეთ თავი და ჩემთან ერთად გაეცნობით სწორ არგუმენტებსა და მეცნიერულ კვლევებს.
პირამიდების მშენებლობა

რამდენი ადამიანი მუშაობდა პირამიდების მშენებლობაზე?
ალბათ, ერთ-ერთი პირველი პარადოქსი რაც პირამიდებთან დაკავშირებით გვახსენდება, ჰეროდოტეს მიერ გაკეთებული ჩანაწერებია, რომ პირამიდას 100 000 მონა აშენებდა. მგონი, ამ საკითხში მაინც ყველა უკვე გავერკვიეთ და ვიცით, პირამიდებს თავისუფალი მოსახლეობა აგებდა ფარაონისათვის, რომელიც დედამიწაზე ჰორის განსახიერებად ითვლებოდა. მოდი ახლა ციფრებს მივუბრუნდეთ. 100 000, მგონი საკმაოდ ყვირის. რა თქმა უნდა, ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია, მაგრამ ნებისმიერი კვლევა და გამოთვლა ამტკიცებს, რომ მაქსიმუმ 36 000 მუშა, სრულიად საკმარისი იყო პირამიდების აგებისათვის. მეცნიერების უმეტესობა განიხილავს თეორიას, რომ 20 000 – 30 000 მუშას შესწევდა უნარი შეესრულებინა ეს სამუშაო. არქეოლოგი მარკ ლეჰნერის გამოთვლებით აქ მაქსიმუმ 33 000 ადამიანს შეეძლო ცხოვრება. ის 1992 წლიდან მუშაობს ე.წ. „დაკარგული ქალაქის“ გათხრებზე. ეს ის სამოსახლოა, სადაც მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები ცხოვრობდნენ. მისი
მარკის გუნდმა, ასევე გამოთვალა რამდენი ადამიანი იყო საჭირო, რომ ყოველდღიურად მშენებლობაზე 340 ქვა მიეტანათ. შედეგი ასეთია: 1200 ადამიანი მუშაობდა კარიერში, ქვის ჭრაზე; 2000 მის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა. ადგილზე უკვე ხდებოდა ქვის დამუშავება და უშუალოდ პირამიდაზე ატანა. ამ სამუშაოს ყოველდღიურად დაახლ. 5000 ადამიანი დასჭირდებოდა.
არქეოლოგი რიჩარდ რედინგი – უძველესი ეგვიპტის კვლევის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი (AERA) საკუთარ კვლევაში რომელიც ჟურნალ Live Science გამოაქვეყნა წერს, რომ მუშების დასახლებაში ჩატარებული გათხრებისას, მათ აღმოაჩინეს საყასბოები, ასევე ადგილი სადაც დაკლული ცხოველების ძვლები იყრებოდა, აღმოჩენილი ძვლების რაოდენობაზე დაყრდნობით, დადგინდა რომ ყოველდღიურად დაახლ. 1850 კგ. ხორცი და მინიმუმ 3ჯერ მეტი რაოდენობის ბოსტნეული იხარჯებოდა მუშების კვებაში (მშვენიერი მადა ჰქონიათ უცხოპლანეტელებს).

ძველ ეგვიპტური ნავის მოდელი მენნას სამარხიდან
ძველ ეგვიპტური ნავის მოდელი მენნას სამარხიდან

