რა გახსენდებათ აღმოსავლეთის ხსენებაზე? ცაში ატყორცნილი მინარეთები, თვალუწვდენელი უდაბნო, აქლემებზე შემოსკუპებული ბედუინები, კოცონთან მორთმეული ქონდრით შეზავებული ჩაი, ხმაურიანი და ქაოტური ქუჩები, ჰუმუსი და ფალაფელი; სადრაც ბავშვობაში წაკითხული „1001 ღამე“ გაგახსენდება. ახლო აღმოსავლეთში პირველად ნამდვილად არ მივდიოდი, თითქმის ორი წელი მაქვს ეგვიპტეში გატარებული და მეგონა ამ მოგზაურობისთვის ყველაფერი კარგად გათვლილი მქონდა, მენტალურადაც მზად ვიყავი.
ქუთაისიდან კვიპროსამდე და კვიპროსიდან ლიბანამდე იაფი ბილეთების ხათრით, ბეირუთში მოგზაურობაც დაიგეგმა. მიუხედავად იმისა რომ ბილეთები 4 თვით ადრე ვიყიდე, დატვირთული გრაფიკის გამო არც სასტუმროები დამიჯავშნია და არც ბევრი დეტალი გამირკვევია. ალალბედზე წავედით.
კვიპროსიდან ლიბანში Ryanair-ით გავფრინდით, ქალაქ პაფოსიდან. შუაღამისას ჩავფრინდით, ტელეფონში ჯერ კიდევ ეგვიპტეში ცხოვრებისას ჩამოწერილი აპლიკაცია Careem ამოვქექე და ტაქსი გამოვიძახე. ლიბანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ არსებობს, ძველი დაფახფახებული მარშუტკები დადიან, მხოლოდ 14 ნომერი მახსოვს კორნიშზე, ანუ სანაპიროზე დადიოდა.
ქალაქში გადაადგილების საუკეთესო საშუალება ტაქსია, შეგიძლიათ გამოიყენოთ Uber ან ზემოთ აღნიშნული Careem, თუ უფრო თავგადასავალი გსურთ, მუნიციპალური ტაქსი აიყვანეთ, ე.წ. სერვისი. ტაქსი დადის ქალაქში, თქვენ და კიდევ სხვა მგზავრებს ჩაისვამს და წაგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე. აქ გამოცდით ადგილობრივ კულტურას და ცხოვრებას, თუმცა ზოგს ეს სულაც არ იზიდავს.
განთავსებისთვის საუკეთესო ვარიანტი ბეირუთია, ყველა ქალაქი ახლოსაა და ჩემოდნით სიარულიც არ მოგიწევთ. ბეირუთში ოპტიმალური ადგილმდებარეობა ყველგან Hamzra Street ეწერა და ჩვენც იქ დავჯავშნეთ, თუმცა ჩემი რჩევა იქნება უფრო Armenia Street და მიმდებარე უბნებს გადახედოთ. აქ თქვენ ნამდვილ, ბეირუთს შეიგრძნობთ. სავსეა კაფეებით, ბარებით, სხვადასხვა საინტერესო მაღაზიებით, ვიწრო ქუჩები კიბეებით უკავშირდება ერთმანეთს და წიგნში აქამდე ამოკითხული ყველა წინანდადება თვალწინ ცოცხლდება. ამ უბანმა სოლოლაკი გამახსენა… ულამაზესი არქიტექტურის 2-3 სართულიანი ფერადი სახლები თავისი კოპწია ეზოებით, იქაც ისეთივე მიტოვებულია და ელოდება უკეთეს დღეებს.
ლიბანი არის ძალიან ძვირი ქვეყანა. აქ ბიუჯეტური მოგზაურობა თითქმის წარმოუდგენელია. განთავსება, კვება, სასმელი, ტრანსპორტი, სუვენირები – ყველაფერს ცეცხლი უკიდია და მზად იყავით ამისთვის. თუმცა, ეს ყველაფერი შეგიძლიათ გემრიელი საჭმელით და ლიბანური ღვინით დაივიწყოთ. გასინჯეთ ყველაფერი, ქუჩაში, რესტორანში, ბაზარში; ყველგან ყველაფერი უგემრიელესია.
