ახეტატონი ნებისმიერი არქეოლოგის ოცნებაა. ტაძრები, სამარხები, სასახლეები და სახლები; ადგილები, სადაც ადამიანები ათასობით წლის წინ ცხოვრობდნენ ახლა მეცნიერებისათვის განსაცვიფრებელი აღმოჩენების ადგილია. ეხნატონის დედაქალაქი განადგურდა, თუმცა სამარხები და სასახლეები ქალაქის ისტორიას გვიყვებიან.
ვიდრე ქალაქს მიატოვებდნენ და გაუკაცურდებოდა, აქ ხელოვნების საოცარი ნიმუშები შექმნეს. აქ უნდა ყოფილიუო ეხნატონის, ნეფერტიტის, ანხესენამუნის, კიიასა და სხვა სამეფო ოჯახის წევრთა სამარხები, რომელთა კედლებიც საოცარი რელიეფებითაა დაფარული. მართალია ქალაქი სულ ორიოდე ათეული წელი იყო დასახლებული, თუმცა ის დღემდე ძველი ეგვიპტის ისტორიის მთავარ გასაღებად რჩება.
ახეტატონი – „მზის“ ან „ატონის ჰორიზონტი“ – ეხნატონის ქალაქი, რომელიც მან თავის ღმერთს, ატონს მიუძღვნა. ქალაქი მდებარეობდა ნილოსისი ორივე ნაპირზე, გებელ შეიხ-საიდის სამხრეთით. ფართობი დაახლოებით 8000-1200 x 700მ. მოიცავდა. ქალაქის ბუნებრივ საზღვრებს წარმოადგენდა კლდეები, რომელთაგან ერთერთში ნაპრალით იწყებოდა გზა ხანტუბის სამტეხლოებისაკენ. „ამარნა“ ქალაქს დაერქვა აქ დასახლებული მომთაბარე ტომის სახელის მიხედვით. ნაქალაქარის გასწვრივ მდებარეობს თანამედროვე სოფლები ეთ-ტილი,ჰაგ-კანდილი და ელ ჰავატა. დღემდე შემორჩა ეხნატონის 16 სტელა – დასავლეთით – 3, აღმმოსავლეთით – 13. თოთხმეტი სტელა აღმოაინა ფ. პეტრიმ XIX საუკუნის დასასრულს. ერთი -ნ. დევისმა 1901 წელს. მეთექვსმეტე სტელა აღმოჩენილია 2004 წელს. ეს სტელები, რომლებიც ნილოსისი ორივე მხარეს კლდეებში იყო ამოკვეთილი, ქალაქის საზღვრების მიმანიშნებელი იყო.
აღმოსავლეთის მეოთხე სტელაზე, რომელიც მეფობის მეოთხე წლითაა დათარიღებული, აღწერილია ქალაქის დაარსების მიზეზი, დაგეგმილი და უკვე დაწყებული მშენებლობები. დანარჩენი სტელები კი მეფობის მეთექვსმეტე წელს მიეკუთვნება., როცა ახეტატონში გადმოსახლება მოხდა. მათ ტექსტებში ეხნატონი საზეიმოდ უძღვნის ქალაქს ატონს და ფიცს დებს, რომ არასოდეს მიატოვებს მას. ის ამბობს, რომ ყველაფერი, რაც ამ სტელებს შორისაა „ ეკუთვნის ჩემს მამას – ატონს : მთები, უდაბნო, მდელოები, კუნძულები, მაღალი მიწა და დაბალი მიწა, წყალი, სოფლები, ადამიანები, ცხოველები და ყველაფერი, რასაც ჩემი მამა ატონი ქმნის და რასაც აცოცხლებს მარად. მე არ დავივიწყებ ამ ფიცს, მამაჩემის, ატონის მიმართ მარად. “ ის გვამცნობს ასევე, რომ თუ ის ან მისი ოჯახის წევრები გარდაიცვლებიან ახეტატონის გარეთ, მათ ჩამოასვენებენ და აქ დაკრძალავენ. ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ, მისი რეფორმა დაგმო ოფიციალურმა ეგვიპტემ და დედაქალაქი ისევ თებეში იქნა გადატანილი. ქალაქი თანდათან დაცარიელდა და ოფიციალური შენობები დაილუქა. ქვის ტაძრები და ნაგებობები მთლიანად დაშალეს რამსეს II-ის მეფობის დროს და გამოიყენეს მასალად ჰერმოპოლისში მიმდინარე მშენებლობებში. იმის გამო, რომ ქალაქი ასე სწრაფად იქნა მიტოვებული და ის უდაბნოში მდებარეობდა, დღეისათვის ყველაზე კარგადშემონახულია ეგვიპტურ ქალაქებს შორის. ჩრდილოეთიდან ქალაქი სამეფო სასახლით იწყებოდა.