როგორ იგებოდა პირამიდები?
საკმაოდ ხშირად გვესმოს და ძველი თაობის მეცნიერებიც არაერთხელ იმეორებენ „თუ ვინმე ამბობს, რომ იცის როგორ ააშენეს პირამიდები, ისინი აუცილებლად გატყუებენ“. ჩემი აზრით და ამაში ბევრი წამყვანი მეცნიერის დასკვნებს ვემხრობი, ეს ყველაფერი უკვე ძალიან დიდი ტყუილი და უმეცრებაა. ათასობით არქეოლოგმა, ინჟინერმა და ანთროპოლოგმა უკვე რამდენიმე ათწლეულია დადეს დასკვა, თუ როგორ შენდებოდა უძველესი სამყაროს საოცრებები. ნუღარ დაუჯერებთ ადამიანებს, რომლებიც კლავიატურაზე კაკუნით არ იღლებიან და კვლავ იმეორებენ, რომ ადამიანს არ შეეძლო მსგავსი ნაგებობის აშენება ყველანაირი მეტალის იარაღის გარეშე. ბოლოს როდის წაიკითხე მეცნიერული ნაშრომი და გუგლში ჩამოწერილი რამდენიმე ცნობა, ფეისბუქზე გაზიარებული ვიდეობი და ვითომ ვაი მეცნიერების აზრები გადაამოწმეთ?
ფაქტი სახეზეა, პირამიდის 90% აგებულია ადვილად დასამუშავებული კირქვით, რომლის კარიერიც მშენებლობიდან არც თუ ისე შორს მდებარეობდა (ეხერხებოდათ ძველ ეგვიპტელებს მშენებლობის ადგილის არჩევა, ისე რომ საძირკველი მყარი ყოფილიყო, მდინარესთან და კარიერთანაც წვდომა ჰქონოდათ. ხომ სულ ვიმეორებ, ჭკვიანები იყვნენ თქო!). თუ კიდევ გეტყვიან, რომ მეტალის იარაღი არ არსებობდა და ვერც გამოიყენებდნენ, მოიშველიეთ ტოლედოს უნივერსიტეტის არქეოლოგების მიერ ჩატარებული გათხრების შედეგები, მათ გიზას პლატოზე უამრავი სპილენძის სოლი აღმოაჩინეს.
ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ჯერ კიდევ საჰაერო ხომალდების, ანტი-გრავიტაციული მექანიზმებისა და მაგიის ჯერა, წითელ ზღვასთან ნაპოვნი პაპირუსი ნამდვილად დიდი დარტყმა იყო. მაგრამ, სულ დამავიწყდა, ჩვენთან ხომ ამაზე საერთოდ არ საუბრობენ , სწორედ ამიტომ ცოტა გამიგრძელდება სიტყვა ამ თემასთან დაკავშირებით.
2013 წელს, სუეციდან სამხრეთით დაახლ. 180 კილომეტრიში, მსოფლიოში უძელესი პორტი აღმოაჩინეს, რომელიც ახლა ცნობილია ვადი ალ ჯარფის სახელით (Wadi al-Jarf). პორტის ნანგრეებში აღმოაჩინეს ასევე მეტალის იარაღები, თოკების ნარჩენები, დოქები და რაც მთავარია, ასევე უძველესი პაპირუსი. 4500 წლის პაპირუსი ხუფუს მეფობის 27-ე წლით თარიღდებდა, დაწერილია მერრერის მიერ და დეტალურად აღწერს, რომ პირამიდის მოსაპირკეთებლად საჭირო ქვები ტურადან მიჰქონდათ, რომელიც დღეს თანამედროვე კაირომ შთანთქა. ნავს ტურადან სამშენებლო მოედნამდე ზუსტად 4 დღე სჭირდებოდა და დაახლოებით 200 ადამიანი ჰყოფნიდა ამ სამუშაოს.

ჯეჰუტიჰოტეპის სამარხის რელიეფი - შუა სამეფო
ჯეჰუტიჰოტეპის სამარხის რელიეფი – შუა სამეფო

ახლა განვიხილოთ, თუ რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც ქვები მშენებლობის მოედანზე ხვდებოდა. როგორ გადაჰქონდათ უშუალოდ პირამიდამდე და როგორ აჰქონდათ 100 მეტრზე უფრო მაღალ ნაგებობაზე. ამსტერდამის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა ამ კითხვას ამომწურავი პასუხი 2004 წელს გასცეს ვრცელი სტატიით. ქვები თავსდებოდა ხის მარხილებზე, ქვიშას კი წყლით აჯერებდნენ. ამ მარტივი ხერხით მარხილი ქვიშაზე ადვილად სრიალდებოდა და ტრანსპორტირებაც მარტივდებოდა. ამ ხერხს ეგვიპტელები ათასობით წლის განმავლობაში იყენებდნენ. სწორედ ასე გადაჰქონდათ ასუანიდან ჩამოტანილი უდიდესი გრანიტის ქვები, ობელისკები და ქანდაკებები.
სკეპტიკოსებს კიდევ აქვთ კითხვა დარწმუნებული ვარ. მაგალითად, როგორ მოახერხეს ფერმერების ცივილიზაციამ პირამიდების აგება?  პასუხი ძალიან მარტივია და ნებისმიერ წიგნში შეგიძლიათ იპოვოთ. გიზას მშნებებლობა არ ყოფილა მხოლოდ ერთი ადამიანის ახირება, რომელმაც გაიღვიძა და გადაწყვიტა არქიტექტორებს შეუძლებელი მოსთხოვოს. ყველაფერი ბევრად უფრო ადრე დაიყო, როდესაც პირველმა ფარაონებმა საკუთარ სამარხად ე.წ. „მასტაბების“ აგება დაიწყეს. ამას მოჰყვა გენიალური ინჟინერის იმჰოტეპის იდეა მასტაბების ერთმანეთზე “დადგმა” და ქვის სამშენებლო მასალად გამოყენება. მისმა რევოლუციურმა იდეებმა კაცობრიობას პირველი ქვის ნაგებობა და ჯოსერის პირამიდა აჩუქა. როგორ შეიძლება პირამიდებზე საუბრისას უდიდეს მშენებელსა და პიროვნებას – სნეფერუს ავუაროთ გვერდი. ადამიანმა, რომელმაც 3 უდიდესი პირამიდა ააგო, ვიდრე პირველი კლასიკური ფორმის პირამიდის აგების საიდუმლოს არ ჩასწვდა. დღესაც შეგიძლიათ მის არაჩვეულებრივ მემკვიდრეობას გაეცნოთ მედუმსა და დაშურში – მედუმის პირამიდა, დაშურის დახრილი და წითელი პირამიდები.