ლიბანიდან ბიბლოსის და ბაალბექის უნახავად არ წამოხვიდეთ. საუკეთესო ვარიანტია ტურს გაჰყვეთ, რომელიც 95$ ჯდება. ტური მოიცავს ბაალბექს, ანჯარს, ქსარას ვენახებს, ღვინის დეგუსტაციას და სადილს, + პროფესიონალი გიდი აგიხსნით ყველაფერს. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Lebanon Tours – WhatsApp +961 70809737. ბეირუთის დასათვალიერებლად საუკეთესო ვარიანტია Beirut Free Walking Tours – WhatsApp +316 48116082/ ჩვენი გიდი ძალიან მხრიაული და მონდომებული ბიჭი იყო, ახალი წლის აღსანიშნავად, ტურის ბოლოს ვისკიც ჩამოგვისხა ყველას და ცენტრალურ მოედანზე ყველამ ხმამაღლა ვიყვირეთ „რევოლუცია“.
ბევრი საერთო დავინახე ბეირუთსა და თბილისს შორის, თუნდაც საპროტესტო აქციები და ღამის ცხოვრება. ჩვენ გვაქვს „ფაბრიკა“, მათ აქვთ “Grand Factory”; პარლამენტის წინ აქციიებზე ახალგაზრდობა ცეკვავდა და ერთად იდგა, იგივე ხდება ბეირუთშიც და რაც მთავარია, ისინიც პროპოციულ არჩევნებს ითხოვენ. პარლამენტტან თუ გაივლით, ძალიან ბევრ საინტერესო გრაფიტისაც წააწყდებით.
დადგა ის დღე იორდანიისკენ რომ გავემგზავრეთ. დიდი მოლოდინებით და იმედებით, რომელიც პირველივე წუთებში ჩაგვიკლეს ჯერ აეროპორტში და შემდეგ სასტუმროში. ლიბანი ცოტა სხვა კულტურის მატარებელია, მიუხედავად 17 წლიანი სამოქალაქო ომისა, ბევრად უფრო წინ არიან.
იორდანიაში მოგზაურობისას აუცილებლად შეიძინეთ Jordan Pass, 100$ ღირს და შედის ვიზა და კიდევ უამრავი სხვადასხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის პეტრა, ვადი რუმი, ჯერაში, ამანის ციტადელი და ა.შ.
ამანი დიდად საინტერესო ქალაქი არაა, ერთი დღე ეყოფა. რომაული თეატრი, ციტადელი, მუზეუმი, ბაზრებს მოივლი და მორჩა, ამანი დათვალიერებულია J ძალიან დიდი სურვილი მქონდა ჯერაში მომენახულებინა, მაგრამ ძალიან ცუდი ამინდი დაგვემტხვა, წვიმა, ნისლი, ქარი და შესაბამისად, ამ სილამაზის უნახავად წამოვედით.
იორდანიაში გადაადგილების უალტერნატივო საშუალებაა JETT BUS. ამანში რამდენიმე ოფისი აქვს და ყველა სხვა ქალაქშიც. სწორედ ამ ავტობუსიტ წავედით პეტრაში, დილის 6:30ზე გავედით და 10:30ზე ადგილზე ვიყავით ზუსტად პეტრას ვიზიტორთა ცენტრთან ჩერდება.
აქ პირველივე ნაბიჯებზე ეგვიპტე გამახსენდა, ყველგან რომ ხალხი ყვირის და მხოლოდ იმას ფიქრობენ როგორ მოგატყუონ, ფული როგორ დაგცინცლონ. ვიზიტორთა ცენტრიდან პეტრამდე ფეხით თითქმის 2 კმ-ია, ბილეთის ფასში შედის კანიონამდე ცხენით მიყვანა, თუმცა აქაც ბედუინები ისე საშინლად იქცეოდნენ, ისევ ფეხით ვამჯობინეთ გავლა.
