ვინ იყო ტუტანხამონი?
ფარაონი ტუტანხამონი ძვ.წ. 1334-1325 წლებში მართავდა ეგვიპტეს, XVIII დინასტიის მე-12 მმართველი იყო და მისი სატახტო სახელია ნებ-ხეფერუ რე. ვიცი, ვიცი, ტუტანხამონისაგან ფრიად განსხვავდება 🙂
მომავალი ფარაონი ახეტატონში დაიბადა, ფარაონ ეხნატონის მმართველობისას. ტუტანხამონის დედა, სავარაუდოდ ეხნატონის ერთ-ერთი ცოლი კიია იყო. სამწუხაროდ არაფერია ცნობილი მისი ბავშვობისა და ახეტატონში ცხოვრების შესახებ, თუმცა ერთი რამ უდაოა, ის ჩრდილოეთ სასახლეში ცხოვრობდა. 9 წლის ასაკში ტახტზე ადის და ქვეყანას ძალიან რთულ პერიოდში უდგება სათავეში. რადგან ფარაონის “დიდი სამეფო ცოლის” შვილი არ ყოფილა, ტახტზე ასვლის ლეგიტიმაციისათვის, ნახევარ დაზე ანხესენამუნზე აქორწინებენ, რომელიც ნეფერტიტისა და ეხნატონის ქალიშვილი იყო.
გამეფებიდან 2 წლის შემდეგ, სამეფო ოჯახი ეგვიპტის ძველ რელიგიას აღადგენს, ახეტატონიდან კი ლუქსორში გადადის. თანამედროვე ეგვიპტოლოგებისათვის, არც თუ ბევრი რამაა ცნობილი ტუტანხამონის ცხოვრებისა და 9 წლიანი მმართველობის შესახებ. ჩნდება უამრავი კითხვა, პასუხები კი არსად ჩანს, ეგვიპტის ქვიშა კვლავ საგულდაგულოდ გვიმალავს. თავის ისტორიულ მიმოხილვაში ჰოვარდ კარტერი სამართლიანად აკეთებს შემდეგ დასკვნას: “ჩვენი დღევანდელი ცოდნის საფუძველზე, გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ერთი რამ. ერთადერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მის ცხოვრებაში ის იყო, რომ იგი მოკვდა და დაასაფლავეს”. გვაინტერესებს როდის გარდაიცვალა ფარაონი? ამის გამოთვლა მიახლოებით მეცნიერებმა უკვე შეძლეს. სარკოფაგზე, ოდესღაც დედოფლის მიერ დადებული ყვავილებისა და გვირილების თაიგული აღმოაჩინეს. ეს პირადპირ მიგვანიშნებს, რომ ტუტანხამონი მარტში ან აპრილის დასაწყისში დაკრძალეს. სწორედ ამ დროს ხარობს ეგვიპტეში გვირილები. აქვე გავითვალისწინოთ ფაქტი, რომ მუმიფიცირებას და სხეულის დასაკრძალად გამზადებას 70 დღე მაინც დასჭირდებოდა. დასკვნა: ტუტანხამონი დეკემბერში ან იანვარში გარდაიცვალა (ეგვიპტურად ამ თვეს ფამენოტი ეწოდებოდა).
მოდი, ნუ ვიქნებით ჰოვარდ კარტერივით მკაცრები და ვცადოთ ჩავიხედოთ მის ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, ვიპოვით მნიშვნელოვან და საინტერესო ისტორიას.
ალბათ, ფიქრობთ ჩვენი ბიჭი ისე ადრე გადაიცვალა, რომ შვილების ყოლის ასაკისათვის არც კი მიუღწევია. სულ ტყუილად! ჰოვარდ კარტერის მიერ ფარაონის აკლდამის აღმოჩენის ამბავი მთელს მსოფლიოშია ცნობილი. სამწუხაროდ მხოლოდ ერთეულებმა იციან მისი ოჯახური ტრაგედიისა და დაღუპული შვილების შესახებ.
აკლდამის დათვალიერებისა და ნივთების დახარისხებისას, ერთ-ერთ კამერაში, სკივრებს შორის აღმოაჩინეს ყუთი, ყოველგვარი მორთულობის გარეშე, სიგრძით 61 სმ. ყუთი თოკით შეეკრათ და სამეფო ბეჭდით დაებეჭდათ, შიგნით კი ორი ადამიანის ფორმის მინიატურული სარკოფაგი ჩაედოთ. ერთის სიგრძე 49.5 სმ, მეორის სიგრძე კი 57.7 სმ იყო. სარკოფაგში კიდევ ორი სარკოფაგი ჩაედოთ, საბოლოოდ კი მეცნიერები ორ ოქროს ნიღიბან ჩვილის მუმიას წააწყდნენ.
აღმოჩენილი მუმიები დოქტორმა დერიმ შეისწალა. პირველი მუმიის სიგრძე 30 სმ იყო, მეორისა კი 39.5. ამ აღმოჩენამ ფარდა ახადა სამეფო წყვილის ტრაგედიას, დედოფალი ანხესენამუნი ორსულად იყო, სამეფო წყვილს ჰქონდა შანსი დინასტიური კრიზისი დაესრულებინათ და მემკვიდრე გაეჩინათ. სამწუხაროდ, დედოფალს 8 თვის ასაკში მუცელი მოეშალა.