გიზა (მარცხნიდან: მენკაურას. ხაფრასა და ხუფუს პირამიდები)
გიზა (მარცხნიდან: მენკაურას. ხაფრასა და ხუფუს პირამიდები)

პირამიდებთან დაკავშირებით კვლავ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვებია. მაგალითად, სულ ახლახანს მეცნიერებმა  ინფრაწითელი გამოკვლევების შემდეგ ნაგებობაში ცარიელი სივრცეები აღმოაჩინეს; გაურკვეველია რა მიზანს ემსახურებოდა ვიწრო გვირაბების სისტემა, რომლებიც სამარხი კამერებიდან იწყება და 2 მცირე კარითაა ჩაკეტილი. აღმოჩენილია უამრავი სამარხი, მცირე პირამიდები, სარიტუალო გზები, კას პირამიდები, ყოველდღე ამ უდიდესი კომპლექსის შესახებ ახალი ცოდნა და თეორეიბი იქმნება. თუნდაც მეორე სფინქსის არსებობს შესახებ.  რეალურად ამ ყველაფრის გარკვევისაკენ უნდა მივმართოთ ჩვენი ყურადღება და ცოდნა, რათა ჩავწვდეთ ძველი ეგვიპტელების ცოდნას, რწმენას, სიბრძნეს. ადამიანს ყოველთვის შეეძლო საკუთარი შესაძლებლობებით წარმოუდგენელისათვის მიღწევა, ძველი ეგვიპტელები კი ყველანაირი იმდროინდელი მეცნიერული საზღვრის არაჩვეულებრივი გამღვევები იყვნენ. მე მიყვარს ეს ცივილიზაცია და ყველაფერი რაც მათ შეუქმნიათ. იმედია ყველა კითხვას დასაბუთებული პასუხი გავეცი, წინააღმდეგ შემთხვევაში გელოდებით კომენტარების ველში 🙂

P.S. სტატიაში მეცნიერებისა და მათი ნაშრომების ხსენებისას, თან დავურთე ბმულები რომლითაც გადახვალთ ინგლისურენოვან ტექსტებზე. აქედან გამომდინარე აღარ დავურთე გამოყენებული მასალა.

Advertisements

სნეფერუს პირამიდები

ფარაონი სნეფერუ (სნოფრუ)  IV დინასტიის დამაარსებელი და პირამიდების უდიდესი მშენებელი იყო. ეგვიპტეს დაახლოებით ძვ.წ  2613-2589 წლებში მართავდა. მან სრულყოფილი პირამიდის ძიებაში სამი პირამიდა ააგო. მათგან ყველაზე სრულყოფილი და მსოფლიოში პირველი ნამდვილი პირამიდა ე.წ. “წითელი პირამიდაა”. სწორედ მისი მეფობის დროს შეიქმნა და დაიხვეწა პირამიდების მშენებლობის სრულყოფილი ტექნიკა, რამაც ხუფუს (ხეოფსს) მისცა საშუალება ძველი მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი პირამიდა აეგო.