პეტრასკენ მიმავალ გზაზე მიფრინავდი კი არ მივდიოდი, თავი მეორე ბორჰარდტი მეგონა, ის ის იყო ცხოვრების ოცნება უნდა ამეხდინა და პეტრა საკუთარი თვალით დამეთვალიერებინა. სამწუხაროდ, ნანახმა მოლოდინს ნამდვილად ვერ გადააჭარბა. დღემდე ვერ ვხვდები, პეტრა როგორაა ახალი მსოფიოს 7 საოცრებაში და ანგკორ ვატი არა. აქაც იგივე პრობლემას გადავაწყდი რასაც პირამიდებთან. სულ ვირაც დაგდებს, ხან შენი აქლემზე შემოსმა უნდათ, ხან ჯორით კატაობას გტავაზობენ, რომაული კოლონადისკენ მიმავალი გზა ბაზარს გავს, უამრავი სუვენირი აქვთ ბედუინებს და დაგდევენ იყიდე იყიდე, ეტლები მიჰქრიან და მოჰქრიან, აქლემებს დაარბენინებენ და საბოლოოდ ვერ აღიქვამ რა საოცარ ადგილას მოხვდი, მხოლოდ იმაზე ფიქრობ ბედუინები როგორ მოიშორო თავიდან.
პეტრადან გაოგნებული და გადაღლილი, აუცილებლად ვადი რუმის უდაბნოსკენ უნდა გაემართოთ. ადგილი სადაც სიჩუმე, სიწყნარე და სიდიადე სუფევს.
ყველაზე მეტად უდაბნო ღამით მიყვარს, ასეთი ვარსკვლავებით გადაჭედილი ცა არსად მინახავს. ისე ახლოს მოჩანს ირმის ნახტომი, გგონია შენს წინ მდებარე მთაზე აბობღდები და ხელითაც შეეხები უსასრულობას.
ვადი რუმში აუცილებლად აირეთ მინიმუმ ერთ დღიანი ტური. ფასი მინიმუმ 100$ ადამიანზე, მოიცავს განთავსებას ქემფში, სამჯერად კვებას, აქლემებზე კატაობას და ჯიპ ტურს. სანამ აქლემზე დავჯდებოდი, წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე, კარგად შევათვალიერე აქლემს როგორ ექცეოდნენ, გამხდარი ხომ არ იყო, იარე ხომ არ ჰქონდა. ეგვიპტეში ჩემს თვალწინ ურტყამდნენ ცხოველებს, ერთ აქლემს კი ნესტოებიდან სისხლი სდიოდა L მსგავს ცხოველების ტრეფიკინგში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა და არც თქვენ გირჩვეთ. ვადი რუმი არის მარსი დედამიწაზე, აქ სიტყვები ზედმეტია გადმოსცეთ მისი სილამაზე, უბრალოდ უნდა წახვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ ❤
ცუდი ამინდებით დაღლილი, 15 დღიანი წანწალის შემდეგ, ბოლოს აქაბაში ჩავედით. ზღვის პირას ავიღეთ სასტუმრო, სანაპიროზე ნაყინს ვჭამდი, ბროწეულის ლიმონათს ვსვამდი და ჩემს წინ გადაჭიმულ ისრაელს და ეგვიპტეს გავცქეროდი. ამ დროს ხვდები, მართლაც რა პირობითია საზღვრები, 3 წლის წინ ევიპტეში ნუებაში ვისვენებდი და აქაბას გამოვცქეროდი, ახლა კი საპირისპირო მიმართულებით ვიყურებოდი. ისრაელშიც არც თუ დიდი ხნის წინ დავბოდიალობდი.