პირველი ნაყოფი ძალიან დაზიანებული იყო, სავარაუდოდ მისთვის მუმიფიცირება არც კი ჩაუტარებიათ. მეორე ნაყოფს ნათლად აჩნდა ძველ ეგვიპტელი ექიმებისა და მუმიფიკაციის ოსტატების ხელი. მასზე ჯერ კიდევ შესამჩნევი იყო ფისის კვალი, ასევე იპოვეს რკინის ჩხირი, რომლის მეშვეობითაც თავის ქალას ტვინისაგან ათავისუფლებდნენ. მუცლის მარცხენა მხარესაც აჩნდა ჭრილობის კვალი, საიდანაც შინაგანი ორგანოები გამოიღეს. გასაკვირია და ერთერთ ნაყოფზე წარბებისა და წამწამების კვალიც კი შეიმჩნეოდა. თავდაპირველად გამოითქვა ვერსია, რომ დედოფალი ორჯერ იყო ორსულად. უკანასკნელმა კვლევებმა კი დაამტკიცა, რომ ანხესენამუნი ტყუპებზე იყო ორსულად. ნაყოფებს შორის ასეთი განსხვავება კი გენეტიკური დაავადების ბრალია. გენეტიკური დაავადებები კი ხშირია ოჯახის წევრებს შორის ქორწინებების შემთხვევაში. შეგახსენებთ, ტუტანხამონი დაქორწინებული იყო თავის ნახევარ დაზე – ანხესენამუნზე, მათი მშობლებიც კი მსგავსი ქორწინებების შედეგად გაჩნდნენ.
ორივე ნაყოფი გოგონა იყო, შთამომავლები ნეფერტიტისა, ტიიასა და ჰატშეპსუტისა. მე-18 დინასტიის იმედები. თუმცა, დაბადებისთანავე გარდაიცვალნენ და თან გაიყოლეს მშობლების იმედები დინასტიური კრიზის დასრულების შესახებ.
ეს მუმია მაინც და მაინც კარგად არ გამოიყურება, ვიცი. დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ სწორედ ეს ქალბატონია ტუტანხამონის დედა. სამწუხაროდ, მისი სახელი ჩვენთვის უცნობია.
ახლა, ცოტა დაწვრილებით მუმიის შესახებ: 1898 წელს, მეფეთა ველზე, ამენჰოტეპ II-ის სამარხის გამოკვლევებისას, არქეოლოგებმა საიდუმლო ოთახს მიაგნეს, სადაც 3 სამეფო მუმია ესვენა. მათგან ერთი როგორც შემდეგ გაირკვა დედოფალი ტიია, ახალგაზრდა ბიჭის სხეული თვით ამენჰოტეპ II-ის ვაჟს უებენსენუს ეკუთვნის, მესამე მუმიის ვინაობა დღემდე უცნობია. დნმ-ის ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ ის ეხნატონის ღვიძლი და (მისი მშობლებიც იყვნენ ამენჰოტეპ III და დედოფალი ტიია) და ტუტანხამონის დედაა, თუმცა მისი სახელი ცნობილი არაა. შესაძლებელია იყოს კიია, სიტამუნი, ბეკერატენი, მერიტატენიც კი, ზოგიერთი მეცნიერის აზრით მუმია თვით ნეფერტიტს ეკუთვნის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს ტუტანხამონის დედა?

გასულ წელს, კაიროს მუზეუმი დიდ სკანდალში გაეხვა. აღმოჩნდა, რომ ფარაონ ტუტანხამონის ნიღაბს “შესანიშნავი” რესტავრაცია ჩაუტარეს. სამგლოვიარო ნიღაბს გამაგრება სჭირდებოდა, თანამშრომლებმა არც აციეს, არც აცხელეს და წვერი პირდაპირ წებოთი მიამაგრეს ნიღაბს. რა თქმა უნდა, რამდენიმე თვეში ეს ამბავი მსოფლიო ტაბლოიდებს მოედო, მუზეუმმა საბოლოოდ აღიარა დანაშაული და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განაახლეს ფარაონის სახე და ნიღაბი.
რაც შეეხება ტუტანხამონს, მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა ერთადერთი ფარაონია რომელიც კვლავ მეფეთა ველზე, საკუთარ აკლდამაში განისვენებს. ეგვიპტური რწმენით, მხოლოდ მისი აკლდამა გახდა ფარაონის სულის სამუდამო განსასვენებელი, სადაც კა და ბა ერთმანეთს შეერწყნენ. მხოლოდ მას აუხდა ძველ ეგვიპტური ლოცვა: “დაე, ორი სამყაროს მეუფეს, ზემო და ქვემო ეგვიპტის მბრძანებელს (ფარაონის სახელი) ჰქონდეს ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, როგორც ფარაონს”.
მიყვარს ეს ბლოგი ❤ ძალიან კარგად წერთ და თან საინტერესო ამბებს.
ყოველთვის მაინტერესებდა ტუტანხამონი მართლა კოჭლი იყო?