სნეფერუს რელიეფი დაშურის სულის მოსახსენებელი ტაძრიდან. ამჯამად გადატანილია კაიროს მუზეუმში
სნეფერუს რელიეფი დაშურის სულის მოსახსენებელი ტაძრიდან. ამჟამად გადატანილია კაიროს მუზეუმში

სნეფერუს პირველი პირამიდა მედუმში მდებარეობს. იგი აგებულია საფეხურებიანი კონსტრუქციის საფუძველზე. თავდაპირველად 7 საფეხურისგან შედგებოდა, ზედაპირი მოპირკეთებული იყო კირქვის ფილებით. დღესდღეობით ნაგებობის თავდაპირველი სახის აღდგენა გართულებულია, რადგან პირამიდის ზედა ნაწილი მონგრეულია. წარსულში გავრცელებული თეორიის თანახმად პირამიდა მშენებლობის დროს დაინგრა, მაგრამ არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ მშენებლობა წარმატებით დასრულდა, თუმცა როგორც სამარხი არასოდეს გამოუყენებიათ, დროთა განმავლობაში კი თანდათან დაინგრა. მოგვიანებით პირამიდას სამშენებლო მასალის წყაროდ იყენებდნენ, რამაც მისი პირვანდელი სახის საბოლოოდ განადგურება გამოიწვია.
პირამიდის სიმაღლე 75 მეტრია, ფუძის გვერდების სიგრძე კი 156 მეტრი.

სნეფრუს პირამიდა მედუმში.
სნეფერუს პირამიდა მედუმში.

იდეალური პირამიდის ფორმის ძიებას მედუმში არ შეწყვეტილა. ფარაონი, განკაცებულ ღმერთად ითვლებოდა, რომელიც სიკვდილის შემდეგ ღმერთებს უნდა შეერთებოდა იმქვეყნიურ სამყაროში, მის მუმიას განსასვენებელი სჭირდებოდა, თანაც ფარაონის შესაფერისი.

სნეფერუს რიგით მეორე პირამიდა დაშურში აიგო. პირამიდა კლასიკური პირამიდის ფორმებს უახლოვდება, თუმცა წახნაგების სხვადასხვა დახრილობის გამო არასწორი ფორმისააა. არსებობს თეორიები, რომლებიც დაშურის პირამიდას წარმოაჩენენ, როგორ უცაბედად, ნაჩქარევად ნაგებ პირამიდას. თანამედროვე კვლევების დროს დადგინდა, რომ მშენებლობის დროს კედლები დაიბზარა, რისი მიზეზიც არამყარი ნიადაგია. საძირკველად შერჩეული ნიადაგი არც თუ მაგარი აღმოჩნდა, უმეტესად თიხიანია და ვერ გაუძლო უდიდესი პირამიდის წონას.

პირამიდის სიმაღლე 100 მეტრია, ფუძის გვერდების სიგრძე 188,6. ფუძიდან თითქმის 50 მეტრის შემდეგ, დახრა იცვლება. ეს ცვლილება პირამიდას ტეხილ სილუეტს აძლევს.  ეს არ ყოფილა ცალკეული, განყენებულად მდგარი პირამიდა, არამედ შენდებოდა მთლიანი კომპლექსი, 2 სულის მოსახსენებელი ტაძრით. ტაძრებში აღმოჩენილია ქანდაკებები და რელიეფები, რომლებზეც დაკრძალვის სცენებია გამოსახული. აღსანიშნავია საინტერესო დეტალი, რომ პირამიდის შიდა კედელზე აღმოჩენილია სნეფერუს კარტუში. ასევე სხვა პირამიდებისაგან გამოარჩევს ორი შესასვლელი. პირველი მათგანი ჩრდილოეთ კედელშია, ფუძიდან 12 მეტრზე, აქედან იწყება გალერეა, რომელიც 78 მეტრ სიგრძისაა. მეორე შესასვლელი დასავლეთიდანაა და ფუძიდან 30 მეტრითაა დაშორებული. გალერეა პირამიდის ცენტრალური ნაწილისაკენ მიემართება, სადაც სამარხი კამერაა განთავსებული. გალერეა და კამერა თეთრი კირქვითაა მოპირკეთებული.

პირამიდის ტერიტორია კედლით იყო შემოსაზღვრული, სამხრეთ მხარეს დღემდე შემორჩენილია მცირე პირამიდა ასევე გალერეით, რომელსაც სამარხ კამერაში მივყავართ. პირამიდის თავდაპირველი სიმაღლე 32 მეტრი იყო, ფუძის სიგრძე 55 მეტრია. მცირე პირამიდის კომპლექსში შედიოდა ორი ერთმანეთთან დაკავშირებული სულისმოსახსენებელი ტაძარი. აღმოსავლეთით მდებარე ტაძარი ძალიან დაზიანებულია, თავდაპირველად შედგებოდა 2 პატარა სვეტიანი სამოლოცველოსა და მის წინ მდებარე მსხვერპლშესაწირი ქვისაგან, რომელსაც მოსდევს ორი დარბაზი, რომლებიც პატარა ეზოში გადიან.  პირველი დარბაზის შესასვლელში აღმართულია ორი დიდი სტელა.