ამ იდილიასა და ფიქრებში, ჩემს თავს დავპირდი რომ ბოლომდე სიმშვიდეს და სინაზეს შევინარჩუნებდი. ყველა ქუჩაში წამოყვირებულ რეპლიკას დავაიგნორებდი, მოთმინებით აღვიჭურვებოდი, მაგრამ ვინ გაცადა. ბოლო დღეს ჩემოდნებით მივრახუნებდი სადგურისკენ და კიდევ მანქანებიდან პიპინი, ყვირილი რომ გავიგე, ვეღარც შუა თითის ჩვენება დავინანე და არაბული გინებითაც გული მოვიოხე.
საბოლოოდ აღმოსავლეთი საოცარი ადგილია. ბავშვობის დროინდელი ზღაპრებიდან მქონდა შემორჩენილი „დინარი“, არაბი ვაჭრები რომ ახსენებდნენ და ჰოი საოცრებავ, იორდანიაში ფულს დინარი ქვია. როგორ გამიხარდა, ამეშალა მოგონებები. სადაც იკითხავ ყველაფერი 2 – 3 დინარი ღირს და შენც აფრიალებ ფულებს, ვიდრე მიხვდები რომ 1 დინარი = 4 ქართულ ლარს და შაურმაში ცოტა ხნის წინ გადახდილი 3 დინარი, 12 ლარია და ძალიან ძვირია J თუ გადაწყვეტთ ლიბანისა და იორდანიის მონახულებას აუცილებლად გაითვალისწინეთ:
- აღიჭურვეთ მოთმინებით და ვაჭრობის უნარით, ეს აუცილებელია!!! თუ დააფასებენ 10, ეგრევე ეუბნები 5 და იწყებ ვაჭრობას. თუ არ დააკლეს ტოვებ რაც გაქვს და გამოდიხარ, დიდი ალბათობით გამოგეკიდებიან და დაგიკლებენ.
- ლიბანში გაფრენამდე და ჩასვლისასაც გეკითხებიან თუ ხართ ისრაელში ნამყოფი. მე ვიუარე, თუმცა იგივე პასპორტით 2 წლის წინ ვიყავი ისრაელში, მაგრამ ბეჭედი არ ჩაურტყამთ. უპრობლემოდ შემიშვეს.
- ორივე ქვეყანა არის ძალიან ძვირი, პარიზის და ფლორენციის ფასებისთბის მოემზადეთ. რიგ სერვისებში უფრო ძვირსაც გადაიხდით.
- იორდანიაში წასვლისას აუცილებლად შეიძინეთ Jordan Pass – jordanpass.jo
- უდაბნოში ტურისას აუცილებლად წაიღეთ თბილი მოსაცმელები, ზამთრის პერიოდში კი კურტკა. ძირითადად გადახდილ მანქანაში ზიხარ და გადაადგილებისას ძალიან ცივა.
- პეტრაში ბედუინებს არსად არ გაჰყვეთ. როგორც ჩვენმა გიდმა გაგვაფრთხილა „ისეთი არაფერი, დაგათრობენ, ფულს წაგართმევენ და გაგაპატიურებენო“. ქალს მეტი რა უნდა დაუშავონ იდეაში?!
- შეეგუეთ აზრს რომ მინიმუმ 3-4 კილოთი მეტი ჩამოხვალთ, უგემრიელესი საჭმელი აქვთ.
- ამანში დარჩით ძველ ქალაქთან ახლოს რათა ფეხიტ მოიაროთ ყველაფერი და ტაქსი არ დაგჭირდეთ.
თანდათან უფრო მბეზრდება და მეზარება სურათების გადაღება, პოზიორობა და მათი გამოქვეყნება. მინდა რომ ადგილები შევიგრძნო, შევიცნო, სუნი დავიმახსოვრო თუნდაც ქუჩის ან იქვე აყვავებული ბუჩქის. ადგილიდან ადგილზე სირბილი, ფოტოაპარატის ჩხაკუნი და „დაჩექინება“ ტურისტობა მგონია. მოდი ყველანი გავხდეთ მოგზაურები, ადამიანები რომლებიც ქვეყნებს ვიყვარებთ გულით და გონებით ❤