მისგან სამხრეთით იდგა კიდევ ერთი სასახლე, რომელიც ეხნატონის უფროსი ქალიშვილისათვის იყო განკუთვნილი. სასახლესთან იწყებოდა პირველი დასახლებული უბანი, რომელსაც დღეს „ჩრდილოეთ გარეუბანს“ უწოდებენ. მის სამხრეთით მდებარეობდა ცენტრალური უბანი,რომლის დასავლეთით იდგა ფარაონის მთავარი სასახლე ( თანამედროვე სოფელ ეთ-თილის სამხრეთით). ჩრდილოეთის და მთავარი სამეფო სასახლეები ერთმანეთთან დაახლოებით 30მ სიგანის გზით იყო დაკავშირებული, აქვე იყო ატონის დიდი ტაძარი და აღმოსავლეთით, კლდეებში სამეფო ოჯახისა და კარის დიდებულების სამარხები.
ამავე ზონაში მდებარეობდა ბიუროკრატიული ნაგებობები, მათ შორის ღვინის სახლი, სასახლე ფარაონის კორესპოდენციისათვის, სადაც ცნობილი ამარნას არქივია აღმოჩენილი და შენობები პოლიციისათვის, რომელიც მრავლადაა წარმოდგენილი ამარნას ფრესკებზე, როგორც ეხნატონის თანმხლები ძალა მისი ქალაქში გადაადგილების დროს.
ეგვიპტური ტაძრების აუცილებელ ატრიბუტს ეგვიპტური ბარკები წარმოადგენდა. მათი საშუალებით ღმერთის ქანდაკებები, რომლებშიც, ეგვიპტელის რწმენით, ღვთაების სული სახლობდა, გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა დღესასწაულების დროს. რადგანაც ეხნატონის ღმერთი რეალურად თავად „გადაადგილდებოდა“ ზეცაში, ხოლო მისი გამოსახულებები მხოლოდ კედელზე თავსდებოდა და მისი ქანდაკებები არ არსებობდა, ითვლება, რომ ახეტატონის სამეფო ნაგებობების დაგეგმარება მიზანმიმართულად მოხდა და ერთი სასახლიდან მეორე სასახლეში სამეფო ოჯახის საზეიმო სვლას, ღმერთების პროცესიების როლი უნდა შეესრულებინა ამ სიმბოლური მსვლელობით, რომლისთვისაც ქალაქს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ფართო გზა კვეთდა, (მას დღეს „სამეფო გზას“ ეძახიან) სამეფო ოჯახი ფიზიკურად და სიმბოლურად ემიჯნებოდა დანარჩენ სამყაროს.
ცენტრალური უბნის სამხრეთით მდებარეობდა ატონის მცირე ტაძარი და „სამხრეთის გარეუბანი“, სადაც ცხოვრობდნენ მოხელეები, ქურუმები და სამხედროები. ამ უბნის აღმოსავლეთით იყო განლაგებული სოფლის ტიპის დასახლებები მხატვრებისა და ხელოსნებისათვის. ქალაქის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი ფარაონის ოჯახის განსასვენებელ ზონას წარმოადგენდა, ბაღებით საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობებით..
ქალაქის მოსახლეობა დაახლ. 30 ათას კაცს შეადგენდა. მოსახლეობის უმეტესობა 2 საცხოვრებელ უბანში ცხოვრობდა – ჩრდილოეთის გარეუბანში და ცენტრალურ ნაწილში. განსხვავებით სამეფო და სატაძრო ნაგებობებისგან, საცხოვრებელ უბანს დაგეგმარება საერთოდ არ ეტყობა. ფართე, მაგრამ დაკლაკნილ ქუჩებს, რომლებიც ნილოსის პარალელურად მიემართებოდა, უფრო ვიწრო ქუჩები კვეთდა. ამ ქუჩებზე, სახლების განსხვავებული ზომიდან გამომდინარე, მდიდრები და ღარიბები ერთად ცხოვრობდნენ, სახლების შიდა დაგეგმარება, ზომის მიუხედავად ერთნაირი იყო: ცენტრში მდებარეობდა მოზრდილი, ოთხკუთხედი, სვეტებიანი მისაღები ოთაცი, რამოდენიმე ოთახი ოჯახისთვის და საკუჭნაო. ერთი მოზრდილი საძინებელი ცალკე აბაზანით და ტუალეტით, როგორც ჩანს, ოჯახის უფროსისათვის იყო განკუთვნილი. ყველა მოზრდილი სახლის უკანა ეზოში იყო სამლოცველო, სადაც სამეფო ოჯახის წევრებზე უნდა ელოცათ. მაგრამ დღეს ძნელია იმის გაგება, თუ რამდენად რეალურად ლოცულობდნენ ეხლატონზე ახეტატონის მცხოვრებნი.
ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ეზოებში ნაპოვნი ეხნატონის ქანდაკებები განსხვავდება იმ გროტესკული სტილისგან, რითაც ამარნას ხელოვნებაა ცნობილი.დღეს ქალაქისგან ძირითადად ფუნდამენტებია დარჩენილი. ქალაქის გათხრა დაიწყო ფ. პეტრიმ ( 1892წ)
და გერმანულმა მისიამ 1914 წლამდე. შემდეგ აქ მუშაობა ინგლისურმა მისიამ გააგრძელა. ახეტატონში გათხრები დღესაც მიმდინარეობს.
ავტორი: ნინოკა წამალაშვილი.
7 thoughts on “ახეტატონი – ატონის ჰორიზონტი”