აღსანიშნავია, რომ არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც შედგება პირამიდისა და ორი ერთმანეთთან დაკავშირებული სულის მოსახსენებელი ტაძარისაგან პირველად სნეფერუს პირამიდაში გვხვდება. შემდგომში ასეთი სტილი უკვე ტიპიურია IV დინასტიის პერიოდისათვის.

დახრილი პირამიდის კომპლექსი.
დახრილი პირამიდის კომპლექსი.

არქიტექტურული სრულყოფილების ძიებაში ე.წ. წითელი პირამიდის მშნებლობაც დაიწყო. პირველი ორი პირამიდის მშენებლობა წარუმატებლად დასრულდა და ვერ გამოდგებოდა ფარაონის დასასვენებლად. გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ მშენებლობას ათეული წლები სჭირდებოდა, მესამე პირამიდის მშენებლობის დაწყებისას სავარაუდოდ ფარაონი უკვე საკმაოდ ასაკიანი უნდა ყოფილიყო და მშენებლებს და მთავარ არქიტექტორს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ.

წითელი პირამიდა მსოფლიოში პირველი ნამდვილი, სრულყოფილი პირამიდაა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი ფორმები იდეალურია. სნეფერუს შეცდომები მშენებლობის დროს, მიღწევები, არაჩვეულებრივი გამოცდილება, გახდა წინაპირობა გიზას დიდი პირამიდისა.

მესამე პირამიდა, დახრილი პირამიდის მსგავსად დაშურის ნეკროპოლისში მდებარეობს, ჩრილოეთით. სიმაღლე 105 მეტრია, ფუძის გვერდების სიგრძე 220 მეტრია. პირამიდის შიდა ნაწილი აგებულია ადგილობრივი ვარდისფერი კირქვით, მოპირკეთება კი შესრულებულია ტურის (ზედა ეგვიპტე, ასუანთან ახლოს) თეთრი კირქვით. სამწუხაროდ გარე მოპირკეთება თითქმის არაა შემორჩენილი, ამიტომ ჩანს შიდა კონსტრუქციის ვარდისფერი ქვები, ამის გამო უწოთებენ მას “წითელ პირამიდას”.

პირამიდის ჩრდილოეთ მხარეს, ფუძიდან 30 მეტრშია შესასვლელი, რომელიც დამრეც კორიდორში მიემართება. საძირკველის სიღრმეში განთავსებულია კამერა საფეხუროვანი თაღებით. დღემდე მახსოვს შეგრძნება, რომელიც ვიწრო და დაბალ გვირაბში დაშვებისას დამეუფლა. გიზას პირამიდებისაგან განსხვავებით, აქ ნაკლები ტურისტები არიან, ბედუინებიც ზედმეტად არ გაწუხებენ და მართლაც შეგიძლია იგრძნო პირამიდის აურა.  სამწუხაროდ, სამარხ კამერაში არავითარი კვალი არაა ნაპოვნი, რომელიც დაადასტურებდა ვარაუდს, რომ სნეფერუ სწორედ წითელ პირამიდაში დაკრძალეს. ამ პირამიდის ტერიტორია ჯერ კიდევ კარგად არაა შესწავლილი. აეროფოტოები ადასტურებენ პირამიდისკენ მიმავალ ორი პლატფორმის არსებობას. დაშურის პირამიდების აშენებას დაახლოებით 9 მილიონი ტონა ქვა დასჭირდა.

წითელი პირამიდა
წითელი პირამიდა

სნეფერუს მიერ სამი პირამიდის აგების მიზეზი ბოლომდე არაა გარკვეული. ეგვიპტოლოგთა აზრით წითელი პირამიდა ნამდვილი სამარხი უნდა ყოფილიყო, რომელშიც დაასვენეს სნეფერუს მუმია, ხოლო პირველი ორი მედუმისა და დახრილი პირამიდა მხოლოდ კენოტაფებია. თუმცა თანამედროვე კვლევები ნათელს ფენს სნეფერუს მისწრაფებას სრულყოფილებისაკენ. მან და მისმა არქიტექტორებმა გარდამტეხი როლი შეიტანეს პირამიდების სამშენებლო ტექნიკაში. ეს იყო უდიდესი ნახტომი საინჟინრო და ტექნოლოგიურ აზროვნებაში. პირამიდის ფორმა დაიხვეწა “წითელ პირამიდაში”, ხოლო კულმინაციას მიაღწია მისი მემკვიდრეების მიერ აგებულ გიზასა და აბუ რავაშის  პირამიდებში.